2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სიას რომ გადავხედოთ, საარჩევნო სუბიექტებს შორის ისეთი მონაწილეებიც არიან, რომელთა გამარჯვებაც ღიმილის მომგვრელია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მათი დასახელება არაფრისმთქმელია, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ სუბიექტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა ერთგვარი რიტუალი გამხდარა და მათ წინასაარჩევნო პოლიტიკურ ვიდეორგოლებს უკვე უჭირავს ჩვენი სატელევიზიო სარეკლამო დროის გარკვეული მონაკვეთი.
მაგალითად, მე-20 ნომრად დარეგისტრირებულია ასეთი სუბიექტი – „ჩვენი ქვეყანა“, 35-ე ნომრად „მომავალი საქართველო,“ 36-ე ნომრად– „საქართველოს მშრომელთა საბჭო“, 30-ე ნომრად „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ და სხვა.
საინტერესოა, რისთვის იღწვიან ასეთი საარჩევნო სუბიექტები და რატომ ლამობენ მაინცდამაინც მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით დაგვამახსოვრონ თავი?! ზოგიერთმა მათგანმა ხომ ბოლოდროინდელი არჩევნები გამანადგურებელი შედეგით დაასრულა და, მხატვრულად რომ ვთქვათ, საკუთარი ერთი ხმაც ვერ აიღო საარჩევნო უბნიდან?! კარგა ხანია, საზოგადოება შემზადებულია, რომ მმართველი გუნდის სატელიტი პარტიები ყოველნაირად შეეცდებიან, ნამდვილ ოპოზიციონრებს ხმები წაართვან, მაგრამ რისი იმედი აქვთ ზემოხსენებულ სუბიექტებს? რამდენად შეესაბამება სიმართლეს გამოთქმული ეჭვი, რომ ისინიც მმართველ გუნდს უჭერენ მხარს, ოღონდ არჩევნებში უმნიშვნელო წარმატების, ე.წ. ნამცეცობის ხარჯზე?! ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ ზოგიერთმა მათგანმა ხელისუფლებისგან დაფინანსების წყარო სწორედ ამ თითქმის ნულოვანი რეიტინგით იშოვა.
მათ დაბალ რეიტინგს კი წინასაარჩევნოდ ჩატარებული სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს. მათ შორის, სექტემბერში საინფორმაციო სააგენტო "პირველის" გვერდზე არსებული ინტერნეტგამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70, 13% საპარლამენტო არჩევნებში მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს, ერთიან ნაციონალური მოძრაობას - 16.93%, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას - 2.63%, კახა კუკავა - თავისუფალ საქართველოს - 2.03%;
რაც შეეხება დანარჩენ სუბიექტებს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 1.88%, ახალი მემარჯვენეები - 1.66%, სპორტსმენთა კავშირი - 1.2%, ლეიბორისტული პარტია - 1.13%, სამართლიანი საქართველოსთვის - 0.15%, ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი - 0.45%, თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - 0.45%, ჩვენი ქვეყანა - 0.53%, მერაბ კოსტავას საზოგადოება - 0.08%, მომავალი საქართველო - 0.08%, სახალხო პარტია - 0.08%, საქართველოს მშრომელთა საბჭო - 0.3% და სახალხო მოძრაობა - 0.3%.
ამ კვლევის თანახმად, მერაბ კოსტავას საზოგადოებასა და „მომავალ საქართველოს“ 0.08-0.08 პროცენტები ერგოთ.
ეს მაშინ, როცა პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე არა მარტო პარტიის სიის პირველ ნომრად, არამედ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც ემზადებოდა და ამიტომაც საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ აგვიანებდა. უფრო მეტიც – გიორგი ლაღიძემ პარტიის სლოგანიც წარადგინა – "ერთად ავაშენოთ საქართველო სუფთა ხელებით". მისი დაპირებისამებრ, "მომავალი საქართველოს" პრიორიტეტები იქნება დასაქმება, ადამიანების უფლებების დაცვა და სოციალური საკითხები. ალბათ იმის გამო, რომ მის პარტიაში ბევრი უცნობი კანდიდატურა აღმოჩნდა, გამოსავალიც მოიძებნა და საზოგადოებას განემარტა, რომ პარტია "მომავალი საქართველო" აქცენტს ძირითადად ახალ და სუფთა წარსულის მქონე კადრებზე გააკეთებდა. საინტერესოა, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დროს, დედაქალაქის მერობის მაშინდელმა კანდიდატმა გიორგი ლაღიძემ 634 ხმა ანუ 0.14% მიიღო.
