საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფუნქციონირებს ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. ამ ცენტრის ფარგლებში, ასოციაცია იცავს ინდივიდუალურად ჟურნალისტების ინტერესებს სხვადასხვა სფეროში. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ შრომით ხელშეკრულებებთან, მათ შრომით დავებთან, მათთვის ინფორმაციის მოპოვებასთან და ა.შ.
ცენტრის ეგიდით, საიამ ჟურნალისტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მოაწყო. შედეგად, გადაწყდა, რომ სექტემბრამდე საიას წარმომადგენლები შეხვედრაზე გამოკვეთილი საკანონმდებლო პრობლემების საკანონმდებლო ინიციატივებად ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ. შემოდგომიდან კი, საქმიანობას ისევ ჟურნალისტებთან ერთად გააგრძელებენ.
„პრესა.გე“ ღონისძიების ორგანიზატორს, საიას საპარლამენტო მდივანს, თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.
რა იყო შეხვედრის მიზანი?
– გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა უფრო მასშტაბური ღონიძიება და დაგვეწყო მუშაობა იმისათვის, რომ მოვაგვაროთ ერთი ან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საკითხი რომლებიც ჟურნალისტებს ხელს უშლის მუშაობაში. იმისათვის, რომ ასეთი საკითხების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, მოვაწყეთ შეხვედრა ჟურნალისტებთან.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ყველა ტელევიზიის, თითქმის ყველა გაზეთის, ჟურნალების, რადიოების წარმომადგენლები. ცხადია, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებიც. შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს საკითხები, რომლებიც მათთვის ყველაზე აქტუალური და ხელისშემშლელია და რომელთა მოგვარებაც, შესაძლებელია, საკანონმდებლო ჩარევით.
გამოიკვეთა ძალიან საინტერესო საკითხები. როგორებიცაა მაგალითად, მედიასაშუალებების გამჭვირვალობის საკითხი; მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალეობა; სასამართლო დავების დროს ბაჟების გადახდის საკითხი...
ლიცენზირების საკითხიც წამოიჭრა...
–დიახ, საკაბელო ტელევიზიების ლიცენზირების საკითხიც წამოიჭრა, ასევე ჟურნალისტების შრომითი დაცვა და მრავალი.
მას შემდეგ რაც განახლდება საპარლამენტო მუშაობა და დაიწყება საშემოდგომო სესია, საია მიმართავს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით, გამართავს შეხვედრებს, დაიწყებს ლობირების კამპანიას იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან დავიწყოთ იმ საკითხების მოგვარება რომელთა დარეგულირებაც, საკანონმდებლო დონეზე შესაძლებელია. ანუ აღმოიფხვრას ეს პრობლემები და ჟურნალისტებისთვის უფრო უკეთესი და თავისუფალი გარემო შეიქმნას.
თქვენ ძალიან ფართო სპექტრი ჩამოთვალეთ შეხვედრაზე მოწვეული მედიასაშუალებების. შეხვედრა ხალხმრავალი უნდა ყოფილიყო არადა, საკმაოდ ცოტანი ვიყავით...
–ჩვენ რა თქმა უნდა მოსაწვევები გავუგზავნეთ ყველა ამ მედიასაშუალების წარმომადგენლებს ვინც ჩამოვთვალეთ. თუმცა, ზუსტად შემიძლია გითხრათ ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში: „ქართლის ხმის“ ჟურნალისტი, სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენლები, „ნეტ–გაზეთის“ წარმომადგენელი, რადიო „უცნობი“, თქვენ ბრძანდებოდით – „პრესა.გე“, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ და გაზეთი „თავისუფალი სიტყვის“ წარმომადგენლები.
საინტერესოა, რომ ძირითადად, ეს ადამიანები სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოვიდნენ რეგიონებიდან. არადა, ჩვენ მათი მგზავრობის ხარჯები არ დაგვიფინანსებია. როგორც ჩანს, ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ შეხვედრაზე მობრძანდნენ. რაც შეეხება ადგილობრივ მედიას, ისინი მართლაც უფრო ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები.
