არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე, თითქმის მთლიანი სარეკლამო სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა რეკლამამ დაიკავა. ამაში დასარწმუნებლად საქართველოს ნებმისმიერ რაიონში უბრალოდ ერთი გავლა არის საკმარისი. თბილისშიც თვალშისაცემია თითქმის ყველა სარეკლამო ბანერზე, მონიტორსა და სამარშრუტო ტაქსებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების საქმიანი სახეები. რამდენიმე დღის წინ კი მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატებიც შეემატნენ. ასევე რამდენიმე ბანერზე კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეკლამაც არის განთავსებული, მაგრამ რა თქმა უნდა, უმეტესობა, პოლიტიკური რეკლამისა, დაახლოებით 90% მაინც „ნაცმოძრაობას“ აქვს დაკავებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საფრთხეზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ ქართულ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ, რომლებმაც "მჭიდროდ შეკრული ქსელი" ჩამოაყალიბეს. თბილისის გარე-რეკლამაში მონოპოლისტი არის კომპანია „outdoor.ge”, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, ირაკლის ჩიქოვანის საკუთრებაა. ეს კომპანია საგაზეთო ჯიხურებს, ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებას, ბილბორდებს, სარეკლამო სტენდებს, მონიტორებსა და მეტროში არსებულ სარეკლამო საშუალებებს აკონტროლებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნით ადრე ამბობდნენ, რომ მთელი ამ საშუალებების ერთ ხელში მოქცევა საკმაოდ სახიფათო ვითარებას ქმნის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
ეს მოლოდინი ახდა და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათთვის სარეკლამო ბაზარზე ადგილი პრაქტიკულად არ დარჩა. მათ საპასუხოდ თბილისის გარე-რეკლამის მონოპოლისტები “outdoor.ge” და „ალმა+“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით ამ ორ კომპანიას საკმარისი სარეკლამო საშუალებები აქვთ იმისთვის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს მოემსახურონ, თუკი მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება და ყველა პოლიტიკური სუბიექტი ერთნაირი ტარიფებით ისარგებლებს. ამასთანავე, სარეკლამო კომპანიები გამოდიან ინიციატივით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა სარეკლამო მომსახურება 35%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს. ტარიფები გარე-რეკლამაზე კი ასე გამოიყურება - 47.2$ კვ.მ ერთი თვე თბილისის ტერიტორიაზე ( ბილბორდი, იუნიპოლი, ლაითბოქსი), 35.4$ კვ.მ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. “outdoor.ge”-სა და „ალმა+“-ის წარმომადგენელთა განცხადებით, დისკონტირების შემდეგ ეს ფასები შემდეგნაირად შემცირდება - თბილისი- 30.68$ კვ.მ, რეგიონი-23.01$ კვ.მ
სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები აქვე განმარტებას აკეთებენ მათთვის პოლიტიკური სუბიექტების მიერ პოლიტიკური რეკლამის შეკვეთისათვის მიმართვიანობასთან დაკავშირებით.
„პირველი მომართვა სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებით ორივე სარეკლამო კომპანიის მისამართით განხორციელდა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ა.წ. 7 აპრილს, რაზეც მათ მიიღეს პასუხად შეთავაზება, აღნიშნულ საკითხზე ივლისში მოემართათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ მომართვის მომენტისთვის არ არსებობდა თავისუფალი სარეკლამო საშუალებები, რადგან მრავალ კომერციულ სტრუქტურას დაწყებული ქონდა ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია, დაკავშირებული მომავალ ევროპის ჩემპიონატთან ფეხბურთში და ოლიმპიურ თამაშებთან, ხოლო მეორეს მხრივ, დაწყებული არ იყო წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად პოლიტიკურ რეკლამას არ ვანიჭებდით უპირატესობას კომერციულ რეკლამასთან მიმართებით.
მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, არც „რესპუბლიკურ პარტიას“, არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს ივლისში ჩვენთვის აღარ მოუმართვთ. მხოლოდ 21 აგვისტოს “outdoor.ge“-ს მიმართა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, კერძოდ, მაჟორიტარობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა, ხოლო 22 აგვისტოს მაჟორიტარობის კანდიდატის - ეკა ბესელიას - წარმომადგენელმა. მათ თხოვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიუხედავად, თეა წულუკიანისაგან ბოლო მომენტში, კერძოდ 31 აგვისტოს, “outdoor.ge”-მ სარეკლამო მომსახურების განხორციელებაზე უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ მათი კოალიციის სხვა კანდიდატებს ეზღუდებოდათ აგიტაციის შესაძლებლობა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რამეთუ საარჩევნო ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” ჯერ კიდევ 27 აგვისტოს, მათივე თხოვნით, „outdoor.ge“-ს მიერ გაეგზავნა ინფორმაცია იმ დროისთვის თავისუფალ სარეკლამო საშუალებებთან დაკავშირებით, იმ დათქმით, რომ აღნიშნული სიის განახლება ხდება ყოველდღიურად და, გამომდინარე წინასაარჩევნო პროცესის სპეციფიკიდან, პოლიტიკურ რეკლამას კომერციულ რეკლამასთან მიმართებით პრიორიტეტი ენიჭება. აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას მიერ გამოყენებულ იქნა ჩვენი შეთავაზება და 1 სექტემბრიდან მისი სააგიტაციო მასალა განთავსებულია ქ. ფოთში. ამა წლის 7 სექტემბერს „ალმა+“ -ს საარჩევნო ბლოკმა “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” ქ. ზუგდიდში სააგიტაციო მასალის განთავსების თხოვნით მიმართა. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა არსებული შესაძლებლობების ფარგლებში. სააგიტაციო მასალის განთავსება დაიწყო 8 სექტემბერს“, - ნათქვამია სარეკლამო კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
გარდა ამისა, კომპანიების განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სააგიტაციო მასალის განთავსების მოთხოვნით “outdoor.ge“-ს 9 ივლისს მიმართა და მის მიერ მაშინ არსებული თავისუფალი სარეკლამო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკონტრაქტება განხორცილდა. სააგიტაციო მასალის განთავსება კი 17 აგვისტოდან დაიწყო.
„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ სააგიტაციო მასალის განთავსების მოთხოვნით „outdoor.ge“-ს 1 აგვისტოს მიმართა და მათი მოთხოვნა სრული მოცულობით დაკმაყოფილდა. სააგიტაციო მასალის განთავსება 1 სექტემბრიდან დაიწყო. პოლიტიკურმა პარტიამ “თავისუფალი საქართველო” სააგიტაციო მასალის განთავსების მოთხოვნით „outdoor.ge”-სა და „ალმა+“-ს 28 აგვისტოს მიმართა და მისი მოთხოვნაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. სააგიტაციო მასალის განთავსება 10 სექტემბრიდან დაიწყო.
ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიაზე კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. მაგალითად, მხოლოდ 8 სექტემბერს ყრილობის ჩასატარებლად, უამრავი სატრანსპორტო საშუალებები იყო მობილიზებული ყრილობის მონაწილეთა ტრასპორტირებისათვის. ცალკე მსჯელობის საგანია, რომ თითოეული მათგანი წინასწარ იყო აღრიცხული და ხალხი ამ ყრილობაზე ძალით მიიყვანეს, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით. ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დახარჯულ თანხებზე გავამახვილებთ. აღსანიშნავია, რომ ყრილობის დასკვნითი ნაწილი სპორტის სასახლეში ჩატარდა და მხოლოდ სპორტის სასახლის ერთი დღით დაქირავება 21 240 ლარი ჯდება (დღგ-ს ჩათვლით). თუმცა სპორტის სასახლეში განმარტავენ, რომ ეს ზოგადი თანხაა და შეიძლება იგი იმის მიხედვით განისაზღვროს, თუ რა ტიპის ღონისძიება ტარდება. რა თქმა უნდა, for.ge-ს კითხვაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ყრილობის ჩასატარებლად რა თანხა გადაიხადა, სპორტის სასახლეში არ უპასუხეს, რადგან მათი განმარტებით, ეს ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია და კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
ამასთანავე, ვეცადეთ გაგვერკვია გარე რეკლამის საშუალებების რა ოდენობა უკავია მმართველ პარტიას. ვინაიდან “outdoor.ge”-მ განაცხადა, რომ მას სხვა პარტიებისთვისაც საკმარისი ოდენობის სარეკლამო საშუალებები აქვს, სწორედ ამ კომპანიას მივმართეთ კითხვით, პროცენტულად დაახლოებით რა რაოდენობის გარე რეკლამის საშუალებების შეთავაზება შეუძლია სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსმა, ლექსო იუკურიძემ განგვიმარტა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სპეციალური დამუშავება სჭირდება, რადგან საჭიროა რამდენიმე სახეობის თავისუფალი სარეკლამო საშუალებების (ბილბორდების, ბანერების, მონიტორების და ა.შ.) დათვლა. როდესაც ჩვენ ჩავეკითხეთ ბატონ იუკურიძეს, რომ ვინაიდან ოპოზიციას სარეკლამო საშუალებებს სთავაზობენ, მაშინ უნდა იცოდნენ კიდეც, რას სთავაზობენ მათ, ჩვენმა რესპოდენტმა გვიპასუხა, რომ ოპოზიციას სთავაზობენ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ სარეკლამო საშუალებებს.
იგივე კითხვით მივმართეთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“, რათა გაგვერკვია, გარე რეკლამის საშუალებებიდან რა სივრცე აქვთ მათ დაკავებული და რა თანას იხდიან ამაში, მაგრამ ორი დღის ლოდინის შემდეგ პასუხი ვერც „ნაცმოძრაობიდან“ მივიღეთ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ “outdoor.ge”-სა და „ალმა+“-ის მიერ გამოქვეყნებულ ტარიფებს (თუნდაც ფასდაკლების გათვალისწინებით) და ამ ტარიფებს „ნაცმოძრაობის“ მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით დაკავებულ სარეკლამო საშუალებებზე გადავამრავლებთ, კოლოსალურ თანხებს მივიღებთ. სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიაზე დახარჯული თანხების განსაჯაროვების ვალდებულება ქართული კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ არჩევნების შემდეგ წარმოეშვებათ. ამიტომ ამ ეტაპზე „ნაცმოძრაობის“ მიერ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არსებობს ფაქტები, როდესაც მმართველი გუნდი საბიუჯეტო სახსრებს საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის აქტიურად იყენებს.
რაც შეეხება თავისუფალ სარეკლამო სივრცეს, რომელიც „outdoor.ge“-სა და „ალმა+“-ის განცხადებით, საკმარისია იმისთვის, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც ისარგებლონ, როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, 27 აგვისტოს მათ კოალიცია „ქართული ოცნებას“ შესთავაზეს 15 ბანერი თბილისში, რომელთაგან მხოლოდ 5-6 იყო ქალაქის ცენტრში, დანარჩენები კი ლილოს ბაზრობასთან, აეროპორტის გზატკეცილზე და სხვა ასეთ ტერიტორიებზე იყო განთავსებული, ასევე კოალიციას შესთავაზეს 20 ბანერი საქართველოს მასშტაბით და 9 ადგილი თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ასეთი შეთავაზება, ანუ 35 ბანერი, იმ ფონზე, როდესაც ასობით ბანერი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაკავებული, უბრალოდ სასაცილოა.