რაც შეეხება „მერაბ კოსტავას საზოგადოებას", ცნობილია, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეს საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ლიდერი ვაჟა ადამია დაპატიმრებული იყო. რაც შეეხება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამ საზოგადოებამ მხარდამჭერთა ხარვეზიანი სიების გამო მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი „მერაბ კოსტავას საზოგადოების" თავმჯდომარე ვაჟა ადამია მზადყოფნას გამოთქვამდა, რომ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესების მიზნით, საარჩევნო ბლოკში ედპ-სთან, "ეროვნულ ფორუმთან" ან "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანდებოდა. თუმცა უარს ამბობდა ბიძინა ივანიშვილთან ალიანსის შექმნაზე. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ივანიშვილის გარემოცვა და ავადსახსენებელი, მაგრამ ხელისუფლებისთვის საყვარელი თემა – „რუსული ფული“ იყო.
ვაჟა ადამია არც მალავდა, რომ, მაქსიმუმ, რასაც ამ არჩევნებისგან ელოდა, 4%-იანი ბარიერის გადალახვა გახლდათ. ამიტომაც 17–წლიანი განშორების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნისათვის იბრძოლებდა.
For.ge „მერაბ კოსტავას საზოგადოებას" დაუკავშირდა, თუმცა მათ ვაჟა ადამიას კოორდინატები არ „აღმოაჩნდათ“, რადგან მათი ლიდერი თურმე მობილურს არ იყენებს, ქალაქის ნომერი კი არ გვანდეს. „მერაბ კოსტავას საზოგადოებაში" ვაჟა ადამიას ნაცვლად პასუხის გაცემა და არჩევნების სამომავლო შედეგების პროგნოზირება უჭირთ, ამიტომაც ცოტა ხანში, ვაჟა ადამიას მისვლისთანავე, დაკავშირებას დაგვპირდნენ, მაგრამ ამაოდ.
„მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუ რამდენ პროცენტს მიიღებს ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ მოქალაქეთა მხარდაჭერის იმედი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციურ სუბიექტებთან შედარებით, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც იგი აქტიურად ხვდება მოქალაქეებს და წინასაარჩევნო პროგრამას აცნობს.
რაც შეხება ოპოზიციისთვის ხმის გაყოფის საკითხს, გიორგი ლაღიძე ამას არ ეთანხმება. აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად, ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთი ინიაციატორი თავად იყო. თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვერ გადადო გვერდზე პირადი ამბიციები და გაერთიანება ვერ მოხერხდა. მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის იგი დღესაც მზადყოფნას გამოთქვამს.
ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ იყენებს ხელისუფლება ასეთ მცირერეიტინგიან პარტიებს, გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ ნამდვილად არ გამოაყენებინებს თავს არავის.
როცა შევახსენეთ, რომ ორი წლის წინ მან თვითმმართველობის არჩევნებში მცირე პროცენტი (0.14%) მიიღო და, ალბათ, წელსაც არ იქნება მისი არჩევნებში მონაწილეობა პროდუქტიული, გიორგი ლაღიძემ აღნიშნა: „მე გახლდით დედაქალაქის მერობის კანდიდატი, თუმცა მთელ რიგ რეგიონებში ჩვენმა წარმომადგენლებმა საკმაოდ მაღალი პროცენტი მიიღეს. ამიტომ ჯამში, განსხვავებული სიტუაცია გვქონდა. მაგალითად, ლაგოდეხში ჩვენი კანდიდატი, პრაქტიკულად, მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ხელისუფლებამ დაამარცხა. ამიტომ ახლა გაცილებით მეტად ვართ მომზადებულნი. ჩვენ „ატსტუპნიკები“ და სხვადასხვა ჯგუფები გვემხრობიან“.
რაც შეეხება რეკლამებისთვის გაღებულ თანხებს, გიორგი ლაღიძის განმარტებით, ისინი მწირ თანხებს ხარჯავენ. პრაქტიკულად, ეს არის უფასო რეკლამები, რასაც მათი წევრების მწირი შემოწირულობა ემატება.
