ამდენ საარჩევნო ფაციფუცსა და პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში ლამის გამოგვრჩა, რომ საქართველოში მეძავებმა საშემოდგომო ფასდაკლება გამოაცხადეს. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ეს ერთგვარი ბიზნესია და თურმე პროსტიტუციაზეც ვრცელდება ბიზნესის კანონები. ჰოდა, როგორც მაღაზიათა უმრავლესობას, მათაც სეილი აქვთ! ეს "სასიხარულო" ამბავი ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. თუმცა, ამ ქალბატონების მომსახურების მოყვარულნი სიხარულის ყიჟინას ნუ დასცხებენ, რადგან აღნიშნული სეილი "ალაგ-ალაგაა" გამოცხადებული და როგორც მივხვდი, კურორტებიდან მიგრირებულ ნაშებზე ვრცელდება. ამას კი სოციალურ ქსელში დადებული შემდეგი შინაარსის განცხადებები მოწმობს: "ახლახან დავბრუნდი ანტალიიდან, ვარ კარგად გარუჯული. ვაცხადებ სეილს: მომსახურება რეზინით! დამიკავშირდით... 598 49 69... (ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ. - ავტ.). მინეტი - 50 (ადრე 70 ღირდა); ერთი საათი - 100 (120 ღირდა); კუნილინგუსი - 50 (70); დომინაცია - 200 (250); ლესბი - 300 (350). შეხვედრა ჩემს ბინაში, საბურთალოზე".
იქნებ ზოგიერთმა ისიც კი თქვას, რა დროს მეძავებისა და სეილების თემააო, მაგრამ როდესაც ამ სფეროს ცოტა ღრმად "ჩავუჯექი" და ასე ვთქვათ - "გავქექე", ბევრი საინტერესო და ბევრიც ისეთი რამ აღმოვაჩინე, რაც ძალზე უჩვეულოდ და უცნაურად მომეჩვენა.
"შაური - შენ, შაური - მე, შაური - "მამაშას"
სოციალურ ქსელში უამრავ განცხადებას გავეცანი (ზოგიერთ მათგანს ქვემოთ გაგაცნობთ), რომელიც მამაკაცებს დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება. ზოგიერთი განცხადების ავტორთან დაკავშირებაც ვცადე და მესიჯი მივწერე, თუმცა უმეტესობამ პასუხი არ დამიბრუნა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მხოლოდ ერთი მესიჯი მომწერა - "დამირეკე". რამდენიმე საუბარში ამყვა (რადგან მამაკაცი ვეგონე). ისეთი საინტერესო ინფორმაცია დავაგროვე, რომ სტატიის მომზადება გადავწყვიტე. საამისოდ კი გარკვეული "კვლევის" ჩატარება იყო საჭირო. თითქმის ყველა ნაცნობ მამაკაცს დავურეკე და ვთხოვე, თუ რაიმე იცოდა მეძავების, მათი მომსახურების ფასებისა და "დისლოკაციის ადგილების" შესახებ, ჩემთვის მოეყოლა, მაგრამ უმეტესობამ იუარა - არ ვსარგებლობ მათი მომსახურებით და ვერ დაგეხმარებიო. რამდენიმემ კი თავი შეიწუხა და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია დამიდგინა და დაწვრილებით ჩამიკაკლა: 3 საღამო, რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი ჩასაფრებული საბურთალოზე, ერთ-ერთ სასტუმროსთან (რომელზეც მითხრეს, რომ ძალიან აქტიურადაა დატვირთული და მეძავების უმეტესობას კლიენტები სწორედ იქ მიჰყავს) და სიტუაციას ვაკვირდებოდი. სწორედ მაშინ გავხდი რამდენიმე საინტერესო ამბის მოწმე: გარდა იმისა, რომ სასტუმროში შეყვარებული წყვილები მიდიან, რომ ერთმანეთის ალერსით დატკბნენ (ასეთი წყვილების ამოცნობა იოლია - ერთად მოდიან და ერთად მიდიან), მეძავებიც უხვად "მოძრაობენ". მამაკაცი ცალკე მოდის, სასტუმროში შედის, ცოტა ხანში ტაქსით მოდის მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი (ჩაცმულობაზე თუ დააკვირდები, ძნელი ამოსაცნობი სულაც არ არის) და უკანაც ცალ-ცალკე გამოდიან. სიმართლე რომ გითხრათ, მათზე დაკვირვებით კარგად გავერთე... 