რას უმიზნებს სტომატოლოგიის “მამამთავარი” რექტორი ვადაჭკორია? – (ნაწილი მეორე)

რას უმიზნებს სტომატოლოგიის “მამამთავარი” რექტორი ვადაჭკორია? – (ნაწილი მეორე)

[რუსიკო მუმლაძე]
აღმაშენებლის ქუჩაზე, პრესტიჟულ ადგილას მდებარე, სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი სტომატოლოგიური კლინიკის “ბ” კორპუსი თითქმის 14 წელია, რაც უნივერსიტეტის მაშინდელი პრორექტორისა და ამჟამინდელი რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიასა და მისი მეუღლის მარინა მამალაძის საკუთრებაშია. უნივერსიტეტის რექტორი ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ახალი სასწავლო ბაზისთვის იბრძვის და ამბობს - “ამის ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს და შევისყიდით”.

ახალი რექტორის ძველი გამოცდილება
12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის კუთვნილებაში არსებული სტომატოლოგიური კლინიკა ჩემი ჟურნალისტური გამოძიების ობიექტი გახდა, მისი ერთი ნაწილი - ”ა” კორპუსი, რომლის პრივატიზებაც არ მოხდა, გაურემონტებელი იყო. სამაგიეროდ, “ბ” კორპუსი, რომელიც გაიყიდა, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა სამედიცინოს რექტორის ცოლის მიერ.

როგორც ზურაბ ვადაჭკორია ამბობს, გახდა თუ არა რექტორი, უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ამ ნაწილის გარემონტება დაიწყო და იქ უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ორი დეპარტამენტის სასწავლო ბაზა განთავსდება. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კლინიკის ამ ნაწილის გარემონტებასაც თავისი ფარული მიზეზი აქვს. ამ მიზეზზე ქვემოთ ვისაუბროთ.

მანამდე კი, ვიდრე შენობის ეს დანგრეული და ძველი აპარატურით სავსე ნაწილის გარემონტება დაიწყებოდა, მის გვერდით სერიოზული ფინანსური შემოსავლებით განაგრძობდა საქმიანობას ქართული სტომატოლოგიის მამამთავარ ვადაჭკორიას კერძო კლინიკა “უნიდენტი”.

შეგახსენებთ, “უნიდენტი” სამედიცინო უნივერსიტეტის იმ კორპუსში მდებარეობდა, რომლის საპრივატიზებო ნუსხაში შესატანი დოკუმენტების მომზადებას მაშინდელი ეკონომიკის, ქონების მართვისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სულ რაღაც დღენახევარი “მოანდომეს”, როცა სხვა ობიექტების საპრივატიზებო დოკუმენტების შეკრებას, ხანდახან თვეებიც სჭირდებოდა შევარდნაძის მთავრობაში.

მართალია, სიჩქარეში ზოგი დოკუმენტი ერთი და იგივე ნომრით გატარდა, ზოგიც საერთოდ არ გაუტარებიათ კანცელარიაში, მაგრამ ყველაფერი დანიშნულ დროს მოესწრო. ობიექტი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეიტანეს და ისე მოახდინეს მისი პრივატიზება, ამის შესახებ არაფერი იცოდა მაშინდელმა კლინიკის კოლექტივმა.

კლინიკის კოლექტივის ნაწილი, ვინც შეეწინააღმდეგა ამ პროცესს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გაყიდული იყო “ბ” კორპუსი და მისი ერთ-ერთი მფლობელი პორექტორ ვადაჭკორიას მეუღლე მარინა მამალაძე გახდა, სამსახურებიდან გაუშვეს. ამ კლინიკის დირექტორი მაშინ ვადაჭკორიას მარჯვენა ხელი, ზურაბ ორჯონიკიძე გახლდათ. არადა, კლინიკის ნაწილის პრივატიზების უპირატესი უფლება სწორედ კოლექტივს ჰქონდა, თუმცა, მათთვის არავის გამოუცხადებია, კლინიკა იყიდებაო.

გუშინწინ, პარლამენტში, ორჯონიკიძე პავლე კუბლაშვილს უცხადებდა, ახალ კონსტიტუციის პროექტში წერია, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის სპორტში ჩართვას, მაგრამ ამას სასწავლო ბაზების გარეშე ვერ მოვახერხებთო. არადა, ამ სხდომაზე სახალხო განხილვების საპარლამენტო კომისია ახალი კონსტიტუციის პროექტს იხილავდა და არა - სასწავლო ბაზების საკითხს.

