საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია იმყოფება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. საერთოდ უკანასკნელ პერიოდში, ანუ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში საქართველოში უკვე რამდენიმე წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა. მათ შორის ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში, 10 სექტემბერს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩამოდის.
ცალსახაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთის დიდ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა მთავარია, რა კონტექსტში ინტერესდებიან ისინი ამ არჩევნებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევენები ქართული დემოკრატიის გამოცდა იქნება. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. ყველაფერ ამის ფონზე მოსახლეობას აწუხებს კითხვა - ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხომ არ დახუჭავს თვალს დარღვევებზე ამერიკა და ევროპა? ოპოზიცია ამას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ სააკაშვილს დასავლეთში მხარდაჭერა აღარ აქვს.
ამერიკული დელეგაცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია ხელმძღვანელობს, კოალიციის მხრიდან კი შეხვედრას ივანიშვილთან ერთად დავით უსუფაშვილი და მანანა კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრიდან გამოსული ივანიშვილის განცხადებით, დელეგაციის წევრები მას დაპირდნენ, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ.
„დელეგაცია კარგად იყო ინფორმირებული საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ჩვენ მათ დავეხმარეთ და დამატებითი ფაქტებიც მივაწოდეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი რეალურად მოახერხებენ და დაგვეხმარებიან“ - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრის დეტალებსა და მნიშვნელობაზე for.ge „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.
მანანა კობახიძე: „შეხვედრაზე საუბარი რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო ვითარებას შეეხო. გარდა ამისა, ამერიკელებს აინტერესებდათ ჩვენი ხედვა საგარეო–პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, ამის ხელშეწყობა და პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმას, რომ სწორედ ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით და მათთან პარტნიორობით უნდა მოწესრიგდეს რუსეთთან ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, აღინიშნა, რომ ავღანეთში ჩვენი მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი სამხედრო შემადგენლობა იმ დონეზე იყოს მომზადებული, რაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. ძირითადი პასაჟი იყო ეს. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, ძალადობაზე და დევნაზე, ასევე არჩევნების გაყალბების საშიშროებებს.
რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ვიზიტები საქართველოსთვის?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის დიპლომატები რომ ჩამოდიან და პოლიტიკურ ლიდერებს უშუალოდ ეცნობიან, რადგან ყველამ ვიცით, როგორც ხდება - სააკაშვილი აგრესიული რიტორიკით არის დაკავებული, მედიის საშუალებით მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ წარსულის გადმონაშთები, რეაქციული ძალა და ქვეყნის მტრები ვართ. ფაქტიურად ეს არის ძალადობისკენ მოწოდება.
ყველა ჩვენი აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანია და ერთგვარ ზეიმსაც კი დაემსგავსა. ჩვენი მხრიდან ძალადობისკენ არანაირი მოწოდება არ ისმის, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენგან მტრის ხატის დახატვას და პროცესების ქუჩაში გადატანას ცდილობს. ჩვენი მხრიდან ასეთი მკაფიო პოლიტიკური მესიჯები გაკეთდა. ამერიკული დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლიტიკურ ლიდერებს, მათთვის უკვე ადვილი წარმოასდგენია, ვინ ვართ ჩვენ, რა ძალა ვართ და რას ვფიქრობთ. ეს ყველაფერი მათ უკვე ჩვენგან გაიგეს და არა დავუშვათ, იმ საინფორმაციო საშუალებებიდან, რომლებიც ხელისუფლების მიერ კონტროლდება და რისი ტირაჟირებაც ამ არხების მეშვეობით სამწუხაროდ, უკვე თვეების განმავლობაში ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ასეთი უშუალო კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.
უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლებასა და ოპოზიციის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობაზე მუშაობა. ამ მხრივ, რა მნიშვნელობა აქვს იმ ვიზიტებს, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში შედგა?
– ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ საარჩევნო გარემო მართლაც პოლარიზებულია. მათ ნახეს, რომ არის სერიოზული ოპოზიციური გაერთიანება და ქართული ოპოზიცია არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის და რომ დღეს მოსახლეობას უკვე რეალური არჩევანის საშუალება ეძლევა. ამიტომ მათთვის ცალსახაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ეს კოალიცია ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალაა და რეალური ძალაა, რომელიც პოლიტიკაში მოდის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ძალით საერთაშორისო საზოგადოება ინტერესდება. მათ აინტერესებთ ჩვენი ხედვები როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური კუთხით. მათი მხრიდან ძალიან დიდი ინვესტიციებია ჩადებული საქართველოში, როგორც პატარა მეგობარ ქვეყანაში (როგორც თვითონ ამბობენ) და ცხადია ამის ბედი აინტერესებთ. სწორედ ამიტომ მოდიან ისინი, შეხვედრებს მართავენ და წინასაარჩევნო გარემოთი ინტერესდებიან.
გასაგებია ეს ინტერესი, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში მუდმივად არის კითხვა - ხომ არ დახუჭავს თვალს დასავლეთი დარღვევებზე, თუკი საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. რას უპასუხებდით საქართველოს მოსახლეობას ამაზე?
– ვფიქრობ, რომ ამგვარი ეჭვების საფუძველი არ არსებობს, რადგან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა განწყობაა ქართულ საზოგადოებაში. კერძოდ, იციან, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაყალბებას შევეგუოთ, ვაპირებთ ხმის მიცემის პროცედურა მაქსიმალურად გავაკონტროლოთ, თითოეულ უბანზე გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლები და თითოეულ ხმა იყოს დაცული. ეს განწყობები მათ ძალიან კარგად იციან და შესაბამისაც, მე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთი ასეთი ტიპის დარღვევებზე თვალს დახუჭავს.
როგორ შეიძლება ასეთ რამეზე თვალი დახუჭოს დამკვირვებელმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ კომპეტენტურია და მოდის აქ, რომ მონიტორინგი განახორციელოს. ამდენად, არ მგონია, რომ რაღაცაზე თვალის დახუჭვა მოხდეს, რადგან დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა, ვიდრე 2008, ან თუნდაც 2010 წელს. 2008 წელს კიდევ არსებობდა მითი, რომ სააკაშვილი დემოკრატიას აშენებს, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც რეალურად აფასებენ მოვლენებს.“