ბიძინა ივანიშვილი: მილიარდერი ქართული ოცნებით

ბიძინა ივანიშვილი: მილიარდერი ქართული ოცნებით

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, და სათამაშოებს შორის საკუთარი ზოოპარკი და ხელოვნების ნიმუშებით გავსებული ციხესიმაგრეც ჰქონდა. ახლა იგი ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს, და რაღატომღა იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ უბრალოდ პუტინის მარიონეტი? შონ უოლკერი უერთდება ივანიშვილის კამპანიას, რომ გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე.

„რვა სახეობის ფარშავანგი არსებობს,“ ამბობს ბიძინა ივანიშვილი, და ერთი მათგანი, ალბინოსი, თავმომწონედ მოდის ბილიკზე ევკალიპტის ხეივანში. „ყველა სახეობის მყავს.“ ჩვენი ტურის დროს მის უზარმაზარ ზაფხულის აგარაკზე საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გვხვდება ფლამინგოების გუნდი, მრავალფეროვანი კოლექცია რამდენიმე ათეული თუთიყუშისა და ზელდა, მოშინაურებული ზებრა, რომელიც სიამოვნებით ახრამუნებს სტაფილოს, რომელიც ლაქიამ მოგვიტანა, რომ მისთვის გვეჭმია.

ასეთი ეგზოტიკური ზოოპარკი ცოტა არ იყოს შეუფერებელია იმ ადგილისთვის, სადაც არაშინაური ცხოველი, ძირითადად, უპატრონო ძაღლების სახით გვხვდება; მაგრამ ივანიშვილი, რომელიც ჟურნალ Forbes-ის თანახმად პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა შორის 153-ე ადგილზეა, თავს ასეთი ექსცენტრული ფუფუნების უფლებას აძლევს. ქართველი მილიარდერი, იმ ოლიგართა შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან იშვნენ, ყველაზე მეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა; ახლა მას უფრო სერიოზული საზრუნავი გაუჩნდა, ვიდრე ზელდას ორსულობა, ან პარაზიტის მიერ პალმის ხეების გაჩანაგებაა.

გასულ ოქტომბრამდე ცოტამ თუ იცოდა რაიმე ივანიშვილის შესახებ. ცნობილი იყო, რომ მისი ძირითადი საცხოვრებელი მთაზე აგებული მინის ციხესიმაგრე იყო, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებდა თბილსს, რომ ის ფულადი დახმარებით ხელს უმართავდა გაჭირვებულ ქართველ ხელოვანებსა და მსახიობებს, რომ ის იყო ღარიბი ბიჭი სოფლიდან, რომელიც დიდად იქცა 1990-იანი წლების მოსკოვში და რომლის ქონებაც რუსეთში რამდენიმე მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. უფრო მეტიც, უკანასკნელ ხანებამდე ისიც კი არ იცოდნენ როგორ გამოიყურებოდა.

გასულ ოქტომბერს, ივანიშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა ღია წერილში, და შემდგომი განხილვებისთვის მედია თავის თანამედროვე შატოში მიიწვია. ის პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა. ამტკიცებდა, რომ ამერიკაში განათლება მიღებული, რეფორმატორი, 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოსული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ულმობელ დიქტატურად გადაიქცა, და რომ ის არის ადამიანი ვინც მას დაუპირისპირდებოდა. მან მიიწვია ქვეყნის ურიცხვი ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ულტრალიბერალებიც და რადიკალი ნაციონალისტებიც არიან, რათა მის კოალიციაში, „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულიყვნენ და საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით ებრძოლათ. თავად ერთი-ორი წლით პრემიერმინისტრი გახდებოდა, თქვა მან, და შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი ხაზინიდან განაგრძობდა დახმარებას.

ამის შემდეგ ათი თვე გავიდა, და მე თვალს ვადევნებ მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1 ოქტომბერს გაიმართება. ადამიანი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ ინკოგნიტოდ მოგზაურობდა, ახლა მთელ საქართველოში დადის თავისი კოალიციისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იმ დღეს როდესაც მეც მასთან ერთად ვარ, მისი კამპანია სვანეთში, ქვის კოშკებით მოფენილ თვალწარმტაც მთიან რეგიონშია, სადაც თბილისიდან მოხვედრას ავტომანქანით რვა საათი სჭირდება.