3 დღის განმავლობაში (საღამოს 8-დან 11 საათამდე) მხოლოდ იქ 100-მდე მეძავი დავთვალე. მათი უმეტესობის ასაკი 30-35 წელია, თუმცა ძალიან ახალგაზრდა, 18-20 წლის გოგონებიც შევნიშნე. ჩემი ყურადღება შავმა, "ტოიოტას" ძვირად ღირებულმა ჯიპმა მიიქცია... მასში ახალგაზრდა (ასე, 18-19 წლის) გოგონა და შუახნის მამაკაცი ისხდნენ. მძღოლმა მანქანა სასტუმროს კედელთან საბარგულით მიაყენა და ამიტომ, კარგად ვხედავდი მასში მსხდომებს. წყვილი მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდა, რამაც მათ მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. გოგონას ქერა, გრძელი თმა ჰქონდა და შორიდანაც ჩანდა, რომ ძალიან ლამაზი იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საყვარლები იყვნენ. კარგა ხნის შემდეგ სასტუმროსთან მანქანა გაჩერდა - ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მხარეს. მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ, რომელმაც გადმოსვლამდე ტელეფონზე დარეკა. ვინაიდან ქუჩა, სადაც ვიდექი, საკმაოდ ვიწროა და მოძრაობა - არც ისე ინტენსიური, თითოეული სიტყვა მკაფიოდ გავიგონე:
- აქ ვარ... დოლარი მაქვს... 150... კარგი, გადმოვდივარ...
მამაკაცი სასტუმროს შესასვლელისკენ წავიდა. შავი ჯიპიდან კი ის ქერა გოგონა გადმოვიდა და კართან დახვდა. წყვილი შენობაში შევიდა, ჯიპი კი დაიძრა და ცოტა ხანში თვალს მიეფარა. ერთ საათში ჯერ მამაკაცი გამოვიდა ჩქარი ნაბიჯით და წავიდა; 10 წუთში გოგონაც გამოჩნდა, გზა გადმოკვეთა და ჩემი მანქანის წინ გაჩერდა. თან მობილურზე ლაპარაკობდა - მივხვდი, ტაქსის იძახებდა. ვიდრე მანქანა მოაკითხავდა, ვისარგებლე სიტუაციით და გამოველაპარაკე. არ დამიმალავს, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ვთხოვე, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გაეცა. როგორც მოსალოდნელი იყო, უარი მივიღე, მაგრამ უკან არ დავიხიე და ვინაიდან შევნიშნე, რომ გოგონა განერვიულდა და შეშინდა, მცირე შანტაჟზე წავედი: - სურათები გადაგიღე და თუ არ დამელაპარაკები, ჟურნალში "დაგბეჭდავ", თუ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხებ, გპირდები, რომ შენ თვალწინ წავშლი ფოტოებს-მეთქი და მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტოაპარატი დავანახვე, თან მანქანის წინა კარი გავუღე. თხოვნის გამეორება არ დამჭირვებია.
- რამდენი წლის ხარ?
- 19-ის.
- პატრონი არ გყავს? - ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- მყავს, როგორ არა, მაგრამ მათ არ იციან, რომ ამ საქმით ვარ დაკავებული.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ რა გაგიჭირდა ისეთი, რომ ამ გზას დაადექი? უფულობამ გაიძულა?
- არა, არც ისე გაჭირვებული ოჯახი მაქვს. მდიდრები არ ვართ, მაგრამ პურის ფული ნამდვილად არ გვაკლია.
- აბა, რა გაკლდა?
- სტუდენტი ვარ, სწავლის გადასახადი საკმაოდ ძვირია. მშობლები იჭირვებენ და მიხდიან, მაგრამ მინდა, დავეხმარო.
- ნუ მატყუებ... ეგ არ არის მიზეზი.
- მოდელი ვარ, ერთ-ერთ სააგენტოში დავდივარ და მეუბნებიან, რომ შეიძლება, წარმატებასაც მივაღწიო... ერთ-ერთ ელიტურ შეხვედრაზე გავიცანი ის მამაკაცი, რომელმაც ჯიპით მომიყვანა. იმ დღიდან ჩემი თაყვანისმცემელი გახდა... მეც ავყევი თამაშში, საკმაოდ მოწიფული, ფულიანი მამაკაცია, ხელისგულზე გატარებო, მპირდებოდა...
- და ცდუნებას ვერ გაუძელი, არა?
