„სააკაშვილი მძიმედ დაავადებული ტაკიმასხარაა“

„სააკაშვილი მძიმედ დაავადებული ტაკიმასხარაა“

 

“ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს , ბანდიტებს და სამშობლოს გამყიდველებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. თუმცა ადამიანები, რომლებიც მან ჩამოთვალა დღეს  პოლიტიკურ პროცესებში არ არიან აქტიურად ჩართულები.

მაშინ ჩნდება კითხვა რატომ მაინდაცმაინდ ზუგდიდში და რატომ ეს ადამიანები? იმიტომ ხომ არა, რომ სამეგრელოსთვის 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირება შეეხსენებინა და კვლავ ამ დაპირისპირების აჩრდილით დაეშინებინა ადგილობრივები? სააკაშვილი ხომ მუდმივად იმაზე აპელირებს, რომ თითქოს ოპოზიციას წარსულში დაბრუნება და სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა სურს.

„ეტყობა დაგროვდა სამეგრელოში დოვლათი ნელ-ნელა და ისევ ეფხანება ხელები ვიღაც-ვიღაცეებს და ერთიდაიგივე ხალხმა აქ გამოისეირნოს? ნურას უკაცრავად!“, - ამბობს ამავე სიტყვაში პრეზიდენტი.

რას ფიქრობენ ამ ჩამონათვალში მოხსენიებული ადამიანები? გენერალი გია ყარყარაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იგი ზუგდიდში სპეციალურად ახსენა იმიტომ, რომ ყარყარაშვილი მაშინ იმ პროცესებში მონაწილეობდა.

გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ ქვეყნის მოღალატედ ხსენებას ვერ მიიღებს იმ ადამიანისგან, რომელმაც თავად ძალიან ბევრი ცუდი ჩაიდინა საქართველოს წინაშე. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გთავაზობთ გოგა ხაინდრავას ინტერვიუს.

გოგა ხაინდრავა: „ეს ადამიანი არის ტაკიმასხარა და ტაკიმასხარის გამონათქვამებზე კომენტარებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ამასთანავე, ის მძიმედ დაავადებული ტაკიმასხარაა და მის დედას (რომელიც ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში ახსენა) ვურჩევ, საკუთარ შვილს მიხედოს, რადგან როგორც ჩანს, 19 წლის ასაკში კაგებე-ს ჯარში მსახურობის დაწყებისას დაიწყო ამ ადამიანის ფსიქიკური აშლილობა. რა თქმა უნდა, კაგებე-ს ჯარში მსახურობა და კაგებე-ს ერთგულება ძალიან ძნელია. ამასთანავე, მას კაგებე-ს ზემოქმედების წნეხი ბიძამისმაც დაუმატა, კაცი გადავიდა ჭკუიდან და რა კომენტარი უნდა გავაკეთო მის ნათქვამებზე. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ქვეყანას ტაკიმასხარა ადამიანი მართავს.

მოდით უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ (ვინაიდან ეს თემა ძალიან აქტუალურია), თქვენი აზრით რა მოხდა ლოპოტას ხეობაში?  

- ლოპოტას სპეც-ოპერაცია არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. იმ სისხლში, რომელიც იქ დაიღვარა მთლიანად არის ჩაძირული სამი მანიაკი - სააკაშვილი და ორი ახალაია. დღეს ძალოვან სტრუქტურებს საქართველოში სამი მანიაკი მართავს და მე მიკვირს, ნუთუ ქართველი ხალხი ვერ ხედავს, რომ სამივე ავადმყოფია და ყოველდღიურად ქართველ ხალხს, ჩვენს მომავალს და ჩვენს ბავშვებს საფრთხეს უქმნიან. მე ჩვენს მომავალს არანაირ საფრთხეს არ ვუქმნი.

11 ჩეჩენ მოჯახედს რომ დახოცავ, რომლებიც თავისი ქვეყნის გათავისუფლებისთვის 16 წელიწადია ტყეში არიან და რუსეთს აზანზარებენ, იმათ რომ გადაკიდებ ქართველებს და მისცემ შესაძლებლობას ქართველებზე შური იძიონ და სისხლი აიღონ (რა ფორმებით აკეთებენ ამას, ყველამ კარგად ვიცით), სწორედ ის არის ამ ქვეყნის მტერი და მოღალატე, ვინც ამას გააკეთებს. ამ ქმედებით მათ ჩვენი ბავშვები საფრთხეში ჩააგდეს.

