მასობრივი პროტესტის ფონზე, რომელიც პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას მოჰყვა, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. For.ge შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია თავად ბატონ კარბელაშვილთან გადაემოწმებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მისი ორივე ტელეფონის ნომერი ამჟამად გამორთულია. ამიტომ გიორგი კარბელაშვილთან ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.
გავრცელებულ ინფორმაციას for.ge-სთან საუბარში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურში. For.ge-ს კითხვაზე, მართლაც მოხსნა თუ არა კანდიდატურა კარბელაშვილმა „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურში უბრალოდ გვითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და ინფორმაციის გადასამოწმებლად კარბელაშვილთან გადაგვამისამართეს. როდესაც ვთხოვეთ, მასთან დაკავშირებაში დაგვხმარებოდნენ, ამაზე უარი გვითხრეს.
ამის შემდეგ for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით დარჩიაშვილს დაუკავშირდა. დარჩიაშვილმა გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო როდესაც ჩვენ ავუხსენით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს, დარჩიაშვილი, დაიბნა და გვირჩია, კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, თან ყოველი შემთხვევისთვის აღნიშნა, ასეთ ჭორებზე კომენტარებს ვერ გავაკეთებო.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ორ დღეში განვითარებული მოვლენების ფონზე უკვე ორმა საჯარო მოსამსახურებ დატოვა თანამდებობა და იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ყველა პირს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა ედიშერ სიხარულიძემ, ოთხშაბათს თანამდებობა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს და სიხარულიძის მიმართვასაც გვთავაზობს.
"ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კულმინაციას მიაღწია. სახელისუფლებო ინსტიტუტებმა, რომლებსაც ქვეყნის სამართლიანი მართვის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თავისი აგრესიული, ხისტი მართვის სტილით, დაშინებით, საზოგადოებაში უნდობლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას შეუწყო ხელი.
ბოლო წვეთი იყო ტელევიზიით გავრცელებული პატიმრების წამების დამთრგუნველი ვიდეოკადრები - სწორედ ამ კადრებმა მიმაღებინა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ასეთი ხელისუფლების მოხელე. მე ვტოვებ როგორც თანამდებობას, ასევე, ნაცმოძრაობის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს და მოვუწოდებ ხელისუფლებაში მყოფ სხვა ადამიანებს, დაძლიონ შიში და გვერდით დაუდგნენ საღად მოაზროვნე საზოგადოებას“, - ნათქვამია ედიშერ სიხარულიძის მიმართვაში.
ექსპერტი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც მორალური და ზნეობრივი კანონები, ასევე სახელმწიფო სამართალი მოქმედებს. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ეს ზღვარი გადალახა და ამის შედეგად, ლეგიტიმაცია დაკარგა. ექსპერტი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო მოხელემ და პოლიტიკოსმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ხელისუფლებას ამ უკანონობამდე მიყვება, თუ სამართლებრივ სახელმწიფოში რჩება.
„ვისაც ოდნავ შერჩენია მორალი, ზნეობა, ადამიანური გრძნობები, და კანონმორჩილება, რა თქმა უნდა, ჩემის აზრით, ყველამ ეს არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ გიორგი კარბელაშვილმა ეს არჩევანი გააკეთა, სამომავლოდ ეს მისთვის გადარჩენის ტოლფასია, რა თქმა უნდა, ფიზიკურ გადარჩენაზე არ ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს მორალური გადარჩენა. იმ ფონზე, რაც უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, თუ ჩვენ ვართ ერი და სიცოცხლის უნარი გაგვაჩნია, რა თქმა უნდა, ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს “, - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილმა ამ განუკითხაობის ფონზე ამ სისტემის შენარჩუნება შეძლო, ეს ქართველ ხალხზე ძალიან ცუდად იმეტყველებს.
„სააკაშვილი არასოდეს საუბრობდა ტერმინებით „მარცხი“ ან „გამარჯვება“, ის ყოველთვის ჩამოშლის ტერმინოლოგიით საუბრობდა და ეს არის გარდაუვალი. არ ვიცი რა ადამიანი უნდა იყო, რომ ის ნახო, რაც ჩვენ ვნახეთ, და კიდევ ამ რეჟიმს ემსახურო. აქ მეციხოვნეზე და მინისტრზე არ არის საუბარი, თავად სისტემაა ასეთი. ყველა ადამიანი, ვინც დღეს დაიჭირეს, არის სააკაშვილი. ფაქტობრივად დღეს სააკაშვილი აპატიმრებს სააკაშვილს“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
მისი თქმით, საჯარო სამსახურებში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აქამდე ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდა. დღეს კი ყველა საჯარო მოხელემ არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ჩვენ უნდა კოლექტიური სააკაშვილი ინდივიდუალურ სააკაშვილამდე უნდა დავიყვანოთ, სააკაშვილი უნდა ჩამოიშალოს. ქართველმა ხალხმა ამ არჩევანის გაკეთება უნდა შეძლოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.