- ჰო, ვიფიქრე, რომ ბევრ რამეში დამეხმარებოდა. ჩემი პირველი მამაკაცი თვითონ იყო. 2 თვის განმავლობაში მართლა ზღაპარში მეგონა თავი, შემიყვარდა კიდეც, ისეთი თბილი და ყურადღებიანი იყო... შემდეგ მივხვდი, რომ თავს მარიდებდა და ბუნებრივია, გავნერვიულდი... შეხვედრაზე აღარ მთანხმდებოდა, საქმესა და უდროობას იმიზეზებდა... როგორც იქნა, მოვახერხე და შევხვდი. მაშინ მითხრა - შენისთანა იცი, რამდენი მყავს? ყველას თან ვერ გადავყვები, რაც იყო, იყო, ყველაფერი უნდა დაივიწყო, თუ გინდა, ერთ კარგ კაცს გაგაცნობ, ჩემზე მეტი ფული აქვს და იმასთან "გადაბარგდიო". ძალიან გავბრაზდი და წამოვედი. კარგ ცხოვრებას იოლად ეჩვევა ადამიანი. გამიჭირდა იმის დათმობა, რაც 2 თვის განმავლობაში მქონდა. ფულიც შემომაკლდა და დავთანხმდი მის წინადადებას. ახალ კავალერთან სულ 2 კვირა დავყავი, შემდეგ კიდევ ახალი მომიძებნა, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდი. შემდეგ კი უკვე ასე, საათობით "მაქირავებს". ჩემნაირი მართლაც ბევრი ჰყავს. რამდენიმეს ვიცნობ, ვისთან ერთადაც მომიწია წასვლამ (არის შემთხვევა, როცა მეგობრები იკრიბებიან, სადმე მიდიან და რამდენიმე გოგონას მომსახურება ერთად სჭირდებათ).
- ეს ყველაფერი რამდენი ხნის წინ დაიწყო?
- მაშინ 17 წლის ვიყავი.
- როგორც მივხვდი, ეს მამაკაცი ამ საქმითაა დაკავებული და ე.წ. სუტენიორია...
- კი, და საკმაოდ ბევრ ადამიანს იცნობს ელიტაში. თუ მას მოეწონე და სამუშაოდ აგიყვანა, უნდა იცოდე, რომ კარგი ცხოვრება გარანტირებული გაქვს, რადგან მხოლოდ ფულიან კლიენტებთან მოგიწევს ურთიერთობა. მასთან ერთად მუშაობს კიდევ შუახნის ქალი. ასე ვთქვათ, პარტნიორები არიან და აწყობილი აქვთ საქმე...
- როგორც მივხვდი, ძვირად ღირებული გოგონა ხარ. რამდენს გიხდის?
- 1 საათით 300 ლარი "ვღირვარ", მაგრამ თუ კლიენტი შეევაჭრება, შეიძლება, დაუკლოს კიდეც. მე ნახევარს მიხდის.
- და როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას?
- არ ვიცი, ალბათ სანამ ვინმე ფულიანი საქმრო გამოჩნდება. მე ხომ "პატიოსანი გოგოს" სახელი მაქვს, არც ერთმა ჩემმა ნაცნობმა არ იცის, რას ვაკეთებ და იმედია, ერთ დღეს ვინმე გამოჩნდება, ვინც შემიყვარებს და გავთხოვდები. წავალ ახლა, ტაქსი მელოდება. ჩემს სურათებს წაშლი?
- კი, წავშლი...
განძი ქუჩაში არ ყრია
მოგეხსენებათ, საათში 300 ლარის გადახდა ყველას არ შეუძლია და ამიტომ, ვერც ელიტური მეძავის მომსახურებით ისარგებლებს. შედარებით დაბალი სოციალური ფენისთვის "შესაბამისფასიანი" ქალები არსებობენ. ყაზბეგის ქუჩაზე საღამოს თუ გაგივლიათ, ალბათ შენიშნავდით სარეცხივით გამოფენილ "ნაშობას", რომლებიც მანქანა თუ ოდნავ შეაჩერე, ღია ფანჯარაში თავით ვარდებიან... ერთი მათგანი სწორედ ასეთი ფანდით მოვიტყუე მანქანასთან და დალაპარაკება ვცადე. გაუკვირდა, საჭესთან ქალი რომ დაინახა და მანქანის სალონი ყურადღებით მოათვალიერა.
- მარტო ხარ?
