ნუ მოატყუებთ ფულეს!

ნუ მოატყუებთ ფულეს!

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა. სტატიის თანახმად, ფულეს სპიკერი აცხადებს, რომ ევროკომისრისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბრიუსელში მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც კოალიცია ქცევის წესების დეკლარაციას შეუერთდება.

რადიო „თავისუფლება“ იუწყება, რომ ივანიშვილისა და ფულეს შეხვედრა ორ გარემოებაზეა დამოკიდებული და ეს პირობები ბრიუსელში 13 სექტემბერს „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში პეტერ სტანომ, შტეფან ფიულეს სპიკერმა, ჩამოთვალა.

”ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, - აცხადებს პეტერ სტანო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მის ამ განცხადებას თბილისში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. კერძოდ, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უკვე შეუერთდა იმ დოკუმენტს, რომელზე ხელის მოწერასაც მისგან შტეფან ფულე ითხოვს. შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ზაფხულს საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების ერთიანი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც ოთხი პუნქტისაგაც შედგება.

"უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციებისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით," - აღნიშნულია დეკლარაციის პირველ პუნქტში. დოკუმენტის მე-2 პუნქტი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის მოსყიდვაზე უარს ამბობენ. მე-3 პუნქტში კი აღნიშნულია: "მზად ვართ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის შესახებ ცესკო-ს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები განუხრელად დავიცვათ".

და ბოლოს, მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ ცესკო-ს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე. სწორედ ეს პუნქტი გახდა სადავო „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაშინ ითქვა, რომ ამგვარი დოკუმენტის შექმნაში პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორიც უნდა მონაწილეობდეს. ამის შემდეგ უკვე რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა მსგავსი ტიპის დოკუმენტი, რომელშიც მოგვიანებით გარკვეული შესწორებები შევიდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარაციის მეოთხე პუნქტიც. ეს არის 17-პუნქტიანი დეკლარაცია, რომელსაც „ქართული ოცნებაც“ შეუერთდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ევროკომისარი კოალიციისგან პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის მოწერას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შტეფან ფულე შეცდომაში შეიყვანეს, რადგან კოალიციას დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს.

"ამ კოდექსზე ხელი მოწერილია. შტეფან ფულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა ხელისუფლებამ. ირაკლი ალასანია შეხვდა მას მგონი გუშინ, ყველაფერი განუმარტა და ყველაფერი კარგად იციან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

და მაინც, რამ გამოიწვია ამ თემის წამოწევა და რომელ დოკუმენტზე ხელის მოწერას ითხოვს ფულე ივანიშვილისგან? თუკი მას მმართველმა გუნდმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ კოალიცია პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს არ უერთდება, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე იქნებოდა საუბარი, რადგან ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის სურვილი მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატებმა“, „მემარჯვენეებმა“ და „ედპ“-მ გამოთქვა. „ქართული ოცნება“ კი არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ 17-პუნქტიან დოკუმენტს შეუერთდა, თუმცა ის პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე იღებენ პასუხისმგებლობას და რომელზეც „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, - ივანიშვილი არჩევნების შემდეგ არეულობის ინსპირირებას აპირებს და ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ამიტომ არ აწერსო, რეალურად არასამთავრობოების მიერ მომზადებულ 17-პუნქტიან დოკუმენტშიც არის ასახული ბოლო პუნქტად.

ამიტომ ხელისუფლების მხრიდან ამაზე აპელირება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული იქნებოდა, რადგან სადავო ნორმა 17-პუნქტიან დოკუმენტში სწორედ „ქართული ოცნების“ მოთხოვნით ჩაიდო. სხვაობა მასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ კოდექსს შორის კი მხოლოდ ის არის, რომ დანარჩენი 16 პუნქტი ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნას უნდა უზრუნველყოფდეს, ხელისუფლება კი ყველა ამ პუნქტს პრაქტიკულად ყოველდღიურად არღვევს. ამ დოკუმენტის თანახმად კი პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში (მე-17 პუნქტი), თუკი პირველი 16 პუნქტის მოთხოვნები შესრულდება. ამიტომაც დოკუმენტზე ხელის მოწერა არ უნდა გაუჭირდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში არც ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, არც ამომრჩევლის მოსყიდვაშია შემჩნეული და ა.შ. ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმთავითვე ამბობდნენ, რომ საარჩევნო პერიოდი რომ დარღვევების გარეშე წარმართულიყო, ისინი არჩევნების ნებისმიერ შედეგს აღიარებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე საუბარი უბრალოდ უადგილოა.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შტეფან ფულეს განცხადება შესაძლოა რაიმე გაუგებრობის შედეგი იყოს.

