სანამ საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ გაამხელს ლოპოტის სპეცოპერაციის დეტალებს, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებსაც, როგორც თავად ამბობს, საქართველოს მოქალაქეებს მათივე ბედნიერებისთვის უმალავს (უფრო ზუსტად, ატყუებს), მოვლენებს ცნობილი რომაული მეთოდით მივუდგეთ: ვინ იხეირა ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციით?
კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი ამ კითხვას კითხვითვე პასუხობს: „ვინ არის ყველაზე გატრუნული? ვინ არ აკეთებს არანაირ კომენტარს?“ მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, კმაყოფილია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არაერთ საპროტესტო ნოტას გამოუგზავნიდნენ ქართველ კოლეგებს და არც განცხადებებს მოერიდებოდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით.
ზაალ კასრელიშვილი: „ისინი ელოდებიან, როგორც განვითარდება მოვლენები. ჩემი აზრით, მათ ძალიან კარგი საფუძველი ჩაუყარეს ქართველებსა და ჩრდილო კავკასიელებს შორის შუღლის გაღვივებას, ოღონდ არავინ იცის, როდის გამოიყენებენ ამას. ერთი მხრივ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩუმადაა, მეორე მხრივ კი, ამ სიჩუმის მიღმა გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ.“
ზაალ კასრელიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითქმის ყველა ავტორიტეტულ ორგანიზაციასა და საიტს, მათ შორის, კავკასიურ საიტებსაც სთხოვეს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, რაც სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, მაგრამ ამ შეთავაზებას მხოლოდ ერთი კავკასიური საიტი დათანხმდა, რომელმაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან ხმაშეწყობილი განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოდან რფ-ის ტერიტორიაზე აპირებდა შესვლას.
„ორივე განცხადება ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ჩატარების გამართლებას საერთაშორისო სარბიელზე“ – აცხადებს კასრელიშვილი.
ამის მიუხედავადაც, ის დარწმუნებულია, რომ ჩრდილო–კავკსიელებმა ყველაფერი იციან. მეტიც – როგორც ჩრდილო კავკასიის ფარგლებს გარეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები კავკასიელები აღშფოთებული არიან კავკასიური საიტის განცხადებით და ერთობლივი ძალისხმევით იძებნება ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში შუამავლის როლს ასრულებდა და ხშირად ეპატიჟებოდა ჩრდილოკავკასიელებს საქართველოში, მათ შორის, მათაც, რომლებიც უფრო ადრე, 2010 წელს დახოცეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.
ზაალ კასრელიშვილი მოვლენების განვითარებას მომავალი ორი კვირის განმავლობაში ელის. მათ შორის, ელის ქმედებებს რფ-ის მხრიდანაც, რადგან, მისი თქმით, რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს მომხდარს. „დღეს ან ხვალ რამე რომ მოხდეს, ადამიანების 90-პროცენტი დაიჯერებს, რომ ჩრდილო კავკასიელებმა ეს ცხელ გულზე ჩაიდინეს. იმ ოთხი დახოცილიდან, რომელთა ცხედრებიც ჯერ არ გადაუციათ, ორი დიდი ავტორიტეტი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ორი ცოცხალი ლეგენდა დახოცეს, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ჩრდილო კავკასიას.“
ზაალ კასრელიშვილი ჩრდილოკავკასიელების დუმილს გაცილებით სახიფათოდ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ისინი შურისძიებისთვის ემზადებიან, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ამ შურისძიებას კონკრეტული ადრესატები ეყოლება.