პოლიტიკური პარტიები არჩევნებს არჩევნებამდე იგებენ, არჩევნებამდე კი ლამის თითზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება. ორივე ძირითად პოლიტიკურ ძალას აქვს გამარჯვების სურვილი და მოლოდინი, როგორც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს: „განწყობა უკვე საკმაოდ შეცვლილია, ოპტიმისტური და აშკარად ცვლილებებზეა ორიენტირებული. ეს ატმოსფერო, რომ უკვე რაღაც შეიცვალა, ჰაერში ტრიალებს და ყველა გრძნობს ამას. რაღაც დამთავრდა და რაღაც ახალი იწყება - ეს ნებისმიერ სოციალურ ფენაში იგრძნობა და ძალზე პოზიტიურია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გველის რაღაც სრულიად განსხვავებული, მე არ ვიცი, ეს ორში იქნება თუ სამში, ოქტომბერში, ნოემბერში თუ შემდეგ, მაგრამ ცვლილება არის გარდაუვალი და ყველა გრძნობს ამას“.
ასეთია განწყობა საზოგადოებაში, მაგრამ მეორეა, რას გრძნობენ პოლიტიკოსები, არჩევნების დღემდე ორი კვირით ადრე. ქვეყნის პრეზიდენტის ტონალობაში უცნაური ნოტები გაისმა - მან პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა - ეს უცნაური ტრანსფორმაცია უკვე განსჯის საგანი გახდა, რას ნიშნავს საკმაოდ აგრესიული პიარკამპანიით გამორჩეული სააკშვილის უცნაური ტრანსფორმაცია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მაშინ როდესაც ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მთელი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირად მტრად მიაჩნდა, საზოგადოებისთვის ცოტა არ იყოს, დამაბნეველია.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ცვალებადობა უნდობლობას აჩენს.
„როდესაც წინა დღით კლასების განადგურებაზეა საუბარი, მერე გაერთიანებასა და თანამშრომლობაზე გარანტია არ გაქვს, რომ მესამე ჯერზე ისევ განადგურებაზე არ იქნება საუბარი. დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ცვალებადობა უნდობლობას აჩენს, რომ ასეთი თბილი დამოკიდებულება რეალურად არსებობს. სხვათა შორის, უნდობლობა ჩნდება იმის მიმართაც, რომ ის აგრესიაც რეალურია. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის აგრესიაც მხოლოდ ემოციის რაღაც ნარჩენი იყო და ესეც. ასე რომ, არც ისეთი მკაცრი იქნება თავისი მტრების მიმართ სააკაშვილი როგორც თქვა, მაგრამ არც ისეთი ლმობიერი, როგორც გუშინ ჩანდა“, - აცხადებს საყვარელიძე.
ზაზა შათირიშვილი, თვლის, რომ „ყველაფერი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - ერთი მხრივ, თუ ჩვენ ამას შევხედავთ, როგორც გარკვეულ პოლიტიკურ სტრატეგიას, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არ მუშაობს. პოლიტიკური თანმიმდევრულობის კონტექსტში არის არათანმიმდევრული, არასწორი და არ მუშაობს. მაგრამ თუ ამას შევხედავთ როგორც რაღაც სხვა ნიშანს, რომ თითქოს ძირითადი სამუშაო შესრულებულია და თავს აძლევს ასეთ უფლებას, მაშინ შეიძლება განვიხილოთ როგორც მინიშნება, რომელიც პრინციპში აშკარად არ იკითხება, მაგრამ იკითხება კულისებში. მაშინ ეს ნიშანი არის ვიღაცისთვის და არა საჯარო სივრცისთვის“.
საქართველოში ჩამოსულია ძალიან ბევრი უცხოელი, რომელიც აკვირდება საარჩევნო პროცესსაც და საარჩევნო რიტორიკასაც. არის თუ არა გათვლილი უცხოელებზე სააკაშვილის გაადამიანურება, ზაზა შათირიშვილი თვლის, რომ „ეს მომენტიც არის და ახლა სააკაშვილი ლაპარაკობს იმ ტონით, რაც მიღებულია დასავლეთში, ასეც შეიძლება წავიკითხოთ“.
