წითლები და ლურჯები - როგორ ყალბდება არჩევნები

წითლები და ლურჯები - როგორ ყალბდება არჩევნები

უმნიშვნელოვანესი არჩევნების ჩატარებამდე ბევრი დრო აღარ რჩება. საარჩევნო სუბიექტები სრულ მზადყოფნაში არიან, საარჩევნო გარემოს შესახებ ლამის მთელი მსოფლიო ინფორმირებულია (ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი რეგიონის გამოკლებით, სადაც მხოლოდ ტელეიმედი უჩვენებს), სიები (ისევ არაზუსტი) მზადყოფნაშია და მთავარ აქტიორებს კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩებათ ამომრჩევლის დასარწმუნებლად, თუმცა ოპოზიციურ ძალებსაც და ამომრჩეველსაც არ ტოვებს განცდა, რომ არჩევნები შესაძლოა, ისევ გაყალბდეს - ეს პოსტსაბჭოთა სივრცის განუყრელი სენია და გაყალბების ქართველი დიდოსტატების სახელებიც საყოველთაოდ ცნობილია.

საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ზესაშვილი გვარწმუნებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არჩევნები მთავრდება იმ შედეგით, რა განწყობაც საზოგადოებაშია და ხალხის ნებას პროფესიონალი გამყალბებლებიც ვერ შეცვლიან. საზოგადოების მეტი ინფორმირებისათვის ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა არჩევნების გაყალბების იმ რამდენიმე ძირითად მექანიზმზე გვესაუბრა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და კარგად აპრობირებული.

პოლიტიკურ სუბიექტებში საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა არჩევნების არჩევნებამდე გაყალბება - ეს რას ნიშნავს?

- თვითონ არჩევნები იმ განწყობის გადატანაა არჩევნების შედეგებში, რაც იმ კონკრეტულ მომენტშია საზოგადოებაში. როდესაც ამბობენ, რომ წინასწარ ყალბდება, ამაში სხვადასხვა ფაქტორია ჩართული. მაგალითად, მედიის მეშვეობით პოლიტიკური სუბიექტის ისე წარმოჩენა, როგორიც არ არის სინამდვილეში. ინდაური რომ საფრთხეს იგრძნობს, ისიც კი გაიფოფრება და ისე დარბის ხოლმე. პარტიებს ინდაურს არ ვადარებ, მაგრამ მათაც სურთ იმაზე მეტად წარმოჩინდნენ, ვიდრე არიან. ვგულისხმობ, როდესაც მედიით ამომრჩეველზე მიკერძოებულად ხდება ზეწოლა ერთი მიმართულებით. დღეს ხელისუფლებას აქვს ამისი შესაძლებლობა და ვიცით კიდეც, რა ხდებოდა იმ სამ ნაციონალურ არხზე, სადაც მხოლოდ სახელისუფლებო ძალა ჩანდა, თითქოს სხვა არ არსებობდა. ბოლო თვეში თითქოს რაღაც შეიცვალა და თითქოს მონიტორინგიც ტარდება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი წლის წინაც ზეწოლა იყო. იმ ადგილას სადაც არ არის სხვა ტელევიზიები, „კავკასია“, „მაესტრო“, „მეცხრე არხიც“ დაემატა, იქ ადამიანი თავისუფალ არჩევანს ვერ აკეთებს.  ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სერიოზული მექანიზმია გაყალბების - წინასწარ ზემოქმედება ამომრჩეველზე. ეს ყველაზე მეტად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

