მმართველი პარტია ცდილობს პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან კვლავ საფრთხობელა შექმნას და ამომრჩეველს არწმუნებს, რომ თუ კოალიცია ქართული ოცნება გაიმარჯვებს, ის საქართველოს ნატოში შეყვანას ვერ მოახერხებს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღანელის აკაკი მინაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიული არჩევანის - ნატოს წინააღმდეგ ღიად გამოდის.
„გუშინ კიდევ ერთხელ შედგა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში, რაც თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან სწორედ ახლა არის ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი პერიოდი. ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ საქართველო თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო დაუხლოვდა ნატოს და რუსეთის გეგმა, სამხედრო აგრესიით შეეშალა ხელი საქართველოს გაწევრიანების პროცესისათვის, ჩაიშალა.
ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი, გამაფრთხილებელი გზავნილი რუსეთის ფედერაციის მიმართ. მაშინ, როდესაც დემოკრატიული თანამეგობრობა, მათ შორის, პრეზიდენტი ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კამერონი და ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერები ერთხმად უცხადებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, „ქართული ოცნება“ ღიად, საქართველოს ამ მართლაც, ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გამოდის“, - აცხადებს მინაშვილი.
უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მაგალითისთვის, „ქართული ოცნების“ წევრების გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძისა და კობა დავითაშვილის მიერ სხვადასხვა დროს ნატოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს. თუმცა არ აკონკრეტებს, რა განცხადებებზეა საუბარი და როდის გაკეთდა ეს განცხადებები, თუმცა მინაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ბარიკადების ერთ მხარეს დგანან - საქართველო და მისი მოქალაქეები მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ერთად და მეორე მხარეს კი, ჩამორჩენილი, ავტოკრატული, კორუფციის ჭაობში ჩაფლული რუსეთის სახელწიფო მანქანა და „ქართული ოცნება“, - აცხადებს მინაშვილი.
მმართველი პარტიის ამ მოსაზრების დადასტურებაა NDI-ის „დასკვნაც“, რომლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას „ნაცმოძრაობა“ უფრო მოახერხებს, ვიდრე „ქართული ოცნება“ - გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 11%-ის აზრით კი ამ საკითხს კოალიცია „ქართული ოცნება“ მოახერხებს.
რის მიღწევას ცდილობს მმართველი პარტია, ძნელი მისახვედრი არ არის, თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ ამოცანებში საგარეო ვექტორი სრულიად გარკვეულია და ეს კოალიციის ლიდერების მხრიდან არაერთხელ დადასტურებულა.
კოალიცია „ქართული ოცნების წევრი“ კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ „ჯერ ერთი, აკაკი მინაშვილი არ არის დიდი პოლიტიკური ფიუგრა, რომ მის გაურკვეველ განცხადებებზე რაიმე კომენტარი ვაკეთო. მეორეც, როცა დაასახელებს, კონკრეტულად რა განცხადებაზეა ლაპარაკი, ამაზე მაშინ ვისაუბრებ“.
რაც შეეხება NDI-ს კითხვას, კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად არასერიოზული კვლევა.
„დაწყებული იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ჯამი შეადგენს 49%-ს, ვინ არის ის სასწაული პოლიტიკური ძალა, რომელსაც 51% აქვს, NDI დაფიქრებულა ამაზე?
2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეროვნულ საბჭოს 1%-იც კი არ დაუწერა, ეროვნულმა საბჭომ მიიღო 7%. სოციოლოგიურ კვლევებში მაქსიმალური ცდომილება არის 3% და არა 7% და ბატონი ნავაროსგან წესიერი ბოდიშიც არ მომისმენია“ – აცხადებს კობა დავითაშვილი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ასეთი ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში.
მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, თითქოს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ გვინდა ნატო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს პროგრამაში, რომლის პრეზენტაციაც მოხდა, ჩვენს ყველა განცხადებაში, რომელსაც საჯაროდ ვაკეთებთ, ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ვატარებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან, ყველგან ვაფიქსირებთ ცალსახა პოზიციას, რომ ჩვენი კურსი არის პროდასავლური, ჩვენ გვინდა ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში და ამას ემსახურება ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი. შესაბამისად, ვინ რა განცხადებები გააკეთა ოდესღაც, ამწუთას არის ნაკლებ მნიშვნელოვანი.
არ ვიცი, რა განცხადებებზეა საუბარი, ჩვენს ბლოკს აქვს ერთიანი, ძალზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო კურსი, ჩვენ ამ კურსს მხარს ვუჭერთ, ამას ვაცხადებთ ყველგან და არც ერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას არც აშშ-ს არც ევროკავშირს, და მასში შემავალ ქვეყნებს, არასოდეს არ დაუფიქსირებია ის პოზიცია, რომ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის წინააღმდეგი, ვართ პრორუსული და ა.შ.
ამ ყველაფერს ავრცელებს ხელისუფლება და მისი ერთადერთი მიზანია, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი, ჩვენგან დახატოს მტრის ხატი, დააშინოს ამომრჩეველი, რომ თითქოს თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში დავიწყებთ ომს და მსგავს სისულელეებს გვაბრალებენ. ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს „ქართული ოცნების“ მისამართით.
კიდევ ერთხელ ვამბობ – ნატოში შესვლას თუ ვინმე ხელს უშლის ამ ქვეყანაში, ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი ავტორიტარული მართვის ფორმებით. ნატოსკენ სვლას ეს რეჟიმი უშლის ხელს რადგან ნატოს წევრობა პირველ რიგში არის ვალდებულება, ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული და დღეს დემოკრატიული ინსტიტუტები აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, აბსოლუტურად დასუსტებული, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და ამ ყველაფრის თავი და თავი არის „ნაცმოძრაობა“ - ის რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ამიტომ თუ ვინმე ეწინააღმდეგება, ნატოს, ეს არის სწორედ ხელისუფლება“.