უცნაურიც სწორედ ესაა... რეგიონალური მედიისთვის თუ საინტერესო იყო შეხვედრის თემა – მედიის სამართლებრივი დაცვა, ადგილობრივ მედიას სამართლებრივი დაცვის საკითხი არ აღელვებს? დაცვაც რომ არ იყოს და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება–გამარტივება ვთქვათ, ნუთუ ეს საკითხი ჩვენი ადგილობრივი კოლეგებისთვის საინტერესო არ იყო? რატომ არ გამოიჩინეს ინტერესი? გაქვთ რაიმე ახსნა?
–ამაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მართლაც, ადგილობრივმა მედიამ უფრო ნაკლებად გამოხატა დაინტერესება. შეიძლება, ის ადამიანები ვინც ამ შეხვედრაზე იყავით, უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს და მსგავს შეხვედრებზე სიარულსაც უფრო თავისუფლად ახერხებთ.
ამ შეხვედრაზე „ქართლის ხმისა“ და „კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა“ თქვეს, რომ ისინი უპრობლემოდ შედიან თავ–თავიანთ რაიონებში, საკრებულოებში – არც საშვი ჭირდებათ და არც, აკრედიტაცია. არადა, სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენელმა წამოჭრა საკითხი, რომ თბილისის საკრებულოში ისინი ვერ შედიან.
პრობლემა არის ის, რომ თბილისის საკრებულოში – ყოველ შემთხვევაში, პირველი სხდომისთვის – აკრედიტაციების სისტემა არ იყო. შესაბამისად, ჟურნალისტს საკრებულოში მოხვედრა შეუძლია მხოლოდ სხდომების დროს ანუ თვეში ერთხელ და სპეციალურად საშვია დასაშვები. უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეგიონული საკრებულოები თურმე უფრო ადვილად შეღწევადია მედიისთვის. თქვენ ეს პრობლემა სპეციალურადაც მოინიშნეთ. რამდენად ადვილი ან რთულია ამის მოგვარება?
–დიახ, ჩემთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იყო, რომ კახეთის რეგიონში ამ მხრივ თურმე ბრწყინვალე სიტუაციაა... როგორც ჩვენ იქაურმა წარმომადგენელმა გვითხრა, იქ თურმე თითქმის არც ერთ საჯარო დაწესებულებაში არ მოქმედებს საშვების სისტემა და როგორც ჟურნალისტებს ასევე მოქალაქეებსაც უპრობლემოდ შეუძლიათ დაწესებულებებში შეღწევა.
იმავდროულად, სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ; ხოლო მას შემდეგ რაც, ბოლოსდაბოლოს შესძლო შესვლა, მას მოექცნენ ძალიან უხეშად, არ მისცეს გადაღების უფლება... ეს არის ძალიან უხეში კანონდარღვევა – ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა. ის პირები რომლებმაც ჟურნალისტს არ მისცეს თავისი საქმიანობის გახორციელების შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ სტუდია „მონიტორს“, რომ დააყენოს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ამას.
რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტები უპრობლემოდ, საშვების გარეშე შედიოდნენ საჯარო დაწესებულებებში, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, კანონმდებლობაში მედიისთვის რაღაც გარანტიების ჩადება შეიძლება. ვიმედოვნებ, შევძლებთ, რომ ეს საკითხიც როგორმე მოვიცვათ ჩვენი კამპანიის ფარგლებში.
პარლამენტია ძალიან დემოკრატიული. მარტივია აკრედიტაციის პროცედურა – განაცხადის მიტანიდან სააკრედიტაციო ბარათის აღებამდე, ჟურნალისტს პრობლემა არსად ექმნება. სააკრედიტაციო ბარათის გაცემის დაგვიანების შემთხვევაში თვითონ პრეს–სამსახური აგრძელებს ძველის ვადას და ა.შ. მოკლედ, შესვლიდან დაწყებული, იქ ადგილზე მუშაობით დასრულებული, მართლაც სანიმუშოდ იქცევა მათი პრეს–სამსახური. იგივე საკრებულოშიც იყოს თუნდაც საშვები და აკრედიტაცია, მაგრამ ეს პრობლემას არ ქმნიდეს. არ შეიძლება რომ კანონმდებლობაში როგორღაც აისახოს პარლამენტის პრეს–სამსახურის პრაქტიკა?
