არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო კაბინებში მობილური ტელეფონების შეტანის მოწინააღმდეგეთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. უკვე წლებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებისგან მე-5 ნომრის შემოხაზვის დაფიქსირებას მოითხოვს.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია საარჩევნო კაბინაში მობილურებისა და აუდიო-ვიდეო გადაღების საშუალებების შეტანის მოწინააღმდეგეა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის განხორციელება უკვე დაგვიანებულია.
For.ge ნინო ლომჯარიას ესაუბრა.
- ზოგადად, საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კაბინაში აუდიო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. თუმცა ამ ფორმალური აკრძალვის მიუხედავად, ამ ქმედებებზე კონტროლი ვერ ხორციელდება, რადგან კაბინაში შესვლა აკრძალული აქვს ყველას, მათ შორის, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს. ამიტომ რეალურად, ვერავინ ვერ გააკონტროლებს, იღებს თუ არა ვინმე ვიდეოთი ან ფოტოაპარატით რაიმეს კაბინაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ, თუ ასეთი ინიციატივა იქნება და ამომრჩევლებს მოსთხოვენ, დატოვონ ის საშუალებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ფოტო და აუდიო-ვიდეოს გადასაღებად, ეს კანონიერი მოთხოვნა იქნება, რადგან ამით უზრუნველყოფილი იქნება კანონის მოთხოვნების დაცვა.
არის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მობილურების კაბინაში შეტანა აიკრძალოს? ხელისუფლება წამოვა ასეთ დათმობაზე?
- ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცი, ოფიციალური ინიციატივა არავის მხრიდან არ ყოფილა, არც საკანონმდებლო დონეზე, არც ცესკოში არ განხილულა. უბრალოდ, თუ ასეთი ინიციატივა იქნება, ეს საკმაოდ რეალურია. თუმცა, იქ ჩხრეკის საშუალება, ალბათ, არ იქნება. ადამიანს ვერ გაჩხრეკენ, შეაქვს თუ არა მობილური, მაგრამ, თუკი ასეთი ნორმა მიღებული იქნება და ადამიანები თავიანთი ნებით გარეთ დატოვებენ აპარატურას, ეს სრულიად შესაძლებელია და საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ იქნება.
თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, რომ წინა არჩევნებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აიძულებდნენ, კაბინაში გამოეყენებინათ მობილური ტელეფონები? ალბათ, ეს უფრო საჯარო მოხელეებს ეხებათ.
- არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი კატეგორიის ამომრჩეველი იყენებდა მობილურ ტელეფონს; ბუნებრივია, როცა ამომრჩეველი მიდის კაბინასთან, იქ არავის ეტყობა, თუ ვისი მომხრეა და ვის აძლევს ხმას. თუმცა ინფორმაცია, რომ ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობდა, გვაქვს. გარდა ამისა, წინა არჩევნებში იყო შემთხვევები, როცა გვეუბნებოდნენ, რომ კაბინიდან ისმოდა გადაღების ხმა. ამ გარემოებებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ასეთი პრაქტიკა ნამდვილად იყო.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ახლახანს ერთგვარი ანგარიში დადო, სადაც სხვადასხვა დარღვევაზე იყო საუბარი, მათ შორის, მოსყიდვის ფაქტებზე, ასევე, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვებაზე. ამის დასტურად ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორის, ლელა რაზიკაშვილის მაგალითიც გამოდგება. რა დარღვევები შენიშნეთ წინასაარჩევნო პერიოდში?
- ეს უკვე ჩვენი მეხუთე ანგარიშია, რომელსაც ვადგენთ რეგიონებიდან, მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ანგარიშში, წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, უფრო მრავლად მოხვდა პოლიტიკური ნიშნით ძალადობის შემთხვევები, როგორც ფიზიკური ანგარიშსწორება, ისე გატაცებაც. ასევე, მუქარისა და ზეწოლის ფაქტები კვლავაც მრავლად არის. წინა ანგარიშებთან შედარებით, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებმა იკლო, თუმცა მაინც დავაფიქსირეთ ოთხი შემთხვევა, მათ შორის, ლელა რაზიკაშვილის გათავისუფლების რეზონანსული საქმე. ასევე, სოციალური დახმარების შეწყვეტის ორი შემთხვევაა და ეს ყურადსაღებია, რადგან უწყებათაშორის კომისიას ჰქონდა მკაცრი რეკომენდაცია, რომ საარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარებების არანაირი გადახედვა და, მით უმეტეს, შეწყვეტა არ მომხდარიყო. გარდა ამისა, ძალადობის ფაქტების საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის ჟურნალისტების წინააღმდეგ. ზოგადად, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებიც ჭარბობს ამ ანგარიშში. ძირითადად იგულისხმება კახეთის საინფორმაციო ცენტრსა და „ინფო 9“-ზე განხორციელებული ზეწოლა. ერთი შემთხვევა გვაქვს „რეალ-ტივის“ წინააღმდეგაც.
