მეუფე ყანდური

მეუფე ყანდური

გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა, ხოლო მეუფე ყანდური (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ილია მეორეს უთხრის ორმოს!

დიდი ჭაბუას უკვდავი რომანის პერსონაჟი ყანდური გამახსენდა, როდესაც ის ამაზრზენი კადრები ვიხილე, რომლებშიც ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და მისი «კარის მოძღვარი», მამა აბრამი, ნიღბიანი ზონდერებივით იქცეოდნენ. დიახ, ნიღბიანი, რადგანაც მათი ნიღაბი ანაფორაა _ სინანული და სათნოება კი არა, ეპარქიის პრესსამსახურმა მეუფე ყანდურის (ასე მოვიხსენიებ მეუფე გრიგოლს) სახელით უკვე გააკეთა განცხადება, რომლიდანაც გამოდის, რომ მოძალადე ის სუსტი ჟურნალისტი გოგონაა, რომელსაც ფიზიკურადაც შეეხნენ, კამერაც დაუმტვრიეს და რომელიც თურმე ადრეც ყოფილა შემჩნეული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვერაფერს იტყვი, მართლაც «ნაციონალების» საუკეთესო ტრადიციებში ჯდება ეპარქიის პრესცენტრის ეს განცხადება!

ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიხსენიებ ფოთის ეპისკოპოსს ყანდურად: მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, ნამდვილად არ ყოფილა ბაზრის ქურდი, არც საცოლეს საკაბე მოუპარავს და მითუმეტეს «მშიერი და ტილიანი» არავინ დადიოდა მაშინ.

ისე, «მე და ეგ ერთად ვისხედით» თბილისის #134-ე (ამჟამად 35-ე საფეხბურთო სკოლა) სკოლაში 5 წელიწადი ერთ კლასში. თუმცა ამ შემთხვევაში «თანაკლასელობა» ხმამაღლაა ნათქვამი, რადგანაც ვალოდია ჯინჭარაძესავით რადიატორთან უფრო იჯდა _ ვერ ვიხსენებ მას სადმე კლასელების შეკრებაზე, მაშინ ძირითადად ერთმანეთის დაბადების დღეებზე დავდიოდით; ვერც იმას, თუ ვინმესთან განსაკუთრებულად ძმაკაცობდა; არც ფეხბურთის თამაშში; არც კოლექტიურ შატალოზე და ა. შ. რა ვიცი კიდევ, თანაკლასელობა სხვა რა არის?!

მოკლედ იყო, რა, ჩუმჩუმელას რომ ეტყვიან, ისე. კაცი ვერ გაიგებდა, რა უყვარდა და რა სძულდა, რა უხაროდა და რა სწყინდა და, ალბათ, მის ოდესღაც არსებობასაც მხოლოდ მესამე კლასში გადაღებული კოლექტიური ფოტოთი თუ გავიხსენებდი, რომ არა გურამ ბერბიჭაშვილის მოულოდნელი თავბრუდამხვევი საეკლესიო კარიერა, მაგრამ ამაზე ქვემოთ...

ისე, არც კლიჩკა ჰქონია (მაგასაც «დამსახურება» უნდა) და ამიტომ წერილის სათაური მიჩუქებია _ ვინძლო ისე მიეკეროს, როგორც თავის დროზე თეა თუთბერიძეს მივაკერე ამავე გაზეთში, «ბუდარიხა»!

რაც შეეხება მის «კრიმინალურ წარსულს», ერთხელ და სამუდამოდ მინდა ნათელი მოვფინო _ სხვისი მოპარული მანქანები გადაჰყავდა «ჩერეზ» (მაშინ ჯერ კიდევ ორჯონიკიძე ერქვა) ვლადიკავკაზით და ჰერი, ჰერი იქით, დიდ რუსეთში, სადაც მოიხადა კიდეც რამდენიმეწლიანი სასჯელი!

ეს ისე, ცნობისთვის. ეგ იყო და ეგ, რადგან ჩასაფრებულ, არამკითხე ჟურნალისტებს იმდენი ჭორი დაუწერიათ თუ უთქვამთ მეუფე ყანდურის ჯეელობაში ჩადენილი კრიმინალის შესახებ, რომ, როგორც ბექარა ჯეირანაშვილი იტყოდა, «თავადაც შამშინებია». არა, ბატონო ჟურნალისტებო, ბალთაზარ კოსა ნამდვილად ვერ არის ჩვენი მეუფე ყანდური. დიდი, დიდი ნაქურდალის გამსაღებლობა «გაქაჩოს», ანუ ბარიგობასაც რომ ეტყვიან და რადგან არც «ტაძარი დაუძრავს რუსეთში», ვერც იმას დაადასტურებს ვინმე, რომ კოსტა დასტურიძესავით «გარგლიტოლა და ჭერმიტოლა» ბრილიანტებს ყლაპავდა და ასე «უტეხავდა» ქურდებს წილებს...

