საქართველოს პრეზიდენტი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ნოვატორული იდეების გამხმოვანებელი და ეს იდეები ხანდახან შოკშიც აგდებს საზოგადოებას. ამ წელში მან სხვა მრავალ იდეასთან ერთად ორი ყველაზე ხმაურიანი განაცხადი გააკეთა – საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაცია და ქვეყნის სინგაპურიზაცია. ბურუსით მოცული ორივე თემიდან მხოლოდ ერთი აშკარა “მესიჯი” მოდის - 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხებული მხედართმთავარი, აქცენტს რეგიონალურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე აკეთებს. თუმცა, ჯერ არც კონფედერაციის რეალური ნიშნები ჩანს და არც სინგაპურიზაციის.
და მაინც, რა არის ეს სინგაპურიზაცია? რა დადებითი და უარყოფითი მომენტები აქვს ამ მოდელს? შეიძლება თუ არა, საერთოდ, საქართველოს სინგაპურიზაცია, რომელიც თავის თავში როგორც ეკონომიკურ, ასევე სახელმწიფო მოწყობის მოდელს გულისხმობს? რას აპირებს სააკაშვილი – საქართველოს სინგაპურიზაციას, თუ ქართულ ეკონომიკაში სინგაპურში უკვე გამოცდილი და გამართლებული მოდელის ელემენტების შემოტანას?
პრესა.გე-მ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ვანო მაჭავარიანს. ინტერვიუ ვრცელი და საინტერესო გამოვიდა, შესაბამისად მის მეორე ნაწილს ამ დღეებში შემოგთავაზებთ.
ვანო მაჭავარიანი: “როცა საუბარია ქვეყნის სინგაპურიზაციაზე, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური მოდელის ძიებაც დაიწყო და ასევე გამჟღავნდა იმ ახალ რეალობებზე მორგების სურვილი, რომელიც წარმოიქმნა აგვისტოს ომისა, თუ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.
ამაში იგულისხმება ის, რომ ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები უკვე სხვა ხარისხში გადადის. ანუ, აქ უკვე ჩანს ორი პრობლემა: პირველი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი პერსპექტივა და მეორე ის, რომ თავად ეკონომიკურმა კრიზისმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლებზეც ქვეყნის მთავრობა გათვლებს აკეთებდა.
ანუ, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების ჩავარდნაზე?
- დიახ, საუბარია ამერიკულ, ევროპულ და თურქულ ინვესტიციებზეც კი. თუ გახსოვთ, ადრე საუბარი იყო თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნაზე, სასტუმროების მშენებლობაზე თბილისში და ბათუმში, ასევე – სხვა პერსპექტიული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაზე, რაც ვერ მოხერხდა.. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ქვეყნის სინგაპურიზაცია...
თუ შეიძლება, ბოლოსდაბოლოს, ავუხსნათ მკითხველს, რა არის ეს სინგაპურიზაცია?
- სინგაპურის ეკონომიკა ძირითადად აწყობილია სავაჭრო ურთიერთობებზე.
ეს ქვეყანა არის ფინანსური და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების რეგიონალური ცენტრი სამხრეთ აზიაში. იქ განლაგებულია მსოფლიოს ყველა სავაჭრო კომპანია, რომელიც სამხრეთ აზიასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის საქმიანობას ეწევა. არის უზარმაზრი დახმარებები. ამ ბაზრის მოთამაშეები არიან: ჩინეთი, სამხრეთ აზიის ქვეყნები - ე.წ “აზიური ვეფხვები”, რომელთა ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება..
სინგაპურში მოქმედებენ კონკრეტული სავაჭრო სახლები, რომელთაც თავისი საქმიანობა აწყობილი აქვთ ამ რეგიონების ეკონომიკური საქმიანობის წახალისებაზე. მაგალითად, ჩინეთი უზარმაზარი მზარდი ბაზარია, რომელსაც სჭირდება კონკრეტული ტექნოლოგიები, ფინანსები, ეკონომიკური პარტნიორების მოძიება, პროდუქტები და ა.შ. ეს სავაჭრო სახლებიც ზუსტად ამ საქმიანობითა და ურთიერთობების დამყარებით არიან დაკავებულები. ვთქვათ, თუ რომელიმე ჩინურ კომპანიას სჭირდება რაღაც წიაღისეული, შეუძლია, სინგაპურს ეწვიოს და იქ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
გავლენების თვალსაზრისით რა ხდება სინგაპურში, ყველას კარგად მოეხსენება, რომ დიდი თანხების ტრიალი ყოველთვის დიდ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული..
