ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება აქტიურად ემზადება. ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება უკვე დიდი ხნის დაწყებულია, რაშიც დიდი როლი ერთიან საარჩევნო სიასაც ეკისრება. „ამომრჩეველთა ლიგაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დაახლოებით მილიონი არ არსებული ამომრჩეველი ჰყავს სიაში დაფიქსირებული და ეს ხმები პრაქტიკულად ჯიბეში უდევს. მათი უმეტესობა კი უცხოეთში წასული ადამიანები არიან. ამიტომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, შეძლებენ თუ არა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები თავიანთი არჩევანის დაფიქსირებას.
არჩევნებში მონაწილეობისათვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვის გავლა ევალება. ამისათვის მან ან ადგილზე საკონსულოს, ან საარჩევნო უბანს უნდა მიმართოს.დღევანდელი მდგომარეობით, საკონსულო რეგისტრაციის გავლა ძირითადად უცხოეთში ლეგალურად მყოფ პირებს შეუძლიათ, არალეგალებს კი, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, უცხოეთში საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობის ან სხვა აღიარებული დოკუმენტის წარდგენა ევალებათ. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ მეთოდით საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მცხოვრები ამომრჩვლისთვის ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რადგანაც ამ კატეგორიის ამომრჩეველთა უმეტესობა ოპოზიციურად არის განწყობილი. შესაბამისად, მმართველ გუნდს არჩევნებში მათი მონაწილეობა ხელს არ აძლევს.
ყველაფერ ამის ფონზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, უცხოეთში მყოფ ამომრჩევლებს საარჩევნო რეგისტრაცია გაუმარტივა. ცესკო-ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ცესკო-მ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭიროა, რომ ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ.
„იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღეს იქნებიან საქართველოში, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ცესკო-ს მხრიდან ეს მხოლოდ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, სინამდვილეში კი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის რეგისტრაციის პროცედურა არათუ გამარტივდა, არამედ გართულდა. ამასთან დაკავშირებით კოალიციამ სასამართლოს მიმართა და ამ პროცედურების გამარტივებას ითხოვს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ მარაქველიძე for.ge-სთან ცესკო-ს მიერ 9 სექტემბერს მიღებული დადგენილებაზე საუბრობს, რომლითაც ერთის მხრივ, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 13 სექტემბრამდე გაგრძელდა, ხოლო მეორეს მხრივ დამატებითი ბარიერები დადგინდა.
„დადგენილებაში ჩაიწერა, რომ თუ ამომრჩეველს სურს, უცხოეთში საარჩევნო რეგისტრაცია გაიაროს, ის პირადად უნდა გამოცხადდეს ადგილზე, ან მისი განცხადება უნდა წარადგინოს პირმა, რომელსაც ნოტარიული წესით დამოწმებული რწმუნებულება გააჩნია. კანონი ასეთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. მაგალითად, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ფოსტის მეშვეობით არის შესაძლებელი, ანუ ადამიანმა შეიძლება შესაბამისი საბუთები მოაგროვოს და ფოსტის მეშვეობით გადაგზავნოს, ან ელექტრონული ფოსტა გამოიყენოს. პირადად გამოცხადება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვისაც კი არ არის საჭირო“, - აღნიშნავს ზურაბ მარაქველიძე.
იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეები ძირითადად მატერიალური სიდუხჭირის გამო არიან წასულები და იქიდან საქართველოში მყოფ ოჯახებს არჩენენ. ამ დროს როდესაც მათ ეუბნებიან, რომ საარჩევნო რეგისტრაცია სამუშაო დღეებში უნდა გაიარონ და ამისთვის პირადად უნდა მივიდნენ საკონსულოში ან საარჩევნო უბანზე, მარაქველიძის აზრით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
„როდესაც ამ ადამიანებს ეუბნები, რომ საარჩევნო რეგისტრაციისთვის სამუშაო დღეს უნდა წავიდნენ, მაგალითად მილანიდან რომში, ან ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში, მათთვის ეს სერიოზული დაბრკოლებაა. ამიტომ ისინი იძულებულები არიან არჩევანი გააკეთონ, ან არ დარეგისტრირდნენ, როგორც ამომრჩევლები, ან გარისკონ და სამსახური მიატოვონ, რის გამო შეიძლება სამუშაო ადგილი დაკარგონ კიდეც“, - აღნიშნავს მარაქველიძე.