ეს გაყალბება არ არის, ეს არის ადამიანის ზომბირება, სხვათა შორის, ელცინის მეორე არჩევნებზე (ის სერიოზულად ავად იყო), გამოკითხვებით მას სადღაც 10%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ზუგანოვს კი 60-70%-იანი რეიტინგი. სამი თვის განმავლობაში ისეთი ზომბირება მოხდა, რომ ელცინმა 3-4%-ით, მაგრამ მაინც მოიგო არჩევნები. ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ მედიის საშუალებით ამომრჩევლის ცნობიერებაზე ხდება ზეგავლენა, როდესაც ერთსა და იმავე ფერებს, ერთსა და იმავე რიცხვებს უტენი ყოველდღე თავში. დღეს ხომ არჩევანი გვაქვს კანდიდატებსა და 5-იანს შორის. რამდენი მაჟორიტარი გახსენდებათ უცებ? ალბათ სულ რამდენიმე - ისინი როგორ გავიდნენ?- არავის ახსოვს. ეს ხომ ერთ დღეს არ მომხდარა, წლიდან წლამდე, ამომრჩეველს 5-იანი ეჭედება თავში. ყველა საარჩევნო სუბიექტს უწევს ციფრთან, 5-იანთან ბრძოლა. თანაც ინ პირობებში, როდესაც სხვას არ აქვს რეალური შესაძლებლობა, ალტერნატიული ინფორმაცია მიაწოდოს. თუმცა ვიტყვი, რომ ოპოზიციას მეტი შანსი ჰქონდა უკეთესად წარემართა თავისი წინასაარჩევნო კამპანია. 9 თვე ხომ მაინც ჰქონდათ. არ მინდა ვინმემ კრიტიკად ჩათვალოს, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა.

როდესაც წლების განმავლობაში, ყველა ღონისძიებაზე ტრიალებს ერთი და იგივე ფერები და ა.შ. საქართველოს დროშა, რომლის ფერები აქვს მმართველ პარტიას, ეს აღქმაზე ზეგავლენას ახდენს. ფრაგმენტულად მიეწოდება სხვა ინფორმაციაც,  მაგრამ ეს უკვე ვეღარ ზემოქმედებს. ეს ინფორმაცია საზოგადოებას ტელევიზიით მიეწოდება, ტელევიზიას ერთი ცუდი თვისება აქვს, მაყურებელი პასიურია, თან თუ სამი-ოთხი არხი გაქვს, გიჭირავს პულტი და ფაქტობრივად ერთი და იივე ინფორმაციის ნაკადი შემოდის ცნობიერებაში, ეს ხდება დიდი ხნის განმავლობაში. ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის და იმედი მაქვს, ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოგვარდება.

წინა არჩევნმებზეც, ამ არჩევნებისთვისაც, ხელისუფლება თავისიანებისგან წინასწარ ითხოვს იმ ადამიანების სიებს პირადობის მოწმობების მონაცემებით, ვინც არჩევნებზე მისი პოტენციური მხარდამჭერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამოქალაქო რეესტრის მონაცემები ხელისუფლებისთვის ისედაც  ხელმისაწვდომია, რისთვის სჭირდება ამ სიის შეგროვება ან ამით როგორ ყალბდება არჩევნები?

- ის პირადობის მოწმობები ხელისუფლების გაცემულია და ყველა ადამიანის პირადობის ნომერი იციან. არავინ იცის, რისთვის იყენებენ, ალბათ ეს საქართველოში ოთხმა თუ ხუთმა კაცმა იცის. ყველა პარტიას აქვს თავისი ორგანიზმი, მუშაობენ ადამიანმები, ყოველი ასეთი დავალება ნიშნავს, ხალხის გამოვლენას ვინ როგორი შემსრულებელია, ვისზე შეიძლება დაყრდნობა. შესაძლოა, რაღაც ზემოქმედების საშუალებაც იყოს, თანაც ეს რაღაც გასაიდუმლოებულად ხდება, თითქოს რაღაც ხდება მაგრამ ეს სია არაფერსაც არ წარმოადგენს, უბრალოდ, საკუთარი ხალხის ვარჯიშია.

არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია სიები, რომელიც ასევე არჩევნებამდე მზადდება. მრავალი წელია, საქართველოში ზუსტი სიების შედგენა ვერ ხერხდება და მიზეზი ერთადერთია - გაყალბება ყველაზე იოლად სწორედ არაზუსტი სიებით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის რისი ცოდნაა აუცილებელი?

- ამომრჩეველთა სიები კი არ მოაგებინებს ვინმეს ან წააგებინებს, თუ კარგი სიაა, იქ მაქინაციების გაკეთება შედარებით რთულია. როდესაც სიები კარგად არ არის ორგანიზებული და ვფიქრობ, რომ დღესაც ასეა, ისევ შეიძლება იყოს გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

ძალიან ბევრი ამომრჩეველია საზღვარგარეთ, ბევრი სიაშია, მაგრამ არჩევნებში ვერ იღებს მონაწილეობას. საარჩევნო სიაში მაქსიმუმ 350 ათასამდეა ჩანაწერი - იმყოფება საზღვარგარეთ. რეალურად კი მილიონამდე ამომრჩეველია გასული. ეს იმას ნიშნავს, რომ 700 ათასამდე ადამიანია, ვისი სახელის გასწვრივაც ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ რეალურად ცნობილია, რომ საზღვაგარეთაა და მისი ხმის მოპარვა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ასეთი მექანიზმი მოქმედებს, შეიძლება საზღვარგარეთ მყოფი ადამიანის სახელითა და გვარით მოვიდეს ვიღაც, რომლის პირადობაშიც სურათი იქნება შეცვლილი მისცეს მის ნაცვლად ხმა.

ანუ საუბარია ყალბ პირადობის მოწმობებზე...

-1995 წელს ცესკოში მოგვიტანეს ერთი ცალი გაყალბებული პირადობის მოწმობა, მისი დაბეჭდვა ჯდებოდა 2,5 ლარი ცელოფანში ჩადებიანად. ახლა შეიძლება ეს გაიაფდა ან გაძვირდა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ 2000 წლამდე ყვიროდნენ 300 ათასამდე ყალბი პირადობის მოწმობა უკვე დაბეჭდილიაო. სად წავიდა ეს პირადობის მოწმობები? არავის აღმოუჩენია ეს პირადობის მოწმობები არც 2000 წელს და არც 2003 წლის მერე.

ბევრჯერ მირჩევია პოლიტიკური პარტიებისთვის და ახლაც ვიმეორებ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები სიიდან ამოიღონ, მათთვის საარჩევნო ყუთები დაიდგას აეროპორტში, სარფის საბაჟოზე, რომ თუ არჩევნებისთვის და ხმის მისაცემად ჩამოვლენ, მარტივად შეეძლოთ ხმის მიცემა.

ანუ ჩვენ წინაწარ გვაქვს დაახლოებით 700 ათასი გაყალბებული ხმა...

- დაახლოებით 650 ათასი, მაგრამ მის გამოყენებასაც ორგანიზება სჭირდება და აქედან ნახევარიც რომ გამოიყენონ, ესეც ადვილი არ არის. უნდა მოაწყო „კარუსელები“, სამარშრუტო ტაქსები უნდა გყავდეს.

თავისთავად ესეც საინტერესო თემაა, რატომ მიჰყავთ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებამდე სამარშრუტო ტაქსით, მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნები საცხოვრებელ სახლებთან საკმაოდ ახლოსაა გახსნილი და ტრანსპორტირება საჭირო არ არის. ძალზე იშვიათი გამონაკლისის გარდა.

არის თუ არა შესაძლებელი, საარჩევნო უბანზე ამისი აღმოჩენა, ანუ საზღვარგარეთ წასული ადამიანების ყალბი პირადობის მოწმობის...

- თუ ადამიანს აქვს ყალბი პირადობის მოწმობა, არაფრით არ შეიძლება მისი აღმოჩენა. დღეს საქართველოში პირადობის მოწმობა ყველაზე დაუცველი დოკუმენტია. საბანკო-საკრედიტო ბარათით რომ მიაცემინო ხმა, გაცილებით უფრო დაცული იქნება, არავის შეუძლია მაღაზიაშიც კი სხვისი საკრედიტო ბარათის გამოყენება.