უცხოელების შენიშვნებს შორის, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდებიან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა „სიძულვილის ენა“, რომელსაც აქტიურად იყენებენ წინასაარჩევნო მიმართვებისას ქართველი პოლიტიკოსები. იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტიისგან, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან, მიჩვეული ვიყავით მუდამ იმ ტონალობაში საუბარს, რომელიც უცხოელების მიერ „სიძულვილის ენად“ ფასდება, დღევანდელი ოპოზიციაც ხელისუფლებისგან ამ ნიშნით გამოირჩეოდა, რომ მისი ტონი იყო მშვიდი და მშვიდობიანი.
ამის მიუხედავად, მაინც განსახილველ თემად იქცა, ის ეპითეტი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის მიმართ გამოიყენა, აჟიოტაჟი ატყდა იმის მიუხედავად, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, სიტყვა არასწორად გადაითარგმნა. თუ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსთა ტონი, მაშინ ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არასოდეს არ ყოფილა განხილვა ნაციონალური არხებით (და არც უცხოელების მიერ), რა ეპითეტებს იყენებს თავად სააკაშვილი ოპოზიციის მიმართ.
ზაზა შათირიშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა, ერთი მხრივ, ლობისტების ნამუშევარიც იყოს, „თუმცა საქართველოზე სულ სამი-ოთხი კაცი წერს და დასავლური საზოგადოებისთვის, ვგულისხმობ ხალხს, ალბათ მეშვიდეხარისხოვანია საქართველოში ვინ ვის რა უწოდა. მეორე მხრივ, უფრო გამოკვეთილია ნაციონალური არხების აქტიურობა, რომლებმაც აიტაცეს ეს ფრაზა და წინ და უკან ატრიალეს“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საბოლოო მიზანი ამომრჩეველზე ზემოქმედებაა და არა ის, თუ ვინ ვისზე რა თქვა და დასავლეთს როგორი შთაბეჭდილება შეექმნა ამ გამონათქვამზე, ზაზა შათირიშვილი თვლის, რომ ელექტორალურად, მკვეთრი განცხადებები ივანიშვილის მხრიდან სააკაშვილის მისამართით, მხოლოდ მომგებიანია.
რაც შეეხება სააკშვილის შეცვლილ ტონალობას, შათირიშვილი თვლის, რომ ეს არ არის ელექტორატზე გათვლილი. ეს უფრო დასავლეთზეა, გათვლილი, „ამასთან მგონია, რომ თითქოს ეს სიგნალია, რომელიც ყველას მიმართ არ არის. თუ რა ტიპის მინიშნებაა, ეს ალბათ მერე გამოჩნდება“.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილიც ფიქრობს, რომ სააკაშვილის ტონის ცვლილება შეიძლება ორი მიმართულებით გავიგოთ.
„თავი დავანებოთ შინაარსს რას ამბობდა ადრე და რას ამბობს ახლა, თავისთავად ასეთი დიამეტრალურად შეცვლა ტონალობისა იმდენად ხელოვნური ჩანს, რომ ძნელი წარმოსადგენია, ვინმე ნდობით განეწყოს მის მიმართ. სულ ათიოდე დღის წინ იგივე ადამიანი სრულიად სხვა ტონალობით და სრულიად სხვა ეპიტეთებით ამკობდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს.
ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სააკაშვილი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს დასავლეთის იმ მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა აზრს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და რომლებიც იძულებულები იყვნენ, დარწმუნებულიყვნენ, რომ საქმე მხოლოდ ოპოზიციაში არ არის.
მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც სააკაშვილი მხოლოდ დადებით სიმბოლოს წარმოადგენდა და დემოკრატიის შუქურას, ისინიც კი დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ოპოზიცია და თითქოს მისი რეტროგრადულობა არაფერ შუაშია (რომ თითქოს მას საბჭოთა კავშირის აღდგნა უნდა და ა.შ).