«ის ვადა მოიხადა, ყინწვისის მონასტერში ბერად აღიკვეცა. რამდენიმე წელიწადი იქ იყო, მერე რაღაცნაირად მოახერხა, შავი მანტია გაიხადა, მღვდლად ეკურთხა და იქ სწირავდა, სანამ ეგზარხოსად მთავარეპისკოპოს ალექსი ოპოცკის დანიშნავდნენ», _ ასეთი ეპიზოდიც არის «დათა თუთაშხიას» პერსონაჟის, ყანდურის, ბიოგრაფიაში. ჩვენი მეუფე გრიგოლ-ყანდურის უფლისკენ სავალი გზაც შავი ბერობით უნდა დაწყებულიყო ისევე, როგორც ყველა ნაციხარის უმეტესობისა. მისასალმებელია, რომ სინანულში ჩავარდნილ ნაპატიმრალს უფალთან მისასვლელ გზას არ უკეტავს ჩვენი დედაეკლესია, მაგრამ, დალოცვილო, გზაც არის და გზაც _ კრიმინალური წარსულის თუ სხვა მძიმე ცოდვის «ძე შეცთომილნი», როგორც წესი, მიყრუებულ მონასტრებში აღიკვეცებიან ხოლმე და იქ, ამქვეყნიური ამაოებისგან შორს, შავი ბერის ჩოხაში მარხულობენ, ლიტანიობენ და მარტვილობენ, ეს კიდევ ლამის ყოველ ნაბიჯზე იძახის საქართველოს მომავალი პატრიარქი მე ვარო!..

ეკლესიური გზა ერთია და კარიერა _ მეორე. არა მგონია, ერისთვის და მრევლისთვის სასიამოვნო იყოს, რომ გუშინდელი, თუნდაც გულწრფელი სინანულით ცოდვამონანიებული, მაგრამ მაინც «ნაბარიგალი», დღეს ეკლესიის უმაღლესი იერარქი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიის ხელმძღვანელი და წმინდა სინოდის წევრი რომაა! მითუმეტეს მაშინ, თუ ნაპატიმრალი იერარქი არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ სატელევიზიო კადრებში გამოირჩეოდა, არამედ ადრეც იყო შემჩნეული, რბილად თუ ვიტყვით, უკეთურობაში...

გახსოვთ, ალბათ, 2009 წელს აზვირთებული საპროტესტო მოძრაობისას, როდესაც მთელი სტადიონი ხალხი მიაყენეს სამების ტაძარს, რათა ერის სულიერი მამისგან მოესმინათ ის, რასაც «ჩუმის ნატვრითა ნატრობდა ქართველი». ეს არ მოხდა და იქნებ მართებულადაც, რადგანაც პატრიარქის მიერ გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყოლოდა. სამაგიეროდ მეორე დღეს გააკეთა მისმა უწმინდესობამ შედარებით რბილი განცხადება, ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ!

ჰოდა, მაშინ ისიც გემახსოვრებათ, რომ ხმა გავარდა თბილისში, ილია მეორეს სინოდის სამმა წევრმა ულტიმატუმი წაუყენა გადადგომის და ახალი პატრიარქის არჩევამდე სინოდალური მმართველობის შემოღების თაობაზეო. იმ სამიდან ერთ-ერთად სწორედ მეუფე ყანდური სახელდებოდა!

საპატრიარქომ, რა თქმა უნდა, უარყო ეს ამბავი, მაგრამ «შუბი ხალთაში ვერ დაიმალა» და დღესაც დარწმუნებულია საზოგადოების უმრავლესობა იმ ინფორმაციის ნამდვილობაში!

ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი «საიდუმლო გაგიმხილოთ»: ჩემი თანდასწრებით დაურეკა ამით აღშფოთებულმა რეზო ამაშუკელმა მეუფე ყანდურს და პოეტისათვის «შეუფერებელი» ლექსიკით, რომ იტყვიან, «ტრუბაში გააძვრინა» მოულოდნელობისგან თუ შიშით ხმაჩაკმენდილი მიტროპოლიტი!

ბარემ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბატონ რეზოს ამას წინათაც ვესაუბრე, მითხრა: _ ნაცების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, გადაწყვეტილია პატრიარქის გადაყენება და ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ, ეს თუ გაბედეს, პირადად გავალ ქუჩაში და მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებო!

ვფიქრობ, დაეჯერება ამ ხელისუფლებასთან უკომპრომისობით ცნობილ პოეტს. მითუმეტეს რომ მსგავსი საუბრები ამ ბოლო ხანს საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილშიც მუსირებს და, რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების ასეთი სურვილები არსებული ვითარების ლოგიკურ გაგრძელებად მოჩანს...