- სინგაპურში ბოლო 50 წლის განმავლობაში ხელისუფლება არ შეცვლილა და არსებობენ სიმბოლური ოპოზიციური პარტიები. სინგაპურში სტუაციას მართავს უცვლელი მთავრობა. ეს არის იმ ხალხის ერთობა, რომელმაც შექმნა თანამედროვე სინგაპური და ეს პოლიტიკური დინასტია დღემდე აგრძელებს თავის საქმიანობას.
დაახლოებით ასეთი სიტუაციას იმეორებს აზერბაიჯანი, იქ თითქმის არავის აქვს პრეტენზია, თუ პრეზიდენტ ალიევის შვილი გახდება ხვალ ამ ქვეყნის პირველი პირი. ოპოზიციაც, ფაქტობრივად, სიმბოლურია..
- განსხვავება იცით რა არის? სინგაპური ძალიან პატარა ქვეყანაა და ძალიან მარტივად მიხვდნენ იმას, უნარი შესწევთ, რომ ქვეყანა მართონ, როგორც ე.წ კომპანია, როგორც ბიზნეს-კორპორაცია. მმართველი, ანუ გენერალური დირექტორი სინგაპურის შემთხვევაში - პრემიერ-მინისტრია. პრემიერ-მინისტრი ხელს უწყობს იმ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და იმ პოლიტიკური, თუ სავაჭრო პარტნიორების მოზიდვას, რომელსაც გარანტიას აძლევენ სწორედ ეს უცვლელი მთავრობა და სინგაპურის ფინანსური ინსტიტუტები..
მთავრობის მოვალეობაა პარტნიორებს საქმიანობის ისეთი პირობები შეუქმნას, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. სინგაპურში საქმიანობა ნებისმიერი ფინანსური, თუ სავაჭრო ბიზნესით დაკავებული კომპანიისთვის საოცნებო რამაა. შესაბამისად, რადგან სახელმწიფო მართავს ამ ბიზნეს–საქმიანობას და პრემიერი უძღვება მას, მისი ანაზღაურებაც 1 მილიონი დოლარია. ანუ სინგაპურის მიდგომა სუფთა ეკონომიკური პროცესია.
დინასტია არის ის გუნდი რომელიც უზრუნველყოფს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესის სწორად წარმართვას. ეს არის პარტია, რომელიც 50 წელია ხელმძღვანელობს ამ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ვაკუუმში არ ხდება. მის გარშემო არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, აზიის სხვა ქვეყნები. იქ დევს აშშ-ისა და ავსტრალიის დიდი ინტერესები. სინგაპურმა საკმაოდ რთული გზა გაიარა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ გეოპოლიტიკური ბალანსი, რომელიც დღეს ამ პატარა ქვეყანას უსაფრთხო არსებობის საშუალებას აძლევს. მან იტვირთა ფუნქცია - ყოფილიყო სუფთა სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი რეგიონისთვის და ეს მისაღები აღმოჩნდა ამ დიდი ქვეყნებისთვის.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სინგაპურიზაცია რამდენად არის მისაღები მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის? მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ჩვენთან ამ მოდელის პირდაპირ გადმოღებამ გაამართლოს...
- პირდაპირ ამ მოდელის გადმოღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ სხვა ისტორიული გზა გვაქვს გავლილი. აქ არის იმის მცდელობა, რომ მოხდეს საქართველოს ეკონომიკური მოდელის გარკვეული რევიზია და ახალი ელემენტების შემოტანა. ტრადიციულად, საქართველოს აქვს სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სატრანზიტო დანიშნულება - ამას რეალურად არ ვივიწყებთ. თუმცა, როგორც ჩანს, სინგაპურიზაციის ელემენტები (სავაჭრო და ფინანსური ოპერაციები) არის დამატებითი ფუნქცია, რაც პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველომ შეიძინოს, იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია და ფინანსური რესურსი იქნას მოზიდული.
არ ვიცი, რამდენად მისაღები და საინტერესო იქნება სხვა ქვეყნებისთვის ეს შეთავაზება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ღია აგრესია გვაქვს რუსეთიდან და ღია შანტაჟი ხორციელდება, როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს მეზობლების მისამართით, რომ საქართველოსთან რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური ინტერაქცია განხორციელდეს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთულად მისაღწევი მიზანია.
როცა სინგაპურის მმართველობის მოდელზე, ანუ ერთპარტიულ დინასტიაზე ვსაუბრობთ და ჩვენც გვინდა სინგაპურიზაციის ელემენტები შემოვიტანოთ, მაშინ აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ყველაზე მყარი გარანტია, რომ სინგაპურში არ შეირყა სახელმწიფოს მიდგომა ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, სწორედ ამ დინასტიის უცვლელობაა... მაშინ, ჩვენთანაც რაღაც მსგავსი მოდელის გადმოღება იქნება საჭირო, ასეთი მყარი გარანტიის გასაცემად.