კამპანიის წარმოება საქართველოში უნებისყოფოებისათვის არ შეიძლება. რაღაც მომენტში მთაზე ავდივართ ციცაბო ბილიკით, რომელსაც მთის მწვერვალზე მე-11 საუკუნის ეკლესიასთან მივყავართ, სადაც რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობს და ასობით ადგილობრივი და ვიზიტორი ერთმანეთს აწყდება, რომ ეკლესიაში ავიდეს და მოსულებს თვალი შეავლოს. რომ არა ქვემოთ მომლოდინე პირადი მცველები და შავი ლიმუზინების კორტეჟი, შუა საუკუნეების სურათი იქნებოდა. მთის თავზე სანთლები ანთია, ზარებს ხელით რეკენ, თხებს ატყავებენ და გიგანტური ზომის ქვაბებში ცეცხლზე შუშავენ, ძალოსნები ერთმანეთს უზარმაზარი ლოდების აწევაში ეჯიბრებიან. ივანიშვილი, რომელიც ზემოთ ასასვლელად თავს ძლივს ატანს ძალას მცხუნვარე მზის ქვეშ, ჩერდება, რომ რიგითი ქართველების საზრუნავი და წუხილი მოისმინოს. ისინი, ძირითადად, სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების სიმცირეს უჩივიან. „მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ გვინდა გამოვცადოთ. სხვებზე უარესი ვერ იქნება,“ ამბობს 82 წლის სოფლის მკვიდრი ედუარდი.

ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ, ოთხ საათში ივანიშვილის კორტეჟს სვანეთის მთის სუფთა ჰაერიდან შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ სიცხეში ჩავყავართ. ჩვენი სამანქანო გზა სანაპიროს მიუყვება, მძღოლი მარჯვნივ უხვევს ხეებში და ბარიერითა და უსაფრთხოების კამერებით აღჭურვილ შეუმჩნეველ შესასვლელში ვხვდებით. მე მანქანით მივყავარ მოზრდილ ფლიგელთან, რომლის ოთახებშიც უსაფრთხოების თანამშრომლები, მზარეულები, დამლაგებლები და დანარჩენები რჩებიან. „ბიძინა დაღლილია, ხვალ გნახავთ,“ მეუბნებიან.

მეორე დილით, დათქმულ საათზე, მეწამული ფერის გოლფის ბაგით ივანიშვილთან მივყავართ, მაგრამ ვამჩნევ, რომ თავმდაბალი მძღოლი თავად არის ივანიშვილი, ჯინსებში, მოკლესახელოებიან პერანგში და ყოველდღიურ ფეხსაცმელში გამოწყობილი. ასე იწყება მოულოდნელი ტური გოლფის ბაგით – ცხოველების კოლექცია, სახლი მეგობრებისათვის, რესტორნების კომპლექსი, 20 მეტრის სიღრმეზე ზღვაში შეჭრილი ლითონის კონცხი, და ბოლოს საკუთრივ ივანიშვილის სახლი. გუნება უკეთდება და სამ ენაზე საუბრობს; ან მისაღები ინგლისურით მცირე რუსული აქცენტით, ან თავის თანხმოვნებით დამძიმებულ მშობლიურ ქართულ ენაზე, რომლიდანაც ინგლისურზე მისი დამხმარე უთარგმნის. ძნელია დაიჯერო, რომ ადამიანი, რომელიც სასხვათშოროსოდ გათვალიერებინებს საზაფხულო სახლს და მიგითითებს, რომ მისი 15 წლის ქალიშვილი აუზშია გადაწოლილი, იგივეა ვინც შარშანდლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. გოლფის ბაგის სტერეო სისტემა ფრენკ სინატრას My Way-ის რემიქს უკრავს.

ბაგით ერთ-ერთ შენობასთან მივდივართ და ვსხდებით მისაღებში, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ეკუთვნოდეს. ორი საათი ვსაუბრობთ რატომ გადაწყვიტა ებრძოლოს რეჟიმს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა ყოფილ საბჭოთა კავშირის რეგიონში, და რატომ აქვს ასეთი ზიზღი ამჟამინდელი მთავრობისადმი. „იძულებული გავხდი პოლიტიკაში მოვსულიყავი, იმიტომ რომ სააკაშვილმა ოპოზიცია გაანადგურა. მე არჩევანის წინაშე ვიყავი: ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, რადგან საშიში იყო აქ საცხოვრებლად დარჩენა, ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი.“ როგორც ამბობს, რამდენჯერმე თვითმფრინავიც კი დაიქირივა ოჯახის გასამგზავრებლად, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა დარჩენილიყო და ებრძოლა. „ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში ეჭვი არ მეპარება. მთავრობაში ერთი ან მაქსიმუმ ორი წელი ვიქნები, შემდეგ კი საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები, რომ დავეხმარო საზოგადოებას როგორ აირჩიოს ადამიანები და როგორ გააკონტროლოს თავისი პოლიტიკოსები; რომ არსებობდეს თავისუფალი პრესა, და ნამდვილი ოპოზიცია.“

