დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას ექვს მილიარდამდე დოლარი დასჭირდება

დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას ექვს მილიარდამდე დოლარი დასჭირდება

დაპირისპირების გარეშე დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას, არანაკლებ, 4 და, არაუმეტეს, 6 მილიარდი დოლარი დასჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების'' ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი გათვლით, ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და, რეალურად, არანაკლებ 100 000 სახლი უნდა აშენდეს. ბიძინა ივანიშვილის ეს გეგმა მხოლოდ იმ დევნილებს შეეხებათ, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნების სურვილი აქვს.  

ბიძინა ივანიშვილის განცხადების კვალდაკვალ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში. „ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ვაშენებთ ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას. ამიტომ ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, რუსებს ვერ გადავახტებით თავზე, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში. ჩვენ თუ მივალთ იქით, უნდა მივიდეთ მონებად, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვუთხრათ, აჰა, მოვედით! ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გინდა ის გვიქენი! ასეთ შემთხვევაში რა დღე დაგვადგება, ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პროექტით აფხაზეთის დაბრუნება? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს დაუკავშირდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგს, პოლიტიკურ მაგიდას ალტერნატივა არ აქვს და ამ პოლიტიკურ მაგიდას უნდა მიუსხდნენ ის ადამიანები, რომელთა ზურგს უკან, წარსულში, ამა თუ იმ ნიშნით, იარაღით ხელში არ აქვთ მონაწილეობა მიღებული აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ.

„სუფთა წარსულის მქონე ადამიანებს აქვთ მხოლოდ დიალოგის წარმოების რესურსი. ამ ადამიანებს შეუძლიათ, ახალი მეთოდები, ახალი ელემენტები შეიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და, რა თქმა უნდა, უკანასკნელი როლი არ აკისრია ფინანსურ უზრუნველყოფას, ფინანსურ მხარესაც. ეს ელემენტიც გამოსაყენებელია, სხვა ელემენტებთან ერთად, რასაც ჰქვია პოლიტიკური ძალისხმევა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, პრინციპული მოლაპარაკებები რუსებთან და, ამავდროულად, ადამიანებს შორის ნდობისა და პატივისცემის აღდგენა“.

გია ყარყარაშვილის თქმით, მოქმედება ყოველთვის სჯობს უმოქმედობას. ამდენად,  ის ფაქტი, რომ აფხაზეთთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილს უკვე აქვს ახალი ინიციატივა, ახალი მოქმედების მოხაზულობა, მისასალმებელია. უფრო მეტიც, გია ყარყარაშვილი დადებითად აფასებს, რომ ახალი ლიდერი ათწლეულობითა და ასწლეულობით ლოდინს არ აპირებს იმ დრომდე, სანამ რუსეთში არ მოვა დემოკრატიული ხელისუფლება.

„ახალი ლიდერები გათავისუფლებულნი არიან წარსულის პასუხისმგებლობისგან, წარსულში დაშვებული ქმედებების ან უმოქმედობისგან“,-მიიჩნევს გია ყარყარაშვილი.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, აფხაზეთში დაბრუნება კომპლექსური თემაა. თავიანთ სახლებში  ამ ადამიანებს ვერავინ დააბრუნებს, რადგან ძალიან ბევრი სახლი, უბრალოდ, ფიზიკურად არც არსებობს, ბევრ სახლში კი სხვა ადამიანია შესახლებული, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი არაფერი დაუშავებია; უბრალოდ, სტატუს-ქვოში ასეთნაირ პირობებში მოუწიათ ცხოვრება.

„ამ ხალხს დაბინავება სჭირდება. ახლა ცარიელ მიწაზე ხომ არ გავუშვებთ?! ის, რომ იქიდან ვიღაცები გამოვყაროთ და დევნილები შევიდნენ, ეს მტკივნეული პროცესი იქნება და ძმების შერიგებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ინვესტიცია იქნება ამ მიმართულებით ჩასადები; სხვა მიმართულებითაც იქნება სამუშაო. ნდობაა აღსადგენი. ყველა ადამიანი ეძებს კეთილდღეობას. აფხაზი იყურება რუსეთისკენ და საქართველოსკენ. იმისთვის, რომ აფხაზს ჩვენთან ინტეგრირების სურვილი გაუჩნდეს, ამისთვის, სულ მინიმუმ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვაქვს მეტი კეთილდღეობა და მეტი თავისუფლება. ამ ყველაფერს სერიოზული ინვესტიციები დასჭირდება. სწორედ ამ ინვესტიციებზე საუბრობდა ბატონი ბიძინა“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა შევიდნენ დევნილები სხვების მიერ დაპატრონებულ სახლებში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურად იქნება განსახილველი. ეს არ უნდა მოხდეს ჩხუბითა და დავიდარობით, არამედ მსგავსი საკითხები ურთიერთშეთანხმებით უნდა წყდებოდეს.