ქვემოთ მოგიყვებით ახალი ბაზის დეტალურ ისტორიას, მაგრამ მანამდე “ა” კორპუსის ისტორიას განვავრცობ, რომელსაც წესით, ამავე ახალგაზრდობის სწავლის დონის გაღრმავებისთვის უნდა შეეწყო ხელი 14 წლის განმავლობაში. თუმცა, ვიდრე იქ ორჯონიკიძე იყო დირექტორი, კლინიკაში შემორჩენილი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მოძველებული აპარატურითა და დაბალი ხელფასებით ამ სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესის ჩატარებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, სიტუაციის გაუმჯობესებას კი, პირი არ უჩანდა.

ეს ხდებოდა 2000 წელს, როცა გაზეთ “რეზონანსში” უნივერსიტეტის რექტორატის კორუფციულ ცოდვებზე ჟურნალისტურ გამოძიებას ვაქვეყნებდი. დღეს აქ საკითხავი ისღაა, კარგა ხანი უნივერსიტეტის სასწავლო ბაზის დირექტორი იყო ზურაბ ორჯონიკიძე და ამ ბაზის გაუმჯობესებაზე დიდად არ უზრუნია, ახალი ბაზით რატომ არის დაინტერესებული?

ამასობაში, ყველაფერი კარგად მიდიოდა “ბ” კორპუსში მდებარე, მარინა მამალაძის ფირმა - “უნიდენტში”. სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებიც რეზიდენტურის გავლას, რაღა თქმა უნდა, სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევრორემონტით აღჭურვილ-გალამაზებულ “უნიდენტში” ამჯობინებდნენ და არა – უნივერსიტეტის გასაცოდავებულ ბაზაზე.

თანაც, ერთი მეპატრონე პრორექტორი იყო, მეორე – სტომატოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი და ეს ფაქტორი სტუდენტებისთვის “უნიდენტში” რეზიდენტურის გავლას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მომხიბლელ ელფერს ანიჭებდა. უნვერსიტეტიდან გამოსული ხმებით, ეს ტენდენცია, გრძელდება დღემდე და დღემდე მამალაძე-ვადაჭკორიას ოჯახის ბიუჯეტი ივსება.. ამავე ინფორმაციით, ამ ფაქტს ყოფილი რექტორი გია მენაბდე დაუპირისპირდა.

საერთოდ, დიდი გადამოწმება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ კერძო კლინიკა კერძო ჯიბეს გაავსებს, მაგრამ, რატომღაც ვადაჭკორიამ პრესა.გე-ს შესტირა: “ჩემი მეუღლე სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორია და “უნიდენტშიც” მუშაობს. მე ვარ ერთ-ერთი თანამეწილე, ჩემი მეუღლე არის ერთ-ერთი თანამეწილე ამ კომპანიის... ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა სურვილი, იმიტომ, რომ სტომატოლოგია და ეს სტომატოლოგიური კლინიკაა. ის კრედიტი ჯერ გასტუმრებული არ არის, შეგიძლიათ, “საქართველოს ბანკში” ნახოთ, რომლითაც ის ნაყიდია.

რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თქვენსა და თქვენს წინამორბედ რექტორს შორის დაპირისპირება სწორედ “უნიდენტთან” დაკავშირებით დაიწყო.
-არ ვიცი, ჩემსა და მენაბდეს შორის დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა.

უნივერსიტეტის კლინიკაში რა მდგომარეობაა?
-ჩვენს შორის, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, რაც არის შეგიძლიათ, ნახოთ. ახლა იქ სასწავლო პრაქტიკული ცენტრი მოეწყობა სტუდენტებისთვის, გარემონტდა მთლიანად აუდიტორია.

ეს თქვენი რექტორობის დროს…
-ჩემი რექტორობის დროს.

მანამდე ეს არ ხდებოდა და ამაზე იყო დავა - “უნიდენტში” უნდოდა ყველას რეზიდენტურის გავლა.
-არა, “უნიდენტში” უნდოდა რეზიდენტურის გავლა იმიტომ, რომ “უნიდენტი” ძლიერი ბაზაა რეზიდენტურის. ჩვენ ახლა ვაძლიერებთ უნივერსიტეტის ბაზას, დაშენებულ სართული გარემონტდა მთლიანად, სასწავლო ცენტრია. ამის გარდა, ჩვენ ვარემონტებთ ქვედა სართულსაც, რომელიც გაურემონტებელი იყო და ტენდერია გამოცხადებული.