- კი, დაჯექი, - შევთავაზე და გავუღიმე, რომ არ დამეფრთხო.
- მეეეე?
- ჰო, შენ. დაჯექი, საქმე მაქვს...
- პოლიციელი ხარ?
- არა, პოლიციელი არ ვარ...
ისე უცებ აღმოჩნდა გვერდით სავარძელზე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ალბათ ცნობისმოყვარეობა კლავდა - აინტერესებდა, რა მინდოდა.
მანქანა იქვე გავაჩერე და ავუხსენი, ვინც ვიყავი და რა მინდოდა. სიტყვა "ჟურნალისტი" ყველაზე მეტად არ მოეწონა, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე პასუხი მაინც გამცა.
- რამდენს იღებ?
- მე 50-ს, მაგრამ აქ არიან გოგონები, რომლებიც 10 და 15 ლარადაც დადიან...
- შენ რატომ იღებ ძვირს?
- იმიტომ, რომ მე მათზე ლამაზი ვარ.
- ალბათ ქმარი გცემდა, გაცილდი, შვილი გყავს გასაზრდელი და იმიტომ მუშაობ, ხომ?
- შენ რა იცი?
- ყველა მეძავი ასე იმართლებს თავს.
- თავს არ ვიმართლებ, მართლა ასეა... და ყველა მაგიტომ მუშაობს, რომ შვილები არჩინოს. სხვა რა უნდა ვქნათ?
- ჭკუას ვერ გასწავლი, ალბათ კარგად იცი, რაც უნდა ქნა...
- ყველა კაცი მარიგებს ჭკუას... სასაცილოები არიან, ჯერ თავისას გაისწორებენ და მერე მორალს გიკითხავენ, რატომ აკეთებ ამას, ასე არ შეიძლება, სხვა გზა უნდა მოძებნოო. არადა, ჰგონიათ, რომ მიხარია მათთან დაწოლა... მთელი დღის განმავლობაში ბაზარში საზამთროს ყიდიან, საღამოს "გულაობა" მოუნდებათ და მოგადგებიან, დაუბანელები და აქოთებულები. მიდი და მოემსახურე ასეთს... ხანდახან ისე მევაჭრებიან, თავი ხორცის ნაჭერი მგონია... - დააკელი, 50 ლარი რა ამბავია, 20 არ გეყოფა? 20 ლარი ეყოფა მაგათ ცოლებს! დავიწერ გულზე ბარემ - "სეილი" და ეგ იქნება... ჯერ 50 ლარი რა არის და იმაზეც რომ გევაჭრებიან. "პროსტა", ქუჩაში რომ ვდგავარ, იმიტომ მაქვს დაბალი ფასი, რადგან ქუჩაში განძი არ ყრია და ნაგავი კიდევ, ძვირი არ ღირს...
შევაჭრება არც იმ მეძავებს უყვართ, ვინც სოციალური ქსელის საშუალებით "მუშაობს"... ხშირად შეხვდებით ასეთ განცხადებას: "დამირეკეთ. მყავს დაქალიც... გვაქვს ლესბი, მარტო ჩემთან - 100 ლარი, სასტუმროიანად; დაქალთან ერთად - 160. დანარჩენს ტელეფონით გეტყვით და ნუ მევაჭრებით, გასაგებიააა?!" "ჩემთან ურთიერთობა ფასიანია - 1 საათი 100 ლარი, ჩემი ბინით. აქ არ ვმესიჯობ. დარეკეთ. ვმუშაობ დილის 12-დან ღამის 12-მდე. პირობები არ შეიცვლება! ფასი არ დააკლდება! ნუ მევაჭრებით, აქ ბაზარი არაა! ვისაც ფული არ აქვს, საკუთარ ცოლს მიმართოს! 30 წლამდე ასაკის ნუ დამირეკავს. ზოგიერთები რა საყვარლები ხააართ! გაიხარეეეთ!"
"1 საათი 200 ლარი, მეგობარ გოგონასთან ერთად - 300. დარეკეთ მხოლოდ რეალურმა გადამხდელებმა. თვალები გაახილეთ და წაიკითხეთ ფასი კარგად!"
"უტრომ ძენგი, ვეჩერომ - სტულია"...
