არჩევნების წინ ქვეყანაში ვითარება სულ უფრო იძაბება და პოლიტიკური ვნებათაღელვა მატულობს. რამდენიმე სომხურ მედიასაშუალებაში ჯავახეთის სომხების საზოგადოებრივი ორგანიზაციის სპეციალური განცხადების ტექსტი გავრცელდა, რომელიც ჯავახი სეპარატისტების პოლიტიკურმა ფრთამ, "ერკირმა" გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას "აზგლობუსი" ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია: "პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის სომხებით დასახლებულ "ჯავახკშიც" გაიმართება, საარჩევნო პროცესი აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მასხრად იგდებს "ჯავახკი" სომხების ელემენტარულ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს".
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია რეგიონული პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა, რის გამოც პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სომეხი მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენენ, რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ასევე, განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ქართული ძალოვანი სტრუქტურების პირდაპირი და ირიბი ზეწოლის გამო, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და სასამართლო წარმოებას გულისხმობს, 2008 წლიდან დღემდე "ჯავახკის" ბევრი სომეხი პოლიტიკური მოღვაწე იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა ან პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.
„პოლიტიკური დევნის მსხერპლნი გახდნენ დე-ფაქტო რეგიონული პოლიტიკური ორგანიზაცია, დემოკრატიული ალიანსის "ერთიანი ჯავახკის" წევრები: ორგანიზაციის ლიდერი ვააგნ ჩახალიანი, რომელსაც შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ათი წლით თავისუფლების აღკვეთ მიესაჯა. ამას გარდა, "ერთიანი ჯავახკის" რიგ აქტივისტებს ასევე სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ", - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლების ზემოთმოყვანილ ქმედებათა გამო "ჯავახკის" სომეხ მოსახლეობას ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესში სრულუფლებიანი მონაწილეობის შესაძლებლობა ფაქტიურად არ გააჩნია".
დაბოლოს, განცხადების ავტორები გარკვეულ მოთხოვნებსაც აყენებენ. კერძოდ, "ჯავახკის" სომხების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართული ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ლიკვიდაცია; ჯავახკის სომეხთა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ რეპრესიების შეწყვეტა; ვაჰან ჩახალიანისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება; საქართველოს სომხებით დასახლებულ რაიონებში თვითმმართველობის სისტემების შექმნა და მათი უფლებამოსილებების გაზრდა; "ჯავახკიში" სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება; სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის იმ ტაძრების დაბრუნება, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ იქნა ჩამორთმეული".
რამ გამოიწვია ჯავახეთში მცხოვრები სომხების გააქტიურება წინასაარჩევნოდ და აქვთ თუ არა რეალურად მათ აღშფოთების საფუძველი, როდესაც მათ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები პრაქტიკულად მთელს საქართველოს აწუხებს და სხვა რეგიონებში არსებული პრობლემებისგან გამორჩეული არ არის. ამ კითხვით ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს მივმართეთ.
ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ რეგიონალური პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა არც ჯავახეთში და არც სხვაგან სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ არის, რადგან ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ასეთი ორგანიზაციების შექმნას გამოიწვევს. ამასთანავე, პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსვას გამოიწვევს.
