საქართველოში ჩამოსულმა ამბასადორიალის მონაწილე მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა საკმაოდ აქტიური შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მრავალი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ფანად ცნობილმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ისიც კი აღნიშნა, რომ თურმე მათთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხზე - „ქართული ოცნების“ ლიდერის რუსეთში არსებულ კაპიტალზე ამომწურავი პასუხი მიიღეს, რომელიც ირწმუნეს. ისიც დაადგინეს, რომ ივანიშვილი არც პუტინის პროექტია, არც პრორუსული საგარეო ვექტორის მომხრე, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს და რაც მართლაც მნიშვნელოვანია, ნატოს გენერალურმა ანდრეს ფონ რასმუსენმა კიდეც ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული საქართველოს შემდგომი ბედი და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია.
რამდენად მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო ეს დღეები, ამ თემაზე „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი გვესაუბრება.
ბატონო ლევან, ცნობილია, რომ ამბასადორიალის მონაწილეები შეხვდნენ ოპოზიციასაც, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ასეთი ტიპის შეხვედრები?
- მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ მივიტანოთ ჩვენი აზრი მსოფლიომდე, ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ბევრი რამ მოხდა, მათ შორის, მაკკეინთან შეხვედრა, სხვა მინისტრებთან შეხვედრა, ეს ხელს უწყობს იმას, რომ ინფორმაცია უშუალოდ, პირდაპირ გადაეცეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ვენდობით საელჩოების მუშაობას, მაგრამ ყოველთვის უკეთესია, როდესაც ინფორმაცია ფილტრის გარეშე მიეწოდება მაღალი რანგის უცხოელ მოხელეებს.
ჩვენ რა თქმა უნდა, ვაწვდიდით ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ვითარება როგორია, რამდენად თანასწორი თუ უთანასწორო გარემოა, როგორია მედიასთან წვდომა, გაშუქება, რა ვითარებაა ბილბორდებთან მიმართებაში, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ არ ვარგა, როგორც ყოველთვის. მოკლედ, ჩვენ ვაწვდით და ვაწვდით ინფორმაციას.
როგორც ითქვა, ამერიკელ სენატორებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია, აინტერესებდათ მისი კაპიტალის ისტორია და ის, რა ფინანსური კავშირი ჰქონდა მას რუსეთთან, როგორც ცნობილია მათ ეს ინფორმაცია მიიღეს და მოისმინეს ისიც, რომ ივანიშვილმა რუსეთში არსებული ყველა წილი გაყიდა, თქვენი შეფასებით მათ საიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საქართველო უკან, წარსულში ბრუნდება, უშუალოდ სააკაშვილისგან?
- ბიძინა ივანიშვილის შესახებ აქამდე მათ ინფორმაცია ჰქონდათ აშშ-ს საელჩოსგან, არასოდეს არავინ არ იღებს ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილისგან. რასაკვირველია მათ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან. ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პოპულარული ადამიანია, ერთ-ერთი დიდი და სერიოზული მოლიარდერია, ამიტომ, მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება „ცერეუში“ უფრო ადვილად შეიძლება, ვიდრე საქართველოში - ობიექტურ ინფორმაციას ვგულისხმობ. სად იშოვა, რა გახსნა, რა გაყიდა, როგორ იშოვა პირველი ასიათასი, პირველი მილიონი, ეს ყველაფერი ამერიკელებმა იციან, მე მგონი, ქართველებზე უკეთესად.
