გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში

გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 2003 წლის სადავო არჩევნების შემდეგ, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევა მოჰყვა. მმართველი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) მესამედ ცდილობს უმრავლესობით გამარჯვებას. კოალიციის „ქართული ოცნების“ გამოჩენა, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, ყველაზე დიდი გამოწვევაა იმ ელიტისათვის, რომელიც საქართველოს 8 წელიწადზე მეტია რაც მართავს.

არჩევნებს აქტიურად აკვირდებიან ასევე უცხოეთში, სადაც მას უყურებენ როგორც ტესტს იმისა, თუ რამდენად შესძლებს საქართველო კონკურენტული საარჩევნო პროცესის წარმართვას. 2012 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრა: „ერთადერთი ყველაზე კარგი რამ, რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს თქვენი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიის, საერთაშორისო რეპუტაციის ხელშეწყობისთვის არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რასაც მოჰყვება სრულყოფილი

დემოკრატიული გადასვლა.“ ორივე, მთავრობაც და ოპოზიციაც, პარალელურ რეჟიმში ეჯიბრება ერთმანეთს, რათა მოიპოვონ დასავლეთის დედაქალაქების კეტილგანწყობა, რაშიც მათ ცნობილი პიარ-კომპანიები ეხმარებიან.

ქართულ პარლამენტს შედარებით მოკრძალებული უფლებამოსილება აქვს, მაგრამ იმავდროულად ეს ხელისუფლების ჩრდილოვანი არჩევნებია. 2013 წელს, როდესაც სააკაშვილი დაასრულებს მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადას, უმალ ამოქმედდება 2010 წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმად ამჟამად პრეზიდენტის ხელთ არსებული აღმასრულებელი ძალაუფლების უდიდესი ნაწილი გადავა ახალი და ძლიერი პრემიერმინისტრის ხელში, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პრემიემინისტრს აირჩევს პარლამენტი, რომელიც შესაბამისად ფლობს მნიშვნელოვან ძალაუფლებას იმ მხრივ, რომ სწორედ ის განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში 1 ოქტომბრის არჩევნებში.

ახალი პრეზიდენტი, რომელსაც 2013 წელს აირჩევენ, სახელმწიფოს მეთაურად დარჩება, მაგრამ ფორმალური ძალაუფლებით და უფრო მეტად საკონსტიტუციო არბიტრის როლში.

ბოლო დრომდე არსებობდა ვარაუდი, რომ სააკაშვილი თავად მოინდომებდა პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებას და შესაბამისად შეეცდებოდა დარჩენილიყო ყველაზე ძლიერ ფიგურად საქართველოში – სპეკულაცია, რომელსაც აღვივებდა ის, რომ სააკაშვილი ამ ვერსიის გამორიცხვაზე უარს ამბობდა. თუმცა, მმართველი ელიტის ახალი გეგმა, როგორც სხვა სცენარს გვთავაზობს. 30 ივნისს ვეტერანი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე (ცნობილი როგორც ვანო) მერაბიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში სააკაშვილის შემდეგ მეორე ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა, პრემიერმინისტრად დაინიშნა. ამის შემდეგ „ერთიანმა ნაიოციონალურმა მოძრაობამ“ ოფიციალურად წარადგინა მერაბიშვილი 2013 წლის პრემიერმინისტრობის კანდიდატად.

ეკონომიკა ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლოიდროინდელი გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტებმა ხუთიდან ოთხ პრიორიტეტად ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად დაასახელეს სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სიღარიბე და პენსიები. ამის გათვალისწინებით, ივანიშვილმა სოციალურ ხარჯებზე ორიენტირებული ამბიციური ოთხ წლიანი პროგრამა წარმოადგინა, რომელიც შორდება საქართველოს მთავრობის ბოლო წლების ლიბერალური ჩაურევლობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

ახალი კურსი, აშკარა პასუხია ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ პოზიციების გაძლიერებაზე, რომელსაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ივანიშვილმა პოლიტიკური სცენა თავდაყირა დააყენა 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოდის და მისი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და პრემიემინისტრის თანამდებობის დაკავებაა. წინა ოპოზიციური მეტოქეებისაგან განსხვავებით, ივანიშვილს ჰქონდა ორი რამ – ფული და ძალაუფლება – რამაც მმართველ ელიტას მასთან კონკურენცია გაურთულა.

გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წამყვანი პოზიციები აქვს, მაგრამ კოალიცია „ქართულ ოცნება“ სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს, განსაკუთრებით საზოგადოების იმ სეგმენტებიდან, სადაც ადამიანები სააკაშვილის პოლიტიკის გამო თავს გარიყულად მიიჩნევენ. მათ შორის არიან უმუშევრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თბილისში და სხვები. ივანიშვილის კამპანიაში მთავარი აქცენტი კეთდება სოციალურ სამართლიანობაზე, ასევე დაპირებაზე, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ჯანდაცვას.