ამ თემაზე არ იყო დაპირისპირება თქვენსა და მენაბდეს შორის?
-არ ყოფილა, ჩემსა და მენაბდეს შორის დაპრისპირება, როგორც ასეთი, უბრალოდ, მე სხვა ხედვა მაქვს უნივერსიტეტის განვითარების, ბატონ გიას - სხვა ხედვა აქვს”.

პრესა.გე-ს ინფორმაციით, მენაბდე უკმაყოფილო იყო, რომ სტუდენტები რეზიდენტურის გავლას უნივერსიტეტის ყოფილი ქონების შენობაში განლაგებულ “უნიდენტში” ანიჭებდნენ უპირატესობას, რის გამოც, გადახდილი თანხები არა - სამედიცინოს ბიუჯეტში, არამედ, კერძო პირების ჯიბეში შედიოდა.

ამ თემაზე ექს-რექტორ მენაბდესთან დაპირისპირება როგორც ხედავთ, ვადაჭკორიამ პრესა.გე-თან საუბარში უარყო, თუმცა, ბოლოს მაინც გამოტყდა, რომ სხვადასხვა ხედვა გვქონდა უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებითო. თუმცა, ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ უნივერსიტეტის ახალ რექტორად სწორედ ვადაჭკორია აირჩიეს.

ჩვენი ინფორმაციით, “უნიდენტის” არსებობიდან 11-12 წლის შემდეგ და რექტორად არჩევის მერე, თავად ვადაჭკორიამ სწორედ იმიტომაც გადაწყვიტა “ა” კორპუსის გარემონტება, რომ ამგვარ დაპირისპირებაში აღარ გახვეულიყო და “უნიდენტის” პრივილეგირებულ სიტუაციაში ჩაყენების ბრალდებები მისკენ აღარ გადაემისამართებინათ რექტორებს, თუ დაინტერესებულ პირებს.

“ახალი საკბილო” ახალი რექტორისთვის…
- ერთი წელია ვადაჭკორია უნივერსიტეტის ახალი ბაზისთვის იბრძვის. ვაჟა- ფშაველაზე მდებარე, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფოსგან უზურფრუქტის წესით გადაცემული სპორტული კომპლექსი, ყოფილმა რექტორმა მენაბდემ იჯარით გადასცა საფეხბურთო სკოლა - “საბურთალოს”.

როცა ახალი რექტორის მიერ უნივერსიტეტის ყოფილი ქონების შეძენისა და მისი წარმატებულ ბიზნესად გადაქცევის ისტორიას გადახედავ, ბუნებრივად, ჩნდება კითხვა: რატომ არის ბაზების შენარჩუნება ასე მნიშვნელოვანი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, ნუთუ მართლა სასწავლო პროცესის აღორძინებისა და სტუდენტების სპორტულ საქმიანობაში ჩართვისთვის?

რა ელოდება ახალ ბაზას, რომლის შესანარჩუნებლად რექტორი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს და ამ საკითხს უადგილო ადგილას, ანუ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრების დროს აყენებს, მაგალითად, როგორიცაა პარლამენტში გამართული ახალი კონსტიტუციის პროექტის განმხილველი კომისიის სხდომა?

ზურაბ ვადაჭკორია: - “იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს სპორტული ბაზები. სპორტული კომპლექსია ჩვენს ტერიტორიაზე. ტრადიციულად ეს სამედიცინო უნივერსიტეტის ქონებაა. ნუ, ვიტყოდი, არასწორად იყო იჯარით გაცემული 25 წლის ვადით, 2 წლის წინათ, საფეხბურთო სკოლაზე - “საბურთალო”. როდესაც გავეცანით ხელშეკრულებას, იქ წერია, რომ ერთი საათის ვადით უნდა დაშვებულივნენ დღის განმავლობაში.

საიჯარო ხელშეკრულება არ შესრულდა. ის ინვესტიციები, რაც უნდა ჩადებულიყო, არ შესრულდა. ჩვენ, ცალმხრივად, ეს ხელშეკრულება დავარღვიეთ და სასამართლოში ვედავებით ამ საფეხბურთო კლუბს გარკვეულ თანხას. დაახლოებით 160-165 ათასი ლარია, რაც კონტროლის პალატამ მიგვითითა.

