ქართველმა მილიარდერმა და ოპოზიციონერმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს “პროფესიონალი მატყუარა” და “მამაძაღლი” უწოდა, დაიმუქრა რა მილიონიანი საპროტესტო გამოსვლებით თუკი საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება.
1 ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელიც პოლიტიკოსი გახდა, თავის მეტოქეს მწვავედ აკრიტიკებს და მას ბრალს სდებს იმაში, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს ისეთივე ავტორიტარულ სახელმწიფოდ გარდაქმნის, როგორიც მისი მტერი რუსეთია.
“სინამდვილეში, ეს ავტორიტარული სისტემაა. ის რა იმაზე უკეთესია ვიდრე რუსეთში ან ბელორუსშია?”, თქვა მან ინტერვიუში თავის მინისა და ლითონის უზარმაზარ კომპლექსში, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს.
ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცი ამბობს, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი კოალიცია “ქართული ოცნება” დაამარცხებს სააკაშვილის მმართველ პარტიას ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, რის გამოც ეს პატარა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა პოლარიზებულია.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ემზადება მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის, თუკი არჩევნებში “სერიოზული დარღვევები” იქნება.
“ჩვენ ქუჩაში ერთ მილიონ ადამიანს გამოვიყვანთ”, თქვა მან.
თუმცა, ის შეეცადა შეემსუბუქებინა წუხილი, რომელიც უკავშირდება პოსტ საარჩევნო პერიოდში პოტენციური შეტაკებების საფრთხეს ამ 4,5 მილიონიან პატარა კავკასიურ სახელმწიფოში, რომლის უახლოეს ისტორიაშიც არის პოლიტიკური არეულობა და სამოქალაქო ომი.
“ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად, და არ დავუშვებთ კონფრონტაციას”, განაცხადა მან.
მმართველი პარტია მას ბრალს სდებს, რომ ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რომელმაც დაამარცხა ქართული არმია ხანმოკლე ომის დროს 2008 წელს.
მაგნატი სააკაშვილს ადანაშაულებს კონფლიქტის პროვოცირებაში, რაც იმით დასრულდა, რომ მოსკოვმა საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და იქ მუდმივი სამხედრო ბაზები და ათასობით სამხედრო განათავსა.
თბილისს დღემდე არ აქვს დიპლომატიური კავშირები მოსკოვთან, მაგრამ ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ამ ურთიერთობას გააუმჯობესებს, რაც მისი თქმით დაეხმარება საქართველოს მყიფე ეკონომიკას და დააჩქარებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
მაგნატმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკაზე უარი განაცხადა, რომელიც, როგორც ცნობილია ერთხელ დაიმუქრა, რომ სააკაშვილს “კვერცხებით” დაკიდებდა.
“მე არ მინდა მისი გაკრიტიკება, რადგან არ მსურს მივბაძო სააკაშვილს და დავიწყო დიდი ქვეყნის კრიტიკა. ჩვენ მოგვიწევს (რუსეთთან) მოლაპარაკება და ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება, ამიტომ არ მინდა ხელი შევუშალო ამ პროცესს”, განმარტავს იგი.
“როგორ უნდა ვაკრიტიკოთ ჩვენ პუტინი, როდესაც თავად სააკაშვილი გვყავს?”, დასძინა მან.
ივანიშვილმა მისი $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში საბანკო ბიზნესით და სხვა ინვესტიციებით დააგროვა, თუმცა ბოლო დრომდე ცნობილი იყო, როგორც კარჩაკეტილი ქველმოქმედი, რომელმაც უზარმაზარი შემოწირულობები გასცა ხელოვნებისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და სოციალური პროგრამებისთვის, მაგრამ საჯაროობას გაურბოდა.
მას შემდეგ რაც მთავრობასთან დაპირისპირების შესახებ განაცხადა, ივანიშვილს უმალ მოქალაქეობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო ქართული პასპორტი ჩამოართვეს და სარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის მილიონობით დოლარით დააჯარიმეს.
56 წლის ივანიშვილს ახლა ფრანგული პასპორტი აქვს, რისი უფლებაც მას მიეცა, რადგან მისი ქართველი ცოლიც და შვილებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
მისი მოდერნისტული საცხოვრებელი, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა, მორთულია ისეთი თანამედროვე მხატვრების სურათებითა და ქანდაკებებით, როგორებიც არიან დემიენ ჰირსტი, როი ლიჰტენშტეინი და ანიშ კაპური.
მას აქვს ასევე ზოოპარკი, სადაც ისეთი ეგზოტიკურ ცხოველებს უვლიან, როგორებიც არიან ზებრები, კენგურუები და პინგვინები მის კიდევ ერთ ვილაში საქართველოში.
ივანიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერდა სააკაშვილს 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რომელმაც საქართველოს ლოდერი ხელისუფლებაში მოიყვანა, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტა 2007 წელს, ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევის შემდეგ.
“მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ყოველ წუთს ვურეკავდი და ვლანძღავდი”, თქვა მან.
კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც ამ დარბევის შემდეგ შეიქმნა და რამაც სააკაშვილის დასავლელი მოკავშირეები შოკში ჩააგდო, ის გადადგა და არჩევნები დანიშნა, რომელშიც ხელხლა გაიმარჯვა.
“ის მამაძაღლია, რადგან მომატყუა, თითქოს ჩემი რჩევით გადადგა – სინამდვილეში, კი ამერიკელებმა აიძულეს”, განაცხადა ივანიშვილმა.
ის დასცინის ასევე სააკაშვილის ფართომასშტაბიან სამშენებლო პროგრამას, რომელსაც აღიქვავენ, როგორც ფუტურისტულ ახალ შენობებს, რომელიც მიმობნეულია მთელს ქვეყანაში.
“ის აშენებს ჩვენი ფულით, უგემოვნოდ, და საკუთარ თავს აღმაშენებელს ეძახის. ის პროფესიონალი მატყუარაა”, თქვა ივანიშვილმა.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მტკიცებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პრემიერმინისტრი გახდება, ის ამბობს, რომ გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და ორ წელიწადში გადადგება, დატოვებს რა მთავრობას თავისი მოკავშირეების ხელში.