მთავრობის თავდაპირველი პასუხი აგრესიული იყო – ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მისი ადგილობრივი ბანკი დახურეს. ამგვარი მიდგომა იმდენად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის გუნდმა შეტევის უფრო დახვეწილ ფორმას მიმართა: ივანიშვილს როგორც პოლიტიკურ დილეტანს წარმოაჩენდა და მოსკოვის ხელში მთავარ იარაღს საქართელოს წინააღმდეგ. „წარსულის ბნელი ძალები, რა ფულითაც არ უნდა იყვნენ შეიარაღებულნი, როგორ ტყუილებსაც არ უნდა ყვებოდნენ…ვერ გააჩერებენ ქართველი ხალხის სწრაფვას პროგრესისკენ,“ თქვა მაისში სააკაშვილმა.

რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში, რომ ივანიშვილზე მთავრობის აზრი მოვისმინო. გლუკსმანი, ოცდაათს გადაცილებული მოხდენილი ფრანგია, ფრანგი ფილოსოფოსის ვაჟი და სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. „როდესაც ამ რაოდენობის ფული ერთი ადამიანის ხელშია, ეს პრობლემა იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის,“ ამბობს იგი. „მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემატურია ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს.“

გლუკსმანი ეკა ზღულაძის მეუღლეა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ის 37 წლისაა და სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთ მხცოვან წევრად ითვლება. თავად სააკაშვილი ვარდების რევოლუციის დროს მხოლოდ 36 წლის იყო, როდესაც გზიდან მოიშორა ძველი გვარდია და თავისი მთავრობა ახალგაზრდებით დააკომპლექტა. მინისტრების ასაკი, ჩვეულებრივ, ოცდაათ წელს ქვემოთ იყო, მათი გამოცდილება ძალიან მწირი გახლდათ. საბჭოთა კავშირის დროს ნებისმიერი სახით მსახურება გულისხმობდა ავტომატურ დისკვალიფიკაციას: ეს ადამიანები ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. ამან, რა თქმა უნდა, მოგვცა გაბრაზებული და სამოქალაქო უფლება აყრილი თაობა, რომელიც ივანიშვილის კამპანიას ემხრობა. მაგრამ მილიარდერი ირწმუნება, რომ ის მომავალისკენ, და არა წარსულისკენ იყურება, და მისი პრობლემა არა სააკაშვილის პროდასავლურობა, არამედ ის არის, რომ ის ახლანდელ მთავრობაში დემოკრატული ფასადის მიღმა ავტოკრატულ მეთოდებს ამკვიდრებს.

ივანიშვილს ნარატივი თანამედროვე საქართველოზე იმდენად განსხვავდება სააკაშვილისაგან, თითქოს ისინი ორ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაზე საუბრობდნენ. სააკაშვილის ხალხი საუბრობს ევროპის კარზე მიმდგარ განვითარებულ დემოკრატიაზე, ეფექტური რეფორმებით ამოძირკვულ საბჭოთა მენტალიტეტზე, რომელიც მერიტოკრატიამ შეცვალა. ივანიშვილის რაზმმა კი საქართველო ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რომელსაც სააკიშვილის ირგვლივ თავმოყრილი ადამიანთა ჯგუფი ულმობლად აკონტროლებს, რომელმაც ხელში ჩაიგდო ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსები, აკონტროლებს მედიის დიდ ნაწილს და სულ მცირე კრიტიკის მიმართაც კი ძალიან მგრძნობიარეა. სინამდვილეში, სიმართლე, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სადღაც ამ ორ უკიდერესობის შორისაა. თავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილს და ოპოზიციას შეუძლიათ ასეთი საჯარო კრიტიკა მათი დაპატიმრების ან კიდევ უფრო უარესის გარეშე, უჩვენებს რამდენად წინ წავიდა საქართველო სააკაშვილის დროს – ასეთი ღიაობა მეზობელ ქვეყნებში წარმოუდგენელი იქნებოდა.