რამდენი წელია, რაც არ გადაუხდიათ?
-არა, იქ გარკვეული გადახდა ხდებოდა, მაგრამ პირგასამტეხლო არ არის გადახდილი, იმიტომ, რომ ინვესტიციები ვერ განხორციელდა და არ გაუმჯობესდა იქაური სიტუაცია. ამ დროს ეკონომიკის სამინისტროდან შემოვიდა წერილი მინისტრის ხელმოწერით უნივერსიტეტის სახელზე, ჯერ კიდევ მინისტრი ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო, სადაც ეწერა - საფეხბურთო სკოლა “საბურთალო” აყენებდა წინადადებას, რომ შეესყიდა ეს ტერიტორია, 600 ათას ლარად…

ეს დაბალი თანხაა?
-ძალიან დაბალი თანხაა.. აპირებდა 1 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას 3 წლის განმავლობაში, რისთვისაც წარმოადგენდა ამ თანხის 10%-ის საბანკო გარანტიას. თუ ეს ასე აცილებელია, ჩვენ ყოველგვარი გარანტიის გარეშე შეგვიძლია ამის გაკეთება, სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობები.

ანუ თქვენ რომ დაიტოვოთ ეს ბაზა...
-დიახ, დიახ, ნუ, ყოველშემთხვევაში, მისცე ინვესტორს, რომელმაც 3 წლის მანძილზე ვერ შეასრულა ეს ინვესტიცია და ახლა მიყიდო ამ თანხად.. უნივერსიტეტში ეს წინადადება განიხილა აკადემიურმა საბჭომ, უარი ითქვა ამაზე, ბუნებრივია. კიდევ კარგი, რომ მოგვწერეს, იმიტომ, რომ უზურფრუქტის წესით გვაქვს ყველაფერი და ეკონომიკის სამინისტროს აქვს უფლება, არც შეგვეკითხოს, ისე წაიღოს. კიდევ კარგი რომ შეგვეკითხნენ. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

ეჭვი არ მეპარება რექტორი ვადაჭკორია გადამხდელია, დიდი თანხა მას “ბ” კორპუსშიც აქვს გადახდილი, უფრო მეტი ვიდრე მაშინდელ აუქციონში მონაწილე უცხოურ კომპანიას. როცა “ბ” კორპუსის პრივატიზებისას, დახურული კონვერტები გაიხსნა, სადაც ორი კომპანია ამ კორპუსის შესასყიდ თავის თანხას ასახელებდა, რატომღაც აღმოჩნდა, რომ უცხოურ კომპანიაზე მეტს, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორის ცოლი ფირმა იხდიდა.
არავინ იცის, გაჟონა თუ არა მაშინ ინფორმაციამ, თუ რამდენს იხდიდა უცხოელი ინვესტორი ამ შენობაში.

სად დააგროვა ამდენი ფული მაშინ ვადაჭკორიამ? მართალია, ამბობენ, იმ პერიოდში სამედიცინოში მოწყობა 10 ათასი დოლარი მაინც ჯდებოდაო, მაგრამ აქ ვერავის დაადებ ხელს, მტკიცებულების გარეშე. თანაც, ცნობილია, რომ “უნიდენტს” “საქართველოს ბანკიდან” სესხის გამოტანაც კი მოუსწრია, რომ პრივატიზაციის პროცესში მიეღო მონაწილეობა. სესხის გამოტანის პროცესიც, ალბათ, იგივე ტემპებითა და გადარბენებით მიმდინარეობდა, როგორც მაშინდელმა სამმა სამინისტრომ ეს კორპუსი დღენახევარში “გაახაზირა” საპრივატიზებოდ.

ვადაჭკორია: - “ხო, (“ბ” კორპუსის შესყიდვა – პ.გ) ეს პრივატიზაციის პროცესის დასაწყისში მოხდა.. მთავრობის მიერ იყო გატანილი აუქციონზე, სადაც მონაწილეობდა უცხოური კომპანიაც და იმ დროს შეფასებულ ფასზე სამჯერ, თუ ოთხჯერ მეტია გადახდილი. კონკურენტი იყო უცხოური კომპანია და საწყისი ფასიდან ოთხჯერ მეტია გადახდილი “უნიდენტის” მიერ.

ემუქრება, თუ - არა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე სპორტულ კომპლექსს იგივე, რაც “ბ” კორპუსის შემთხვევაში მოხდა? ჩაიგდებს თუ არა მას ხელში სამედიცინო უნივერსიტეტის ელიტა?
ვადაჭკორია: -ამდენი ტყვილა ვილაპარაკე?