„შეიძლება ბატონი ფულე ვიღაცამ შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში, ან მან სათანადო ინფორმაცია ვერ მოიპოვა და მოკლედ, სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იყოს. მაგრამ პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ გადალახავს იმ წითელ ხაზს, სადაც ქვეყანას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას. მე ღრმად მწამს მისი პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრივად აზროვნებისა. ამიტომ მეჩვენება, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ხელისუფლების მხრიდან სპეციალურად არის თავს მოხვეული, რათა ივანიშვილის სახელი რაღაც საფრთხეს, საშიშროებას დაუკავშირონ, თითქოს იგი არჩევნებს წააგებს და არეულობის მოხდენას აპირებს და ა.შ. თუმცა პირადად მე მეორე მხრიდან ვხედავ ამ საშიშროებას. კერძოდ, თუკი ხელისუფლება წააგებს ამ არჩევნებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დასავლელი პარტნიორების შეგონებას გაიზიარებენ და ამ დამარცხებას შეეგუებიან“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ითხოვენ ევროპელები ასე დაჟინებით „ქართული ოცნების“ მიერ კოდექსზე ხელის მოწერას მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტში გაწერილი ყველა ნორმა ქართულ კანონმდებლობაში ისედაც არის ასახული და რატომ არის ასეთი აქტუალური ეს დოკუმენტი, ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, მიუხედავად ქართულ კანონმდებლობაში არსებული ამ მოთხოვნებისა, არის გარკვეული ნორმები, რომლებსაც მაინც ცალკე დოკუმენტში დაფიქსირება და მეტი მორალურ-პოლიტიკური დატვირთვის მიცემა სჭირდება.

„წინასაარჩევნო კამპანიას სხვა სტიქია და სხვა დინამიკა აქვს. ამიტომ ასეთი რაღაცეები სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკური ძალები რაღაცეებზე თანხმდებიან, რაღაცას ხაზს უსვამენ, რაღაც ნორმები გამოაქვთ წინ და ამას საზოგადოებაშიც გარვკეული პოზიტიური მუხტი შეაქვს. მაგალითად, ახლა პატრიარქი კვირას ყველა პოლიტიკურ ლიდერს ბაგრატის ტაძრის გახსნაზე ეპატიჟება. ასე რომ მივუდგეთ, კანონში ხომ წერია, რომ ერთმანეთი არ უნდა დავხოცოთ, მაგრამ არის მორალური მხარე,  პოლიტიკური ზნეობის და კულტურის ასპექტები. ამიტომ არსებობს ამის გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ამგვარი დოკუმენტი შემუშავდეს“, - ამბობს ექსპერტი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ შტეფან ფულე სათანადოდ ინფორმირებული არ არის, თუმცა მისთვის ეს გასაკვირია, რადგან როდესაც კოალიცია ამ დოკუმენტს შეუერთდა, ამის შესახებ დიპლომატებთან შეხვედრაზეც გააკეთეს განცხადება. ფანჯიკიძის თქმით, ამ შეხვედრებს ევროსაბჭოს წარმომადგენლებიც ყოველთვის ესწრებიან და ეს ფაქტი უნდა დაეფიქსირებინათ.

„თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ბრიუსელში, ასე ცალმხრივად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენ მათ მოწოდებას არ შევუერთდით და იქვე არ თქვეს, რომ არსებობს მეორე, უფრო ვრცელი და სრულყოფილი დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით, მაშინ ეს შტეფან ფულეს შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - ამბობს მაია ფანჯიკიძე.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ თედო ჯაფარიძეს ჰქონდა ფულეს ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ხოლო დაახლოებით სამი კვირის წინ ფულეს ბიძინა ივანიშვილიც ესაუბრა, ამდენად, მასთან კომუნიკაცია არსებობს, მაგრამ კოალიციის წევრებისთვის უცნობი იყო, რომ ეს თემა გაურკვეველი იყო და ამიტომ „ქართული ოცნება“ ამ სიტუაციას გამოასწორებს და შტეფან ფულეს ამ საკითხზე დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის. მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილისა და შტეფან ფულეს შეხვედრა იგეგმება. მისი თქმით, არანაირი მოლაპარაკება შეხვედრასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ სამი დღით იყო ბერლინში, ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები და იქ დახვდა ასეთი სიტუაცია - საქართველოს საელჩო ევროპელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბევრ არასწორ ინფორმაციას აწვდის.

„იმის ნაცვლად, რომ მთელს ქვეყანას ემსახურონ, საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურით არიან დაკავებულები და ევროპელ პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან“, - აღნიშნავს ფანჯიკიძე.