არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე ახალი და საკმაოდ საინტერესო თემა წამოიჭრა - დაიშლება თუ არა კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ. ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც კოალიციის წევრმა დავით საგანელიძემ ქართულ ინტერნეტგამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას, ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა იქნება ორი წლის შემდეგ და ვინ აიღებს იმ პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობას, რომელიც კოალიციამ წარადგინა - საგანელიძემ უპასუხა, რომ შესაძლოა, კოალიცია დაიშალოს კიდეც. იგივე კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი რამ, ანუ კოალიციის ფრაქციებას დაშლა შესაძლებელია. ამას ნაციონალური არხებით დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ისეთი კონტექსტი გამოიკვეთა, თითქოს ამომრჩეველი რომელიც ივანიშვილს აძლევს ხმას, დაიბნა და აღარ იცის, ვის უჭერს მხარს ივანიშვილს თუ რომელიმე სხვა პარტიას, რომ პარტიებმა მიიღეს ის რაც სურდათ, (ფული) და ერთად ყოფნა საჭირო აღარ არის.
თუმცა მთელი იმ აჟიოტაჟიდან რაც შეიქმნა, მართლაც საინტერესოა, ამომრჩეველმა ნათლად იცოდეს, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელსაც კოალიცია სთავაზობს, იმის მიუხედავად, რომ ვიდრე ეს კითხვა ამ ფორმულირებით დაისმებოდა, ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ფრაქციებად დაშლის შემთხვევაშიც, პასუხისმგებლები კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები იქნებოდნენ. ხოლო ფრაქციებად დაშლა განხეთქილებას არ გულისხმობს.
მას შემდეგ რაც კითხვა ასეთი ფორმულირებით დაისვა, ბიძინა ივანიშვილს ხელახალი განმარტების გაკეთება მოუხდა.
„დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა ჩვენი კოალიცია“,- განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას, მისივე განმარტებით, მათ ექნებათ ფრაქციები, რაც ნორმალურია.
„არაფერი დაიშლება და დაიღუპება. ჩვენი კოალიცია არ დაიშლება და არ დაინგრევა. მათ ექნებათ ფრაქციები და ეს ნორმალურია“, - აღნიშნა ივანიშვილმა. ამ თემაზე ივანიშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგაც გააკეთა კომენტარი, სადაც „ქართული ოცნების“ დაშლა არ გამორიცხა. „ეს ნორმალურიც იქნება, რადგან კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს. ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არსებობს. გარკვეულწილად ეს ლოგიკური და ნორმალურია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს თავშივე ითქვა, ოღონდ მაშინ ასეთი ყურადღება არ მიიქცია ამ ფორმულამ, რომ ეს არის კოალიცია, ეს არ არის ერთი პარტია და პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს მრავალპარტიული ერთობა სავარაუდოა, რომ გაიშლება და შექმნის მრავალპარტიულ პარლამენტს.
„ეს ფორმულა დამუშავებული იყო იმ კონტექსტში, რაც მაშინ იყო ძალზე მნიშნელოვანი, კერძოდ, ხომ არ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას. იყო ლაპარაკი, რომ პრინციპულად ვერ მივიღებთ, რადგან ეს გაერთიანება მრავალპარტიულია. ამ ჭრილში იყო ლაპარაკი დაშლის შესაძლებლობაზე. ხომ არ გახდება ივანიშვილი ახალი სააკაშვილი და ხომ არ წარმოქმნის ქვეყნისთვის ანალოგიურ პრობლემებს, რაც დღეს სააკაშვილისთვის არის დამახასიათებელი, ამ კონტექსტზე იყო ეს პასუხი.
რაც შეეხება იმ კონტექსტს, რაც დღეს გაჩნდა, ამისი საფუძველი ის არის, რომ პრაქტიკულად მოზადებულია ამომრჩეველი, ერთი სული აქვს როდის დადგება პირველი ოქტომბერი და ჩნდება კითხვა ცოტა სხვა ჭრილში - თუ ამომრჩეველი ხმას აძლევს ძირითადად ივანიშვილს, ამომრჩევლის წინაშე ძირითადად ივანიშვილია პასუხისმგებელი. მაშინ თუ ივანიშვილმა ეს ერთიანობა დაკარგა მომავალში, მაშინ ვინ გასცემს პასუხს იმ ამომრჩეველს, ვინც ივანიშვილს დღეს სხმა მისცა?. ეს მოსაფიქრებელია, არ არის მარტივი თემა, ის საკითხი, რომ შეიძლება კოალიცია შეიძლება დაიშალოს.