ახლა კი, სარეკლამო კამპანიებმა კოალიციას რაც არ უნდა შესთავაზონ, არჩევნებამდე ორი კვირა არის დარჩენილი და სანამ ბანერები ჯერ დამზადდება, ხოლო შემდეგ დამონტაჟდება, მათი განთავსება უბრალოდ აზრს კარგავს. თუმცა უცნობია, დათანმხდება თუ არა „ქართული ოცნება“ სარეკლამო კომპანიების შეთავაზებას.
დაბოლოს, for.ge დაინტერესდა, რეალურად რატომ თქვა უარი „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა სარეკლამო ბანერების გამოყენებაზე. წულუკიანი ამბობს, რომ აგვისტოს დასაწყისში პირადად შეხვდა “outdoor.ge”-ს დირექტორს კონსტანტინე ჭავჭანიძეს, რომელსაც უთხრა, რომ ნაძალადევის რაიონში ბანერების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მერაბ სამადაშვილს ჰქონდა დაკავებული, დანარჩენზე კი თეა წულუკიანს სურდა თავისი რეკლამის განთავსება.
„outdoor.ge”-ს ოფისიდან რომ წამოვედი, გურამიშვილისა და დადიანის გამზირები მთლიანად დავიარე და ვნახე, რომ მართლაც ძალიან ბევრი თავისუფალი ბანერი იყო, მათ შორის გურამიშვილის გამზირზე გადასასვლელ საფეხმავლო ხიდებთან, რაც ძალიან გამიხარდა და ვიფიქრე, რომ ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც მომცემდნენ. მეორე დილით ოფისში რომ მივდიოდი, ვნახე, რომ ყველა ეს ბანერი დაკავებული იყო, ანუ ღამე უმუშავიათ და დაუკავებიათ ეს ბანერები. ელ-ფოსტა რომ გავხსენი, “outdoor.ge”-სგან დამხვდა წერილი, სადაც მთავაზობდნენ ერთადერთ ბანერს, რომელიც იყო ნაძალადევის რაიონიდან გასავლელთან, ე.წ. „ზარმაცების ხაშის“ მოპირდაპირე მხარეს. ეს ბანერი არის ისეთ ადგილას, სადაც აზრი არ აქვს, რომ ნაძალადევის რაიონის კანდიდატის რეკლამა იყოს განთავსებული და თანაც, როგორც გითხარით, მაშინ როდესაც წინა საღამოს იყო უამრავი თავისუფალი ბანერი, დილით უკვე ერთადერთი ბანერი შემომთავაზეს“, - ამბობს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ის ბანერები, რომლებიც წინა ღამით თავისუფალი ნახა, დღეს მერაბ სამადაშვილის, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატ ჯაბა სამუშიასა და ცესკო-ს რეკლამებით არის დაკავებული. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამის შემდეგ საუბარი იყო სამარშრუტო ტაქსებზე რეკლამის განთავსებაზე, მაგრამ მისი პრიორიტეტი იყო ბანერები, რასთან დაკავშირებითაც სარეკლამო კომპანიაში ჯერ თანხმობა უთხრეს, შემდეგ კი ყველა თავისუფალი ბანერი დააკავეს.
„კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებს სამარშრუტო ტაქსებზე რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს და არც მე მინდოდა ამ ტიპის რეკლამა. ჩემთვის პრიორიტეტი იყო ბანერები, რაც მოვითხოვე კიდეც. „outdoor.ge“-მ კი მე მომატყუა, ჯერ თანხმობა მითხრა, შემდეგ კი თავისუფალი ბანერები ერთ ღამეში დააკავა. ისინი ცდილობდნენ, რომ რადგან მომატყუეს, ამის კომპენსირება სამარშრუტო ტაქსებზე რეკლამის შემოთავაზებით გაეკეთებინათ, მაგრამ როგორც გითხარით, მე ეს არ მინდოდა. ახლაც თუ მათი შემოთავაზება რეალურია, ნაძალადევის რაიონში ცესკო-ს უამრავი უღიმღამო ბანერია და შეუძლიათ ისინი ხვალ დილიდანვე დამითმონ“, - ამბობს წულუკიანი.