ბოლო დროს საქართველოში უცხოელი სტუმრები საკმაოდ უცნაური მისიით ჩამოდიან, თითქმის ყოველდღიურად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას აფრთხილებენ, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს და კანონი დაიცვას.
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი დელეგაცია ეწვევა. აშშ-ს საელჩოს განმარტებით, დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგადაც ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს.
აშშ-ის საელჩოში, აცხადებენ, რომ „სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს, რომლის დროსაც დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. აგრეთვე სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი“.
ამ საგულისხმო ტენდენციასა და წინასაარჩევნო ვნებათაღელვაზე ფსიქოლიგი ზურაბ ბიგვავა გვესაუბრება.
ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის მთავრობა მეორე ქვეყანასთან სტუმრად ჩადის იმის სათხოვნელად, რომ მან დაიცვას და აღასრულოს კანონი?
- თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ ეს უწყებათაშორისი კომისია ჩამოდის იმისათვის, რომ თხოვოს თუ აიძულოს ჩვენი ხელისუფლება, აღასრულოს კანონი, თუ ასეთი ფორმულირებაა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკლელები არიან შეშფოთებული, ისინი ელოდებიან, რომ ეს ხელისუფლება ჩაატარებს გამჭვირვალე არჩევნებს და ძალზე დიდი იმედი ჩნდება, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე და ობიექტური იქნება.
გასულ კვირაში საქართველოს ბევრი უცხოელი სტუმრობდა, მათ შორის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ის შეხვედრები, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შედგა, ასევე საინტერესოა ამერიკელი სენატორის, მაკკეინის განცხადები, რომელმაც თქვა, რომ დარწმუნებულია, საქართველო წარსულში არც ერთ შემთხვევაში არ დაბრუნდება, რას ნიშნავს თქვენი შეფასებით ეს ყველაფერი?
- ისინი ხედავენ და აკვირდებიან მთელ ამ პროცესს, რაც მიმდინარეობს საქართველოში, ისინი აკვირდებიან, იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის მიტინგებზე იკრიბება უამრავი ხალხი, აკვირდებიან იმასაც, რომ კვლევები, რომელიც ტარდება, უშუალოდ, ამერიკელების დაკვეთით და ეს კვლევები არ არის ერთმნიშვნელოვანი.
თუმცა NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით 37% ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო, ქართულმა ოცნებამ კი მხოლოდ 12%...
- პროცენტები ასე გადანაწილდა, მაგრამ ამ კვლევაში ძალიან დიდია რაოდენობა, ვინც პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან თქვა, რომ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს. მთლიანობაში ეს არის 43%. ეს მაჩვენებელია იმისი, რომ ხელისუფლების მომხრეს არაფერი აქვს დასამალი და ის პასუხს თავისუფლად სცემს. პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ ოპოზიციის მომხრეები. ოპოზიციაში ერთადერთი ძალაა გამოკვეთილი და ძალიან ნათლად გამოხატული - ეს არის „ქართული ოცნება“ და ძალიან დიდი ალბათობით, შესაძლებელია, მთელი ეს პროცენტები წამოვიდეს „ქართული ოცნების“ მიმართულებით.
ამერიკელებმა ეს იციან. ეს ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა მოხდა, ივანიშვილი კი ამბობს, რომ მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს სიარულს და პრინციპში სხვა გზა არც არის, მათ აინტერესებთ, ვინ არის ეს ადამიანი.
ბუნებრივია, მათ აქვს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის შესახებ, მაგრამ ალბათ სხვადასხვა წყაროებით მისი გადამოწმებაც ხდება.
მეორეა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალო კონტაქტს ადამიანებს შორის და უშუალო შთაბეჭდილებას. ეს ხალხი, ვინც ჩამოსული იყო, გადაწყვეტილების მიმღებია. შეხვდნენ ივანიშვილს და გააკეთეს ძალიან საინტერესო განცხადებები, რომ ეს არ იქნება რუსული პროექტი, რომ საქართველო უკან არასოდეს არ დაბრუნდება. თანაც ყურადღება მიაქციეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი მესიჯი სწორედ საქართველოს უკან დაბრუნებას ეხება - მაკკეინმა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილის საწინააღმდეგო მესიჯი.
ეს ხომ არ იყო ხაზგასმა, რომ თუკი აშშ-ს მხრიდან იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კვლავ უპირობო მხარდაჭერა, მიიღებდნენ ქართული საზოგადოების ანტიამერიკულ განწყობას, როგორ ფიქრობთ, ეს მომენტიც ხომ არ იყო გათვალისწინებული?
- არც უამისობაა, ისინი ხომ აკვირდებიან რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ტენდენციებია, როგორ იცვლება ხალხის აზრი ამ მიმართულებით. დიდ მასაში ეჭვქვეშ დადგებოდა ამ საზოგადოებრივი განწყობების მიმართულება, თუ ეს ინსტიტუციები ცალსაცად დაუჭერდნენ მხარს ხელისუფლებას.
როგორ ფიქრობთ, ჯიუტად რატომ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოება დაარწმუნოს რომ ივანიშვილი რუსული პროექტია?