ანუ ფორმულა, რომელიც მომზადდა იმ საკითხის ფარგლებში, რომელზედაც ვლაპარაკობდით, ახლა უკვე სხვა ტიპის პრობლემაში გადავიდა, მოსაფიქრებელია ახალი ფორმულა, რომლითაც ამომრჩეველს ექნება გარანტია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიღაც პასუხისმგებელია ერთიანობის პოლიტიკაზე, ამავდროულად იმაზეც, რომ ეს რეალურად ერთპარტიული სტრუქტურა არ იქნება“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
„იმ პროგრამაზე, რა პროგრამითა და დაპირებითაც კოალიცია ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს“, კოალიცია ქართული ოცნების წევრის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, „პასუხისმგებელია კოალიციის ყველა წევრი“.
„თუკი კოალიცია ამბობს, რომ იმ პროგრამაზე, რაც წარმოდგენილი აქვთ ერთიანი პასუხისმგებლობა იქნება, წესით ამომრჩეველში დაბნეულობა არ უნდა გამოიწვიოს, რაც შეეხება მეორე მხარეს, წმინდა ადამიანურს, რომ ეს გაერთიანება შეიძლება დაიშალოს, პირიქით ეს უფრო ჯანსაღი ვარიანტი იქნება“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ფრაქციებად დაშლა შესაძლოა, მოხდეს არა უთანხმოების, არამედ წმინდა ორგანიზაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე - ფრაქციების წევრებს დამატებითი უფლებები ეძლევათ საპარლამენტო საქმიანობისას.
„შესაძლებელია, რომ შეიქმნას ორი-სამი ფრაქცია, რომლებიც საპარლამენტო კოალიციაში გაერთიანდებიან. ანუ კოალიცია შედის პარლამენტში ერთიანი პარტიული სიითა და მაჟორიტარებით, შემდგომ ხდება მათი ფრაქციებად დაშლა და საპარლამენტო კოალიციად გაერთიანება, ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ არის საპარლამენტო ცხოვრებაში. პასუხისმგებლობა პროგრამაზე, დაპირებებზე, ცხადია, ეკისრება ყველას.
თუ მოხდა რამე ისეთი და რომელიმე სუბიექტი გამოაკლდა, მასზე გადავა ისეთი სახის პასუხისმგებლობა, როგორიცაა, პასუხისმგებლობა ხალხის მხრიდან. მას ხალხი მოსთხოვს პასუხს და პერსპექტივაში ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს.
რაიმე ტიპის უთანხმოებას, რომ განხეთქილება მოხდეს და ამის გამო დაიშალოს კოალიცია, ამის ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავ, მაგრამ ის, რომ ფრაქციებად დაიშალნენ და კოალიცია შექმნან, სავსებით შესაძლებელია და ბუნებრივი, რაშიც საგანგაშო არაფერი არ არის“,- ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
პოლიტიკური გაერთიანებისა და დაშლის მოწმე ქართული საზოგადოება არაერთხელ ყოფილა, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც (ნაციონალური არხების მიზანმიმართული ინტერპრეტაციის მიუხედავად, რომ პარტიები ივანიშვილის ფულმა გააერთიანა) ეს თემა მაინც აქტუალურია და უკეთესია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, თუკი ამ ტიპის დაშლა მოხდება, ანუ იდეოლოგიური, მაშინ აიხსნება კიდეც მიზეზი რა იყო.
„როდესაც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალიან სწრაფად შავმა კატამ გაირბინა „ნაციონალებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის, ამის მიზეზი ის კონსტიტუციური ცვლილებები იყო, რომელიც „ნაციონალებმა“ მიიღეს. ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ იყვნენ მართლები, „რესპუბლიკელები“, რომლებმაც პრინციპული პოზიცია დაიკავეს, თუ „ნაცები“, რომლებმაც ავტორიტარული მმართველობა დაამყარეს. ამას მაგალითისთვის ვამბობ, სხვა შემთხვევაში შეიძლება, პირიქით აღმოჩნდეს, რომ მცირე პარტიამ დატოვოს გაერთიანება და არ იყოს მართალი საზოგადოებასთან, მაშინ ამ მცირეს „მოხვდება ჯოხი“ , - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც დავით საგანელიძეს, რომლის ნათქვამსაც მოჰყვა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კომენტარი, არ უთქვამთ, რომ პარლამენტში შესვლისთანავე დაიშლება კოალიცია.
„არის პროგრამა, რომელიც ერთად უნდა შეასრულონ, ამ დაპირებების შესრულებამდე არავინ დაშლას არ აპირებს. ბუნებრივია სხვადასხვა პარტიები ერთმანეთზე ჯვარს ვერ დაიწერენ. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს დაშლა და ეს სწორიცაა, დემოკრატიული სისტემის ფორმირებისთვის ეს არის ძალიან კარგი. ამაში სააჟიოტაჟო არაფერია, სანამ აღებული ვალდებულებები არ შესრულდება, მერწმუნეთ კოალიცია დაშლას არ აპირებს. ეს მოხდება შემდგომ ეტაპზე, როდესაც კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, და სადაც პრიორიტეტი გახდება მულტიპარტიული სისტემა“ - აცხადებს ხუხაშვილი.