„ფულის ტომრებს ნამდვილად ვერ დავეჭიდები ამ არჩევნებზე. ოპოზიციასაც ხმებს არ ვუყოფ. უმჯობესია, ფსევდოოპოზიციონრებმა, რომლებიც ხელისუფლებასთან იყვნენ, ახლა გადაბარგდნენ ოპოზიციაში და რევანშისთვის ემზადებიან, ჩვენს სასარგებლოდ მოხსნან თავიანთი კანდიდატურები“, – აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილს უცნაურად მიაჩნია, რომ საქართველოში ფსევდო მულტიპარტიული აქტივობები არ დამთავრდა. ექსპერტის აზრით, ამ პარტიებს არაფრის შანსი არ აქვთ და მინიმალურ ხმებს ოპოზიციას ართმევენ.
„ფაქტობრივად, ირიბად ისინი ეხმარებიან ხელისუფლებას. მართალია, ბევრით ვერაფრით ეხმარებიან და ეს არ არის პრინციპული, მაგრამ, თავად მათი მიდგომა, ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივად მაინცდამაინც გამართლებული არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლებასთან გარიგების საგანია, მაგრამ ამის უკან უფრო ამბიციებს გხედევ. თუმცა, როდესაც პოლიტიკურ ამბიციას სახელმწიფო ინტერესს ვაყოლებთ, ეს სამწუხაროა. დღეს პრინციპული პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული და თითოეულ ხმას ძალიან მაღალი ფასი აქვს ოპოზიციისთვის. ამდენად, თუნდაც ოჯახის წევრებისგან ამ ადამიანებისთვის მიცემული ხმა ოპოზიციისთვის სახარბიელო არ არის“.
ამის მიუხედავად, გია ხუხაშვილი ამ ფაქტის დრამატიზებას არ ახდენს და მარტივად გვპასუხობს: „რას ვიზამთ, ეს საქართველოა. საქართველოში ყოველთვის ასე ხდებოდა“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ასეთი პარტიების არჩევნებში მონაწილეობას ოლიმპიური პრინციპით ხსნის, რომ მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა. ამიტომაც მიიჩნევს, რომ ამ პარტიების სურვილია, დააფიქსირონ, რომ არსებობენ. უფრო მეტიც, ისინი ფულს არ ხარჯავენ, არც აქვთ ფული და ვერც აფინანსებენ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას. უბრალოდ, მოვა დრო და ეს პარტიები ან გაძლიერდებიან, ან საერთოდ გაქრებიან. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პარტიები ოპოზიციას უყოფენ ხმებს.
„ძალიან ცუდია, რომ ამდენი პარტია ჩამოყალიბდა. თითოეულმა ასეთმა პარტიამ ასი-ორასი-სამასი ხმაც რომ წაიღოს (და ეს ხმები არის მათი მეგობრების, ნათესავების, საძმაკაცოსი), ეს ხმები ერთ პროცენტს კი არა, მეათედ პროცენტსაც ვერ იძლევა, მაგრამ მსხვილ პარტიებს მოაკლდება. ამიტომ არის კარგი ორპარტიული სისტემა, ორი, სამი, თუნდაც ოთხი ძლიერი პარტია. ჩვენთან კი უბედურებაა, რომ ორასზე მეტი პარტია არსებობს, რადგან ყველას სურს ერქვას, პარტიის თავმჯდომარე. მაგათ არც ოფისი აქვთ, არც ფული. შესაძლოა, ბევრს არ ესიამოვნოს და მტრებიც გავიმრავლო, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე – ამდენი პარტია ქვეყნისთვის დამღუპველია. პრაქტიკულად, ეგენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მოწინააღმდეგენი გამოდიან“.
პოლიტოლოგს ეეჭვება, რომ ეს პარტიები არჩევნებში ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ამით ხელისუფლებას ასიამოვნებდეს კიდეც.
„ხელისუფლებისთვის ეს გადამწყვეტი არაა, მათი 0% ან 2 % არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამით ხმებს აკლებენ სხვა სერიოზულ ოპოზიციურ პარტიებს“.
სოსო ცინცაძეს ირაკლი წერეთლის „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია“ ახსენდება, რომელიც ძლიერი იყო და 90-იან წლებში რუსული პრესა ირაკლი წერეთლის შესახებ წერდა კიდეც – „ქართული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი“. თუმცა ეს ვარსკვლავი ისე ჩაიბჟუტა, რომ ზემოთ ვერ ამოვიდა.