მერე იყო და შარშან ზაფხულს, როდესაც პარლამენტში ის კანონი მიიღეს ურა-ვაშათი, რომლითაც ორიათასწლოვანი ქართული ეკლესია იურიდიულ-უფლებრივად არა თუ ე. წ. ტრადიციულ კონფესიებს, არამედ სატანისტურ სექტებსაც კი გაუთანაბრდა, საქართველოს პატრიარქის განცხადების შემდეგ, რომ ეს ამბავი, არც მეტი, არც ნაკლები, მომავალში საქართველოს ეკლესიის ამოგდებას ნიშნავდა, ერი და ბერი ქუჩაში გამოვიდა. სამი დღის მანძილზე, გაგანია სიცხეში, ქაშუეთი-სამების «ტრასაზე» იქით-აქეთ გვატარეს და შემდეგ წმინდა სინოდის განჩინება აგვაფარეს სახეზე, რომელიც ღაღადებდა, რომ სინოდმა გააკეთა მთავარი _ შენარჩუნებულ იქნა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება!

პატრიარქის ნების საწინააღმდეგო ამ ცინიკური განჩინების ავტორები სინოდში არსებული იმ დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, უმრავლესობას წარმოადგენენ და რომელთა ერთ-ერთი ლიდერიც უეჭველად მეუფე ყანდურია, რადგანაც სწორედ იგი ბრძანდებოდა ერთ-ერთი იმ «ტროიკიდან», ვის ფონზეც წაგვიკითხეს იმ სამარცხვინო განჩინების ტექსტი!

ისე, ცნობისათვის: 1917 წელს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა , მაშინვე შეიქმნა წმინდა სინოდის პარალელურად, ე. წ. საკათალიკოსო საბჭო, რომელშიც ისეთი მამულიშვილები შედიოდნენ, როგორებიც იყვნენ: კორნელი კეკელიძე, სიმონ ჯანაშია, ივანე ჯავახიშვილი და ა.შ. სხვა მრავალი ავტორიტეტები.

მაშინდელი წმინდა სინოდი, დღევანდელივით დახურულ, გასაიდუმლოვებულ რეჟიმში კი არ მოღვაწეობდა, არამედ, თვით ლეგენდარული, წმინდა ამბროსი ხელაიას მეუფების ჟამსაც კი წმინდა სინოდი საკათალიკოსო საბჭოსთან კონსულტაციის, ანუ, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე არ იღებდა ერისა და ბერისთვის უმნიშვნელოვანეს განჩინებებს!!!

გვინდა თუ არა, არსებობენ სიკეთით ან ბოროტებით ისტორიულად დაღდასმული გვარ-სახელები. ამიტომ არის, რომ, როდესაც მაია ორჯონიკიძე ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ის მამაკაცი არ არის, მაინც სერგო ორჯონიკიძე გახსენდება, ხოლო, როდესაც იმავეს ლევან ჩოლოყაშვილი სჩადის, გული გწყდება, რომ სახელოვანი გვარიშვილია...

მიმიხვდით არა მინიშნებას? _ გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა, ხოლო მეუფე ყანდური (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ილია მეორეს უთხრის საფლავს! თორემ ვინ მამაძაღლი, ყანდური, რომ რუის-ურბნელი მეუფე იობი იყოს, მისი ბერბიჭაშვილობა ვის გაახსენდებოდა?!

ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა, განტვირთვისთვის...

ხუმრობა გაშვებით: სინოდის ხელისუფლებიდან მართულ წევრებს ტროცკისტულ დაჯგუფებადაც უხმობენ, რომელთა მიმართ ნაცების კეთილგანწყობის ხილული სიმბოლო ის ყბადაღებული შავი ჯიპებია. რაც შეეხება უხილავს, «ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა», ანუ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია. თუმცა, როგორც ამბობენ, ასეთი მამაოების, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმიზმი ხელისუფლების ხელში მათზე არსებული კომპრომატებითაც არის განპირობებული!

ჰოდა, ისინიც «ტუფლებიდან ხტებიან» და ზოგი (კალისტრატე) კვირაში ერთხელ აღმაშენებელს უტოლებს სააკაშვილს, ხოლო ზოგიც (მამა შიო შავნაბადელი), ვისაც მიშა არ გიყვართ, აქ არ შემოხვიდეთო! ყველანი ერთად კი, დაწყევლის მუქარით საკუთარ მრევლს მოუწოდებენ, რომ არჩევნებზე ხუთიანი შემოხაზონ, რადგანაც კარგად უწყიან, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე, როგორც მიშნაცებს _ სასამართლო, ისე ყანდურებს ახალი რუის-ურბნისი არ ასცდებათ!

