რატომ არ აწყობს ხელისუფლებას რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა

რატომ არ აწყობს ხელისუფლებას რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მომიზეზებისა და ტექნიკური პრობლემების გამო საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გამიზნულად ხდება, რადგან ხელისუფლებამ ძალიან კარგად უწყის ემიგრანტების ოპოზიციური განწყობის შესახებ; თორემ, სურვილის შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა.

მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობას სათავისოდ გამოიყენებდა და ემიგრანტებს არჩევნებში ხმას არ მიაცემინებდა, იმთავითვე არსებობდა. ამის წინაპირობას ისიც ქმნიდა, რომ არათუ რუსეთში, სხვა საზღვარგარეთულ ქვეყნებში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს  ხმის მიცემის პროცედურა გაურთულეს და მხოლოდ საკონსულოში აღრიცხვაზე მყოფთათვის დაუშვეს გამონაკლისი.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში ჩვენი მოსახლეობის უმეტესობაა მიგრირებული, ამ ადამიანების ხმები სერიოზულ დანაკლისად უნდა ჩაითვალოს. ამ საკითხზე For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, არც ხელისუფლება მალავს, რომ ემიგრაციის უდიდესი ნაწილი რუსეთში იმყოფება. ამდენად, არჩევნებში მათთვის ხმის მიცემის აკრძალვა დანაკლისი იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. უფრო მეტიც – ექსპერტის თქმით, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და კარგი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოტივით ნამდვილად არ წასულან რუსეთში, არამედ სწორედ იქიდან ინახავენ ოჯახებს. ამდენად, ხელისუფლების პოლიტიკა, ეს ადამიანები ქართული სინამდვილიდან მოკვეთოს და მათ არჩევანის ფუნდამენტური უფლება წაართვას, დიდი ცინიზმია.

„ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე, ადრეც გვსმენია, რომ, ვინც რუსეთში რაღაცას აკეთებს, ლამის მოღალატეებად არიან გამოცხადებულნი. ბუნებრივია, ამ ხელისუფლებას ემიგრაცია მთლიანად არ აძლევს ხმას (მხოლოდ რუსეთზე არ არის საუბარი), რადგან ემიგრაციაში ხალხი ზუსტად იმიტომაა, რომ ხელისუფლებამ მათ გაუსაძლისი პირობები შეუქმნა. მმართველი გუნდისთვის ემიგრაცია სახიფათოა. არა მხოლოდ რუსეთში, სხვაგანაც კი, სადაც არჩევნები შედგება, სხვადასხვა მიზეზით არ არეგისტრირებენ ამომრჩეველს და არალეგალები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. დიდი ბოდიშით, მაგრამ განა საქართველოს საელჩოს საქმეა ლეგალისა და არალეგალის გარჩევა?! რატომ თხოვენ მათ ცნობებს, თუ სად არიან ჩაწერილნი?! ხშირად ასეთი შემთხვევებიცაა, რომ ერთი ემიგრანტი ქირაობს ბინას და რამდენიმე მათგანი ცხოვრობს ამ ბინაში, მათ შორის, ლეგალები. ანუ ხელისუფლება ქმნის ყველანაირ პრობლემას, რომ, რაც შეიძლება, ნაკლებმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“ – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, როცა სჭირდებათ, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ამიტომ, თუკი ამ არჩევნების გამო რაიმე დაძაბულობა შეიქმნება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის გარიგების შედეგია. მათ შორის, ცალკე თემაა რუსეთ-საქართველოს ვირტუალური ომი, მაგრამ რა ხდება კადრს მიღმა, ეს ჩვენ არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, დაზარალებული გამოდის საქართველო.

გია ხუხაშვილის აზრით, დაუშვებელია, როდესაც ასეთი წმინდა ფორმალისტური მიდგომით, ასეულობით ათას ქართველს უარს ეუბნებიან ხმის მიცემის მთავარ უფლებაზე.

„სხვათაშორის, იმავე აშშ-დან სხვადასხვა ქვეყანაში ამა თუ იმ მიზეზით გასული ხალხი ფოსტითაც კი აძლევს ხმას, რისთვისაც მათ არჩევნების დღემდე გარკვეული პერიოდი ეძლევათ. ასე რომ, სურვილის შემთხვევაში, ბევრი მექანიზმი არსებობს. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას მხოლოდ ერთი ამომრჩეველი სჭირდება. ეს არის თავად მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება, ასეთი ერთგული მხოლოდ 30 ამომრჩეველი ჰყავდეთ, თავად მიხეილ სააკაშვილისა და მთელი მისი საახლობლო წრის ჩათვლით, რადგან მის შორეულ გარემოცვაში მიშა სააკაშვილს უკვე აღარ აძლევენ ხმას. ზუსტად ამიტომ აქვთ ასეთი წივილ-კივილი ატეხილი. მათ უნდათ, ისეთი გარემო შექმნან, სადაც ამომრჩევლად იქნება სამი კაცი – მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია. თუმცა ოჯახის წევრები აძლევენ თუ არა ნაციონალებს ხმას, ამაში დარწმუნებული არ ვარ“.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის მონაცემებით, მილიონ–ნახევარი ადამიანია გასული უცხოეთში და აქედან მილიონზე ცოტა მეტი – რუსეთში. ამდენად, მათთვის ხმის მიცემის ჩამორთმება საქართველოსთვის დანაკლისია.