არჩევნებში მონაწილე მთავარი მეწინააღმდეგეები ფართო კოალიციები უფრო არიან, ვიდრე ჰომოგენური პარტიები. რომ არა გამოჩენილი ლიდერები – სააკაშვილი და ივანიშვილი მათ სათავეში, ცოტა რამ თუ გააერთიანებდა მათ. პოსტსაბჭოთა მმართველი პარტიების უმრავლესობის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალურობას განსაზღვრავს როგორც იდეოლოგიური, ასევე ბიოროკრატიული მიზეზები. „ქართული ოცნება“ ექვსი განსხვავებული პარტიის გაერთიანებაა, რომელთა შორის არიან როგორც ეკონომიკურად ლიბერალური და პროდასავლური, ასევე ნაციონალისტური პარტიები.

პოლიტიკური დებატები დიდწილად თავად კამპანიის წარმოებაზეა ფოკუსირებული. ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები ჩივიან, რომ მათ აქტივისტებს დევნიან და იმისათვის რომ ამომრჩევლებს ხმა მიაწვდინონ, ბრძოლა უწევთ არასამართლიან მედია გარემოსა და კამპანიის დაფინანსების შესახებ შეზღუდული ნორმების პირობებში. ეს საფუძველს აძლევს ივანიშვილის გუნდის მთავარ ფიგურებს განაცხადონ, რომ „არჩევნები უკვე გაყალბებულია“.

მთავრობის მხარდამჭერთა პასუხია ის, რომ ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც შეზღუდავს ისეთ ადამიანს, რომლის სიმდიდრეც საქართველოს მშპ-ს დაახლოებით ნახევრის ტოლია, ნორმალურია. ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ივანიშვილი „საქართველოს გარეთ“ არსებული ძალების, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედებს.

ქართული პოლიტიკა ყოველთვის უკიდურესად ემოციურია, მაგრამ ეს საარჩევნო კამპანია განსაკუთრებით ცხარეა. მთავარი მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიმართ ექსტრემალურ ლექსიკას იყენებენ, რაც უცხოელი დამკვირვებლების ერთმა ჯგუფმა ასე შეაფასა: „მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში და პოლიტიკურ ლიდერებს შორის ცივილიზებული საუბრის ნაკლებობა“.

ასევე მკვეთრი სხვაობაა უფრო ოპოზიციურად განწყობილ დედაქალაქ თბილისსა და პროვინციებს, განსაკუთრებით ჯავახეთის და ქვემო ქართლის სამხრეთ რეგიონებს შორის, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს უკიდურესობები კარგად გამოჩნდა: მაგალითად ნინოწმინდის რაიონში, ზოგიერთ უბანში მმართველმა პარტიამ 100 პროცენტიანი (ერთ უბანში 100 პროცენტზე მეტიც) მხარდაჭერა მიიღო, თბილისის ერთ უბანში კი, ვაკეში, პირიქით დიდწილად ოპოზიციას უჭერდნენ მხარს (ბედის ირონიით, სააკაშვილმა სწორედ ამ უბანში დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა 1999 წელს და პარლამენტის დეპუტატის მანდატი მოიპოვა).

ჩვენი რუკა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის არსებულ პოლარიზაციას ასახავს. არჩევნები, რომ უფრო ახლოს ან უკვე ჩატარებული იყოს, ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა.

რთულია არჩევნების შედეგების პროგნოზირება. საზოგადოებრივი აზრის კვლევები უპირატესობას მუდმივად მმართველ პარტიას ანიჭებს, მაგრამ იმავდროულად კვლევებში ინფორმაცია ცვალებადია, რაც ორივეს, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც იმედის საფუძველს აძლევს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით აგვისტოში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგებით აშკარა უპირატესობით სარგებლობს მმართველი პარტია, რომელსაც 37 პროცენტი აქვს, ხოლო ქართულ ოცნებას – 12 პროცენტი. თუმცა, კვლევამ ასევე ცხადყო, რომ თებერვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა 10 პუნქტით შემცირდა; ხოლო ამომრჩეველთა 43 პროცენტის პასუხი არის ან „არ ვიცი“ ან პასუხზე „უარს ვამბობ“, რაც თეებრვლის შემდეგ 10 პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. თუკი ბევრ ამომრჩეველს მართლაც არ აქვს გადაწყვეტილი ვის უჭერს მხარს, ეს იმის ნიშნავს, რომ პირველ ოქტომბრამდე სუბიექტებს სამუშაო აქვთ.

გაგრძელება იქნება
foreignpress.ge