„ნურას უკაცრავად, ეს ქვეყანა იმისთვის არ აგვიშენებია, რომ თქვენისთანა მნგრეველებს, მღრღნელებს გადმოვაბაროთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში იუსტიციის სახლის გახსნისას და აღნიშნა, რომ საქართველო წინსვლას გააგრძელებს. „პირველი მიზანი მათი არის, ქუთაისში პარლამენტის დახურვა და მათი საკონცერტო დარბაზად გადაკეთება. ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები, რამდენიც უნდა. ჩვენ გვინდა, აქ იყოს პოლიტიკური, დემოკრატიული ცენტრი. ვინც შეჩვეულია თავის კარებში გოლების გატანას, ის ჩვენს კარებს ვერ აიღებს, იმიტომ, რომ აქ მაგარი მეკარეები დგანან“, -სააკაშვილმა ეს უკვე ქუთაისში თქვა.
მსგავსი გამონათქვამები საქართველოს პრეზიდენტისგან აღარავის უკვირს, თუმცა უცნაური ისაა, რომ მთელი „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის ენაზე ალაპარაკდა და ყრილობაზე ხან კლასების გაქრობით ემუქრებოდნენ არანაციონალებს, ხანაც ვირთხების, სიბნელისა და სიბინძურის ეპოქაში დაბრუნებით აშინებდნენ. რისი მიღწევა სურს ამით „ნაციონალურ მოძრაობას“, რას ემსახურება მსგავსი გზავნილები, ვინ არის მისი ადრესატი და რისი მიღწევა სურს ამით მმართველ პარტიას, ამ და სხვა თემებზე საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
- მისი ძირითადი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, ადამიანი, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში და რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, სააკაშვილს ეხმარებოდა იმ რეფორმების გატარებაში, მათ შორის ფინანსურადაც, რომელზეც დღეს ამბობს, რომ ამ ყველაფრის ერთპიროვნული შემსრულებელია.
იმ გზებს, შენობებს, ქალაქებს, რომელზედაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ბიუჯეტის ფულით აფინანსებდა, დღეს გამოჩნდა, რომ მათგან დიდი ნაწილი არის ივანიშვილის დაფინანსებული.
ამ ორატორიით გადაფარვა ხდება - ყველას იქით აწებებს სხვადასხვა იარლიყებს, რომ საკუთარი თავი ამ ასოციაციებისგან გაითავისუფლოს. რამდენადაც მახსოვს მთელი ეს პერიოდი შევარდნაძესთან ასოცირდებოდა, ყველა ის რეფორმა რაც შევარდნაძის დროს ხორციელდებოდა, „მოქკავშირის“ ახალგაზრდულ ფრთას ეკუთვნოდა - ყველა გამგეობასა თუ გუბერნიაში ჟვანია-სააკაშვილის ხალხი იყო ან პირველი პირები, ან როგორც მინიმუმ - მოადგილეები.
სხვათა შორის, დღესაც შეგვიძლია ვიხილოთ მათ სიებში რამდენიმე გუბერნატორი, რომელიც შევარდნაძის დროსაც გუბერნატორი იყო, ან მისი მოადგილე, ასევე რამდენიმე გამგებელი, რომელიც დღეს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელია. ასე რომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გადაფარვის ტაქტიკა.
ერთის მხრივ, ივანიშვილზე, როგორც წარსულზე ლაპარაკი, სწორიცაა - ახლა შესაძლოა მართლაც ისეთი ურთიერთობა აქვს სააკაშვილს ივანიშვილთან, რომ მათი ურთიერთობა მართლაც წასულია, რადგან ერთად ვერასოდეს ვეღარ იქნებიან, მაგრამ აუცილებელია, გავიხსენოთ, რომ წლების მანძილზე ეს ადამიანი ჭრიდა იმ შენობების ლენტებს, რომლის აშენებასაც ივანიშვილი აფინანსებდა.
საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის და არა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, სამწუხაროდ 2004 წლიდან მოყოლებული თუ ვინმემ საზოგადოების პოლარიზება მოახერხა, ისევ და ისევ ჩვენმა დღევანდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც პირველივე დღიდან მისი მმართველობისა, ხაზი გაავლო მის გულშემატკივრებსა და დანარჩენებს შორის.