გია ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ახლანდელი მეპატრონე დარჩეს იმ ბინაში და, დაბრუნებულ დევნილებს ახალი სახლი აუშენონ, ან სულაც, კომპენსაციით გაუშვან და სახლები თავიდან აიშენონ.

„განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ადამიანების გამოყრა არ უნდა მოხდეს. თუ ახლა ხელმეორედ გადანაწილებას დავიწყებთ, ეს ახალი ომი იქნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ხელმეორე გადანაწილება ახალი ომის პროვოცირებას მოახდენს და არა - პრობლემების გადაწყვეტას“,- ასეთია ექსპერტის აზრი.

 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია წმინდა წყლის პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში განიხილავს რუსეთის მიერ აღიარებული ანკლავის ქართულ კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნების საკითხს. მისი აზრით,

ამაზე უფრო რთული პრობლემის წინაშე საქართველო არასდროს მდგარა.

„ბატონ ბიძინას უდიდეს პატივს ვცემ და ის, რაც მან განაცხადა, მიუთითებს, რომ შინაგანად განწყობილია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ აფხაზეთი უკვე საერთაშორისო პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საზოგადოებაში ამის შინაგანი მოთხოვნილება არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რას შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. არის რამდენიმე ვერსია, ამაზე მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებაში. ეს ძალიან კარგად იცის ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც, პრაქტიკულად, ალბათ, დღესაც მართავს ჩვენს ქვეყანას იქიდან, სადაც ახლა ისვენებს. არავის აინტერესებს, მას კითხვა დაუსვას, სინამდვილეში რა მოხდა აფხაზეთში?! ეს იყო შეთქმულება, საქართველოს წინააღმდეგ ყველანაირი შეთქმულების ნიშნები ჩანს. ამიტომ აფხაზეთის ტრაგედია ისტორიას თეთრ ლაქად არ უნდა შემორჩეს“.

 

თემურ მჟავიას აზრით, აფხაზეთის იარაღით დაბრუნება ჩვენ არასდროს გვიცდია.  ყველაფერი, რაც განხორციელდა, მხოლოდ იარაღის ჟღარუნი და პროვოკაცია იყო, რომელსაც, ბუნებრივია, ჰყავს ავტორი, შევარდნაძის სახით. ამ პროვოკაციაში წაგებულად კი ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა. ამიტომ თემურ მჟავიას განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუ რა მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში, რატომ ჩქარობდა შევარდნაძე რკინიგზის დაცვას?!

ჩვენს მოსაზრებაზე, რომ შევარდნაძე არასდროს იტყვის, რეალურად, რა მოხდა აფხაზეთში, თემურ მჟავია აცხადებს: „ეს მეორე ამბავია. თუმცა ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მილიარდებით შესაძლებელი იქნება შეისყიდოს ან ზეგავლენა მოახდინოს იმ განწყობაზე, რომელიც აფხაზურ ეთნიკურ საზოგადოებაშია“.

მისი თქმით, თუკი მეცნიერულად მივუდგებით ამ საკითხს, დავრწმუნდებით, რომ  აფხაზურ ეთნოსსა და დანარჩენ საქართველოს შორის უკვე სრული გაუცხოებაა. ეს მეცნიერულად კარგად შესწავლილი თემაა და გაუცხოებას უკუპროცესი არ გააჩნია; გაუცხოებულთან მიბრუნება ურთულესია. ამდენად, აფხაზეთთან მიმართებით, არ შეიძლება, ერთჯერადი და ერთი შინაარსის მქონე ღონისძიება გატარდეს. ეს უნდა იყოს ღონისძიებათა მთელი ჯაჭვი, რათა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

შეკითხვაზე, უნდათ კი აფხაზეთიდან დევნილებს უკან დაბრუნება, თემურ მჟავია 26 საუკუნის შემდეგ აღთქმულ მიწაზე ებრაელების დაბრუნების ფაქტს იხსენებს.

„ბანალურად ჟღერს ეს ყოველივე, მაგრამ ჭეშმარიტებაა. თუკი თითოეული ჩვენი მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ერთ იდეაში გაერთიანდება, აფხაზეთში დაბრუნების გასაღები აქ დევს“.

რაც შეეხება დევნილების სახლებში შეჭრილ პირებს, თემურ მჟავია მიიჩნევს, რომ  ამას დაარეგულირებს კანონი. მეტიც, დღევანდელი ცივილიზებული საზოგადოება 300-400 წლის წინათ დაკარგულს უბრუნებს ადამიანს, რომელსაც მემკვიდრეობითი დამოკიდებულება გააჩნია უძრავი ქონების მიმართ. ამდენად, თუ კანონი და საერთაშორისო კონვენცია მემკვიდრეების უფლებას იცავს, ჩვენს მიმართაც ვერ იქნება გამონაკლისი.

„აფხაზეთის სახლები ჩვენია და, თუ, უბრალოდ, იქ სხვა ადამიანი შესახლდა. მას არავინ ეკითხება, დათმობს თუ არ დათმობს, მას კანონი დაათმობინებს“, - აცხადებს თემურ მჟავია.