გარდა ამისა, ცხადია, რომ ასეთი გადაადგილებები გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც თავისთავად ასევე დაბრკოლებაა უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისათვის. ამიტომ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცესკო-მ კი არ გააადვილა, არამედ რეალურად კიდევ უფრო გაართულა საარჩევნო რეგისტრაცია, რადგან ჯერ ერთი, გაგრძელებული ვადა მაინც სამუშაო დღეებს ემთხვევა, და მეორეც, ამომრჩეველი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს რეგისტრაციის გასავლელად.
„ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვისაუბროთ, ამ ყველაფერს თაღლითობის სუნი ასდის. ეს არის საპიაროდ გაკეთებული სვლა, ვითომ კარგი რამე გააკეთეს, თითქოს ამომრჩევლებზე ზრუნავენ და პროცედურები გაუმარტივეს, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით არის. ცესკო-ს ეს დადგენილება საქართველოს მოქალაქეებს მათი კონსტიტუციური უფლების, არჩევნებში მონაწილეობის რეალიზებაში უშლის ხელს“, - ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი.
სარჩელით, რომლითაც კოალიციამ სასამართლოს მიმართა, „ქართული ოცნება“ ითხოვს, ცესკო-ს ამ დადგენილებიდან ამოღებულ იქნას ის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად პირადად უნდა გამოცხადდეს ადგილზე და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად საჭირო დოკუმენტაცია ფოსტით, ან თუნდაც ელექტრონული ფოსტით გაგზავნონ და რეგისტრაცია თავიანთი სამუშაო ადგილიდან მოწყვეტის გარეშე გაიარონ.
ზურაბ მარაქველიძე ამბობს, რომ სწორედ 9 სექტემბერს ცესკო-ში ალტერნატიული დადგენილების პროექტიც იყო წარდგენილი, რომელიც ჩავარდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის კენჭისყრა ერთი დღით ადრე, ანუ 30 სექტემბერს (კვირას) ჩატარებულიყო. ეს მოთხოვნა იმან განაპირობა, რომ უცხოეთში 1 ოქტომბერი დასვენების დღე არ არის, რაც იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის და მარაქველიძის განცხადებით, ხელისუფლებამ თავიდანვე სწორედ ამაზე გააკეთა გათვლა.
და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დააფიქსირა, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციაში არ გაიხსნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ამიტომ კალანდაძის თქმით, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„ეს ძალიან რთული საკითხია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდა ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელთანაც ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური თვალსაზრისით თანამშრომლობს, იქ სადაც გვაქვს გახსნილი საელჩო და საკონსულოები და ასეთი ძალიან ბევრი ქვეყანაა. რაც შეეხება მოსკოვში საარჩევნო უბნის გახსნას ეს ძალიან პრობლემური საკითხია, ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ, თქვენ იცით, დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში ძალიან რთულია უზრუნველყო უსაფრთხო და დაცული პირობები საქართველოს მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, მითუმეტეს ჯერ კიდევ გაუმართავად მუშაობს ჩვენი სექცია. ასევე შეზღუდული ბერკეტები გვაქვს ვიზების მიღების შუამდგომლობის თვალსაზრისით, რაც აუცილებელია პარტიული წარმომადგენლებისთვის, რათა რუსეთში გამგზავრებულიყვნენ" - განაცხადა კალანდაძემ.
ამდენად, ზოგადად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სერიოზული ბარიერები ექმნებათ, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს კი საარჩევნო უბნებსაც არ გაუხსნიან. ყველაფერი კი უკანასკნელ პერიოდში ქართველი ემიგრანტების გააქტიურებით არის გამოწვეული. ცხადია, ხელისუფლება ხვდება, რომ ეს ადამიანები მმართველი პარტიისთვის ხმის მისაცემად არ იღწვიან. ამიტომაც მათ სერიოზული პრობლემები ექმნებათ.