„რეგიონალური პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაშიც აკრძალვის ქვეშ იმყოფება. მიმაჩნია, რომ ამაში სახელმწიფო, პრინციპში, მართალია. რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების არსებობას და გარკვეულ პოლიტიკურ შევიწროვებას, ასეთი რამ ჯავახეთში მართლაც ხდება. ვფიქრობ, რომ პოლიციური მართვის მეთოდი იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები, რეგიონს კარგად არ იცნობენ და უფრო ეფექტური მართვის სისტემის შექმნა არ შეუძლიათ, რადგან პროფესიონალიზმის სერიოზული დეფიციტი აქვთ. თორემ შეიძლება მართვის ისეთი მეთოების შემოღება, რომელიც ასეთ ექსცესებს და ასეთ გაღიზიანებას არ გამოიწვევდა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
ჯავახეთის სომხების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები აქვთ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა ტიპის შეზღუდვებია ეს. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა შეზღუდვები აქვთ ადგილობრივებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯავახეთიდან ბევრი ადამიანია წასული. თუმცა აქვე ექსპერტი დასძენს, რომ არა მხოლოდ ჯავახეთიდან, არამედ მთელი საქართველოდანაც უამრავი მოქალაქეა სოციალური პირობების გამო წასული და ეს ჯავახეთშიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
„სოციალური პირობების გამო საქართველოდან მილიონზე მეტი მოქალაქეა წასული და ჯავახეთიდან სხვა რა მიზეზის გამო იყვნენ ეს ადამიანები წასულები, თუკი იგულისხმება მასობრივი გასვლა ჯავახეთიდან, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩემთვის ცნობილია კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც რაღაც პოლიტიკური მოტივაციის გამო დატოვეს ქვეყანა. მართალია, ხელისუფლება მათ სისხლის სამართლის დანაშაულებს ედავება და არა პოლიტიკურს, მაგრამ პოლიტიკური ელფერი ამ საქმეებს მაინც ჰქონდა. განცხადებაში ჩახალიანია ნახსენები და გეტყვით, რომ მას გარკვეულწილად პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას სისხლის სამართლის დანაშაულიც აქვს ჩდენილი“, - ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ზოგადად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში სიტუაცია შეცვლილია და თუკი ადრე ასეთი რეგიონები ხელისუფლებისთვის ამომრჩეველთა ხმების ბეღლად ითვლებოდა, ახლა ასე აღარ არის. ამის მაგალითად არეშიძეს ქვემო ქართლი მოჰყავს.
„მე ნაკლებად ვიცი, როგორი სიტუაციაა სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ ქვემო ქართლში რომ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, ეს ფაქტია, რადგან თავად ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა ამ ადამიანებთან დამოკიდებულებაში, განსაკუთრებით მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით. უამრავ ადამიანს, უბრალოდ, ჩამოართვეს მიწები და ქვემო ქართლში მთელი სოფლებია, რომლებიც სახნავ-სათესი მიწების გარეშეა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად უძლიერესი ზეწოლისა, ამ ადამიანებისთვის არსებული რეჟიმი აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ ქვემო ქართლი წელს „ხმების ბეღლის“ ფუნქციას ვერ შეასრულებს იმ მასშტაბით, როგორც ხელისუფლებას წარმოუდგენია“, - აღნიშნავს ექსპერტი.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თანმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი კი ამბობს, რომ ეს ადამიანები უბრალოდ წინასაარჩევნოდ ვაჭრობენ, სურთ, რომ სასაქონლო სახე მიიღონ, რათა ან ოპოზიციისთვის გახდნენ საჭირო, ან ხელისუფლებისთვის.
„ისე ვაჭრობა, ჩივილები და გულის ტკივილები რად უნდათ – არ ვიცი, რადგან ამ ხელისუფლებასთან მშვენივრად გრძნობენ თავს. ალბათ ამ ბოლო დროს ხელისუფლებასთან რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, თორემ ხლების განმავლობაში მმართველ ძალასთან მშვენივრად თანამშრომლობდნენ“, - ამბობს ზაალ კასრელიშვილი.
იგი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ არენაზე „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდებოდეს, რადგან შესაძლოა ჯავახეთის სომხებს პოლიტიკური გემოვნება შეეცვალათ. თუმცა ექსპერტი აქვე ამბობს, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული მიზანი აქვთ და ამ მიზანს არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევენ და ყველას და ყველაფერს ამ მიზანს მოარგებენ.
„მათი პოლიტიკური აქტიურობა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. ამიტომ ხან ხელისუფლებას აწონებენ თავს და ხან - ოპოზიციას. გულწრფელად გეტყვით, მე სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერც მათ განცხადებებს და ვერც ხელისუფლებასთან მათ სიახლოვეს. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ინტერესების გუშაგები არიან და მათი საქმიანობა ყოველთვის სომხეთის ინტერესებზე ოქნება მიბმული. თუკი სომხეთის ინტერესები საქართველოს ინტერესებს დაემთხვევა, მოგვეფერებიან, ხოლო თუ ეს ინტერესები თანხვედრი არ იქნება, შეეცდებიან, რომ ხელი შეგვიშალონ, ან უკეთეს შემთხვევაში, ივაჭრონ მაინც“, - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.