„რუსეთში ასეთი უბნების გახსნას არ აპირებენ. არადა, ერთი უბანიც რომ გახსნილიყო, მილიონი ადამიანისთვის ეს საკმარისი არ იქნებოდა. ესენი ხომ სწორედ იმ ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც აქტიური შრომით არიან დაკავებულნი“.  

დემოგრაფი თომა გუგუშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოდან, რუსებისა და სხვა ეროვნების ადამიანების ჩათვლით, სულ მილიონი ადამიანია წასული. აქედან,  რუსეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტია წასული, რომლის 50%-საც   ორმაგი მოქალაქეობა აქვს მიღებული.

„თუ რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება, დაახლოებით 200 ათასი ხმა დაგვაკლდება, რადგან რუსეთში მცხოვრები 500 ათასი ემიგრანტიდან, ყველა არ მივა არჩევნებზე, ზოგიერთს ორმაგი მოქალაქეობა, ზოგიერთს კი შიში აქვს. ამიტომ რეალურ ხმებად სადღაც 200 ათასამდე უნდა ვიანგარიშოთ“.

ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე ეთანხმება იმ აზრს, რომ  რუსეთში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა გასული. საუბარია ასობით ათას ადამიანზე, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რუსეთის მოქალაქეა, მათ ჩუმ-ჩუმად ორმაგი მოქალაქეობა აქვთ მიღებული. ამდენად, ისინი ამის აფიშირებას მაინცდამაინც არ მოახდენენ და არ ეცდებიან, გამოჩნდნენ საარჩევნო უბნებთან.

უფრო მეტიც – ზურაბ აბაშიძე 2003 წელს ჩატარებული არჩევნების გამოცდილებას იხსენებს, როდესაც რუსეთში მცხოვრები არალეგალები ცდილობდნენ, საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ. ამდენად, 2003 წლის არჩევნებში ქართულმა მხარემ არჩევნებში მონაწილე დაახლოებით 50 ათასამდე კაცი დააფიქსირა.

„მას შემდეგ ბევრმა დრომ გაიარა და, ალბათ, ეს მონაცემიც შემცირდებოდა, რადგან დანარჩენი ემიგრანტებიც თავიანთი იურიდიული მდგომარეობის ლეგალიზებას შეეცდებოდნენ. ასე რომ, შეხედულება, თითქოს რუსეთში არჩევნების ჩაუტარებლობის გამო მილიონობით ხმა იკარგება, მთლად სწორი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილება ასეთია. რუსეთში ჩვენი უამრავი თანამემამულეა, მაგრამ ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები. ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის საარჩევნო უბანთან და ფოტოკამერებთან არ მიდის“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 მისივე აზრით, იმის გამო, რომ რუსეთში საქართველოს საელჩო არ არის, იქ  არსებული შვეიცარიის საელჩო არ დაიწყებს ჩვენი არჩევნების ჩატარებას.

„ამ საკითხში გამოსავალს ვერ ვხედავ. შვეიცარიელები ამას ჩვენს მაგივრად არ გააკეთებენ. თავისთავად, ეს ხმები დაკარგულია, რადგან 50 ათასი ემიგრანტი თუ არა, ამის ნახევარი მაინც ხომ მივიდოდა ჩვენს არჩევნებზე?!“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.   

დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, რუსეთში მილიონამდე ქართველი იყოს წასული, რადგან მაშინ მილიონზე მეტი ადამიანი უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყანაში საქართველოდან გასული. და, თუ ასეა, მაშინ ქართველი აღარ დარჩენილა საქართველოში. თუმცა ეს მონაცემები არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულეა წასული. დაზუსტებით მათი რიცხვის თქმა კი ძნელია.  