ამ თემაზე თინა ხიდაშელიც საუბრობდა, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, თუმცა არაფერი შეცვლილა, ხელისუფლების ინტერესში არ არის ამ პირადობის მოწმობების აღმოჩენა, ამიტომ  საინტერესოა, რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ყალბ პირადობის მოწმობებს...

- ახლა რაზედაც ვლაპარაკობთ, სალაპარაკოდ ძალზე მარტივია, თუმცა გასაკეთებლად საკმაოდ რთულია. ერთმა ადამიანმა ათ უბანზე რომ შემოიაროს და ათი ხმა მისცეს, მას მთელი დღე დასჭირდება. თუ არჩევნებზე ბევრი ხალხი მივიდა და რიგები იქნება, ასეთ კარუსელებს ძალიან შეაფერხებს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმის მიუხედავად, რომ დიდი ყინვა იყო, უბნებზე ბევრი ხალხი მივიდა და დიდი რიგები იყო. ეს ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ასეთი კარუსელები ვეღარ ტრიალდება. როდესაც ბევრი ხალხია შეიძლება ორი, მაქსიმუმ სამი კაცის მაგივრად მოახერხო ხმის მიცემა, მეტი ვერ ხერხდება, როდესაც ბევრი ხალხია, მაგალითად, თბილისში, ასეთი კარუსელის დატრიალება შეუძლებელი ხდება.

რეგიონებშიც ხალხი ერთმანეთს იცნობს და უცხოს აღმოჩენა აქ უფრო ადვილია...

- რეგიონებში უფრო რთულადაა საქმე, ჯერ ერთი, რომ ერთმანეთს იცნობენ და მეორეც, სოფლები ერთმანეთს საკმაოდ დაშორებულია და ბევრ სოფელს ვერ შემოივლი, მით უფრო, რომ თუ უცხო კაცი ჩამოდის სოფელში და რაღაცას ხელს აწერს, თუ ერთი კაცი მაინც არის რეალური დამკვირვებელი, შეუძლია ატეხოს ხმაური.

არჩევნების გაყალბება არ არის თვითმიზანი, რომ აი, მე ცუდი ბიჭი ვარ და მინდა, ყველგან გავაყალბო არჩევნები. არჩევნები ყალბდება მაშინ, როდესაც პარტია აგებს და უნდა მოგება, ფაქტობრივად, მოგებამდე ხდება გაყალბება. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ დიდი ქალაქები მოიგეს და ასე წააგეს არჩევნები, თუ მექანიზმი მაქვს არჩევნების გაყალბების და მომინდებოდა თბილისის მოგება, მაშინ თბილისსაც მოვიგებდი. მთავარია ამისი შესაძლებლობა არ გქონდეს. ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა არ უნდა  მისცეს, რადგან თუ მიეცემა შანსი, ალბათ გააყალბებს.

ოლქში 50 უბანია, აქედან 5-6 უბანი რომ გაყალბდეს სხვაგან კი სანიმუშოდ ჩატარდეს, ეს 5 უბანი იმდენად შეიძლება გაყალბდეს, რომ გადაფაროს დანარჩენი შედეგები.

რა აუცილებელი პირობა უნდა არსებობდეს, რომ დავუშვათ,  ერთ კონკრეტულ უბანზე გაყალბდეს არჩევნები?

- არჩევნებს წლების განმავლობაში ერთი და იგივე ხალხი ატარებს. რაიონებში უფრო – მასწავლებლები. აქ ალბათ უკვე ერთვება სხვა ბერკეტებიც. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ვარაუდის დონეზე შეიძლება თქმა, რომ ალბათ ხდება მოსყიდვა.

მოსყიდვა ვისი, რამდენი ადამიანის?