ყოველდღიური ცხოვრებაც შეუქცევადად შეიცვალა. ათი წლის წინ, დედაქალაქში ელექტროენერგია ითიშებოდა, პოლიცია უკლებლივ ყველასგან ხარბად ქრთამს იღებდა, ისევე როგორც ამას ყველა აკეთებს დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, და კრიმინალი ჩვეულებრივი რამ იყო, იმდენად, რომ ხალხს საღამოობით სახლის დატოვების ეშინოდა. ახლა თბილისი სასიამოვნო, ცივილიზებული ქალაქია ფეშენებელური კაფეებითა და უსაფრთხოების აურით. ივანიშვილიც კი აღიარებს, რომ პოლიციის რეფორმა წარმატებული იყო, ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად, მაგრამ ამბობს, რომ დამატებითი რეფორმებია საჭიროა და ხაზს უსვამს ავტოკრატულ ნიშნებს მთავრობაში. „ძალაუფლების ძლიერი ვერტიკალია და ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს,“ ამბობს იგი. „ჩვენ გვჭირდება თვითმმართველობის კულტურის დამკვიდრება, რომ ყველაფერი ზემოდან ერთი ადამიანისგან არ იმართებოდეს.“

ივანიშვილის მიერ სააკაშვილის აღწერა სარკასტულია; „ნამდვილ მშიშარას“ და „პროფესიონალ მატყუარასაც“ კი უწოდებს. ის ცოტა ხნით ჩერდება ვიდრე თავის ყველაზე გასაოცარ ბრალდებას იტყვის: „თუ ღრმად ჩახედავ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან არ იცის რა არის სიყვარული,“ ამბობს სერიოზულად და თავის თაფლისფერი თვალებით მიყურებს. რამდენიმე დღის შემდეგ ამ სიტყვების შესახებ ღიმილით ვუამბობ ჩემს მეგობარს, თბილისელ ინტელექტუალს. მაგრამ სიცილის ნაცვლად წამით ფიქრებში მიდის თითქოს ჭეშმარიტება პირველად აუწყეს: „იცი რა, შეიძლება ივანიშვილი მართალიცაა,“ ამბობს ის ძალიან სევდიანი ხმით.

ბოლოს და ბოლოს ეს ის ქვეყანაა, სადაც ემოციურობა და გრძნობების გამოხატვა ფასდება. დედალაქის მთავარი ქუჩა პოეტის სახელს ატარებს. ქვეყნის პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი ლიტერატურის კრიტიკოსი იყო, რომელიც, თავის მხრივ, ხელოვანმა და დრამატურგმა დაამხო. ეს უკანასკნელი სამხედრო მეთაურიც იყო. საქართველოში ერთ-ერთი საპატივსაცემო პროფესია თამადაა; არსებითად ეს არის პროფესიონალი სადღეგრძელოების მთქმელი, რომელიც ენამჭევრი და მგრძნობიარე სიტყვებით გამოდის ქორწილებსა და დაბადების დღის წვეულებებზე, რომ ხალხმა მოილხინოს ვიდრე სასმელს მიუბრუნდება. აქ გრძნობების დაფარვის კულტურა არ არსებობს; ეს არის ადგილი, სადაც სიყვარულს, სიძულვილს, სიხარულსა და წუხილს თავშეუკავებლად გამოხატავენ.

მაგრამ მეჩვენება, რომ ჰიპერაქტიური სააკაშვილი ამ ქართული მგზნებარების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს – მისთვის ყველაზე ცუდ მომენტებშიც კი, როგორიც იყო მაგალითად მაშინ, როდესაც კამერებმა ის ჰალსტუხის ღეჭვის დროს გადაიღეს, მისი პრობლემა, როგორც ჩანს გადაჭარბებული ემოციურობაა და არა ამ ემოციების დეფიციტი. ასე რომ რას გულისხმობს ივანიშვილი? „მას არ უყვარს; მას არ შეუძლია სიყვარული. მას არ შეუძლია სხვისი წუხილის გაზიარება. მე ვწუხვარ მის გამო. მას ციხეში ჩასმა არ სჭირდება, მას დახმარება სჭირდება.“

გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რაიმე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. „ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ასე რომ ის ამას ღალატად არ მიიჩნევს.“ სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს, ამბობს გლუკსმანი. „ის ფულს იძლეოდა კულტურული რაღაცეებისთვის და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ყოფილა.“ ივანიშვილს ვეკითხები, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. „რა თქვეს?“ ხმამაღლა იცინის. „დღეები იყო, როცა სააკაშვილი დღეში 50-ჯერ მირეკავდა! მე ვეუბნებოდი, მიშა შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ!“