- სინგაპურიზაცია მსოფლიოსთვის სწორედ იმიტომაა საინტერესო და ჩვეულებრივ ერთი დინასტიის მმართველობადაც იმიტომ არ არის შეფასებული, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს იმ პირობების შექმნასთან, რომელიც სჭირდებათ სავაჭრო სახლებს ფინანსური ოპერაციების სწორად წარმართვისთვის. ის, რომ იქ იყოს დიდი მასშტაბებით კორუფცია, არაეფექტური მართვა, ასე არ არის. ეს ყველაფერი მინიმალურ დონეზეა დასული.
მთავრობის პრინციპია, რომ ბიზნესმენები დაინტერესებულები იყვნენ იქ ბიზნესის კეთებით. ერთის მხრივ, ეს ძალიან საინტერესო მოდელია, რადგან მთავრობა იღებს ვალდებულებას, სუფთად იმუშაოს და არ ჩაერიოს ამ კომპანიების საქმიანობაში, ანუ ის შუამავლისა და ბიზნესგარემოს შემქნელის ფუნქციებს ასრულებს. რა თქმა უნდა, აქედან ქვეყნის ხაზინაში ძალიან დიდი გადასახადები შედის.
ხალხიც კმაყოფილია, რადგან მათი ცხოვრების დონე მაღალია...
- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონეა. დამეთანხმებით, რომ არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის დასაქმების, ან სხვა სოციალური პრობლემა, მაგრამ სინგაპურში ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოგვარებულია. სინგაპურში არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს, მაგრამ უდიდესი ნაწილი უზრუნველყოფილია არამარტო შვილების, არამედ მათი შვილიშვილების პერსპექტივაში, იმდენად სწორად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება სახელმწიფოს მხრიდან.
მათი კულტურა ძალიან პრაგმატულია, ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ფულს, იციან ფულის ყადრი, იციან, რას ნიშნავს საბაზრო ეკონომიკაში ცხოვრება, რაც ჩვენთვის ძალიან ახალი ხილია. ამიტომ, ესეც გარკვეული პრობლემა იქნება ჩვენთვის, ვიდრე ჩვენი თაობა საბჭოური, უყაირათო ცხოვრების სტილს გადაეჩვევა.
საქართველოში უყაირათო ცხოვრების გარდა, უფრო მწვავედ ის მომენტი დგას, როცა დილიდან საღამომდე მუშაობენ და შესაბამისი შემოსავალი მაინც არ აქვთ. ჩვენთან დიდი პრობლემაა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფცია, რა ხდება ამ თვალსაზრისით სინგაპურის მმართველ 50-წლიან დინასტიაში?
- რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქ არის. იყო რამდენიმე სკანდალი, რომელიც მთავრობის რამდენიმე წევრს ეხებოდა. ბევრი რამ დაფარულია, ამის შესახებ რთულია, ვინმემ გაიგოს, რადგან ჩაკეტილი საზოგადოებაა, მაგრამ იქ მომხდარმა სკანდალებმა გამოიწვია მთავრობის რამდენიმე წევრის გადაყენება. სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღიძრა.
ჩვენთვის საყურადღებო ისაა, რომ თუ ჩვენ სინგაპურიზაციის ელემენტების შემოღებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ის ფუნქციები, როცა მთავრობის მთავარი საქმიანობა იქნება ბიზნესის ხელშეწყობა და არა – სხვის ბიზნესში ცხვირის ჩაყოფა. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი იმ პირობებში და იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ვერ გეტყვით. ამას ცოტა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ცოდნა, რეგულირების ხარისხი და ბევრი რაღაცეები სჭირდება... საკმაოდ რთული მისაღწევი მეჩვენება ამ პირობებში ის, რაზეც ვსაუბრობთ, თუმცა შესაძლებელია”.
რამდენად წარმოუდგენია ვანო მაჭავარიანს, რომ “ნაცების” ხელისუფლებამ ცხვირი არ ჩაყოს სხვის ბიზნესში, რა სავარაუდო პოლიტიკურ დინასტიაზე შეიძლება, იყოს საუბარი საქართველოს სინგაპურიზაციის შემთხვევაში და სხვა ამგვარ საინტერესო საკითხებზე, ის ისაუბრებს ინტერვიუს მეორე ნაწილში, რომელსაც ამ დღეებში შემოგთავაზებთ...