და რა არის ეს, თუ არა შეფარული ადმინისტრაციული, ოღონდ ეკლესიური რესურსი? თანაც ისეთი კომუფლირებული, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია ვერ მოედავებათ _ პატრიარქის მოწოდება ბაგრატის ტაძრის კურთხევის დღისთვის ხომ პრაქტიკულად სააკაშვილის პიარაქციად აქცია მეუფე კალისტრატემ _ აი, იქ იდგა დავით აღმაშენებელი მეფედ კურთხევის დროსო და, ვით ჭყონდიდელმა, ძვირფასი ჯვარ-ხატი უბოძა «ახალ აღმაშენებელს».

«ქართული ოცნების» დისკრედიტაციის კარგად დაგეგმილ მცდელობასაც ჰგავდა ეს აშკარა ფარისევლობა! რაც ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც, რადგანაც ბევრი უკმაყოფილო შეფასება მოვისმინე იმ დღეს და კიდევ კარგი, «მეოცნებეებმა» «არ ჭამეს» და პურის საჭმელადაც არ დასხდნენ ბანკეტზე, თორემ ვინ იცის, ბახუსი ოხერია და იქნებ სააკაშვილ-ალასანიას ვახტანგურიც გვეხილა...

შემდეგი ბანკეტი მომავალ კვირას, არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, დაიგეგმა მეუფე ყანდურის ეპარქიაში, სადაც ახალი, აია-სოფიად წოდებული ფოთის ტაძარი უნდა აკურთხონ და სადაც ასევე მიიწვია მისმა უწმინდესობამ პოზიციაც და ოპოზიციაც; ტაძარი, რომლის ეზოშიც გამოკრულია სააკაშვილის ვებერთელა სურათები, რაც გახდა კიდეც მიზეზი მეუფე ყანდურის კონფლიქტისა ჟურნალისტებთან!

ვნახოთ, რა იქნება: აიღებენ თუ არა ნაცების ადმინისტრაციულ-ეკლესიური რესურსის აშკარა ნიმუშს? ამჯერადაც მორჩილად მიიღებს პატრიაქის მიპატიჟებას ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გახდება ფარისევლური მასკარადის მონაწილე თუ?.. და ყველაზე მთავარი _ «გაქაჩავს» კი მთელი კვირა პრეზიდენტი თუ ჯოჯოების, მუმიების, მღრღნელების ლექსიკას დაუბრუნდება?!








P.S. ღმერთია მოწამე, რომ ამ წერილის დაწერა არ მინდოდა, რადგანაც ქართველი ვარ და საკუთარ კლასელზე საუბრისას, თუნდაც მასზე, ვისთანაც საერთო არასოდეს არაფერი მქონია, მაინც გული მეთანაღრება, მაგრამ წერილის თავში ნახსენები ეპიზოდი ბოლო წვეთი აღმოჩნდა, თორემ ყოველივე ზემოთქმულიდან ხომ ჩანს, რომ მსგავსი წერილის შექმნის მიზეზ-საბაბი ადრეც მქონია?!


წერილი უკვე თითქმის მზად მქონდა, როდესაც შევიტყვე, რომ ვიღაც გათახსირებულებს ქაშუეთის გალავნის კედელზე წმინდა ნინოს ფემინისტური კარიკატურა მიუჯღაბნიათ წარწერა-მოწოდებით «თავისუფლება Pussy riot-ს!», ანუ იმ პანკ-ფემინისტთა ტრიოს, რომელთაც რუსეთში მაცხოვრის ტაძრის წაბილწვისთვის ორ-ორი წელი «მიარჭეს»!


ეს საგანგაშო ფაქტი (წმინდა ნინოს შეურაცხყოფა), რომ იტყვიან, «ლაითად» გაშუქდა _ «მაესტრომ» სულ რაღაც ნახევარწუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. არადა, ამერიკელებს მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმით ამაზე მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ, რის გამოც მუსლიმებმა ლამის მთელი მსოფლიო ააოხრეს და დღესაც ვერ დაწყნარებულან!!!


რაც ყველაზე მეტად საწყენია, ქაშუეთის ეზოში გამართულ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ ჩანდნენ მაღალი რანგის სასულიერო პირები და საპატრიარქოც ჯერჯერობით დუმს.


არადა, სწორედ მათ უნდა დაერისხებინათ განგაშის ზარები და ახლა მეუფე ყანდურზე კი არ უნდა ვწერდე, არამედ მთელი მედია ამით უნდა იყოს გაჯერებული!


და ბოლოს, ერთი შეკითხვა, რომელზე ფიქრიც მზარავს, მაგრამ რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას _ რა კომპრომატი აქვს ხელისუფლებას ასეთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებზე, რომ სასულიერო პირებს, რომლებიც მხოლოდ უფლისა და სჯულის კანონის წინაშე უნდა იყვნენ მორჩილნი, ასე ციბრუტივით ატრიალებს თავის ნებაზე?