აღმოჩნდა, რომ თურმე სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას მამაკაცი ეხმაურება, დანიშნულ ადგილზე მიდის, დაპირებულ მომსახურებას იღებს, მაგრამ ფულს აღარ იხდის. თუ მეძავმა წინააღმდეგობა გაუწია, სცემს, თვალსაც ჩაულურჯებს და რამდენიმე ხნით "სამუშაო მდგომარეობიდან" გამოიყვანს. ამიტომ, როგორც წესი, ასეთ მამაკაცებს თავგასულობა შერჩებათ ხოლმე... პირობას დებს, რომ "პოსლეზე ატვეჩაია" და მიდის. რა თქმა უნდა, უკან აღარავინ ბრუნდება... ამიტომ, ქალბატონებმა თავდაცვის მექანიზმი შეიმუშავეს და ან თანხის ნაწილს, ან მთლიანად წინასწარ ითხოვენ: "შევხვდები გადამხდელ, სერიოზულ მამაკაცს, ჩემს ბინაში. მომსახურება ფასიანია, შეხვედრამდე რიცხავთ თანხის ნახევარს... ვარ უკომპლექსო, "ვირტით" არ ვერთობი და არც "სკაიპით". "ვარ გათხოვილი, ამიტომ, ვმუშაობ მხოლოდ საღამოს 6 საათამდე (მერე სახლში უნდა წავიდე). ჩემთან სექსი ფასიანია და 1 საათი 150 ლარი ღირს. თანხას ვიღებ წინასწარ. სხვა პირობებს არ ვთანხმდები".
ახლა კი უბრალოდ, იმ განცხადებებს გაგაცნობთ, რომელთა ავტორებიც იშვიათ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, რადგან მათთან გასაუბრების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა: "მომსახურების სრული პაკეტი... ვარ უკომპლექსო და ექსპერიმენტებზე უარს არ ვამბობ. მაქვს სათამაშოები".
"ნუ შემომთავაზებთ ჩვეულებრივ სექსს! მხოლოდ female domination... გაროზგვა, სტრაპონი, ფუტფეტიში და ბუტფეტიში, ოქროს წვიმა... ვისაც ეს თემა არ ესმის, სულელურ კითხვებს ნუ დამისვამს".
"მაინტერესებს ახალგაზრდა ბიჭები. შევასწავლი სტიპტიზს. ვგიჟდები შიშველი მამაკაცების დიდ კომპანიაზე. უპირატესობას მივანიჭებ ბისექსუალებს".
"ვარ ქალწული. სექსი ჩემთან გამორიცხულია. მხოლოდ "კუნი". ვარ ჰიგიენური. ჩემი მხრიდან ორალური სექსი გარანტირებულია. ჩემთან შეხვედრა თუ გინდათ, ჯერ თანხა უნდა გადმორიცხოთ და შემდეგ შეგხვდებით. ყველას არ ვხვდები. უფულოები ნუ მწერთ და ნუ მევაჭრებით. ჯერ დარიცხავ, მერე შეგხვდები. ისე არ გავდივარ და შეიგნეთ".
"თიკათიკა33..." ჩემი "სკაიპია", გავიხდი და გასიამოვნებთ, თუ ფულს ჩამირიცხავთ. ტყუილად ნუ მომწერთ და დამიმატებთ"...
"ვარ ლამაზი, ჩემთან შეხვედრა ფასიანია. 1 საათი 200 ლარი. ვინც შემაგინებს, დავწყევლი"...
როგორც აღმოჩნდა, მსგავსი განცხადებების უკან მამაკაცები "იმალებიან" და ფულის შოვნის გზად ეს ხერხი აურჩევიათ... თაღლითის ბადეში მოხვედრილი, სექსუალური ექსპერიმენტების მოყვარულები კი საკმაოდ სოლიდურ თანხებს რიცხავენ მათ ანგარიშებზე...
P.S. თემა იმდენად დიდია, რომ მისი ამოწურვა ერთ ჯერზე შეუძლებელია. გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მივუბრუნდებით და არასრულწლოვან მეძავებზე ვისაუბრებთ. ნუ გაგიკვირდებათ - როგორც აღმოჩნდა, თბილისში, ჩვენ გვერდით ასეთი ფაქტი არცთუ ისე ცოტაა, რომ მასზე თვალების დახუჭვა ღირდეს. წინამდებარე სტატია შედარებით მსუბუქია (სტატია და არა - პრობლემა), უბრალოდ, თბილისში არსებული სიტუაცია მიმოვიხილეთ... მომდევნო თემა კი საკმაოდ მძიმე და პრობლემური იქნება და ალბათ ბევრ მშობელს დააფიქრებს კიდეც...