ივანიშვილი ამბობს, რომ წესად ჰქონდა თბილისში, მოსკოვსა და პარიზში, რომ მისი სახლი მხოლოდ ოჯახისათვის იყო განკუთვნილი, და მხოლოდ ერთ თუ ორ ბიზნესპარტნიორს, რომლებიც მისი მეგობრები გახდნენ, შეეძლო მასთან სტუმრობა. „ბიზნესში, ჩვეულებრივ, მიღებულია პარტნიორების სახლში მიპატიჟება, ოჯახებით დამეგობრება, რადგან ეს ბიზნესს ეხმარება. მაგრამ ჩემთვის, სახლი წმიდათაწმინდაა. არასდროს მიმიღია ბიზნესპარტნიორები, რომ აღარაფერი ვთქვა სააკაშვილზე! ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდა.“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მის პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ, და ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში ვერტმფრენით გადაფრინდა, სადაც მათ ფარული შეხვედრები ჰქონდათ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას არ გაეგო.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ცდილობდა დაერეკა ივანიშვილს სახლში, ამტკიცებს მილიარდერი. „ერთხელ დამირეკა და მითხრა, შენი სახლის ქვემოთ, ბოტანიკურ ბაღში ვარ, ხომ არ ამოვისეირნო ფეხით? ერთხელ შემომთავაზა თვითონ დამჯდარიყო „ლადა ჟიგულის“ საჭესთან შენიღბვის მიზნით, მაგრამ მე უარი ვუთხარი.“

ივანიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ისინი ყოველ კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ 2008 წელს სააკაშვილის ხელახლა არჩევის შემდეგ, ივანიშვილმა, შეშფოთებული იყო რა სააკაშვილის პოლიტიკური კურსით, მასთან კონტაქტი შეწყვიტა. „ვუთხარი, რომ ჩემს სიმბარათს ვცვლი, აღარ დამირეკო, მე არ მინდა პოლიტიკოსობა და შენ მაიძულებ, რომ გავხდე. როცა შენ პოლიტიკიდან წახვალ, ჩვენ მეგობრები ვიქნებით, მაგრამ ახლა ჩვენ ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, თავისი მეუღლეც კი გამომიგზავნა, მაგრამ მე ვთქვი არა.“

მე სააკაშვილის ხალხს მივუბრუნდი ივანიშვილის მტკიცებების ვრცელი ჩამონათვალით. მათ მტკიცედ განაცხადეს, რომ მათ საუბარი მხოლოდ „ორჯერ თუ სამჯერ“ ჰქონდათ.

როგორც ყველაფერი ამ შეჯიბრში, ეს ორი ვერსიაც ურთიერთობის შესახებ, გამორჩეული არ არის.

როგორ იქცა ღარიბი სოფლელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კაცად, საიდუმლოებითაა მოცული. თვითონ ასე განმარტავს: „მე ყველაფერს გიამბობთ, მაგრამ თქვენ გადამოწმებას ვერ შეძლებთ.“

ისტორია, რომელსაც ის ყვება ოლიგარქის კლასიკური ზღაპარია მოხერხებულობასა და სისასტიკეზე, სტრუქტურულ საფეხურებზე აღმასვლასა და უამრავი მტრისგან თავის დაღწევაზე, იმაზე რაც 1990-იანი წლების დასაწყისის რუსეთს ახასიათებდა, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ჭკვიანმა შეძლო ისე სწრაფად გამდიდრება, როგორც ვერავინ კაცობრიობის ისტორიაში. სხვებისგან გამორჩეულმა სკოლაში, რომელიც მისი სოფლიდან 3 მილის ფეხით სავალზე იყო, თბილისში უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც თავდაპირველად რუსულს სწავლობდა. „1980 წელს სკოლა წარჩინებით დავასრულე,“ ამბობს იგი. „ჟურნალისტები არასდროს წერენ ამის შესახებ და ეს მწყინს.“ შემდეგ მოსკოვში წავიდა, სადაც თავს ძლივს ირჩენდა. რუსი სტუდენტები უხეშად ეპყრობოდნენ და ქართველებზე ანეგდოტებს ყვებოდნენ; კაფეტერიაში ფეხსაც კი არ დგამდა, რომ დაცინვის ობიექტი არ გამხდარიყო. მაგრამ ამბობს, რომ ისეთ რამეს მიხვდა, რასაც რუსი სტუდენტები ვერ ხვდებოდნენ.

