“ადამიანებს, რომლებიც ჩვენ შეხვედრებზე დადიან, შემდეგ აკითხავენ და აშინებენ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თვითონ მივიდეთ მოსახლეობასთან. თითქმის ყოველდღე, უბან-უბან დავდივართ და ჩვენს სათქმელს ვეუბნებით“ - საუბრობს, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში, ზვიად ძიძიგური.
უბან-უბან სიარულის მეთოდის ავტორი თავად ძიძიგურია. 12 სექტემბერს ჩვენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 41–ნომრიან კოლონას მივყევით. ახალგაზრდები დროშებით და საინფორმაციო ბუკლეტებით ხვდებოდნენ რუსთაველებს. მსვლელობა რუსთავის მე-15 მიკრორაიონში და ტაშკენტის ქუჩაზე გაიმართა.
რუსთაველები, რომლებმაც კოალიციის შესახვედრად ეზოებში გამოსვლა ვერ გაბედეს, საკუთარი სახლების აივნებიდან ადევნებდნენ თვალყურს აქციას.
„ შეგიძლიათ არ გამოხვიდეთ. არ გვითხრათ, რომ ჩვენი მხარდამჭერი ხართ, მაგრამ 1 ოქტომბერს ყველამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
ახლა ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, დააგოს გზები და მოაგვაროს რიგი პრობლემები. ეს ძალიან კარგია – დააგონ გზები და დაგეხმარონ, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ისევ თქვენი ფულით ხდება. თუ რამეს დაარიგებენ ეგეც აიღეთ. იცოდეთ, რაც რიგდება ისევ თქვენი ფულითა არის ნაყიდი“, - მიმართავდა ძიძიგური რუსთაველებს.
მას ერთ-ერთ უბანში ადგილობრივებმა მცირე სუფრა გაუშალეს. რამდენიმე ეზოში კი რუსთაველებმა კამერების გარეშე ისურვეს „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარი „ის, რომ ეზოში არ გამოვიდნენ, არ ნიშნავს, რომ ამ კორპუსში მხარდამჭერები არ გყავთ. პირიქით, იმედით თვალით გიყურებთ ყველანი..“ - უხსნიდა ადგილობრივი მოსახლე ძიძიგურს.
აღნიშნულ შეხვედრას თვალყურს ადევნებდა „ქვემო ქართლი ინფოდ“ ცნობილი გადამღები ჯგუფი. ისინი „ქართული ოცნების“ პრაქტიკულად ყველა შეხვედრას ესწრებიან და აქციებზე მისულ თითოეულ ადამიანს იღებენ. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფმა სახელი „დედუქციურ მეთოდზე“ საუბრით და პროვოკაციული კითხვით – „რამდენ მილიონად გაქვს გაყიდული სამშობლო“ - გაითქვა თავი.