პიროვნების გატაცებაც ახსენეთ.
- ეს ფაქტი რუსთავში მოხდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოქალაქე ამბობს, რომ იგი გაიტაცეს და მიკროავტობუსში ძალის გამოყენებით ჩასვეს, მის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა. მეორე შემთხვევაც იყო, როგორც დაზარალებული აცხადებს, პოლიციისა და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებმა იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ეს საგანგაშო შემთხვევებია და გამოძიებულ უნდა იქნას.
აზრთა სხვადასხვაობას იწვევს 1-ელ ოქტომბერს, ორშაბათ დღეს, ხმის მიცემის პროცედურა. საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა აცხადებს, რომ უცხოეთში ხმის მიცემის პროცესს ვერ შეაფერხებს სამუშაო დღის არსებობა და ემიგრანტებს დილის ან საღამოს საათებში შეუძლიათ ხმის მიცემა. თუმცა არის სხვა მოსაზრებაც, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვთავაზობს, რომ იმიტირებული არჩევნები ჩატარდეს 29-30 სექტემბრის უქმეებზე და არა მაინცდამაინც პირველ ოქტომბერს. თუ საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა საჯარისო დანაყოფებში ეს შესაძლებელია, რომ სულ სხვა დღეს დაინიშნოს არჩევნები და არა 1-ელ ოქტომბერს, მაშინ რატომ არ შეიძლება, ემიგრანტებისთვისაც ასეთი გამონაკლისი დაიშვას და არასამუშაო დღეს დაინიშნოს არჩევნები?
- კოდექსში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ცესკოს შეუძლია, შეცვალოს არჩევნების თარიღი და იქ მხოლოდ სამხედრო დაწესებულებეზეა გაკეთებული აქცენტი. თუმცა, არსებობს, ასევე, ერთი მუხლი, სადაც საუბარია ცესკოს კომპეტენციაზე, რომ მას შეუძლია, პრეზიდენტს არჩევნების დღის ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზოს, თუკი არსებობს გარკვეული მიზეზები იმისა, რაც ხელს უშლის არჩევნების ჩატარებას.
რომელი უფრო ოპტიმალური ვარიანტია, უცხოეთში მყოფმა ემიგრანტებმა სამუშაო დღის მიზეზით არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუ სპეციალურად მათთვის არჩევნების დღე უქმეებზე დაინიშნოს?
- კარგი იქნებოდა, ეს საკითხი უფრო ადრე დაყენებულიყო დღის წესრიგში. როდესაც ეს საკითხი წამოჭრეს პოლიტიკურმა პარტიებმა, უკვე ბოლო დღე, ანუ აგვისტოს ბოლო რიცხვები იყო. რეალურად, თარიღის გადაწევა ხდება 60 დღით ადრე. ამიტომ შეუძლებელი იყო, ოქტომბერში 60 დღით გადაწეულიყო არჩევნები.
ანუ ახლა ეს დაგვიანებულია?
- დიახ, ასეთი რადიკალური ქმედებები ადრე უნდა განხორციელებულიყო.
რაც შეეხება სოსო ცისკარიშვილის ინიციატივას, მართალია, იმიტირებული არჩევნები კონსტიტიციური ძალის მქონე არ იქნება, მაგრამ ამ არჩევნებით ემიგრანტების განწყობა მაინც აისახება.
- ვერ გეტყვით, ოფიციალური არჩევნები მაინც ოფიციალური არჩევნებია და მხოლოდ იქ დაფიქსირებულ ხმას აქვს ძალა; სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი გამოკითხვა იქნება, რომელსაც სტატისტიკური მეთოდოლოგიის კვლევის ძალა ექნება და არა - ოფიციალური შედეგების. თუმცა, შესაძლებელია, უცხოეთში რეალობის დასანახად ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამის ინიციატივა.
და ბოლოს, საარჩევნო სიებში დარღვევების თაობაზე რას იტყვით?
- დარღვევები და უზუსტობები ფართო ცნებაა და პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვაგვარად ესმით. სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად გვაქვს ყველაზე მრავალრიცხოვანი საარჩევნო სია და მასში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გასულნი; ასევე, - ადამიანები, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხნეს იმის გამო, რომ ასეთ პიროვნებას არ იცნობს მესაკუთრე. საკმაოდ გაიზარდა ასეთი ტიპის ამომრჩველთა რიცხვი ანუ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები კვლავ დაბრუნდნენ საარჩევნო სიაში. აქედან გამომდინარე, გარკვეული შიში არსებობს - ხომ არ იქნება ამომრჩევლის ეს ნაწილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ გამოყენებული?!