- დაკარგა ამან აქტუალობა და უკვე აღარავის აღარ სჯერა ამ პრორუსული პროექტის, იმიტომ, რომ არის უამრავი არგუმენტი, რომ ეს კაცი ამ 20 წლის განმავლობაში ქართული არმიისა და ქართული პოლიციის მშენებლობას უწყობდა ხელს, ქართულ მთავრობას აფინანსებდა - იმ ხალხს, ვინც რუსეთს ებრძოდნენ. ისინი ლაპარაკობენ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების ქცევასა და სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების განზრახვაზე, რომელიც თითქოც 20 წლის შემდეგ უნდა განმეხორციელებინა და ამისი ნაკლებად სჯერათ ადამიანებს. სხვათა შორის, და ამ ბოლო დროს ამაზე იმდენს აღარც ლაპარაკობენ.
მოგახსენებათ ცოტა ხნის წინ რაც მოხდა ლოპოტას ხეობაში, ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებისან არ მოგვისმენია არც განმარტებები, არც განცხადებები, ის ამ თემაზე, უბრალოდ, არ ლაპარაკობს. არ მახსოვს საქართველოს ხელისუფლება ამდენ ხანს უმოქმედიდ ყოფილიყოს და არ შეექმნა სასწრაფოდ ფილმები, თუ როგორ დაიჭირეს შეიარაღებული ბანდფორმირება და როგორ იხსნეს საქართველო. როგორ ფიქრობთ, რა ხდება, ამ თემის მიჩქმალვა სურთ თუ არჩევნების წინა დღისთვის ინახავენ ამ თავის „ შემოქმედებით ნიჭს“?
- ძალიან ძნელი სათქმელია, იქ რა მოხდა, რადგან ინფორმაცია მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მატულობს. მახსოვს, ბოლო ინფორმაცია იყო, რომ 6 კაცი ბლოკირებულია. რამდენიმე ბატალიონიო შევიდა იქ, დაახლოებით ათას კაცამდე და ბლოკირებული 6 კაცი როგორ გაუძვრა 1000 კაცს, წარმოუდგენელია, ამიტომაც კითხვები ჩნდება და კითხვები რჩება.
როგორც ჩანს, იქ ისეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და არც თუ ისე სასიამოვნო ხელისუფლებისთვის, რომ ეს ინფორმაცია ასე მკაცრად იმალება.
ხომ არ ხედავთ იმის საფრთხეს, რომ არჩევნებამდე კიდევ რაღაც მსგავსი მოხდეს, ან ლოპოტას ამბების გაგრძელება ვიხილოთ?
- ეჭვი მეპარება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა ეს ამბავი და იმდენად არამომგებიანად ხელისუფლებისთვის, რომ არ მგონია, ამას მოჰყვეს სერიოზული შედეგი იმ პროცესისთვის, რაც მიდის.
გეკითხებით იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აპელირებს არეულობაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს...
- ვერ ვხედავ ლოგიკას რომ ეს ორი ფაქტი როგორმე ერთმანეთს დაუკავშიროს, რაც შეეხება იმას, რომ 2 ოქტომბრიდან დაიწყება რაღაცა, ეს არის პირდაპირ იმის განცხადება, რომ „მე ვაპირებ, გავაყალბო არჩევნები“ - ამას ასე ვხედავ.
ალბათ არჩევნების შედეგების ისეთი სახით წარმოდგენას აპირებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე გარეთ აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი ყოველდღე ამბობს, რომ არ გასცდება კონსტიტუციის ჩარჩოებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თუ მისი ხმები დასაცავი იქნება, მივმართო ქუჩის აქციებს. ქუჩის აქციები სულაც არ ნიშნავს ძალისმიერ დაპირისპირებას ხელისუფლებასთან.
სხვათა შორის შეშფოთება გამოთქვა მაკკეინმაც, რომ არჩევნების შედეგები სადავო გახდება...
- არ არის გამორიცხული, „ნაციონალები“ თავიანთ მიერ დაკვეთილი კვლევების მიხედვით დიდი უპირატესობით იგებენ და მაგალითად, გრინბერგის კვლევის მიხედვით ძალიან პატარა პროცენტია, ვინც პასუხზე უარს ამბობს, თუმცა მეთოდოლოგიის მიხედვით, შესაძლოა, სერიოზულად განსხვავდენოდეს NDI-ს კვლევისგან.
გააჩნია როგორ ჩატარდება არჩევნები, თუ არ იქნება რადიკალური და ტოტალური გაყალბება, არ მგონია ამას რამე განსაკუთრებული აღელვება და დაპირისპირება მოჰყვეს.
თუ ამერიკის უწყებათაშორისი კომისია იმ განზრახვით ჩამოდის, რომ მთავრობას კანონების შესრულებაზე მიაქცევინოს ყურადღება, რაკი ის ხედავს საშიშროებას, რომ შესაძლოა, ბოლომდე არ იყოს დაცული კანონმდებლობა, ეს კიდევ დამატებით იმედებს აჩენს, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდება.
ქართულ არჩევნებს ბევრი უცხოელი თუ ქართველი დამკვირვებელი დააკვირდება, ეს ხომ არ გულისხმობს, რომ მმართველ პარტიას ამ დღეს, პირველ ოქტომბერს გაყალბების ნაკლები შანსი ექნება და სწორედ ამიტომაც ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას?
- მე დიდი იმედი მაქვს ამისი. რაც შეეხება შიშს, ის ბოლომდე არ არის დაძლეული, თუმცა ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხმა ბოლო დღის შიში დაძლიოს.