ასევე, გია ჭანტურიას დროს ძლიერები იყვნენ ეროვნულ-დემოკრატებიც. მაგრამ დღეს პარტიის სახე ვინ არის, – ჩახვაძე?! – კითხულობს პოლიტოლოგი.
„ამ პარტიების შესახებ, რომლებიც დაასახელეთ, თქვენგან გავიგე. ის, რომ ასეთი პარტიები საქართველოში თურმე 200-ზე მეტი ყოფილა, ეს ტრაგედია, კომიზმია. ასეთი რამ აფრიკაში გასული საკუნის 60-იან წლებში ხდებოდა; როცა აფრიკა გათავისუფლდა, ტომის ყველა ბელადი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ქმნიდა. ახლა აფრიკაში დაჭკვიანდნენ და ასეთი პარტიები აღარ არის, ჩვენ კი აფრიკის დონიდან ვერ გამოვსულვართ. ამ საკითხში დღეს ჩვენ ვართ აფრიკის დონეზე“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თავად ამ მცირერეიტინგიანი პარტიების წარმომადგენლებს ვკითხოთ, რა უნდათ მათ პოლიტიკაში, რადგან მათ ვერც კი გაურკვევიათ, რისთვის არიან პოლიტიკაში?! დეპუტატის აზრით, ამბიციები ქართველთა სენია, რომლისგან განკურნებას მრავალი საუკუნეა, ვერ ვახერხებთ, თუმცა დეპუტატი ეჭვობს, რომ აღნიშნულ პარტიებს არჩევნებში წარმატების მისაღწევად რაიმე შანსი ჰქონდეთ.
„ხელისუფლებასთან გარიგება რომ დავაბრალოთ პარტიას, ამის თვალშისაცემი მიზეზი უნდა არსებობდეს და ისეთივე მტკიცებულება გვქონდეს, რაც არსებობს, მაგალითად, თორთლაძის, დავითაიას, თარგამაძე-ვეფხვაძის, ჩახვაძე-ქარდავას შემთხვევაში. პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს, რომ ეს ადამიანები გარიგებულნი არიან და მათი პარტიები ხელისუფლების მიერ სატელიტებად შეგნებულად არიან შექმნილნი, რათა ოპოზიციას ხმები წაართვან. თქვენს მიერ ჩამოთვლილი პარტიების შესახებ პირდაპირ ვერ განვაცხადებ, რომ ისინიც შეკრულნი არიან, მაგრამ ერთია, რომ ისინი ხმებს ართმევენ ძირითად ოპოზიციურ წამყვან ძალას – „ქართულ ოცნებას“.
ამიტომ გია ცაგარეიშვილი ყველა ასეთი პარტიის ლიდერს ურჩევს, გაიზიარონ შემდგომი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. მისთვის გასაგებია, რომ ამბიციების გარეშე პოლიტიკოსი არ არსებობს, მაგრამ ამბიციებს გარდა, ცოტა ჭკუასაც უნდა მოუხმონ და დაფიქრდნენ იმაზე, რას აკეთებენ და რით ავნებენ საერთო ბრძოლას.
ჩვენ დავინტერესდით, საზოგადოებისთვის რას ნიშნავდა ასეთი სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ჩვეულებრივი მოქალაქეების უმეტესობა სულაც არ აპირებს ხმები ამ სუბიექტებს გაუყოს.
თბილისელი ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით, სარეკლამო რგოლების მიუხედავად, არჩევნებში ამ სუბიექტების არსებობა მისთვის არაფრის მთქმელია.
„პირველად თქვენგან გავიგე, რომ თურმე გიორგი ლაღიძეს საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები 10 რეგიონში ჰყოლია, მათ შორის, ვაკისა და დიდუბის ოლქებში. ეს ის გიორგი ლაღიძე ხომ არ არის, შარშანწინაც რომ მონაწილეობდა არჩევნებში და, როცა ჰკითხეს თქვენი მოგვარის, რევაზ ლაღიძის შესახებ რა იცითო, ვერ გაიხსენა, თუ ვინ იყო ჩვენი დიდი კომპოზიტორი. რაც შეეხება ვაჟა ადამიას, რაღა დროს ვაჟა ადამიაა?! არც მისი წარსულის გახსენება მსურს, რაც მას თბილისის ომის დროს მიუძღვის“.