პრეზიდენტმა ქუთაისში მთავრობის ახალი სახლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. სამომავლოდ აქ აღმასრულებელი ხელისუფლების გასვლითი სხდომების ჩატარება იგეგმება და მთავრობის წარმომადგენლობა იქნება განთავსებული.
სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ თბილისი თავკომბალას დაემსგავსა და მისი დეცენტრალიზაცია აუცილებელია. კახა კაციტაძე კი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის წარმომადგენლობის ქუთაისში დაარსება დედაქალაქში მასობრივი გამოსვლების მასშტაბურობის პრევენციის მიზანს ემსახურებოდეს.
„თბილისიდან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპარებით, ჯერ პარლამენტი შემოგაპარეთ, ახლა კი – მთავრობა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში, მთავრობის სახლის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა .
პრეზიდენტის თქმით, თანდათან ხორციელდება ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა თბილისში დარჩება, მაგრამ ქუთაისში იქნება მთავრობის მუდმივი წარმომადგენლობა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს არის სწორედ ის ფილოსოფია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს:
„პირი მაქვს დაღებული, ისეთი სილამაზეა და რისი თქმა მინდოდა, დამავიწყდა. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობა გვექნება. მთავრობის სახლი ერთი წლის თავზე გაიხსნება, პარლამენტს კიდევ წელიწად-ნახევარი დასჭირდება. საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ქალაქი ქუთაისია.
იმის გათვალისწინებით, რომ განვითარება ხდება ზღვისკენ, იმის გათვალისწინებით, რომ გველეშაპს კლანჭი აქვს ჩავლებული ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე და ქართლის ნაწილში კიდევ თავზე დაგვყურებს თავისი სამხედროებით და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს განტვირთვა, ამ რეგიონს კი განვითარება სჭირდება, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა“.
პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი მთავარი მომხრე და ინიციატორი თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. მან ასევე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც რეგიონში უკვე ხორციელდება:
„ქუთაისის გარშემო ვაჩენთ ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურას, სათაფლიაში, ხონში, მარტვილში მღვიმეების კომპლექსი კეთდება და ხორციელდება აბაშისწყლის ხეობის უნიკალური განვითარება. ვანი ძალიან მალე საინტერესო არქიტექტურული და დიდი ტურისტული ცენტრი გახდება. ხდება მთელი რეგიონის განვითარება ახალი გზით, რომელიც ზესტაფონიდან ქუთაისის გავლით, ახალ პარლამენტს 3 კმ-ში გაუვლის და სამტრედიაში ჩავა. უკვე 2012 წლის გაზაფხულზე, ამ გზით ჩავალთ აჭარაში, ჩოლოქზე, ჩოლოქიდან ბათუმში და იქიდან - შემოვლითი გზით საზღვარზე. შესაბამისად, ამ რეგიონის მნიშვნებლობაც უფრო მოიმატებს“.
სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის გადატანის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ საკითხისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, ბევრს აწუხებს კითხვა, რამდენად კარგი და იოლი იქნება დეპუტატების თბილისიდან ქუთაისში სიარული.
„მე მინდა მათ საპასუხოდ განვაცხადო - ვინ თქვა, რომ საქართველოს დეპუტატები უნდა იყვნენ თბილისელები, ეს ვინ დააკანონა?! თუმცა, ეს იმის გამოძახილია, რომ ნაწილს ჰგონია, ყველაფერი თბილისში კი არა, თბილისის ერთ-ერთ პატარა ადგილზე, რუსთაველის გამზირზე ხდება – ყოფილი სასტუმრო „ივერიიდან“ პარლამენტამდე და თავისუფლების მოედნამდე. მათთვის, რა თქმა უნდა ძნელია, იმის მაგივრად, რომ სამსახურში ვაკიდან და წყნეთიდან იარონ, იქიდან ქუთაისში უნდა წამოვიდნენ.
მაგრამ დეპუტატებმა თბილისიდან კი არა, რეგიონებიდან უნდა იარონ და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ეს არის მთელი საქართველოს წარმომადგენელი პარლამენტი. საქართველო არ არის ტერიტორიულად დიდი ქვეყანა, მაგრამ არის მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო ქვეყანაა თავისი განვითარებით და ამის გამო ყველაფერი ასე უნდა იყოს დალაგებული“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის წარმმადგენლობისა და პარლამენტის ქუთაისში გადატანა არა მასობრივი მიტინგებისთვის ხელის შეშლის, არამედ დედაქალაქის განტვირთვის მიზანს ემსახურება.
როგორც ცინცაძემ „პირWელს“ განუცხადა, „თბილისი თავკომბალას დაემსგავსა და მისი დეცენტრალიზაცია აუცილებელია“.
„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობდეს. წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომობილი დააკლდება თბილისს, როდესაც მთავრობა და პარლამენტი ქუთაისში იმუშავებენ. თავის დროზე გაერო-ს შენობის აშენება ვაშინგტონში იგეგმებოდა და სხვათაშორის, ამას სტალინი და ჩერჩილი უჭერდნენ მხარს, თუმცა ამერიკელმა ხალხმა ეს გააპროტესტა და გადაწყდა, რომ გაერო ნიუ-იორკში განთავსებულიყო“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.
ამასთან, ცინცაძე გამორიცხავს, რომ პარლამენტისა და მთავრობის ქუთაისში გადატანა მასობრივი აქციების ხელისშეშლის მიზანს ემსახურებოდეს.
„თბილისში იმდენი ადამიანი მაინც დარჩება, რომ მასობრივი აქციები გაიმართოს. ასე, რომ, ვფიქრობ, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დედაქალაქის განტვირთვას ემსახურება“, - დასძინა მან.
ექსპერტი კახა კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მთავრობის წარმომადგენლობის ქუთაისში დაარსება დედაქალაქში მასობრივი გამოსვლების მასშტაბურობის პრევენციის მიზანს ემსახურებოდეს.
„საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე სერიოზულ კომენტარს ვასიკო ოდიშვილი თუ გააკეთებს. ხელისუფლების არაადექვატურობა სწრაფი ტემპით იზრდება და მალე მისი ფანტაზია იქამდე წავა, რომ კოსმოდრომს ააშენებენ, სადაც უცხოპლანეტელებთან შეხვედრები იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა „პირWელთან“ საუბარში კაციტაძემ.
მისივე თქმით, „ხელისუფლების გადაწყვეტილებების უცნაურობიდან გამომდინარე, შეიძლება, ათასგვარი ვერსია გამოითქვას, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, მთავრობის წარმომადგენლობის ქუთაისში დაარსება შესაძლოა, მასობრივი გამოსვლების მასშტაბურობისთვის ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად“.