ამდენი ტყუილად არ ილაპარაკეთ, რომ ილაპარაკეთ, ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. მესმის, ეს კითხვა არ არის სასიამოვნო თქვენთვის.
-ვერ ვხვდები თქვენს პათოსს და შინაარსს. რას კითხულობთ, კიდევ ერთხელ გამიმეორეთ.

იყო დრო, როცა თქვენმა მეუღლემ და ნაცნობ-მეგობრებმა შეისყიდეს უნივერსიტეტის ქონება.
-თქვენ გეწერათ და შეგიძლიათ კიდევ დაწეროთ, აუქციონი იყო გამოცხადებული და აუქციონში მონაწილეობდა უცხოური კომპანია, სამჯერ-ოთხჯერ მეტ ფასად იყო შესყიდული. თქვენ ეს არც მაშინ დაგიწერიათ და არც ახლა. ახლაც სხვანაირად საუბრობთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვიბრძვით სპორტული კომპლექსის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის დატოვებისათვის, შემდეგ იქ ან სპორტის, ან სხვა გეგმები გვაქვს, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში იქნება მხოლოდ ასოცირებული.

ჩვენ დღეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ, უზურფრუქტით გვაქვს ეს ყველაფერი გადმოცემული და გვინდა, რომ არ დავკარგოთ.. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს სახელებით გვაქვს დაწერილი განცხადება ეკონომიკისა და განათლების მინისტრების, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე.

თუ მოხდა გაყიდვა, მერე იმას ვეღარავინ ვერ გააკონტროლებს, თუ აუქციონის წესი არ იქნა. კომპანია პირდაპირი წესით მიყიდვას თხოულობს. თუ აუქციონის წესით იქნება, მაშინ ყველა შესძლებს მონაწილეობის მიღებას.

თქვენ მიიღებთ მონაწილეობას?
-მე არა.

სამედიცინო უნივერსიტეტი?
-სამედიცინო უნივერსიტეტს არ აქვს აუქციონში მონაწილეობის უფლება. ჩვენ ყიდვის უფლება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყიდვის უფლება კერძო სექტორისგან და არა - სახელმწიფოსგან. “უნიდენტისა” და ამის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება. აუქციონი თუ იქნება, მეც, თუმცა, არ მაქვს სურვილი, და თქვენც გაქვთ უფლება, მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში. ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა სურვილი, იმიტომ, რომ სტომატოლოგია და სტომატოლოგიური კლინიკაა”.

კითხვა, რა ელოდება სპორტულ კომპლექსს, როგორც ხედავთ, რექტორს მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ დავუსვით, რამაც, ბუნებრივია, გააღიზიანა. თუმცა, მას ინტერვიუს ბოლოში მაინც წამოსცდა, ჩვენს უნივერსიტეტს სახელმწიფოს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება არ აქვს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მაგრამ თუ სპორტულ კომპლექსზე აუქციონი გამოცხადდება, ვისაც უნდა, ის იყიდისო.

როგორც ჩანს, ვადაჭკორიას მთავარი სადარდებელი სწორედ ისაა, რომ სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით არ გადასცეს ეს ქონება საფეხბურთო სკოლას და აუქციონი მაინც დანიშნოს, თუ მაინც გადაწყდება მისი გაყიდვა და სახელმწიფო კომპლექსის შეძენის უფლებას პირდაპირ უნივერსიტეტს არ მისცემს.

შესაბამისად, თქვენ გაარკვიეთ, ამ აუქციონზე მე ვიყიდი ამ სპორტულ კომპლექსს, თქვენ, თუ რომელიმე მედიცინის “მუშაკი”? ვადაჭკორიამ ხომ უკვე თქვა, ჩემმა ცოლმა “ბ” კორპუსი იმიტომ იყიდა, სტომატოლოგია და ეს კიდევ სტომატოლოგიური კლინიკააო. ამ სპორტული კომპლექსის ფასიც სამედიცინოს რექტორატზე უკეთესად ვინმემ იცის?

პრესა.გე მომავალშიც აუცილებლად მიადევნებს თვალყურს სამედიცინო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს. ვიდრე ეს ამბავი ლოგიკურ დასასრულამდე მივა, მინდა, ბატონ პრეზიდენტს დავუსვა კითხვა: მართლა დამთავრდა “გაქსუებულების” დრო?