საბიუჯეტო ტყუილების სრული ჩამონათვალი

საბიუჯეტო ტყუილების სრული ჩამონათვალი

პრინციპში, ტყუილი კი არა, ტყუილები, ვინაიდან 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებული არაერთი მონაცემი მიუთითებს იმას, რომ მთავრობა, უბრალოდ, ერთს ამბობს, მეორეს წერს და მესამეს ასრულებს. პირველივე ასეთ ფაქტად შეიძლება დასახელდეს ბიუჯეტის მთავარი მონაცემები, ანუ რამდენი იქნება ბიუჯეტში შემოსავლები და რამდენით არის განსაზღვრული ხარჯვითი ნაწილი.

 

ბიუჯეტის ერთხელ უკვე გადამუშავებული პროექტის თანახმად, 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი განსაზღვრულია, დაახლოებით, 7 მილიარდ 89 მილიონი ლარით. ეს მაჩვენებელი კი ხელისუფლებას სიამაყის საბაბსაც აძლევს და უკვე არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. მთავრობა განსაკუთრებით იმით ამაყობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხერხდა თავად ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტით ხარჯვითი ნაწილი 6 მილიარდ 960 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 130 მილიონამდე კი ნამდვილად ის თანხაა, რომელიც სიამაყის საბაბს ნამდვილად უნდა იძლეოდეს.

 

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მთავრობას არც ისე საამაყოდ აქვს საქმე და სინამდვილეში მომავალი წლის ბიუჯეტიც არ იზრდება. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი კი ფინანსთა მინისტრს ელემენტარული მათემატიკის უცოდინრობაში ადანაშაულებს.

 

მისი თქმით, მთლიანი შემოსულობები ბიუჯეტში, 2011 წელს 6 მილიარდ 998 მილიონი ლარია, კორექტირებული 2010 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, შემოსულობები 7 078 909.2 ლარია. ამ ციფრების თანახმად, ცაგარეიშვილმა ფინანსთა მინისტრს სესიაზე, სადაც 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, მოსთხოვა, განემარტა, თუ რა არგუმენტით ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, გაზრდილია.

 

„ელემენტარული მათემატიკის ცოდნა არის საჭირო, გაიგოს საზოგადოებამ რომ ცრუობთ,“ – მიმართა ცაგარეიშვილმა ბაინდურაშვილს.

 

თუმცა, ბაინდურაშვილისთვის ცაგარეიშვილის კრიტიკა მიუღებელია და ამბობს, რომ ის ჯერ არ დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ვერ შეადარებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, თუმცა ცალსახად შეუძლია თქვას, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, 20 მილიონი ლარით იზრდება.

 

თუმცა, ფაქტობრივი მასალა, რომელიც კანოპროექტის სახით არსებობს და პარლამენტი სულ მალე კენჭისყრით დაამტკიცებს, აშკარად ცაგარეიშვილის არგუმენტების სასარგებლოა. ფინანსთა მინისტრს კი მხოლოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. 

 

მთავრობის მეორე ტყუილი ის არის, რომ ზეპირი განცხადებების საფუძველზე „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამთავრობო უწყებების ხარჯები შემცირდება და არ მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაზრდა. ფინანსთა მინისტრმა სესიაზე კატეგორიულად განაცხადა, რომ გაისად არცერთი თანამდებობის პირის ხელფასი არ გაიზრდება.

 

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების ზრდის საკითხით ოპოზიცია დაინტერესდა და აღნიშნეს, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე საუბრობს, იმავდროულად ბიუჯეტის პროექტში ნათლად წერია, რომ რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციების შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები იზრდება.

 

კახა ბაინდურაშვილი კი ამბობს, რომ ბიუჯეტში არსად წერია, რომ თანამდებობის პირებს ხელფასები ეზრდებათ. მინისტრის თქმით, რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების საკითხი წესრიგდება. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყო ხელფასი 320 ლარი და ეს ხდება 340 ლარი. ასევე, ხელფასები მოემატებათ საერთო სასამართლოებში, რადგან შემოდის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და მათ ახალი ფუნქციები ემატებათ.

 

შესაძლოა, ეს ზოგადად ასეც იყოს, მაგრამ ბიუჯეტის პროექტი იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების) და ზოგიერთი გუბერნატორის ადმინისტრაცია (სამეგრელო-ზემო სვანეთის) აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. ფაქტია, რომ სწორედ ამ ორი უწყების დაფინანსება იზრდება ყველაზე მეტად. მით უმეტეს, რომ არცერთი გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება საერთოდ არ იზრდება, გარდა გოროზიას უწყების. ასევეა ქობალიას სამფლობელოშიც.

 

გოროზიას დაფინანსება ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტში 1 მილიონ 115 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. გადამუშავების შემდეგ კი მისი დაფინანსება 25 ათასით გაიზარდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსების ზრდის ფონზე, გოროზიას დაფინანსების გაზრდა საცოდავადაც კი გამოიყურება. ქობალიას უწყების დაფინანსება მხოლოდ საბიუჯეტო გადამუშავების პროცესში თითქმის გასამმაგებულია. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში 21 მილიონ 397 ათასით იყო განსაზღვრული. გადამუშავებულ ვარიანტში კი უკვე 58 მილიონ 387 ათასია გამოყოფილი.