ძალიან კარგია, რომ პირადად მას შეხვდნენ, რადგან როდესაც პირველად შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რა კაცია და როგორია, იმიტომ, რომ ასე, ზეპირად ძალიან ძნელია, ადამიანზე წარმოდგენის შექმნა, მითუმეტეს კაცზე, რომელსაც შენზე ძალიან ბევრი ფული აქვს ნაშოვნი და სენატორებს რომ შეხვდა, მთელ მათ საგვარეულოს რაც უშოვია, იმაზე მეტი აქვს. ძალიან ძნელია ადამიანის შეფასება მანამდე, სანამ არ ნახავ, მითუმეტეს ამერიკელებისთვის, რომლებიც ძალზე დიდ ყურადღებას აქცევენ, ვინ რამდენი იშოვა და, სხვათა შორის, ფულის მშოვნელ კაცს პუტინის აგენტად არ მიიჩნევენ და საერთოდ, ისინი ფულის შოვნას დანაშაულად არ თვლიან.
თუმცა მიხეილ სააკაშვილი მუდმივად აპელირებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია. იგი ყოველდღე ცდილობს, ამაში ქართული საზოგადოებაც დაარწმუნოს და დასავლეთიც...
- მე მგონი ეს არის შიშის ფაქტორი - სააკაშვილს უჭირს ამის დამტკიცება, რადგან თვითონ იღებდა ძალზე სერიოზულ დახმარებას ამ ადამიანისგან და თუ რუსეთის აგენტი და პუტინის კაცი იყო, მაშინ საქართველოს არმიას ფეხზე რატომ ჩააცვა და ტანკები რატომ უყიდა. ეს ძალიან ძნელი სალაპარაკოა, მესმის, რომ ლაპარაკობს მაგრამ არაფერს ეს არ მოუტანს.
ქართველი ხალხი არ არის ასე გულუბრყვილო, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰგონია და ასე იოლად ვერავინ ვერაფერს ვერ მოატყუებს. ეგ ტყუილია, რომ პუტინი დგას და ქართველებს ფულს ურიგებს, აჰა თქვენ ფული და იქნებ მიშას მოუხერხოთ რამეო.
ამ კაცმა ფული როგორ იშოვა, ძალიან კარგადაა ცნობილი, მან ფული იშოვა მანამ, სანამ პუტინი მიუახლოვდებოდა ხელისუფლებას, კაცი მილიარდერი გახდა პუტინამდე, სანამ 2000 წელს პუტინი გამოჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილი უკვე იყო „როსიისკი კრედიტის“ მფლობელი და მილიარდერი. ასე რომ, ბავშვები არ ვართ და მესმის, რომ კაცს უჭირს და თავისას ამბობს.
გარდა სენატორებისა, საქართველოს სტუმრობდა ნატოს გენერალური მდივანი, რომლის ვიზიტიც ძალზე მნიშვლნელოვანი იყო საქართველოსთვის...
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ის ეხება არჩევნებს და ნატო გვახსენებს - იმის მიხედვით, როგორ მოვიქცევით ამ არჩევნებზე, იქნება განხილული ჩვენი წინადადებები და მისწრაფებები ნატოსადმი.
გარდა ამისა, რუსეთი აპირებს ჩაატაროს სწავლებები, და ასეთ დროს ასეთი ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მაჩვენებელია.
გარდა ამისა, რასმუსენი ხვდება ოპოზიციასაც და იღებს ინფორმაციას, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ როდის მოხდება ეს, ამაზეა ლაპარაკი.
მიხეილ სააკაშვილს ერთი წელი დარჩა და ამ ერთ წელიწადში ნატოსთან მიახლოებას ის ვერ შეძლებს, მაგრამ სხვა ხელისუფლებას, სხვა თაობას მოუწევს ამის გაკეთება და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მოხდება ეს ამბავი.
რამდენადაც ცნობილია, საუბარი შედგებოდა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზეც, როგორ ფიქრობთ მოხვდებოდა თუ არა განსახილველ საკითხებში ის გაურკვეველი სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაატარა ცოტა ხნის წინ ლოპოტას ხეობაში?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად გაჩნდება კითხვები, ასეთ დროს ბუნებრივია, ჩნდება კითხვები და გაარკვევენ, რამდენი იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, რა მოხდა, როგორ მოხდა.