„საქართველოში ხალხი უკვე ხვდებოდა, რომ კომუნიზმი დიდხანს ვერ გასტანდა. ხოლო როდესაც მე მოსკოვის ინსტიტუტში მივედი, ხალხს იქ კიდევ სჯეროდა მისი. სრულიად განსხვავებულები იყვნენ და ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული გახლდათ.“ ის ასევე ამჩნევდა რამდენად დიდი პოტენციალი იყო კომპიუტერებში. „ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ვწერდი 1980-იანი წლების მიწურულს და თვალს ვადევნებდი იმას, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი კომპიუტერების გარეშე ვერ იარსებებდა. ამის შესახებ ერთი წლით ადრე ვფიქრობდი ვიდრე სხვები მოისაზრებდნენ. დავიწყე იმ ხალხის ძებნა, ვინც კომპიუტერების იმპორტს შეძლებდა.“

მოახერხა ძველი თბილისელი ებრაელი ნაცნობების გამნახვა, რომელთა უმეტესობა ისრაელში ან დასავლეთში იყო წასული, და სთხოვდა მათ ერთი ან ორი კომპიუტერის საყიდელი ფული როგორმე ეშოვათ და რუსეთში ფარულად გაეგზავნათ. „ისინი მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა კომპიუტერისათვის ფულის შეგროვება და მათი მოსკოვში ჩამოტანა, სადაც 40 000 მანეთად გავყიდდით. იმ დროს ამ თანხით ორ მანქანას შეიძენდი!“

18 წლის განმავლობაში ივანიშვილმა და მისმა სამმა პარტნიორმა $80 000 იშოვეს – უზარმაზარი თანხა იმ დროისათვის, და საკმარისი ბანკის გასახსნელად. „იმან გადაგვარჩინა, რომ ბანდიტებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა იყო კომპიუტერი,“ ამბობს ღიმილით. „ისინი კაფეებს აფეთქებდნენ 1000 მანეთისათვის, ჩვენ კი დავეხეტებოდით ამ კომპიუტერებიანი დიდი ყუთებით, რომლებიც 40 000 მანეთი ღირდა. როგორც კი მიხვდნენ რა ფასი ჰქონდა იმას, რითაც ჩვენ ვსაქმიანობდით, სხვა საქმეს მოვკიდეთ ხელი.“

იმ თანხით რაც იშოვეს, გახსნეს ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი გახდა რუსეთში, და ივანიშვილი სხვადასხვა გაყიდვების ქსელის, უძრავი ქონებისა და სხვა ბიზნესებს დაეუფლა. „ყველა მიეძალა ნავთობსა და ალუმინს, საიდანაც სწრაფი მოგების მიღება იყო შესაძლებელი, მაგრამ იმავდროულად ეს საშიში საქმიანობაც იყო. მე უფრო გრძელვადიანი ინვესტიციები გავაკეთე. თუკი ვგრძნობდით, რომ ესა თუ ის დარგი ძალადობის ველში ექცეოდა, ჩვენ მას ვტოვებდით.“

ივანიშვილი ირწმუნება, რომ მისი ბანკი არასდროს იყო ჩართული საეჭვო საქმიანობაში, თუმცა ერთი წყაროს მიხედვით, მოსკოვში ბიზნესსამყაროს ამაზე ეცინება, და ბანკს აღწერს როგორც „რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო“ სექტორს.

მისი რუსეთში გატარებული ხანგრძლივი ცხოვრებისა და იმის გამო, რომ მოწოდებულია გაუმჯობესდეს ურთიერთობები მოსკოვთან, სააკაშვილის გუნდს ის კრემლის მარიონეტად გამოჰყავს. სააკაშვილის მთავრობის ყველაზე რთული პერიოდი 2008 წლის რუსეთთან ომი იყო, რომელშიც საქართველოს ჯარი დამარცხდა და მიღწეული შიდა პროგრესი საფრთხის წინაშე დადგა. ყველაზე ნეიტრალური დამკვირვებლებიც კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რაღაც წილ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე, და 2008 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტაზე, ასევე იმაზეც, რომ ტერიტორია, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიოს საქართველოს ნაწილად აღიარებს, რუსულ სამხედრო ნაწილებს აქვთ ოკუპირებული.

ვლადიმერ პუტინი არც მალავს, რომ საშინლად არ მოსწონს სააკაშვილი, მისი ცნობილი ფრაზაა, რომ საქართელოს ლიდერს „კვერცხებით“ დაკიდებდა. ივანიშვილი პირობას დებს, რომ დაასრულებას ამგვარ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს მოსკოვთან ახალი, უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებას – ის, რასაც მოქმედი რეჟიმი ებღაუჭება, როგორც ნიშანს იმისა, რომ ივანიშვილი კრემლის მარიონეტია.