მიკვირს ამ ტაკიმასხარაობას ჟურნალისტები ამდენ ყურადღებას რომ უთმობთ, კაცმა ბომბი ჩადო უამრავ ადგილას საქართველოში, როდესაც მუხანათურად და არაკაცურად (როგორებიც თვითონ და მისი გარემოცვა არიან) 11 მებრძოლი სიცოცხლეს გამოასალმა, რომლებიც საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად, რუსეთის მონსტრის წინააღმდეგ იბრძვიან. სააკაშვილი და ახალაიები, მერაბიშვილის მეთაურობით, რუსეთის ბრძანებებს ასრულებენ, ქართველი ხალხი კი მოედნებზე იკრიბება ხუთი ნომრით. ძალით არიან ისინი მიყვანილები, ავტობუსით, ტროლეიბუსით თუ მარხილით, მე არ მაინტერესებს. აღვირახსნილი გიჟი ქვეყნის სათავეში და ორი მანიაკი - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელად, და მივიღეთ შედეგი - მოკლული 11 მებრძოლი, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ. ისინი ჩვენი ჩრდილოკავკასიელი თანამებრძოლები არიან. ამ ოპერაციაში კარგად გამოჩნდა, ვინ ებრძვის იმპერიას და ვინ ასრულებს მოსკოვის ბრძანებებს.

ვანო მერაბიშვილმა ამ ტაკიმასხარას მეშვეობით კიდევ ერთი საჩუქარი მიართვა რუსეთს, კიდევ ერთი ვალი მოიხადა რუსეთის უშიშროების სამსახურის წინაშე, რომლის თანამშრომელიც თავად არის. ჩვენ კიდევ მოედნებზე, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში ხუთი ნომრებით გამოვდივართ. მეტი სარგებელი ხალხსო და აი, მოუტანეს ხალხს სარგებელი. რატომ არ ესმის ხალხს, რა საფრთხის წინაშე დააყენეს ამ არაკაცებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები, მე უბრალოდ ძალიან მიკვირს. როგორც ჩანს, ისეთი დეგრადაცია განვიცადეთ, რომ ვერ ვხედავთ, ჩრდილო კავკასიიდან დიდი ბომბი რომ გადმოიტანეს და დადეს თბილისში, ქუთაისში, თელავში, ახმეტაში და საერთოდ ყველგან.

თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ლოპოტას ოპერაცია ჩრდილო-კავკასიელებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის საბაბი გახდეს?

- შეიძლება კი არა, დაიძაბა ურთიერთობა. მე არაფერს არ ვფიქრობ, წაიკითხეთ მათი საიტები, მათი განცხადებები. იქ გონიერი ხალხი ვინც არის, ესმით, რომ საქართველოს, დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას მხოლოდ საქართველოს, დაღესტნის და ჩეჩნეთის მტერი მოინდომებს. ამას მტრის მეტი არავინ გააკეთებს. ამას გააკეთებს მხოლოდ ადამიანი, რომელსაც ქართველობის ნიშან-წყალი არ გააჩნია და არც არასოდეს გააჩნდა, ხოლო რაც გააჩნდა, ისიც დავიწყებული აქვს, იმდენად იმძლავრა მასში სხვა ინტერესებმა. ეს ხომ შავი და თეთრია, გადახედეთ ამ ქვეყნის მმართველების და ამ ოპერაციის შემსრულებლების შემადგენლობას და გადახედეთ ჩვენს სამეზობლოში არსებულ ინტერესებს. ნებისმიერი გონიერი კაცი ყველაფერს მიხვდება და, ეხლა ბრბოდ თუ გადავიქცევით და ცხვრის ფარად, მაშინ სადაც მოუნდებათ, იქით გაგვრეკავენ.

ფიქრობთ, რომ ეს რაღაც ფარული გარიგება იყო რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ოპერაციით პუტინს გარკვეული რევერანსი გაუკეთა?