ეს ჩვენ, ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება, რომ კითხვები დავსვათ. უფრო სწორად, ზოგიოერთ შემთხვევაში არც გვაინტერესებს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჟურნალისტებს სძინავთ და არც ესიზმრებათ ეს კითხვები. არავის არ უჩნდება კითხვა ხელისუფლებასთან, რაც ძალზე უცნაურია, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მე რომ არ წავიკითხო ლექცია ცუდია და ჟურნალისტები რომ არ ინტერესდებიან იმით, რაც მათი „პური და ყველია“ - ეს კარგია.
სხვათა შორის, უცხოელები ამის გამო გვაკრიტიკებენ, გახსოვთ, თქვენ ჯონ ბასის კრიტიკა რა მძიმედ მიიღო ჟურნალისტთა კორპუსმა, მაგრამ მე მაქვს ეს ინტერესი, რა მოხდა.
იცით, მე ვერ ვხედავ თქვენს თანამოძმეებში ამავე ინტერესს და მართალი გითხრათ, კონფორმიზმის ნიშნებია, როდესაც ასეთ კითხვებს ვერ უსვამენ ხელისუფლებას და ვერ არკვევენ, რა მოხდა და რა არ მოხდა, მაგრამ არაუშავს, მომავალში ალბათ მეტი მოხდება.
დასავლელები ასე არ მოიქცევიან, პირდაპირ დაუსვამენ კითხვას და ალბათ, რამდენ ტყუილსაც ეტყვიან, იმდენ ტყუილში ამხელენ. იქ ასეთი ტრადიციაა, რომ ტყუილების მოსმენა არ უყვართ.
უცხოელები ასე რევერანსულები არ არიან, იკითხავენ, რატომ თქვით, რომ არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც იცოდნენ, ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ჩვენ ვსვამთ ამ კითხვებს, მაგრამ ხელისუფლება რომ არ პასუხობს ჩვენს შეკითხვებს, ალბათ, თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს...
- თქვენ კითხვის დასმაში ალბათ მიკროფონთან მისვლას და კითხვის დასმას გულისხმობთ, მაგრამ მე ამას არ ვგულისხმობ...
ეს არც მე მიგულისხმია...
- თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია და მერე უნდა დაუსვათ კითხვა, მაპატიეთ, მე თქვენ ხელობას არ გასწავლით, მაგრამ ისე არ ხდება, როგორც ქართველ ჟურნალისტებს ჰგონიათ, მაპატიეთ ძალიან, არავინ არ სვამს კითხვას ისე, თუ არ იცის ამაზე პასუხი, ამას აკეთებენ მარტო ქართველი ჟურნალისტები.
სინამდვილეში, ალბათ, პირადად თქვენ არ გეხებათ, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, იმან უნდა მოიპოვოს ინფორმაცია. ინფორმაციის მოპოვება არის ჟურნალისტიკისთვის მთავარი და მარტო კითხვების დასმით რომ არ მოიპოვება ეს ინფორმაცია, ვიღაცა საეთოდ იქ რომ უნდა ცხოვრობდეს, ხეობაში და იქაური უნდა იყოს, მე როგორ უნდა ავხსნა გამოძიებითი ჟურნალიზმის ელემენტები.
ჟურნალისტებმა მოიპოვეს ეს ინფორმაცია, რომ დაღუპულები პანკისელი ქისტები იყვნენ, თუმცა შს სამინისტრო ამბობდა რომ ეს აბსურდია, ხელისუფლება არ იძლევა ასეთ კითხვებზე პასუხს...
- კაცი უნდა გყავდეთ იქ, მინისტრის მოადგილე უნდა იყოს თქვენი ინფორმატორი, მე გასწავლოთ ახლა ეს? იქ კი არა, პარტიებში უნდა გყავდეთ ხალხი, მაგრამ ეს ხომ საქართველოში იქნება მაშინ, როცა ყველაფერი აყვავდება, მაგრამ ახლა გვჭირდება ჩვენ ეს, ამის თქმა მინდა მხოლოდ.