როგორც გია ხუხაშვილი განმარტავს, არსებობს მოკლევადიანი ამოცანები, რაც კოალიციამ, ანუ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, „იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების ხელში კონსტიტუცია საშინელ დღეშია ჩავარდნილი, საკანონმდებლო განუკითხაობა გვაქვს. ეს ყველაფერი დემოკრატიულ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი და ამის შემდეგ, როცა დემოკრატიულ სივრცეში ვიქნებით, ჩემი რეკომენდაციაც იქნება და ასეც უნდა მოხდეს, რომ უნდა დაიშალოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ქვეყნის ინტერესშია, არავის არ ჰქონდეს ხელების გადაგრეხვის ბერკეტი. ეს იგულისხმა ივანიშვილმა და არა ის, რომ პარლამენტში შევლენ თუ არა, მაშინვე დაიშლებიან. ეს ასე ვერ მოხდება – პირველ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი“,- ამბობს გია ხუხაშვილი.
თუმცა იქამდე ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობას დაშლი, მისი მოპოვებაა საჭირო, ბოლოს მმართველმა პარტიამ ეს ზღვარი კიდევ უფრო მაღლა ასწია და საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებისთვის დეპუტატთა 3/4 უნდა გემხრობოდეს.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რა უმრავლესობითაც არ უნდა შევიდეს კოალიცია, ის მოახერხებს შესაბამისი ცვლილებების გატანას.
„ნუ ჩათვლით, რომ პარლამენტში კონფიგურაცია არ შეიცვლება, „ნაციონალური“ სიის 80%-ს ერთი სული აქვს, როდის გამოასწრებენ მიშას. ჩათვალეთ, რომ შესაძლოა, პარლამენტში კიდევ სხვა პროცესები დაიწყოს და ძალიან ბევრი მაჟორიტარი გადმოვიდეს კოალიციის მხარეს. როგორც კი იგრძნობენ, რომ მიშასი არ უნდა ეშინოდეთ, ეს პროცესი დაიწყება. დღეს მიშასი ეშინიათ და მიშას მონოლოთი სწორედ ამ შიშსა და გაუტანლობაზე დგას. ასე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ამა თუ იმ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება, მაშინაც კი რომ დავუშვათ ყველაზე ცუდი ვარიანტი - ქვორუმი არ იყოს შესაბამისი. ასე, რომ ბატონ მიხეილს წინ ძლიან ბევრი სიურპრიზი ელოდება და ჩემგან გადაეცით დაწყნარდეს, ნუ ნერვიულობს, ყველაფერი კარგად იქნება“,- აცხადებს ხუხაშვილი.
ეტყობა, კოალიციამ ის თავდაჯერებულობა, უკვე მოიპოვა, რაც აქამდე, ექსპერტების შენიშვნებით, ნაკლებად ეტყობოდათ. მართალია, სააკაშვილი ახლა საზოგადოებას სხვა ტონალობაში მიმართავს და ხალხს სთხოვს, დაწყებული რეფორმების დასრულების საშუალება მისცეს, მაგრამ როგორც ჩანს, კოალიციას სხვა გეგმები აქვს. მისი წარმომადგენლები თვლიან, რომ კოალიციის დაშლის შესახებ აჟიოტაჟის ატეხვა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შიშით არის გამოწვეული.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ბოლო ერთი წელი სააკაშვილისთვის დიდი კოშმარია, რადგან ის ცხოვრობს ერთი დიდი შიშით, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და იქამდე მივიდა, რომ 17 წლის ბავშვსაც კი ლანძღვავს, ეს ხომ შიშით არის გამოწვეული! სადღაც მეცოდება კიდეც ეს ადამიანი ალბათ ნორმალური ძილიც არ აქვს და სულ კოშმარები ესიზმრება, მუმიებზე ტყუილად კი არ ლაპარაკობს“, -აცხადებს ხუხაშვილი.
მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა კვლევებითაც კი მმართველი პარტია რეგიონებსაც და დიდ ქალაქებსაც თითქმის პირწმინდად აგებს, გია ხუხაშვილი თვლის, რომ არ შეუძლია დადასტურება, კვლევა ჩატარდა, თუ არა მაგრამ ციფრები, რომელმაც გამოჟონა და რომელიც მედიით ნახა, რეალობასათან საკმაოდ ახლოსაა. „მათ იციან, რომ ხალხს ისინი აღარ სჭირდება და მათი ერთადერთი იარაღი განუკითხაობა, შიშის თესვა და მონოლითის შენარჩუნებაა, პოზიტიური ინსტრუმენტები არჩევნების მოსაგებად მათ არ გააჩნიათ“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.