- მე კი არ ვთვლი, ეს ყველამ კარგად იცის. ამას რა თვლა უნდა, ეს არის თვლა ხუთამდე. ვის ინტერესებში შედიოდა ის, რაც მოხდა? 11 მებრძოლის განადგურება, დაღესტნის, ჩეჩნეთის და საქართველოს ერთმანეთთან გადაკიდება, ჩვენს შორის სისხლის ჩაგდება და პოლიტიკურად აბსოლუტურად ბეცი მოქმედება. ვის ინტერესებში იყო ეს? ერთადერთი მხარე არსებობს მსოფლიოში, ვის ინტერესებშიც ეს ყველაფერი შედის. კიდევ შეიძლება ერთი-ორი ასეთი არსებობდეს, მაგრამ ძირითადად ეს არის რუსეთი. ყველაფერი რუსეთის გულის საამებლად განხორციელდა და საერთოდაც, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში რაც ხდება, ყველაფერი რუსეთის საამებლად ხორციელდება. ქართველებს მინდა ვკითხო, რა  უნდა ჩაიდინოს სააკაშვილმა კიდევ ისეთი, რომ ყურები გამოვიბერტყოთ და მივხდეთ, რა მდგომარეობაში ვართ?

თქვენი აზრით ეს ყველაფერი არჩევნებთან არის დაკავშირებული?

- პირდაპირ არის დაკავშირებული, რადგან სააკაშვილს ესმის, რომ არანაირი შანსი არ აქვს და არც იქ არა აქვს შანსი - იმ ბომბზე, რომელიც მაგან და მერაბიშვილმა პატრუშევის დავალებით ჩრდილო კავკასიიდან გადმოიტანეს, პირველ ოქტომბერს თვითონვე აფეთქდებიან. ეს ბომბი მათ ქართველ ხალხს დაუდეს და ქართველი ხალხი მათ ამ ბომბს უკანვე დაუბრუნებს და გაუშვებს იქ, საიდანაც არიან მოსულები - მათ მშობლიურ კაგებე-ში, ბიძამისის ფრთის ქვეშ. კაგებეშნიკების ოჯახიდან გამოსული ადამიანი მე მეუბნება რამეს სამშობლოს ღალატზე?

უკანასკნელ დღეებში NDI-ს რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ამ კვლევის შედეგები?

- NDI არის იგივე, რაც თავის დროზე საბჭოთა კავშირში პოლიტიკური სასწავლებლები იყო, სადაც პარტმუშაკებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ და რა უნდა გააკეთონ. მაშინ ასეთი პარტიული სკოლები იყო და სხვათაშორის სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან ბევრს აქვს ეს პარტიული სკოლა გავლილი. მას კი არ დასცალდა და პირდაპირ კაგებე-ში ამოყო თავი. მიმაჩნია, რომ ასეთი ორგანიზაციაა NDI. ნავაროს ადგილას მე თბილისის ქუჩებში ვერ გამოვიდოდი. ეს უთავმოყვარეო კაცი, თუ თვითონ ხუთამდე თვლა არ იცის და 12-სა და 27-ს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავს, საქართველოში მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა იციან ეგ ყველაფერი და მაგაზე სერიოზულად საუბარი როგორ შეიძლება. როდესაც თურმე ინგა გრიგოლიას ბიძინა ივანიშვილზე მეტი რეიტინგი აქვს, ნუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ნავარო არის სამარცხვინო კაცი და NDI სამარცხვინო დაწესებულებაა. მსოფლიოს მასშტაბით მე ვერ გეტყვით, სხვაგან რას აკეთებენ, მაგრამ საქართველოში მათი საქმიანობა უბრალოდ სამარცხვინოა.

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა საყოველთაოდ ცნობილია და ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც საჯილდაო ქვად არის ქცეული საერთაშოროსი საზოგადოება. ამ კონტექსტში განიხილება NDI-ს კვლევაც, რადგან ეს ორგანიზაცია ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციებს გამოხატავდა ყოველთვის.

- არავითარ შემთხვევაში! ეს არის ზღაპარი და მითი, რომელიც სააკაშვილმა, ბოკერიამ და რამიშვილმა მოიგონეს. არავითარ შემთხვევაში, ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციას გვეუბნება ამერიკის ელჩი საქართველოში. დასავლეთში სააკაშვილს აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მას დარჩა ეს ბოდვები, და შიშით და ავტობუსებით მოყვანილი ხალხი, რომლებსაც მისჯილი აქვთ ამ ტაკიმასხარას ნაბოდვარის მოსმენა. ასეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც ამ სასჯელს იგონებენ აკო მინაშვილი, ან გოკა გაბაშვილი, ან გიგა ბოკერია და მისთანები და შემდეგ მთელი ხალხი ამით ისჯება. ასეთი ქვეყანა ააშენეს მათ.