- კომისიის წევრების, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენლების. რაიონში ყველაზე შეძლებული ხალხი პენსიონერები არიან და როდესაც კომისიის წევრს ერთი დღის მუშაობაში 200 ლარს უხდიან, მისთვის ეს სერიოზული თანხაა. მისთვის თანხის მიცემა-არმიცემის საკითხი საკმაოდ სერიოზულია. ზოგს ალბათ აშინებენ კიდეც. ზოგს ალბათ „კანფეტსაც მისცემენ“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როგორ და რანაირად, ეს ხალხი ალბათ შესწავლილიც ჰყავთ კარგად. ლაპარაკია საარჩევნო უბნების იმ 10%-ზე, სადაც არჩევნები უნდა გაყალბდეს.

თუ ერთ უბანზე ყველას მოისყიდი, კომისიის წევრსაც და მეთვალყურესაც, თუ ერთი ადამიანიც კი არ იქნება საჩივრის დამწერი, და მასზე ხელის მომწერი, იქ რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერს ვერ გააწყობს. იქ ოქმი შეიძლება წინასწარ დაიწეროს, ვინ მივა და რას ჩაყრის, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

დამკვირვებლებს რამდენად სრულყოფილად შეუძლიათ სიტუაციის კონტროლი, რა დროს უქმდება უბნის შედეგები?

- მათ უნდა გამოავლინონ დარღვევები და შეძლებისდაგვარად გამოასწორონ, დავუშვათ ვიღაც სხვის ნაცვლად აძლევს ხმას, დამკვირვებელი თუ ამას აღმოაჩენს კომისია ვალდებულია, ზომები მიიღოს, იმის გარდა რომ ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, ის ვეღარ მისცემს ხმას. ასეთი კონკრეტული შემთხვევების დროს უბნის შედეგების გაუქმება არ ხდება, ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ისეთი სერიოზული დარღვევებია, რომელიც შედეგზე ზემოქმედებას ახდენს. დავუშვათ ვიღაცამ ბევრი ბიულეტენი ჩაყარა და კომისია ვერ ახერხებს მის გამოვლენას.

დავუშვათ, კაბინაში ვიღაცამ ჩააგდო 5 ან 10 ბიულეტენი, ამისი აღმოჩენა არის თუ არა შესაძლებელი?

- თუ ერთ კონვერტშია ეს ბიულეტენები, შესაძლებელია. თუ ერთი და იგივე ხალხია შემოხაზული, თუ კომისია გადაწყვეტს, რჩება ერთი ბიულეტენი, თუ სხვადასხვაა შემოხაზული, ყველა უქმდება.

 არჩევნებზე ძალადობრივი რაღაცეებიც ხდება ხოლმე, როგორიცაა შუქის ჩაქრობა, ვიღაცის შევარდნა და ა.შ. რაიონებში ასეც ხდებოდა რომ ერთი ადამიანი რამდენიმე კონვერტს აგდებდა.

რაც შეეხება შიდა მიგრაციას, რამდენად არის ამ შემთხვევაში შესაძლებელი პრევენცია?

- სადაც რეგისტრირებულია ადამიანი და იქ არ ცხოვრობს, ვიღაცამ  ხომ იცის, რომ თბილისშია საცხოვრებლად წასული, შესაძლებელია, მის მაგივრად ხმაც მისცეს და ხელიც მოაწეროს. ამით მისი ხმა იკარგება. ის საკუთარი თავის წინაშეა ვალდებული ჩავიდეს, ვინაიდან ჩვენთან არჩევნები ნებაყოფილობითია, ვერავინ მოედავება, რატომ არ მივიდა არჩევნებზე.

თბილისი დიდი ქალაქია, მაგრამ ორმილიონიანი ქალაქიც არ არის, ასე რომ, ძალიან ბევრიც არ უნდა იყოს რეგიონებიდან ჩამოსული.