ძირითადი მიზეზი არის ის გაუწონასწორებელი და ცუდად გათვლილი დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოებრიობისადმი, რომელიც სააკაშვილს ახასიათებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ის ნერვული ტონი, რომელიც მას შეაქვს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, კარგს არაფერს მოიტანდა, ისინი დარწმუნდნენ ამაში. როგორც ჩანს ის იძულებულია, რომ მათ ანგარიში გაუწიოს, თუმცა ეს იმდენად ხელოვნური, ყალბი და დროებითია, რომ ძნელი წარმოსადგენია ვინმე ენდოს ან ვინმე ელოდეს რაღაცა რეალურ შედეგს“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
როგორც ფირალიშვილი თვლის, მეორე მიზეზი შეიძლება იყოს „სერიოზული შიში იმისა, რომ თვითონვე შეიძლება აამღვრიოს წყალი ისე და შექმნას ისეთი ქარიშხალი, რომელსაც თავადვე შეეწირება.
რაც მან დაინახა, რომ არც ისეა საქმე, როგორც მას არწმუნებდნენ ან როგორც სწამდა, დაინახა, რომ ქვეყანაში მის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს და ადამიანთა სულ უფრო მეტი რაოდენობა თამამად გამოთქვამს მის მიმართ დამოკიდებულებას, 9 წლის განმავლობაში წარმოებული პოლიტიკის მიმართ განწყობას, თვითონაც ცდილობს, რომ როგორმე დააბალანსოს ეს ვნებები და მშვიდი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების კალაპოტში მოაქციოს. ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს რამაც განსაზღვრა მისი ბოლო განცხადებები“, მიიჩნევს ფირალიშვილი.
ხომ არ არის სააკაშვილის მშვიდობიანი ტონი გზავნილი საკუთარი გუნდის მიმართ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის და შეუძლია უკვე მშვიდად იყოს, თუმცა მისი გუნდიც ისე როგორც დანარჩენი საზოგადოება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისაგან სხვა ტონალობასაა ჩვეული და ამან შესაძლოა, მათშიც გამოიწვიოს დაბნეულობა.
ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ალბათ ეს მომენტიც იქნებოდა, რომ თვითონ რამდენად მშვიდად არის და არავითარ მოულოდნელობას არ აქცევს ყურადღებას, მოულოდნელს არაფერს არ ელის ამ არჩევნებისაგან.
„მაგრამ ვეჭვობ, მისი თანაგუნდელები მასზე ნაკლებად არ იცნობენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ეს უფრო ჩვეულებრივი ადამიანებისკენ შეიძლება იყოს მიმართული, რომ ის მოწინააღმდეგეს მოუწოდებს დაიცვან სახელმწიფოებრივი ნორმები. უცხოელების გარკვეულ და შესაძლოა მნიშვნელოვან ნაწილზე ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს, მაგრამ ძალზე საეჭვოა, რაიმე გავლენა მოახდინოს იმ ამომრჩეველზე, რომელიც სააკაშვილს ძალიან კარგად იცნობს, უკვე 9 წელია.
ასე, რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში სრულიად რბილად რომ ვთქვათ, სრულ უტაქტობას იჩენდა მთელი ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც მტრებად და მოყვრებად ყოფდა მთელ ქვეყანას, ჩარეცხილებად, გვამებად და მუმიებად, რა ვიცი, რად არ აცხადებდა თავის პოლიტიკურ მეტოქეებს. ახლა ძალიან ძნელია მის ტკბილ სიტყვებს ვენდოთ.
მეტსაც ვიტყვი, შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ამაში დაინახავენ სააკაშვილის შიშს დამარცხების მიმართ“,- ამბობს ფირალიშვილი.
მოკლედ, რას ნიშნავს უჩვეულოდ დამშვიდებული სააკაშვილი, სავარაუდოდ, არჩევნების დღემდე გამოცანად დარჩება, ასევე, ჩნდება განცდა, რომ ეს არის მართლაც მინიშნება - შეგუება იმ ცვლილებებთან რაც ქვეყანაში უკვე დაიწყო, ანდა გამარჯვების გარანტიის წინასწარ მიღება.