ის ვერ გრძნობს თავს ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტად. ის მხოლოდ და მხოლოდ მისი მხარდამჭერების პრეზიდენტად გრძნობს თავს, ამიტომაც ძირითად დროს მათი ოცნებების ასრულებას უთმობს და არა მთელი საქართველოსი.
მიხეილ სააკაშვილს უკვე ერთი წელია ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი არ უხსენებია. თავის ყველა განცხადებაში საუბრობს მუდმივად ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ მის სახელს ვერ თუ არ ამბობს…
- ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც მუმიებზე, ჩარეცხილებზე საუბრობს, ივანიშვილს გულისხმობს. არ ახსენებს იმიტომ, რომ სააკაშვილს ხასიათში აქვს, რომ როდესაც ადამიანი ძალიან აღიზიანებს, მის სახელს არ ახსენებს, რაღაც კონკრეტულ ამოცანამდე. დარწმუნებული ვარ, იმ ამოცანას თუ ამოხსნის, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით დარჩეს, მის სახელს არაერთხელ ახსენებს შემდგომში.
ჯერჯერობით მისი ტაქტიკაა, არ უსვამს ხაზს, რომ ივანიშვილი იმ დონეზეა, სააკაშვილმა რომ ახსენოს, ანუ ღირსად არ თვლის, მაგრამ მინიშნებებით, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილზეა საუბარი.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ცოტა არ იყოს, უცნაური დებატები გაიმართა, იყო შანსი, ერთმანეთის პირისპირ გვეხილა სააკაშვილი და ივანიშვილი, თუმცა როგორც ჩანს, მსგავსი რამ არ მოხდება...
- მე ვთვლი, რომ ეს არ იყო დებატები, ეს იყო პოლიტიკური შოუ. დებატი სულ სხვა ფორმატია. ეს იყო შოუ, სადაც ხელისუფლების და სხვა პარტიების წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი ლოზუნგები, საკუთარი თავები წარედგინათ საზოგადოებისათვის. ვერ მოვისმინე კრიტიკული განცხადებები და მოსაზრებები ერთმანეთის მიმართ. უფრო თავის წარმოჩენით იყვნენ დაკავებულები, ვიდრე ერთმანეთთან კრიტიკული ან სხვა სახის კითხვების დასმით. სხვათა შორის, ყველაზე მეტად შალვა ნათელაშვილის გამიკვირდა, რადგან გიორგი თარგამაძე მაინც პარლამენტშია და მას ყოველთვის აქვს დებატებში მონაწილეობის საშუალება, თუნდაც მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში მიბრძანდება ან მთავრობის წევრები მივლენ, მაგრამ ძალზე გასაკვირი იყო შალვა ნათელაშვილის ასეთი შერბილებული რიტორიკა, ვინაიდან ბევრჯერ წამიკითხავს მისი კრიტიკული წერილები, მინახავს მისი კრიტიკული გამოსვლები ტელევიზიით, მაგრამ დებატების დროს მაინც და მაინც ისეთი კრიტიკული არ იყო, თუ შევადარებთ, როდესაც ის მარტო გამოდის ხოლმე ტელეეთერით.
რაღაც მომენტში იყო შალვა ნათელაშვილი კრიტიკული, როდესაც ვანო მერაბიშვილს გაახსენა პოლიციის მიერ ჩახოცილი ახალგაზრდების შესახებ, თუმცა მას ამ ბრალდებაზე პასუხის მიღების საშუალება არ მიეცა, ასევე ჩამოთვალა ბიზნესები, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში, თუმცა ეს ვანო მერაბიშვილმა მხოლოდ გაიკვირვა...
-ფორმატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დებატები შემდგარიყო, ერთია, როდესაც განცხადებებს, აკეთებ, ხოლო მეორე – როდესაც დებატში შედიხარ. ეს უფრო პოლიტიკური თოქ-შოუს ფორმატი იყო ვიდრე პოლიტიკური დებატის.
ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეს ამ შოუში მონაწილეობა რაზედაც უარი განაცხადა, სწორედ იმ მოტივით, რომ ეს არ იყო დებატების ფორმატი და მისი ოპონენტი სააკაშვილი იყო და არა მერაბიშვილი. თუმცა შემდეგ უმრავლესობის პრეს-სპიკერმა ივანიშვილის უარი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.
- ამას როგორმე თავად ქართველი ხალხი გაარკვევს, შეურაცხჰყო თუ არა რამენაირად, ბიძინა ივანიშვილმა. აქ, უბრალოდ, ერთი მომენტია, უნდა მიეღო დებატებში მონაწილეობა, რადგან მას ჰქონდა შანსი, შეეცვალა ის ფორმატი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირი კითხვებით რომ გადასულიყო, მერაბიშვილთან, თარგამაძესთან ან თუნდაც ნათელაშვილთან, სხვა ფორმატი იქნებოდა და უფრო საინტერესო საყურებელი გახდებოდა. ყველა საარჩევნო სუბიექტი საკუთარ ტაქტიკას თვითონ განსაზღვრავს, მგონია, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის გადასაწყვეტია, უნდა შესულიყო თუ არა ასეთი ტიპის დებატებში, მაგრამ ჩემი აზრით უნდა შესულიყო, რადგან არ ვთვლი, რომ ოპოზიცია ისეა განებივრებული, რაღაცაზე უარი თქვას. ნებისმიერი ფორმატის შეცვლა შესაძლებელია, როდესაც ის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. პირდაპირი ეთერი საშუალებას, რომ უფრო მწვავე და საინტერესო გახადო.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ რეგიონში კვლავ დაბნეულობაა და ჯერაც ვერ გაუგიათ, როგორია პოლიტიკური რეალობა, შესაძლოა, სასარგებლოც ყოფილიყო, რადგან „მასთ ქერის“ ამოქმედების მიუხედავად, ტელევიზია, რომელსაც ისინი უყურებენ ამის საშუალებვას კვლავ არ იძლევა...
- ვისაც უნდა, იმან ყველაფერი იცის, ვისაც არ უნდა, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს. ასე რომ, ისევ და ისევ, კოალიცია უნდა გააქტიურდეს, უნდა გააქტიურდეს მოსახლეობასთან შეხვედრები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი არხები ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაციას არ შეუწყობენ ხელს.
თუ ვინმემ კიდევ არ იცის ივანიშვილის პროგრამა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კოალიციის მხრიდან ტექნიკურ პრობლემებზე. გამოდის, რომ ისე ვერ უზრუნველყვეს მათ აქციების ჩატარება, რომ მოსახლეობას ყველაფერი კარგად სცოდნოდა, თუმცა მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც უნდა ამისი ცოდნა, მან შესანიშნავად იცის ყველაფერი.
ალბათ მეტი ინფორმაციის მიღების შანსს „მაესტროს“ ანტენების ყადაღიდან გათავისუფლებაც შეუწყობს ხელს...
- ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევდა ამ ყადაღის მოხსნა, რადგან აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ყადაღა არის პროცესუალური მოქმედება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს ყადაღის დადების საუძვლებს.
ჩვენთან სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ჩანაწერი, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს ერთი პირის სურვილის საფუძველზე, არც ასეთი მითითებაა, რომ ყადაღა დაედოს ძალოვანი, ან სამართალდამცავი სტრუქტურების სურვილის ან ვარაუდის საუძველზე. ასე, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ჰქონდათ ყადაღა დადებული და „ეს შენ გეხებას ფარგლებში“ ჩვენ მივწერეთ კიდეც, რომ ან მტკიცებულებები წარმოედგინათ, ან ყადაღა მოეხსნათ.
ხელისუფლების სურვილი რომ არ იკვეთება, რამენაირად უზრუნველყოს თავისუფალი მედიის ტრანსლირება, ეს ხომ ფაქტია - 2004 წლიდან ხომ ვხედავთ, როგორ ხდებოდა იგივე წილების გადაფორმებები, ტელეკომპანიების დახურვები და ა.შ. ამ გადაწყვეტილებით ერთის მხრივ, ვერ შეეწინააღმდეგნენ ამხელა არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მოთხოვნას, მეორე მხრივ, შეეცდებიან, ტექნიკურად რამენაირად ისე გაწელონ ეს პროცესი, რომ შეუსრულებადი გახადონ ამ არჩევნებისთვის მაინც.