–ზოგადად ცნობილია, რომ მართლაც პარლამენტის პრეს–სამსახური კეთილგანწყობილია მედიისადმი და ყველა პირობაა შექმნილი არამარტო შეღწევის არამედ, მუშაობის თვალსაზრისითაც – მედიაცენტრია ზალიან კარგი და ჟურნალისტები უპრობლემოდ მუშაობენ. რაც შეეხება გარკვეული სტანდარტის დაწესებას, რომ ყველა საჯარო დაწესებულებამ მაინდამაინც ასეთი პირობები შექმნას, ასეთი რამის ჩაწერა კანონში ალბათ რთული იქნება.
თუმცა, ის რომ ჟურნალისტს ხელი არ უნდა შეუშალონ საქმიანობაში და მედიამ ნებისმიერ რესპოდენტთან უნდა შესძლოს მიღწევა, ამის ასახვა კანონში შესძლებელია. პრინციპში, არის კიდეც ასეთი სტანდარტი დადგენილი, მაგრამ მისი დაცვაა პრობლემა. ეს, წეღანაც ვახსენე, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის მონაყოლმაც დაადასტურა. თუმცა, რაღაც ცვლილებების შეტანა მაინც შეიძლება რათა ეს გარანტიები კიდევ უფრო გამყარდეს და რეალური გახდეს ის უფლებები რაც მედიას კანონმდებლობით აქვს.
შეხვედრის მსვლელობისას, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა“, გელა მთივლიშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა კოლეგამ – ილია მარტყოფლიშვილზე იყო საუბარი – ადგილობრივი საკრებულოს ერთ–ერთი წევრისგან მუქარის მორიგი მეილი მიიღო...
–დიახ, მართლაც, როგორც გელა მთივლიშვილმა აღნიშნა, მისმა კოლეგამ კახეთში, მიიღო მუქარის შემცველი წერილი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ყველას გვახსოვს ფაქტები, როდესაც ასეთი ქმედებებისთვის ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში. ამიტომ ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა ამისათვის ჟურნალისტმა უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და შემდეგ, პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის გაკეთება აუცილებელია.
კითხვას დავასრულებ... სწორედ იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩვენმა კოლეგამ, ვახო კომახიძემ მიიღო შვეიცარიის მთავრობისგან ზეპირი თანხმობა პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ. ვახო კომახიძე ამ შემთხვევაში, უფრო, განზოგადებული მოვლენის სახელია ვიდრე, ერთი კონკრეტული ჟურნალისტის. ეს განზოგადებული მოვლენა კი არის ის, რომ ჟურნალისტები თავიდან ბოლომდე დაუცველები ვართ; ქვეყნიდან წავიდა ადამიანი რომელიც ძალიან დიდ ხანს იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ანუ შეეძლო საფრთხეებთან გამკლავება, მაგრამ წავიდა... საია ან რომელიმე სხვა უფლებათადაცვითი ორგანიზაციები – ტვით ყველაზე უფრო გავლენიანიც კი – საკანონმდებლო დონეზე ალბათ ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ მაინც გეკითხებით: როგორ დავიცვათ თავი?
–ზოგადად, მართლაც, არის ხოლმე ძალიან სამწუხარო ფაქტები საქართველოში. ასეთი მაგალითები ჩვენც გვქონია როდესაც ყველა ღონეს ვხმარობთ რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ, მაგრამ გარკვეულ შემტხვევებში ამას ვერ ვახერხებთ ხოლმე. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ერთიანად, კონსოლიდირებულად იყოს ძლიერი: მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უცხო ქვეყნების ანუ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, ერთობლივად იბრძოლონ ამა თუ იმ დარღვევის წინააღმდეგ თუ პიროვნების უფლებების დასაცავად.
თუმცა, როდესაც კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ირთვება, ძალიან ძნელია ასეთ დროს თავი დადო და დაბეჯითებით თქვა რამე, რადგან ასეთი სიტუაციებიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. თუმცა, ვიმეორებ, საზოგადოებრივი სექტორის ერთიანი, კონსოლიდირებული მუშაობა აზრს აძლევს ხოლმე ამ ბრძოლას.
