რასმუსენის კავკასიური ტურნე: საქართველოსადმი კეთილგანწყობა და აზერბაიჯანის კრიტიკა

რასმუსენის კავკასიური ტურნე: საქართველოსადმი კეთილგანწყობა და აზერბაიჯანის კრიტიკა

მიმდინარე კვირას NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხანმოკლე ტურნე მოაწყო სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სადაც მან იმ აზერბაიჯანელი ჯარისკაცის შეწყალების ფაქტი გააკრიტიკა, რომელმაც NATO-ს ერთობლივი წვრთნების დროს უნგრეთში სომეხი მოკლა. იმავდროულად, რასმუსენმა საქართველოს ალიანსში (შესაძლო) გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

რასმუსენის ვიზიტი კავკასიაში მზარდი დაძაბულობის პერიოდს დაემთხვა, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ლეიტენანტ (ამჟამად მაიორ) რამილ საფაროვის შეწყალების გამო. ბაქოში გამოსვლისას მან ეს ნაბიჯი საკმაოდ მკაცრად შეაფასა:

„მე ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილების გამო რამილ საფაროვის შეწყალებასთან დაკავშირებით. 2004 წელს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც სამშვიდობო პროცესს ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს, უნდა დაიგმოს.“

პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რასმუსენს ჰკითხეს ზემოაღნიშნულ პრობლემაზე, ამაზე ალიევმაც უპასუხა, გაამართლა რა შეწყალების ფაქტი კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში, თუმცა უხერხულობის მომენტიც შესამჩნევი იყო.

ერევანში გამოსვლისას რასმუსენმა იგივე სიტყვები გაიმეორა, მაგრამ როგორც გაირკვა, პროტესტანტების ერთი ჯგუფისათვის მისი გამოსვლა საკმარისად დამაჯერებელი არ იყო.

თბილისში მიღება კი, ცხადია, უფრო თბილი გამოდგა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რასმუსენი „საპატიო ქართველის“ წოდებას იმსახურებს. რასმუსენმა კი მკაფიო, საქართველოს NATO–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცე განაცხადი გააკეთა:

„საქართველო NATO–ს განსაკუთრებული პარტნიორია, პირობის და ვალდებულებების კარგი შემსრულებელი… რასაკვირველია, საქართველოს სურს NATO–სთან უფრო აქტიური ურთიერთობა, თქვენ გსურთ წევრობა, რაც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკვე გადავწყვიტეთ. ჩიკაგოში, მიმდინარე წლის მაისში ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ვუჭერთ მხარს, მივესალმებით საქართველოს წარმატებას. NATO–ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას და ინტეგრაციისათვის რეალურ და თანმიმდევრულ რეფორმებს ახორციელებენ. თქვენ რეფორმების გაბედულ გზას დაადექით და დიდ წარმატებასაც მიაღწიეთ. ამ დაძაბულმა შრომამ NATO–ს წევრობას კიდევ უფრო დაგაახლოვათ.“

რასმუსენს ჰკითხეს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომმა NATO–ს გაფართოება შეაჩერა, რასაც რასმუსენი არ დაეთანხმა:

„2008 წლის კონფლიქტისას განზრახვა – შეფერხებულიყო NATO–ს გაფართოების ღია კარის ჩვენეული პოლიტიკა, გარწმუნებთ, რომ წარუმატებელი გამოდგა, რამდენადაც NATO–ს გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არც ერთ მესამე ქვეყანას არ გააჩნია. ეს მხოლოდ NATO–ს გადასაწყვეტია, რაც ჩიკაგოს სამიტზეც არაერთხელ განვიხილეთ და დავადასტურეთ, რომ ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ კვლავაც ვიცავთ პრინციპს, რომლის თანახმადაც ალიანსში გაწევრიანება თითოეული წევრი–ქვეყნის გადასაწყვეტია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრინციპს რუსეთიც პატივისცემით მოეკიდება“.

თუმცა, რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალი არჩევნების ჩატარების პროცესს, რაც შემდგომი ურთიერთობისათვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება, NATO და სხვა დასავლელი პარტნიორები განსაკუთრებულად დააკვირდებიან. ლაკმუსის ქაღალდის ცნება დასავლეთის პოზიციის კონსენსუსის შედეგია, თუმცა სტუმრად ჩამოსულმა ზოგიერთმა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით ახალი დიდი ნაბიჯის გადადგმისათვის საქართველო უკვე მზადაა. ამას გარდა, მიმდინარე კვირაში სენატორების, ჯონ მაკკეინისა და ჯონ ლიბერმანის, ასევე ლინდსი გრემის სტუმრობისას, მათ სრულად დაუჭირეს მხარი საქართველოსათვის იარაღის მიწოდებას, ისე რომ არჩევნების წარმატებით ჩატარების პირობა და ლაკმუსის ქაღალდი არ უხსენებიათ:

„ჩვენ ვიბრძოლეთ კონგრესში და განვაგრძობთ ამ ბრძოლას შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის გადაცემის თაობაზე, რათა მთავრობამ შეძლოს ქართველი ხალხისა და მისი თავისუფლების დაცვა“, განუცხადა თბილისში ჟურნალისტებს სენატორმა ჯონ ლიბერმანმა.

„საქართველოს ესაჭიროება თავდაცვითი იარაღი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს იარაღი გადაეცემა, რადგან ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა – ჰქონდეს თავდაცვითი იარაღი თავდაცვის მიზნით“, განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.
foreignpress.ge