„მე ვერ გეტყვით ზუსტად რა ურთიერთობა აქვს ივანიშვილს კრემლის წარმომადგენლებთან,“ ამბობს გლუკსმანი. „მაგრამ მას არასდროს გაუკრიტიკებია რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რაც აშკარად მომგებიანია საქართველოში ამომრჩევლების ხმების მოზიდვისთვის“, ის რომ არ მუშაობდეს გარკვეული რუსული გეგმის მიხედვით, ფიქრობს გლუკსმანი, ის ამ კონიუნქტურის წინააღმდეგ არ წავიდოდა. „და არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ მან თავისი ქონება ასე სწრაფად და კარგ ფასად გაყიდა – ამას რუსეთში ვერ გააკეთებ, თუკი კრემლთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს.“

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ისივე აკრიტიკებს პუტინს როგორც სააკაშვილს. „რუსეთი მაშინ დავტოვე, როდესაც პუტინი მოვიდა მთავრობაში,“ ამბობს იგი. „ჩემი ჰობი ფსიქოანალიზი იყო, ის თუ როგორ იქნევდა იგი ხელებს, რა კომპლექსები ჰქონდა, მაშინებდა. პუტინის ფსიქოლოგიას მივხვდი და გავაცნობიერე, რომ საკმარისი ფული მქონდა იმისთვის, რომ თავისუფლად და ბედნიერად მეცხოვრა, არ მინდოდა დარჩენა და სისტემის ნაწილად ყოფნა.“ ის პარიზში გადავიდა და შემდეგ თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დაბრუნდა, სანამ თბილისში მისი მინის ციხესიმაგრე შენდებოდა. ივანიშვილი ამბობს, რომ ათ წელზე მეტია ფეხი არ ჩაუდგამს რუსეთში, უცნაურია თუ ეს სიმართლეა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ იქ უზარმაზარ ბიზნესიმპერიას გასულ წლამდე აკონტროლებდა.

წლების განმავლობაში მილიონობით გირვანქა სტერლიგს მშვიდად ხარჯავდა საქართველოში, ისე, რომ არ ჰქონდა სურვილი და არ ითხოვდა აღიარებას. თეატრის დირექტორები იხსენებენ, როგორ აკითხავდათ მათ წყნარი ადამიანი კულისებში შეკითხვებით, და მომდევნო დღეს ცხადდებოდა განახლებისთის უზარმაზარი დახმარების გაცემის შესახებ. კულტურისა და ხელოვნების ასობით წარმომადგენელი იღებდა მეორე ხელფასს ივანიშვილის კულტურის ფონდისგან. მან ააშენა ქვეყნის ყველაზე დიდი ეკლესია, ახალი ფორმა უყიდა არმიას. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ გაცემა სიამოვნებას გვრიდა, თუ ამით იმ უსიამოვნო განცდის შემცირებას ცდილობდა, რომ ამდენი რამ გააჩნდა იმ დროს, როდესაც მისი ქვეყანა ასე ღარიბი იყო?

„რა რთული შეკითხვაა,“ ამბობს იგი და წამით ჩაფიქრდება. „ორივე და კიდევ სხვა რამ. რა თქმა უნდა, უხერხულია, როცა შენ რაღაცეები გაქვს და სხვას არა. თეატრები ინგრეოდა; მსახიობები, რომლებიც ბავშვობიდან გიყვარდა, შიმშილობდნენ; ეს საშინელებაა. უხილავი ადამიანის სტატუსი საშუალებას მაძლევდა ქუჩებში მევლო, ხალხს შევხვედროდი და მათი პრობლემების შესახებ მომესმინა, და შეუძლებელი იყო არ გაგჩენოდა მათი დახმარების სურვილი. ვცდილობდი, ჩემი ფულის 1 პროცენტი ჩემზე დამეხარჯა და 99 პროცენტი საზოგადოებისათვის. ასეთი წესით ვცხოვრობდი.“ იგი პოულობდა დროს თანამედროვე ხელოვნების არაჩვეულებრივი კოლექციის შეგროვებისთვის, რომელიც ასეულობით მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს, და რომელთა ასლები თბილისის სასახლეში აქვს გამოფენილი. ორიგინალები ლონდონის საცავში ინახება, რადგან დაზღვევის სპეციალისტებმა ურჩიეს მათი საქართველოში დატოვება სარისკო იქნებოდა.