ამბობენ, რომ ძალზე ეფექტურია  ე.წ. სომხური კარუსელი, შეგიძლიათ გვითხრათ,  რა მექანიზმზეა საუბარი?

- რატომღაც სომხური კარუსელი დაარქვეს, 1999 წელს ასეთი კარუსელის შესახებ ერთ-ერთმა მექსიკელმა დამკვირვებელმა გაგვაფრთხილა, რომ ასეთი საშიშროება არსებობდა. მაშინ ცესკოში ბევრი „ნიჭიერი“ ადამიანი იყო და რა თქმა უნდა, შემდეგ აიტაცეს.

თუ პარტიას სურს, გარანტირებულად მოისყიდოს ამომრჩეველი და ერთ ხმაში იხდის დავუშვათ, 10 ლარს ან არ იხდის არაფერს, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ არ მოატყუებენ, ასეთ მექანიზმს ამუშავებენ. ერთი კაცი შედის დილით ადრე, აგდებს ცარიელ კონვერტს და გამოაქვს ცარიელი ბიულეტენი. ამ ბიულეტენს ავსებენ, როცა მოდის მეორე ადამიანი, აძლევენ ამ შემოხაზილ ბიულეტენს და ავალებენ, ყუთში ჩააგდოს ეს შემოხაზული ბიულეტენი, სანაცვლოდ კი გამოიტანოს ახალი, სუფთა ბიულეტენი, რომელშიც გადაუხდიან დაპირებულ თანხას ან არც გადაუხდიან, მოლაპარაკებას გააჩნია. შემდეგი ამომრჩეველი მოდის და და იგივე პრინციპით კონვერტში დებს შევსებულ ბიულეტენს - ცარიელი კი გარეთ გამოაქვს.   

ძირითადად, რა ტიპის საჩივრები შემოდიოდა ხოლმე ცესკოში, ამის მიხედვით თუ არის შესაძლებელი დადგენა, რა მიმართულების დარღვევები სჭარბობს ხოლმე?

- საჩივარი იწერება აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველა პროცედურაზე, ერთი თავია არჩევნების დღისადმი მიძღვნილი საარჩევნო კოდექსში და აბსოლუტურად ყველა პროცედურაზეა შესაძლებელი საჩივრის დაწერა. ადრე საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო მეორე დღის 6 საათამდე, თუმცა ახლა ეს ვადა ორ დღემდე გაზარდეს, რაც მაინც და მაინც გონივრული არ მგონია.

თქვენც ახსენეთ, რომ თუ არ მოეწონათ უბნის შედეგები, შეიძლება იჩივლონ და გააუქმონო, არჩევნების დღის პროცედურები ისეთია, რომელიც მაშინვე უნდა დაფიქსირდეს და გასაჩივრდეს - თუ მიზანი არჩევნების კარგად ჩატარებაა, თუ დარღვევაა, საჩივარი ყველა შემთხვევაში მაშინვე უნდა დაიწეროს. ვინც მიკერძოებულია, იმის ინტერესშია ეს ვადები გაიზარდოს, რომ შემდეგ კარგად მოიფიქრონ, რომელი უბანი გააუქმონ და რომელი არა.

ხმის მიცემის, შემდეგ იწყება ხმების დათვლა. ამ დროს რა ხდება და რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი?      

- თუ კონკრეტულ საარჩენო უბანზე კომისიის ყველა წევრი, ყველა დამკვირვებელი, მეთვალყურე არის მიკერძოებული, იქ შეიძლება, არც კი გადათვალონ არჩევნების შედეგები და შეუძლიათ ის შედეგი დაწერონ რაც სურთ.

ანუ უნდა მოისყიდო კომისიის ყველა წევრი და დამკვირვებელი თუ სასურველი შედეგის მიღება გსურს, პრაქტიკულად რამდენად მარტივია?

