"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა დღეს 11 ქალაქში იმართება - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, დღეს, 11 ქალაქში გაიმართება. შეკრებები გაიმართება როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურულ სივრცეში. თბილისში კი ყრილობა სპორტის სასახლეში ჩატარდება. ყრილობისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი გაწეული იქნება პარტიის საარჩევნო კამპანიის ანგარიშიდან" - აცხადებს თაქთაქიშვილი.
საერთოდ, ყრილობა როგორც წესი ღია ცის ქვეშ არ ტარდება. პოლიტიკური პარტიის ყრილობა კონკრეტული დღის წესრიგით იმართება და, ჩვეულებრივ, დარბაზული ტიპის შენობაში მიმდინარეობს. ამიტომ, ჩნდება კითხვა, რატომ აირჩია მმართველა ძალამ ყრილობის ასეთი ფორმა - მოსახლეობასთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ყრილობა სხვებისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქ არ არის დღის წესრიგი, არ არის საუბარი პარტიის მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე. დღევანდელი ღონისძიებები ზუგდიდის აქციით გაიხსნა, სადაც ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია, შემდეგ კი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი და პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდნენ სიტყვით, რის შემდეგაც შეკრებილი საზოგადოებისთვის კონცერტი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიაში მმართველი პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ცნობები გაჩნდა. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 სექტემბერს ღამით თბილისიდან 400-მდე ყვითელი მიკროავტობუსი ზუგდიდისკენ გაემგზავრა, რათა დღევანდელი ყრილობისთვის მონაწილეთა მობილიზება მოეხდინათ.
გარდა ამისა, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სპეციალური საშვების გარეშე არავის უშვებენ. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც დიდგორობა საკუთარ დღესასწაულად აქცია და იქ მისულ მოქალაქეებს დიდგორის ველზე შესვლის საშუალებაც კი არ მისცა.
ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე დასწრება ყველასათვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ ისეთი ინცინდენტები, როგორსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ხვდებიან რეგიონებში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდრებს. ადგილობრივები მმართველი ძალის წარმომადგენლებს მათ მიერ ხალხისთვის მიცემულ და შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს და მათ შესრულებას ითხოვენ. ცხადია, ასეთი რამ არ შეიძლებოდა „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე მომხდარიყო.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც ამ ყრილობასთან დაკავშირდებით სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება, ყრილობაზე ადამიანების მობილიზებას ეხება. კერძოდ, რამდენიმე მედია-საშუალება იტყობინება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს კონკრეტული ოდენობის ადამიანების მიყვანა დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტებიდან ყველას დათხოვნით დაემუქრნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ხალხის ძალით მიყვანის ფაქტს for.ge-სთან საუბარში „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელიაც ადასტურებს. მისი თქმით, ეს ყრილობა ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირების მცდელობაა. ბესელია ამბობს, რომ მმართველ გუნდს იმის ჩვენება უნდა, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
„ყრილობაზე ადამიანების მობილიზება ძირითადად ავტობუსებით და მარშრუტკებით ხდება. მე თვითონ ვნახე რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კოლონებად მიემართებოდა. ზუსტად ვიცი, რომ ზუგდიდში ადამიანების წაყვანა ფოთიდან მოხდა, მთელი ღამის განმავლობაში შტაბებთან ხდებოდა მათი მობილიზება. ასევე ვიცი, რომ იგივე ხდებოდა სხვა რაიონებშიც, კონკრეტულ ადმინისტრაციულ ცენტრში ძირითადად მიმდებარე რაიონებიდან ხდებოდა ადამიანების მობილიზება“, - აცხადებს ეკა ბესელია.
მისი თქმით, ხელისუფლების ამ პიარ-აქციას ნაციონალებისთვის სასურველი შედეგის მოტანა არ შეუძლია, რადგან აღარავის სჯერა, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები ჰყავს.
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აქცენტს არ აკეთებს იმაზე, როგორ მოხდა ყრილობაზე ადამიანების მობილიზება. ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავისი პარტიის ყრილობის ამ ფორმით ჩატარება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ალბათ მასზე ივანიშვილის მიერ წარმოწყებულმა კამპანიამ იქონია გავლენა.
„როგორ ჩანს, ხელისუფლებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იქონია იმ პროცესმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო. ეს პერიოდული მიტინგები, როგორც ჩანს, მათ გამოწვევად მიიღეს და გადაწყვიტეს ამ გამოწვევაზე იგივე იარაღით ეპასუხათ. იფიქრეს, თუ დუელია, დუელი იყოსო და ხალხის შეკრების პროცესი თავის თავზე უკვე თავად აიღეს. მეეჭვება, რომ ამან რაიმე ისეთი ფსიქოლოგიური გავლენა იქონიოს, როგორიც ივანიშვილის მიერ წამოწყებულმა კამპანიამ, რადგან ივანიშვილისეული ეფექტი სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება ელოდა, რომ ბევრი ხალხი არ იქნებოდა და ამ მოლოდინის გაცრუებამ შემდეგ ეს ემოციები გამოიწვია. ის, რომ ხელისუფლებას შეუძლია ხალხის მობილიზება და ქუჩაში გამოყვანა, ეჭვს არ იწვევს“, - აღნიშნავს საყვარელიძე.
„ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმეორებს ყველაფერს, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.
„ახლა მათ უნდათ საზოგადოებას დაანახონ, რომ მარტო ბიძინა ივანიშვილს კი არ ჰყავს მხარდამჭერები, არამედ მათაც ჰყავთ. ერთი ერთზე იმეორებენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თორემ ეს რა ყრილობაა? ეს არის ჩვეულებრივი მიტინგები, სადაც სააკაშვილი ჩადის მისი ვერტმფრენით და თავის ცნობილ ბრაზიან ფრაზებს ისვრის. მომღერლები იმღერებენ, პუბლიკას გაამხიარულებენ, შემდეგ კი სააკაშვილი თავის ბოღმიან სიტყვას ამბობს. ამიტომ რეალურად ეს არის ბიძინა ივანიშვილთან შეჯიბრი და არა ყრილობა“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, ამ ყრილობისთვის ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, ასევე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ყველა ადამიანი ამ აქციებზე ძალით მიიყვანეს. ძიძიგური ამბობს, რომ ამ ყრილობაზე რამდენ კაცსაც მიიყვანენ, იმაზე ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას „ნაციონალებს“ ოქტომბრის არჩევნებში, რადგან ამ აქციაზე ძალით მიყვანილი ადამიანების დიდი ნაწილი მმართველ პარტიას მხარს არ უჭერს.
„სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არ არის, იგი ფაქტიურად ხელისუფლების მეთაურია, რომელიც პირდაპირ არის დაპირისპირებული ბიძინა ივანიშვილთან. სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. პრეზიდენტობიდან სააკაშვილი ივანიშვილის სპარინგ-პარტნიორად გადაიქცა“, - აღნიშნავს ძიძიგური.