ანტიმონოპოლიურ კანონს არც წელს მიიღებენ

ანტიმონოპოლიურ კანონს არც წელს მიიღებენ

მთავრობამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნის პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და გაცხადებული ერთთვიანი ვადაც ისე ამოიწურა, რომ კანონპროქტი არავის გახსენებია. არადა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებდა, „პრინციპები დამტკიცებულია და კანონპროექტი ნოემბრისთვის მზად იქნება“.

 

შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნას წინ საკმაოდ საინტერესო პროცესი უძღოდა, ვინაიდან ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებისთვის.

 

ეს საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი კომპონენტი. ამისთვის საქართველოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისრა. ამ ვალდებულებებიდან ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში ყველაზე მნიშვნელოვნად სამ საკითხს მიიჩნევენ. ეს არის ახალი შრომის კოდექსის შექმნა, ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.  ამ მოთხოვნების შესრულებას კი, ცხადია, თავისი საფუძველი გააჩნია და ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ამის გარეშე საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს, უბრალოდ, ვერ დაამყარებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ სამი მოთხოვნის შესასრულებლად კონკრეტული ვადა არ არის დაწესებული, მაგრამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებისთვის მოლაპარაკებების გააქტიურების შემდეგ ამ საკითხებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. რეფორმა კი დღემდე არცერთი მიმართულებით არ ხორციელდება.

 

 ამ სამი საკითხიდან „შრომის კოდექსზე“ ხელისუფლება საერთოდ არაფერს ამბობს, ხოლო სურსათის უვნებლობის საკითხი 2013 წლისთვის გადადო. რაც შეეხება მესამე საკითხს - ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას - დღემდე ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

 შარშან ამ დროს ფინანსთა მინისტრი კატეგორიულად აცხადებდა, რომ ევროკავშირი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას კი არ ითხოვს, არამედ იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს მონოპოლიების შექმნისთვის პირობები. ჩვენი კანონმდებლობა კი საკმაოდ კარგია იმისთვის, რომ მონოპოლიების შექმნა არ მოხდესო.

 

ბაინდურაშვილის ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში თავად პრეზიდენტმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არსებობს და საჭიროა, შეიქმნას ანტიმონოპოლიური სამსახურიო. ამის შემდეგ კი უკვე ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზეც დაიწყო მუშაობა და ერთადერთი, რაც აქამდე გაკეთდა, ის არის, რომ პარლამენტმა რამდენიმე თვის წინათ მიიღო კანონი, რომლის თანახმად შეიქმნა აღნიშნული სამსახური. უფრო სწორედ, ეკონომიკის სამინისტროში აქამდე არსებულ რაღაც სამსახურს - „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“ მხოლოდ სახელი შეეცვალა და ანტიმონოპოლიური სამსახური დაერქვა.

 

ამ სამსახურს რა ფუნქციები უნდა ჰქონოდა, კანონის მიღებიდან დღემდე გაურკვევლია. დაახლოებით თვენახევრის წინ მთავრობამ  დაამტკიცა „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში საბოლოოდ შეთანხმდა ევროკომისიასთან.

 

თუმცა, ამ სააგენტოს ფუნქციები კვლავ გაურკვეველია. როგორც მაშინ  მთავრობის საპარალემნტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებდა, „მათ ბაზრის ყველას სეგმენტის გაკონტროლება მოუწევთ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო გამოიტანსო“.

 

„კონკურენციის სააგენტოს მიენიჭება უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ბაზრის ყველა სეგმენტში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით. ამისთვის ის გამოიყენებს საკუთარ რესურსებს, ასევე გამოიყენებს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. მას შეუძლია, დაიქირავოს კერძო ექსპერტები და დაუკვეთოს კონკრეტული კვლევის ჩატარება. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება და საბოლოოდ მოკვლევის შედეგები წარედგინება სასამართლოს, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს“, - აცხადებდა ხუროშვილი.

 

თუმცა, მაშინვე გაურკევველი იყო ის საკითხი, თუ რა ტიპის სანქციები იქნება გამოყენებული კერძო სუბიექტების მიმართ და ხუროშვილი, მთავრობის სახელით, პირობას დებდა, რომ ეს საკითხი ასახული იქნება იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე შესული უნდა იყოს.

 

მიუხედავად ამისა, ჯერ არც კანონპროექტი არსებობს და მთავრობამ არც ის იცის, როდისთვის იქნება მზად.

 

„როგორც გითხარით, ფუნქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული და თქვენც იცით, ამ სამსახურს რა ფუნქციები ექნება. ახლა მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა და ძალიან მალე მზად იქნება. პირობას გაძლევთ, როგორც კი გამზადდება, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც,“ - აცხადებს ხუროშვილი.

 

ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ ხელისუფლება პროცესს შეგნებულად აჭიანურებს.

 

„როგორც ჩანს, ხელისუფლება დაინტერესებულია არა იმით, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური ფუნქციობდეს, არამედ იმით, რომ მონოპოლიებს ხელი შეუწყონ და ამით, რაც შეიძლება მეტი, პირადი სარგებელი ნახონ. მე სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ. ასე რომ არ იყოს, რაში სჭირდება ამ კანონპროექტის დაწერას ამდენი დრო? რაც თვითონ უნდათ, ორ დღეში წერენ და ეს რა გახადა ასეთი ძნელი, რომ მისი დაწერა აქამდე ვერ მოხერხდა?“ - კითხულობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.