- თეორიულად მარტივია, პრაქტიკულად - ცოტა რთული, თუმცა შეუძლებელი არ არის. თავიდან საუბარი დავიწყეთ, იმით, რომ არჩევნებს ერთი და იგივე ხალხი ატარებს, თუ წინა არჩევნებზე ვიღაც მოისყიდე, შემდეგ მისი მოსყიდვა უკვე ძალიან ადვილია - მემკვიდრეობითობის მექანიზმი მოქმედებს.

გასულ არჩევნებზე კომისიის წევრების მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები ისმოდა სწორედ ამ კუთხით, რომ ზოგიერთ უბანზე  კომისიის წევრები მოისყიდეს და ოპოზიციამ ბევრი უბანი ამით წააგო, გამოდის, რომ ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა ...

- არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ ვეხმარები ამ არჩევნებზე და ახლა, შიგნით არ ვიცი რა ხდება. ამიტომ ვამბობ – როდესაც კომისიის წევრი ინიშნება, აუცილებელია, მასზე ბევრად გამოცდილი ადამიანი დაინიშოს დამკვირვებლად. კომისიის წევრი ფაქტობრივად, იმ ადგილასაა მიჯაჭვული, სადაც მუშაობს, ის ვერ აქცევს ყურადღებას, სხვაგან რა ხდება. თუ პარტიას ეყოლება სერიოზული დამკვირვებელი, მაშინ ყველა ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია.

ითქვა, რომ ხმის დათვლის დროს შესაძლებელია მოწინააღმდეგის ბიულეტენები შეაცურონ მისი ოპონენტის დასტაში და წაგებული მოგებულად გამოაცხადონ, ისე, რომ ვერავინ ვეღარ გაიგოს ვინ მოიგო ეს უბანი...

- ერთი, ძალიან ცუდი რაც არის ჩვენს საარჩევნო კოდექსში, ისაა, რომ  როდესაც დაილუქება სააჩევნო უბნები, რეალურად მისი გახსნის უფლება არავის აღარ აქვს. დღეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გახსნა და გადათვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან კომისიის წევრების 2/3-ის თანხმობა სჭირდება. ეს ეხება იმ საკითხსაც, უცხოეთში წასულების ნაცვლად რომ აძლევენ ხმებს. თუნდაც სიაში ჩანაწერი იყოს ადამიანზე, მერე უკვე ვერ გადაამოწმებ. შეიძლება, სამაგალითოდ, ორი-სამი უბანიც გახსნან, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

ხელისუფლება ყველა კომისიაში აკონტროლებს სიტუაციას, ეს 2/3-იანი მექანიზმიც ძალზე საინტერესოა. თუ ხელისუფლება მისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, მან შეიძლება ბევრი საარჩევნო უბანი გახსნას და შესაძლოა, გააბათილოს კიდეც, ამისი საშიშროებაც არსებობს.

თუ არჩევნებზე მივიდა ძალიან ბევრი ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში რა ხდება, რა პროპორციით არის შესძლებელი გაყალბების მექანიზმების გამოყენების საშუალება?

- როდესაც ბევრი ამომრჩეველია, სერიოზული კარუსელების გაკეთება ძალზე რთული იქნება, ფაქტობრივად შეუძლებელი. ერთი, დროის გამო, მეორეც - ბევრი აწერს ხელს და ცარიელი ადგილები ნაკლები რჩება, თუმცა მათ, მოგეხსენებათ, ცარიელი, სარეზერვო ადგილები აქვთ ხოლმე.

მთავარი მაინც ის არის, წინასაარჩევნო განწყობა როგორი იქნება. არჩევნების მოგება ხდება ერთი კვირით ადრე. თუ საზოგადოებაში განწყობა იქნება, რომ ვიგებთ არჩევნებს, მაისურებში გამოწყობილი ბევრი ხალხი ივლის, ამაღლებული განწყობა და სიტუაცია იქნება, არჩევნები მოგებული იქნება. ეს მექანიზმები (გაყალბების) მაშინ მუშაობს, როდესაც საზოგადოებაში არის მერყეობა. როდესაც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს, კომისიის წევრები (არ ვიცი მოსყიდულები იქნებიან თუ არა, ამას ვერ ვაკადრებ, მათაც საკმაო მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ წესიერად მოიქცნენ) მაინც ადამიანები არიან და ყველაფერს უყურებენ რა ხდება და როგორ ხდება.