 

აღსანიშნავია, რომ იზრდება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს აპარატის დაფინანსება და მათ შორის სახელფასო ფონდიც. პროექტის პირვანდელ ვარიანტში ეკონომიკის სამინისტროს აპარატისთვის განსაზღვრული იყო 7 მილიონ 396 ათასი ლარი. გადამუშავებულ ვარიანტში კი ეს მაჩვენებელი 9 მილიონ 888 ათასზე მეტი გახდა. ამასთან, უცვლელი რჩება მომუშავეთა რიცხოვნობა, უშუალოდ მათი სახელფასო ფონდი კი იზრდება.

 

ამიტომაც ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ არცერთ უწყებაში ხელფასები არ იზრდება, უბრალოდ, ბიუჯეტის პროექტით არ მტკიცდება.

 

გარდა ამისა, კვლავ უცვლელად რჩება ე.წ. „სხვა ხარჯები“, რაც საერთო ჯამში 900 მილიონს შეადგენს. ამას კი ოპოზიციაც და ექსპერტებიც „ხელისუფლების ჯიბის ფულად“ აფასებენ, ვინაიდან ამ თანხის ხარჯვა საერთოდ არ არის გამჭვირვალე.  

 

მორიგი ტყუილი კი გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობისთვის თანხების გამოყოფას უკავშირდება.    

 

მთავრობის მტკიცებით, გზების მოვლა პატრონობისთვის დამატებით 43 მლნ ლარი გამოიძებნა. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების 45 მილიონი ლარით გაზრდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოთხოვნა იყო. კომიტეტის ინიციატივით, ეს თანხა გზების მოვლა-შენახვის ხარჯებს, კერძოდ კი მიმდინარე, პერიოდულ შეკეთებას, რეაბილიტაციას, რეკონსტუქციას, მშენებლობას და ზამთრის პერიოდში მათ შენახვას უნდა მოხმარდეს.

 

შესაბამისად, პროექტში ნათქვამია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში, აღნიშნული სამინისტროს დაფინანსება 51 მილიონი ლარით გაიზარდა, საიდანაც 43 მილიონი ლარი კომიტეტის მოთხოვნის თანახმად, გზების შენახვაზე უნდა დაიხარჯოს. თუმცა, პროექტის პირვანდელი ვარიანტით, სამინისტროს დაფინანსება 971, 317.2 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, კორექტირებულ ბიუჯეტში კი ეს თანხა 1, 055, 182.4 ათას ლარს აღწევს.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უკვე გაწერილ ბიუჯეტში გზების მოვლა-შენახვის ხარჯები მხოლოდ 11 მილიონამდე ლარით იზრდება. კერძოდ, პირვანდელ ვარიანტში ამ მიზნით 125 მილიონი ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, დაკორექტირებულ ვარიანტში კი, ამ მუხლში 135, 920. 3 ათასი ლარია გაწერილი.

 

შემდეგი ტყუილი კი უკვე ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას უკავშირდება. აქ კი პრობლემა ის არის, რომ ბიუჯეტში საერთოდ არ არის გაწერილი მშენებლობის თანხები. არადა, 2012 წლიდან პარლამენტი ქუთაისში, სავარაუდოდ, სრული შემადგენლობით გადავა. ამ ეტაპზე არსებული გადაწყეტილებით, იგეგმება ქუთაისში, როგორც სხდომების გამართვა, ისე კომიტეტების და აპარატის თანამშრომლების გადაყვანაც.

 

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან უნდა ამოქმედდეს, პარლამენტის ადგილსამყოფელად, როგორც თბილისი, ისე ქუთაისია დასახელებული. თუმცა, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა გაიმართოს.

 

რაც შეეხება პარლამენტის დღევანდელ შენობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და რომლის ერთი მხარე ავარიულად არის შეფასებული, მისი მომავალი გაურკვეველია. ქუთაისში კი მომავალი პარლამენტის შენობის მშენებლობა დაწყებულია, თუმცა საიდან ფინანსდება ან ვინ აფინანსებს ამ მშენებლობას, გასაიდუმლოებულია.

 

ეს არის საბიუჯეტო ტყუილების რამდენიმე მაგალითი და ასეთი  ფაქტები საკმაოდ მრავლად არის. მაგრამ ეს ხელისუფლებაში საერთოდ არავის არ აწუხებს. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ზოგად მსჯელობას ურჩევს.

 

ეს რჩევა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ცაგარეიშვილს მას შემდეგ მისცა, რაც მან ბიუჯეტის პროექტში არსებულ „გაურკვეველ“ ჩანაწერებზე განმარტება მოითხოვა. პეტრე ცისკარიშვილმა კი ოპოზიციას ურჩია, ზოგად ეკონომიკურ კატეგორიებზე იმსჯელონ და არა იმაზე, „თუ რომელ მუხლში რა სწერია“.