იყო დრო, როდესაც ე. წ. "დიდი ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ" მხურვალე გამოძახილი, აღფრთოვანება და მხარდაჭერა პოვა იმდროინდელი დასავლური სამყაროს გარკვეულ ინტელექტუალურ წრეებში და ამ წრეების მიერ ლენინის მთავრობა იმ დროის მსოფლიოში ლამის ყველაზე განათლებულ, პროგრესულ ადამიანთა გუნდად იქნა გამოცხადებული.
ბოლშევიკებთან არ თაკილობდნენ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს... რომენ როლანი, ანრი ბარბიუსი, ჰერბერტ უელსი, ჟურნალისტი ჯონ რიდი, მეწარმე არმანდ ჰამერი და მრავალი სხვა გავლენიანი პიროვნება ამტკიცებდა, რომ ლენინის მიერ შექმნილი სახელმწიფო კაცობრიობის ახდენილ ოცნებას, იდეალთან მაქსიმალურად მიახლოებულ პოლიტიკურ სისტემას წარმოადგენდა. კლასთა ბრძოლის ლენინური თეორია კი სოციალური სამართლიანობისა და მომავალი საყოველთაო კეთილდღეობის გენიალურ თეორიულ ბაზისად, უკლასო და, ამდენად, ბედნიერი საზოგადოების საფუძვლად მიიჩნეოდა. რაც შეეხება ისეთ "მეორეხარისხოვან დეტალებს", როგორებიც იყო არისტოკრატიის, სამღვდელოების, შეძლებული გლეხობის, მეწარმეების, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის ტოტალური დახვრეტა-განადგურება, "ჰოლოდომორი" უკრაინაში, ტროცკის მიერ გამოგონილი საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა და სხვ., ეს ყველაფერი აღიქმებოდა "დიადი რეფორმების" თანამდევ "გარკვეულ ხარვეზებად", რომლებიც ვერ ცვლიდნენ კომუნისტური "პროგრესის" ძირითად ვექტორს. ლენინის, ტროცკის, სტალინისა და მათი თანამებრძოლების "პროგრესული"იდეები და რიტორიკა ყველაფერს "ამართლებდა".
დასავლეთს თვალი საბოლოოდ მაშინ აეხილა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წითელი იმპერიის ტანკები დემოკრატიული ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს განლაგდა. "ბოროტების იმპერია", ბოლოს და ბოლოს, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა, მაგრამ ამ ყოვლისმომცველი ჯოჯოხეთის მთავარ შემოქმედად პრაქტიკულად მხოლოდ სტალინი გამოცხადდა. ლევ ტროცკი ბოლო დრომდე დასავლური მემარცხენეობის საკულტო ფიგურად რჩებოდა; ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი და სხვები კი დღემდე ლამის მოწამეთა რანგში არიან აყვანილნი. რაც შეეხება ლენინის "ნამოღვაწარსა" და კლასთა რევოლუციური ბრძოლის დამანგრეველ თეორიას, რომელიც საფუძვლად ედო ადამიანთა ჟლეტას, ერთპარტიულ ტოტალიტარიზმსა და სხვაგვარად მოაზროვნეთა უსასტიკეს დევნას, მთელი ეს საშინელება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ აკადემიურ გამოკვლევას, რომლებიც ძირითადად მხოლოდ სპეციალისტთა წრეებისათვის არის ცნობილი...
ბოლშევიზმის კარიკატურული ანალოგი _ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ისედაც გამოირჩევა უმაგალითო უწიგნურობითა და ინტელექტუალური სიღატაკით, ცხადია, ვერ გაითვალისწინებს ისტორიის გაკვეთილებს. "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური იდეალი და მთავარი მიზანი რომ უვადო ერთპარტიული მმართველობაა, ეს აქამდეც ცხადი იყო, თუმცა ეს პირწმინდად ბოლშევიკური პრინციპი აშკარად და შეუნიღბავად ახლახანს გააცხადა სააკაშვილმა - ეგღა მაკლია, ჩემი აშენებული ქვეყანა მაგათ გადავაბარო და დავანგრევინოო.
სახელმწიფოსა და ერთპარტიულ რეჟიმს, ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის აქ ტოლობის ნიშანია დასმული. "ნაცმოძრაობის" ერთპარტიული სისტემის შეცვლა პოლიტიკური პლურალიზმით, ცხადია, გამოიწვევს რეჟიმის ნგრევას, რაც მათს გაუკუღმართებულ ცნობიერებაში იმავდროულად ქვეყნის ნგრევადაც აღიქმება. ლიბერალური დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ იცის სხვაგვარად მართვა. მათი შავ-თეთრი აზროვნება გაუთავებლად შტამპავს მტრის ხატს, მტერთან ბრძოლაში კი ნებისმიერი მეთოდია გამართლებული. მენტალურად ისინი ბოლშევიკების პირდაპირი მემკვიდრეები რომ არიან, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანო მერაბიშვილის გახმაურებულმა წამოცდენამ "კლასის გაქრობის" შესახებ. საინტერესოა, ვის ან რას გულისხმობდა ექს-შსს მინისტრი? საფიქრებელია, იგი სხვაგვარად მოაზროვნეებს, უფრო ზუსტად, საერთოდ მოაზროვნე ადამიანებს ემუქრებოდა. ძნელია, ეს მხოლოდ ტერმინოლოგიურ უმეცრებას დავაბრალოთ. ეს გაუცნობიერებელი, "ნაცმოძრაობისათვის" აბსოლუტურად ორგანული ლენინიზმია, რაც, სხვათა შორის, ზუსტად შენიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა და საქართველოში ამჟამად მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გამოიყენა კიდევაც სიტყვა "ლენინიზმი".
ვეკითხებით ჩვენს თანამოქალაქეებს: რა არის ლენინურ-ბოლშევიკურ მენტალობასა და მართვის სისტემაზე უფრო მიუღებელი და დრომოჭმული? რა არის ქვეყნისა და მისი მომავლისათვის ამაზე უფრო მომაკვდინებელი?
საბედნიეროდ, "ნაცმოძრაობა" გვემშვიდობება; გვემშვიდობება გაშიშვლებული, ნიღაბჩამოხსნილი, ლუსტრირებული. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ის წარსდგა თავისი ნამდვილი სახით. ეს შიშისგან მორღვეული, გარდაუვალი მარცხით გაავებული ბოლშევიკების სახეა.
საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ბოლშევიზმს!