საინტერესო იქნება, თვითონ „მაესტრო“ რა ფორმატს შეთავაზებს და რა იქნება ხელისუფლების პასუხი ამაზე. თუ ერთი მხრივ, „მაესტრო“ შეთავაზებს ისეთ ფორმატს, რომ ტექნიკურად უმოკლეს ვადაში მოხერხდეს ამ ანტენების დამონტაჟება, მეორე მხრივ, ხელისუფლება შეეცდება ეს დროში ისე გაიწელოს, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს.
ასე რომ, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, მივესალმებით უწყებათაშორისი კომისიების გადაწყვეტილებას, მაგრამ მეორეს მხრივ, გავაგრძელებთ მის მინიტორონგს და შევხედავთ მხარეთა პოზიციებს - ეს იყო უწყებათაშორისი კომისიის ის ნაბიჯი, რომ რეალურად დარიგდეს ანტენები თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუქმნან რწმენა, რომ ძალიან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოა.
თუმცა მაშინ, როცა თურმე მხოლოდ უწყებათაშორის კომისიას შეუძლია ასეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიცაა აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ყადაღის მოხსნა-არმოხსნა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, პოლიტიზირებულია სამართალდამცავი სისტემა, რადგან როგორც წესი, თუ სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილება მყარად არის დასაბუთებული, არ უნდა იცვლებოდეს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ყადაღების დადება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ყადაღების მოხსნაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
უფრო იმისი გავლენა ხომ არ არის, რომ ბოლო დროს საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელია?
- ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ რაც შეიძლება, მალე ჩამოსულიყვნენ უცხოელი დამკვირვებლები, არა იმიტომ, რომ რაღაც სასწაულს მოახდენდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი აქ ყოფნა პრევენციის მექანიზმია და ვიცით, რომ ეს პრევენცია კარგად მუშაობს ხელისუფლებაზე. დავინახეთ კიდეც, რომ მანამ, სანამ ისინი არ ჩამოვიდნენ, მანამ, სანამ არ განთავსდა გრძელვადიანი მისია, ვიდრე ეუთომ და ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ არ გააკეთეს ძალიან მკვეთრი, პრევენციული განცხადებები, სამწუხაროდ, მიდგომები იყო უცვლელი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებაა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის ფონზე.
ერთია, როდესაც რაღაც პრობლემებზე საუბრობს პოლიტიკური სუბიექტი, ხოლო მეორე - როდესაც განცხადებას აკეთებს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ერთობლივად შესაძლებელია, რაღაც შედეგის მიღება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორი იქნება უახლოესი სამი კვირა?
- ერთის მხრივ, ვირტუალურად შეეცდებიან, უცხოელებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს დაანახონ, რომ განწყობილები არიან დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის, მეორეს მხრივ, შიდა მოხმარებებში, ისე, რომ აშკარად არ გამოჩნდეს, იქნებიან ხისტები ამ საარჩევნო პროცესში. ასე, რომ ამ კამპანიას ორი სახე ექნება - ერთი უცხოელებზე გათვლილი, ხოლო მეორე – ხისტი მიდგომები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ. დიდ აქციებზე შეეცდებიან მაინც და მაინც პრობლემები არ შექმნან, პატარ-პატარა ხელისშეშლები ყოველთვის იქნება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ისევ ექნება ადგილი.
ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, პირველი პირიც და აბსოლუტურად ყველა ლიდერი, რომ ისინი არ დათმობენ ხელისუფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ დათმობენ არც ერთ ბერკეტს, რომელიც კი უზრუნველყოფს ხელისუფლებაში მათ დარჩენას. მეორეა, რომ შეეცდევიან ეს ყველაფერი ვიზუალურად იმდენად არ ყვიროდეს, რომ უცხოელები გაღიზიანდნენ.