რაც შეეხება „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის აზრთა და ინტერესთა თანხვედრას, ამასთან დაკავშირებით კოალიციას საკუთარი მოსაზრება აქვს.
„როდესაც პრორუსულობას ვინმეს დააბრალებენ, თვითონ გადახედონ თავის საქმეებს, ვის ჩააბარეს მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები, ვისზე გაყიდეს და რეალურად, მართავს თუ არა, რუსული ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ცრუ ბრალდებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ მისამართით განწყობების შეცვლას ემსახურება, მაგრამ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევენ“,- აცხადებს მანანა კობახიძე.
რაც შეეხება კვლევებს, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ NDI და IRI არ არის სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციები, და სამწუხაროდ საზოგადოების ნდობაც ამ ორგანიზაციების კვლევების მიმართ ძალიან დაბალია.
„ჩვენ ჩვენი რეიტინგები ვიცით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან და ზუსტად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მხარდამჭერების უმრავლესობა სწორედ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს და არა „ნაცმოძრაობას“, რომელმაც 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე“ აცხადებს მანანა კობახიძე.
ექსპერტი გოგი ხუციშვილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადება, მისი მორიგი ტყუილია.
„ეს არის ტყუილი ვიცი და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება - ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია არ შეიცვლება - კოალიციის ყველა ლიდერს ეს მკაფიოდ აქვს ნათქვამი.
კოალიციის წევრების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ვინ თქვა, როდის და სად, რა გარემოებაში. სხვათა შორის, არ არის აუცილებელი, რომ კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის აზრი ერთმანეთს ემთხვეოდეს, ამით განსხვავდება „ნაცმოძრაობისაგან“ კოალიცია. ეს „ნაციონალური მოძრაობაა“, რომ ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობს და კოალიციაში თუ სხვადასხვა პოზიციებია, მე ვთვლი, რომ ეს დადებითი მომენტია, კარგია ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით თუ აზრთა სხვადასხვაობაა.
გუბაზ სანიკიძე თუ ფიქრობს ასე, შესაძლოა ეს არ იყოს „ეროვნული ფორუმის“ და მითუმეტეს კოალიციის პოზიცია, თუმცა მმართველი პარტია რატომ ცდილობს არქივში რაღაც მაკომპრომეტირებელი ქექოს და არც თუ დამაჯერებელი არგუმენტებით ვიღაცას თუ საკუთარ თავს დაუმტკიცოს რომ კოალიცია ნატოსკენ არ მიდის, კითხვებს ბადებს.
მართალია მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მის მომხრეთა ოდენობა დღითიდღე იზრდება, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი პირიქითაა და მმართველ პარტიას სერიოზული პრობლემები აქვს.
თუ ობიექტურობა სურს მმართველ პარტიას, უნდა აღიაროს, რომ ნატოსკენ სვლა 2008 წლის ომის შემდეგ შეჩერდა და ხან რაღაც „მაპზე უკეთსით“ ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას, ხანაც ვითომ ნატოს ასპირანტობით. ბოლო ტესტი კი რაც ქვეყანას, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ შანსს უტოვებს, როგორც ეს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებაა, მმართველი პარტიის საყურადღებოდ კი კიდეც ერთხელ ღირს დაკონკრეტება, რომ ობიექტური და გამჭვირვალე არჩევნები გაყალბებულ არჩევნებს არ ნიშნავს.
„სხვათა შორის, ნატოსკენ სვლა არც ვარდების რევოლუციით დაწყებულა. ევროკავშირში გაწევრიანებაც ასე ხდებოდა, რომ ქვეყნები ჯერ ნატოში შედიოდნენ თავდაცვის უზრუნველსაყოფად და შემდეგ ევროკავშირის წევრები ხდებოდნენ. ყველა ქვეყნისთვის არა, მაგრამ პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის ასეთი ტენდენცია არსებობს. საქართველოსთვისაც თავიდანვე ცნობილი იყო, რომ თუ ევროკავშირის წევრობა გვსურდა, ჯერ ნატოსთან უნდა აგვეგო ნორმალური ურთიერთობა და ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციამდე გაცილებით ადრე დაიწყო. სააკაშვილით არ დაწყებულა ეს პროცესი და არავინ არ უნდა მიითვისოს, რომ მე ვარ და ეს საქმე უჩემოდ არ გამოვაო“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.
როდესაც ყველა გამოკითხვით ქვეყნის პირველი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა, სოციალური პრობლემებით შეწუხებულ ხალხს ნატოს გზის აცდენით რატომ აშინებს მმართველი პარტია, რთული გასაგებია.
გოგი ხუციშვილი თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნატოს საკითხი საფრთხობელად და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქცია.
„ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს და ეს სულაც არ არის ტრაგედია. რაც მთავარია, ქვეყანას გაკეთებული აქვს არჩევანი - სურს ევროპის ნაწილი იყოს და ამას საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს ხუციშვილი. მისივე შეფასებით „ნაციონალთა“ ლიდერები „სხედან და ძველ რაღაცეებს ეძებენ, რომ სკანდალი ააგორონ, როგორც ჩანს პანიკაში არიან, კოალიციას 7 ნომერიც კი არ შეარჩინეს და ასეთი დაწვრილმანება ძლიერ პოლიტიკურ ძალას ნამდვილად არ სჩვევია, ეს მხოლოდ მათი პანიკური მდგომარეობის მიმანიშნებელია“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.