ჟურნალისტები რატომღაც ვერც საკუთარ უფლებებს ვიცავთ და ვერც თქვენი – ჩვენი და მოქალაქეების დამცველების დაცვა შევძელით. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვგულისხმობ, რომელთა თანახმადაც, არასამთავრობო სექტორი 20%–იანი განაკვეთით უნდა დაიბეგროს. რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
–როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტი იხილავს ახალ საგადასახადო პროექტს. ამის მიხედვით, გრანტის სახით მიღებული თანხები 20%–იანი განაკვეთით დაიბეგრება. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი კოდექსი შეღავათიან პირობებს ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად გრანტის სახით მიღებულ თანხებზე. ეს გულისხმობდა, რომ 2011 წლიდან 18%–იანი განაკვეთი იმოქმედებდა ხოლო უკვე შემდეგი წლიდან 15%–ზე ჩამოვიდოდა. ახალი პროექტის მიხედვით ბევრად უარესი პირობებია.
საია–ს ინიციატივით შედგა არაერთი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მოეწყო ერთობლივი ბრიფინგები, გაიგზავნა ერთობლივი მიმართვები – პარლამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ – რომლებსაც 50–ზე მეტი არასამტავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. მათში ნათქვამია, რომ ასეთი მოულოდნელი ცვლილება ზალიან მზიმე დარტყმაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ მედიასაშუალებებისთვის რომლებიც გრანტებით ფინანსდებიან. შესაბამისად, მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეღავათები შენარჩუნებულიყო.
პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო ინიცირებული ვერსია და არაფერი შეუცვლია. თუმცა, როგორც ვიცი, პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრს ჯერ კიდევ აგრძელებს და სექტემბერში გავა კოდექსი. ჩვენ მცდელობების გაგრძელებას ვგეგმავთ და ვნახოთ, იქნებ რამე შეღავათები შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.
ანუ ამ თემაზე საუბარს აზრი ჯერ კიდევ აქვს?
–ვფიქრობ კი, რადგან როგორც ვიცი, ორიოდე დღის წინ დაგვიკავშირდნენ პარლამენტიდან, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტიდან და გვთხოვეს ჩვენი მოსაზრებების გადაგზავნა. ეს კი იმით ახსნეს, რომ რამდენიმე საკითხზე ფიქრს აგრძელებენ. ამიტომ ამ საკითხზე საუბარი და მსჯელობა ჯერ კიდევ ღირს.
ამ ხელისუფლებას მხოლოდ მეტისმეტად გახმაურებული თემები აფრთხობს... ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად არასწორი აქცენტი გააკეთეს. საქმე ის კი არ არის, რომ თქვენს ხელფასებს მოაკლდება. საქმე ის არის, რომ თანხების შემცირების გამო თქვენ შეიძლება თანამშრომლების შემცირება მოგიწიოთ.
–ერთ–ერთი აქცენტი ზუსტად ესეც იყო. ცხადია, ამ გადასახადის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაზლოა მართლაც მოგვიწიოს თანამშრომლების გაშვება რადგან არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს ხელფასების დაფინანსების სხვა რესურსი. შესაბამისად, ჩვენ დაგვიდგება კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემა...
ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ უფლებათადაცვითი ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ არამარტო მედიის წარმომადგენლებს არამედ ნებისმიერ მოქალაქეს. ანუ გამოდის, რომ უპირველეს ყოვლისა, სოციალურად ისედაც დაუცველი მოქალაქეები დარჩებიან უფასო იურიდიული თუ უფლებათადაცვითი დახმარების გარეშე...ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ არასამთავრობოებს – მე, ანუ მედიას და მოსახლეობას ვეღარ დაიცავთ ისე აქტიურად. ესაა, ამ 20% – იან განაკვეთში ყველაზე პრობლემატური... უცნაურია, მაგრამ თქვენ სწორედ ეს არ თქვით...
–არა, ესეც ვთქვით, მაგრამ სხვა საკითხებთან ერთად, და შეიძლება ამაზე საკმარისად არ გაკეთდა აქცენტი. მართლაც, ჩვენ ასი ათასამდე მოქალაქეს ვიცავთ წლის განმავლობაში – ვუწევთ უფასო იურიდიულ დახმარებას. ცხადია, ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება ამ მასშტაბების შენარჩუნება.