ანუ თუ საზოგადოებაში მოგების განწყობაა, კომისიის წევრები ნაკლებად გარისკავენ?

- საერთოდ არ  გარისკავენ - წაგებულის მხარეს არავინ არ გარისაკავს. ამიტომ არჩევნების მოგება ხდება ერთი კვირით ადრე - თუ ხალხს არჩევნების მოგება უნდა და განწყობაც შესაბამისია. ხელისუფლება რას აკეთებს - ის უზრუნველყოფს საკუთარი ამომრჩევლის მისვლას და სხვისი ამომრჩევლის არმისვლას. თუ ხალხი მოდის მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში იმხელა რიგები დადგება, ასე მარტივი არ იქნება, უცებ შეხვიდე, ხელი მოაწერო და მერე წახვიდე სხვა უბანში. თუ ბევრი ხალხი იქნება, დარწმუნებული ვარ, მოიგებს ის, ვინც უნდა მოიგოს. მივედით იქამდე, საიდანაც დავიწყეთ - საზოგადოების განწყობა აისახება არჩევნებზე.

რა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, თქვენ რას ისურვებდით?

- ეს არ არის ბოლო არჩევნები. ამ არჩევნებს არ უნდა ვუყუროთ ისე, რომ კარგი ან ცუდი შედეგით თუ დასრულდა, ყველაფერი ამით მთავრდება, რომ თუ მოვიგეთ, ყველაფერი კარგად იქნება და თუ წავაგეთ ყველაფერი ცუდად არის. ეს ასე არ არის, ამ არჩევნებით არაფერი არ მთავრდება, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება, ნორმალური ცხოვრება საქართველოში ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებისა თუ წაგების მიუხედავად. ის ვინც წააგებს, ბევრი უნდა იფიქროს, როგორ მოგიოს შემდეგი არჩევნები. რომელიც ძალიან მალე იქნება და რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

პროგნოზირებას გაურბიან, მაგრამ იმდენი არჩევნებისთვის გიდევნებიათ თვალი, ეგებ გარისკოთ, რა შედეგს მოელით ან რა უნდა იყოს ოპოზიციისთვის სასურველი პროცენტი?

-1995 წელს მოქალაქეთა კავშირმა 23%-ით მოიგო არჩევნები და იმდენი მანდატი აიღო, საკონსტიტუციო უმრავლესობას ბევრი არ უკლდა. თუმცა მაშინ ბევრი პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. ახლა მგონია რომ მოხდება სრული გამარჯვება ან სრული დამარცხება. დამარცხებაში ვგულისხმობ 20-25%-ს, რადგან დანარჩენს მეორე მხარე აიღებს. მაინც მგონია, რომ არჩევნებს ორი სუბიექტი გადალახავს და არა სამი, რატომღაც ასე ვფიქრობ, თუმცა შეიძლება, შევცდე.

არჩევნების მოახლოებასათან ერთად, წარმოიდგინეთ, რომ ორივე მხრიდან მოდის დიდი ტალღა. როდესაც ასეთი განწყობაა, ამომრჩეველი მიდის ან ერთ ან მეორე მხარეს და შუა იკარგება, მგონია, რომ ახლაც ასე მოხდება. არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდია, ამაზე არ ვსაუბრობ, დღეს კეთდება არჩევანი თეთრსა და შავს შორის. უფრო სწორად, წითელსა და ლურჯს შორის. მგონია, რომ  მოგება მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით, მაგრამ ვინ გაიმარჯვებს არ ვიცი.