„ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ თელავში ინცინდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სამი ქისტი დააკავეს. სამივე დაკავებული პანკისის ხებოდან არის. ისინი თელავის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. სამი დაკავებულის ვინაობა „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დაასახელა. ესენი არიან 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვლი და 40 წლის ხიზირ გაურგაშვილი.
მომხდარის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა. იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ რა მუხლით არის საქმე აღძრული და რა ბრალდებით არიან ქისტი ახალგაზრდები დაკავებულები.
"აქციის დამთავრების შემდეგ ხიზირ ქუშანაშვილი და ხიზირ გაურგაშვილი გზაზე იმ მანქანისკენ მიდიოდნენ, რომლითაც ისინი სახლში, პანკისის ხეობაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. უცებ ჩხუბი ატყდა. 20-ზე მეტი ახალგაზრდა ბიჭებს თავს დაესხა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთში საავადმყოფოში პოლიციელები მივიდნენ და ისინი სამმართველოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მისი კვლავ საავადმყოფოში დაბრუნება გახდა აუცილებელი", – განაცხადა ფანიჯიკიძემ.
თელავის ინციდენტს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გუშინ თელავში, "ქართული ოცნების" აქციის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდება. როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, ქისტების ცემის შესახებ მისთვის ინფორმაცია მედიით გახდა ცნობილი და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
"პოლიციაში 21:00 საათზე შევიდა შეტყობინება. გამოძიებისთვის ამ საკითხის შესწავლა არის პრიორიტეტული და, როგორც ჩვენთვის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, რეაგირება მოხდება", - განაცხადა კინწურაშვილმა.
ინცინდენტთან დაკავშირებით for.ge „ქართული ოცნების“ ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურაბ ზვიადაურს ესაუბრა. მისი თქმით, ამჟამად სამივე პირი განთავისუფლებულია და პოლიციაში ისინი მომხდართან დაკავშირებით დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი. აქციის შემდეგ მომხდარ ინცინდენტს კი ზვიადაური პროვოკაციას უწოდებს, რომელიც ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მაცხოვრებლების მისამართით შურისძიების მოტივით განახორციელა.
ზურაბ ზვიადაური: „ეს ადამიანები აქციიდან უკან ბრუნდებოდნენ, გაჩერებაზე ჩამოდიოდნენ, რათა სამარშრუტო ტაქსში ჩამჯდარიყვნენ და პანკისის ხეობაში დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს მათ თავს დაესხა გაურკვეველ პირთა ჯგუფი, დაახლოებით 30-40 კაცამდე. მინდა გითხრათ, რომ არანაირ შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, საერთოდ სიტყვა არ თქმულა, ამ ადამიანებმა პირდაპირ ჩხუბი დაუწყეს ჩვენს მხარდამჭერებს. ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სამ პიროვნებას ქვები ესროლეს...
- დიახ, მათ პირდაპირ დაუწყეს ქვების სროლა და ქვების გარდა ე.წ. „დუბინკებიც“ იყო გამოყენებული. ამ სამიდან ორი არის საავადმყოფოში გატარებული, რადგან მათ თავები ჰქონდათ გატეხილი.
რამდენადაც ცნობილია, ეს სამი ქისტი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა. რასთან დაკავშირებით მოხდა მათი დაკავება?
- ისინი დაკავებულები კი არ იყვნენ, არამედ დასაკითხად ჰყავდათ პოლიციაში მიყვანილი, მაგრამ ამჟამად ბიჭები უკვე თავისუფლები არიან.
მათ გარდა სხვებმა თუ დაინახეს ისინი, ვინც ამ პირებს თავს დაესხა, ან თავად მათ თუ შეუძლიათ თავდამსხმელების ამოცნობა?
- მათ გარდა არ ვიცი, ვინმემ დაინახა თუ არა ეს ადამიანები, თავად დაზარალებულებს კი თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლიათ. თავდამსხმელების ვინაობა ცნობილი არ არის და საქმეზე გამოძიება არის დაწყებული.
ამჟამად როგორია დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ამჟამად ისინი უკვე სახლებში იმყოფებიან, საავადმყოფოში მათ პირველადი სამედიცინო დამხარება აღმოუჩინეს და სახლებში გაწერეს. მათ მკაცრი წოლითი რეჟიმი აქვთ დანიშნული.
როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც პანკისელ ახალაზრდებზე?
- მოგეხსენებათ, 9 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ფარგლებში თელავშიც იყო აქცია, რომელზეც ხალხის მიყვანა უშუალოდ ჰქონდა დავალებული დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც კახეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილეა, ზუსტად არ ვიცი. დავით ლორთქიფანიძემ პანკისიდან თელავში სამ სამარშრუტო მიკროავტობუსზე მეტი ხალხის ჩაყვანა ვერ მოახერხა. „ქართული ოცნების“ აქციაზე კი პანკისის ხეობიდან თელავში დაახლოებით 700 კაცამდე ჩამოვიდა და ლორთქიფანიძემ ეს რომ დაინახა, რა თქმა უნდა, გაღიზიანდა და შემდეგ მოხდა ასეთი ფაქტი. აღსანიშნავია, რომ პანკისელ ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ, თელავში კი ჩახვალთ, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდებითო.
ვინ ემუქრებოდა ამ ახალგაზრდებს?
- მუქარები იყო პოლიციის მხრიდან.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, შაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ხელისუფლების მიერ ძალით მიყვანილი ადამიანებიდან ძალიან ბევრი კვირას „ქართული ოცნების“ აქციაზე საკუთარი სურვილით მივიდა. თქვენ თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია?
- დიახ, ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი. მაგალითად, ახმეტიდან ძალიან ბევრი ადამიანი ძალით წაიყვანეს „ნაციონალების“ აქციაზე. მათგან დაახლოებით 70%-ზე მეტი ჩვენი მხარდამჭერია და ჩვენს აქციაზე საკუთარი სურვილით მოვიდა.