„რუსეთში დაძაბულობის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაიზარდა ქართველების მიგრაციული ნაკადი. 2006-2009 წლებში, მარტო თითოეულ წელიწადში, რუსეთისკენ მიგრანტთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა, ვიდრე ეს იყო 2003-2004 წლებში. ეკონომიკური კრიზისის შედეგად უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, მაგრამ წლეულს, წლის პირველ ნახევარში, ეს გზავნილები ისევ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა და, ამის შედეგად, ფულადი გზავნილები მატულობს. რუსეთში წამსვლელთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე, ერთად აღებული, თურქეთსა და საბერძნეთში ან სხვა ქვეყანაში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოდან გასული მთელი მოსახლეობის 75% მოდიოდა რუსეთზე, რადგან მაშინ არ იყო ენის ბარიერი; 90-იან წლებში მიმოსვლა თავისუფალი იყო, ვიზების გარეშე. ამას ემატებოდა ნათესაური და ძველი კავშირები. ამის შემდეგ კი ენის ბარიერი გართულდა, ახალგაზრდებმა სხვა ენები შეისწავლეს, რამაც ხელი შეუწყო, რომ თანდათანობით კავშირები დასავლეთისკენ გაიზარდა“.

ანზორ თოთაძის თქმით, რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, რამდენიმე ასეული ათასი. ექსპერტის აზრით, ეს ადამიანები ხმის მიუცემლად რჩებიან, რადგან, როგორც წესი, არჩევნებს არასამუშაო დღეს ნიშნავენ რუსეთში. საერთოდ, იქ არჩევნებისთვის კვირა დღეა მიღებული.

„ჩვენმა ხელისუფლებამ არჩევნებისთვის ორშაბათი დღე შემთხვევით არ დანიშნა. მათ იცოდნენ, რომ საზღვარგარეთ მომუშავეებს სამსახურიდან წასვლა გაუჭირდებოდათ. გარდა ამისა, ყველგან, სადაც ქართველი ცხოვრობს, ხომ ვერ გახსნიან საარჩევნო უბანს? უბნებს გახსნიან დიდ ქალაქებში ე.ი. ემიგრანტი იმ ქალაქში უნდა ჩავიდეს და უკან დაბრუნდეს. ამაში ორი დღე იხარჯება. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რადგან ბოლო დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მიხვდნენ, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არ აქვთ, ეკონიმიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ისინი უკან მივიღოთ. ამას მიხვდნენ ნაციონალებიც, რომ, თუ ადრე მათ ხმებს აძლევდნენ და გაყალბებაც მოდიოდა, ახლა ემიგრანტები უკვე ნაციონალებს აღარ მისცემენ ხმას“,–აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისივე განმარტებით, ქართველი ერი მიგრირებადი ერი არ არის და ჩვენ მიგრაცია არასდროს გვახასიათებდა. მთელ საბჭოთა კავშირში ქართველობის 98%-მდე ცხოვრობდა თავისსავე ქვეყანაში, ანუ საქართველოში. ეს არცერთ ერს არ ახასიათებდა. მაგალითად, საბჭოთა კავშირში მცხოვრები სომხების მხოლოდ 65% ბინადრობდა სომხეთში, დანარჩენები სხვადასხვა რესპუბლიკებში იყვნენ გასულნი.

„გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ასეთი მენტალიტეტი: „არ გავცვლი სალსა კლდეებსა...“; „დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო...“; სხვათა შორის, დავით გურამიშვილი მირგორიდიდან თავის სამშობლოს ასე მიმართავდა: „სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო, ვეძებე და შენი მსგავსი მე აქ ვერსადა ვნახეო; გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვკჰვდე, შენ კერძ დამმარხეო“. სწორედ ამ იდეით იზრდებოდა ქართველი კაცი და ახლა ისე გაუჭირდათ, უბრალოდ, საჭმელი აღარ აქვთ. ოჯახის დამშევამ ქართველები აიძულა, გადახვეწილიყვნენ. საუბედუროდ, ვინც წავიდა, უკან მოხედვაც აღარ უნდათ. ფაქტობრივად, ეს ხალხი დაკარგულია. დაბრუნებაც რომ უნდოდეთ, როცა კაცი 20 წელი უცხოეთში ცხოვრობს, ის უკვე დაკარგულია. მათი სამყარო იქ არის და აქ დამბრუნებლები, ძალიან მცირე ნაწილის გარდა, არ არიან“.

„არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ დირექტორის, კახა კახიშვილის აზრით, ხელისუფლებამ რუსეთში მინიმალური რაოდენობის საარჩევნო უბნები მაინც უნდა გახსნას. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო საარჩევნო უბნებს ვერ გახსნიან, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან რუსეთში ჩვენი საკონსულო მუშაობს, კონსული დანიშნულია და სურვილის შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლიათ. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობითაც ხელეწიფებათ.