უჩინარი ადამიანიდან საჯარო ფიგურად გადაქცევა ადვილი არ არის, ამბობს იგი. ივანიშვილს არა მხოლოდ მედია, არამედ ზოგადად ოლიგარქების წვეულებებზე დასწრებაც არ უყვარდა. „არ მიყვარს ნიღბის ტარება, და როცა არ შეგიძლია იყო ის, რასაც წარმოადგენ,“ ამბობს იგი. დაბადების დღის წვეულება არასდროს მოუწყვია. ამის მაგივრად, წლების განმავლობაში, ზამთარს სეიშელის კუნძულებზე ატარებდა, სადაც ახლო მეგობრებთან და ქართული ხალხური მუსიკის მისთვის საყვარელ შემსრულებლებთან ერთად მიემგზავრებოდა.

„პირველი თვე ძალიან რთული იყო, თავს ცუდად ვგრძნობდი, როცა კამერას ვხედავდი,“ ამბობს თავისი ახალი ცხოვრების შესახებ. ჩანს, რომ ახლაც სწავლობს იმას, თუ როგორ მოიქცეს ჟუნალისტებთან. „შეგიძლია აქედან რაღაც დაწერო, მაგრამ ყველაფერს ნუ დაწერ,“ ამბობს იგი, და ყვება საინტერესო ისტორიას იმის შესხებ, თუ როგორ გაგზავნა ძმისშვილი მოსკოვში მისი რუსული ბიზნესის გაყიდვის მოლაპარაკებაზე, მას შემდეგ რაც გადაწყვიტა პოლიტიკაში წასულიყო. „ალბათ დაწერთ ამის შესახებ.“ პაუზა. „მაგრამ უმჯობესია, რომ არ დაწეროთ.“ „თუმცა ვფიქრობ შეგიძლიათ.“ მოგვიანებით, ფოტოგადაღების დროს იმით ინტერესდება, ხომ არ არის პრობლემა, რომ წინდები არ აცვია.

ერთმანეთს ვემშვიდობებით და ხუთსაათიანი გზით შავი ზღვის სანაპიროდან თბილისში ვბრუნდები. მეჩვენება, რომ დედაქალაქში დაბრუნებისას, ნებისმიერი საუბარი პოლიტიკას ეხება. „შესაძლოა ცვლილების დრო დადგა, მაგრამ მე არ მჯერა ივანიშვილის,“ ამბობს ოცდაათ წელს გადაცილებული ერთი ექიმი. ამგვარი სენტიმენტი ბევრჯერ მოვისმინე ამ ქვეყნის ახალგაზრდებისგან. „მე არავისი არ მჯერა, ვინც ამდენ ხანს რუსეთში ცხოვრობდა. და კრემლიდან მოგზავნილი რომ იყოს?“ სხვები აღტაცებით საუბრობენ მის ქველმოქმედებაზე. გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები განსხვავებულია: სააკაშვილის მხარდამჭერები არაერთი კვლევის მიხედვით, ამბობენ, რომ ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ელექტორატის 18-დან 30 პროცენტამდე მოიპოვებს. ივანიშვილი სხვა კვლევას იმოწმებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 9 პუნქტით უსწრებს სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში, სადაც ქუჩის გამოსვლების ხანგრძლივი ისტორიაა, პოტენციური ჩიხური სიტუაცია ხმების დათვლის შემდეგ, ადვილად პროგნოზირებადია.

კახა კალაძე ქვეყნის დევიდ ბექჰემია; წლების მანძილზე ის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო და საფეხბურთო კლუბ „მილანიდან“ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა. 12 წელი იტალიაში ცხოვრების შემდეგ, მაისში კოტრაქტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. ფეხბურთელებისა და ცნობილი ქართველი მწერლების ფოტოებით გაფორმებულ ოფისში ყოფნისას კალაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მისდამი ნდობა იმით მოიპოვა, რომ საქართველოში დაბრუნდა. „მას იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია ყველაფერი ჰქონდეს, რაც კი ოდესმე სდომებია. მას შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში ეცხოვრა ბედნიერად. მაგრამ ვერ შეძლო საქართველოს დატოვება.“ კალაძე ივანიშვილის პარტიიდან საპარლამეტო არჩევნებში იყრის კენჭს. „მეც მასსავით შემეძლო მილანში დარჩენა, მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ ამბობს იგი.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიისათვის უცნაური სახელია, და ამიტომაც ზოგიერთ უბანში ივანიშვილსა და მის რაზმს აგდებით „მეოცნებეებს“ ეძახიან. მაგრამ თუკი თქვენ ეძებთ ვინმეს, ვისაც ოცნებების რეალობად გადაქცევა შეუძლია, ადამიანი მილიარდიანი ქონებითა და ალბინოსი ფარშავანგების კოლექციით, ურიგო არჩევანი არ უნდა იყოს.
foreignpress.ge