რას გავდა პირველი დღეები, ვერ გავერკვიეთ რა იყო, დაღესტნიდან იყო, თუ რა ხდებოდა, ცხრა ვერსია თქვა ერთმა ექსპერტმა და ცხრავე სისულელე აღმოჩნდა, მერე მეათე აღმოჩნდა სწორი, რომელიც იმას არ უთქვამს. ამის თქმა მინდა, რომ ყველგან გვაკლია ინფორმაცია. არც ძალოვან სტრუქტურებში გვყავს ინფორმატორი... ეს თუ გგონიათ რომ კანონის დარღვევაა, კანონი თავისუფლების გამოხატვის შესახებ გიცავთ თქვენ და შეგიძლიათ არ დაასახელოთ ინფორმაციის წყარო. მთელ მსოფლიოში ასე მუშაობენ ჟურნალისტები.
ეს ყველაფერი ვიცით, ბატონო ლევან, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ვერ ხერხდება, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, როდესაც ინფორმაციის წყაროს ტელეფონზე არ უსმენდნენ...
- ამაზე უარეს პირობებში, ბირმაში ჟურნალისტები გმირულად იბრძვიან, სადაც ათასჯერ უარესი რეჟიმია. თქვენ მითხარით, რამდენი ჟურნსალისტი ზის საქართველოში ციხეში და გეტყვით, როგორ მუშაობს თქვენი პროფესია. მე გეტყვით, რამდენი პოლიტიკოსი ზის ციხეში. არ არსებობს არც ერთი უბანი საქართველოში, საიდანაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ციხეში არ იჯდეს. პოლიტიკოსები ზიან ციხეში, ჟურნალისტები - არა. ბირმაში ჟურნალისტები ციხეში მიდიან ინფორმაციის მოპოვებისთვის...გეთანხმებით, რომ ჟურნალისტიკაში ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი თემა დღეს არ არის ჟურნალისტიკა, მინდა დავუბრუნდეთ უცხოელების ვიზიტს საქართველოში. ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის მოქმედებებში, როგორც კი მაღალი რანგის უცხოელი ჩამოვა საქართველოში, ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლას ამძაფრებს. გახსოვთ ალბათ, ჰილარი კლინტონი საქართველოდან წასულიც არ იყო, დაყადაღებები და ანტენების დაპატიმრებები დაიწყო. ახლაც, ამბასადორიალის პარალელურად, კითხვები გაუჩნდათ „ამომრჩეველთა ლიგის“ ფინანსების მიმართ, პოლიცია იბარებს „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს და ფულის გათეთრებაზე უსვამს შეკითხვებს, უნივერსიტეტიდან პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ ხალხს, შეგიძლიათ ახსნათ, ამით რას უსვამს ხაზს ხელისუფლება?
- ეს იმიტომ, რომ ქართველ ხალხში უნდა შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს უცხოელებთან ისე კარგად აქვს გარკვეული ყველაფერი და იმდენად მოიწონეს მისი საქციელი, ახლა ზეწოლას ახორციელებს თითქოს უცხოელების რჩევით და მათთან შეთანხმებით. რაც არის, რა თქმა უნდა, ტყუილი, პირიქით, უცხოელები მას აკრიტიკებენ.
ჩვენ გავიგონეთ უცხოეთის ხმა, ეს იყო ევროპის საბჭო, ეს იყო ეუთო, ეს იქნება ახალი სიტყვები, რომელსაც აქ ჩამოსული უცხოელები იტყვიან. ასე, რომ სინამდვილეში უცხოელებისგან, ხელისუფლებასზე მიმდინარეობს ზეწოლა. ხელისუფლება მერე იბნევა და ამბობს, რომ უცხოელები სულელები არიან, მოსყიდულები არიან და სხვა.
ჩემი აზრით, ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის აბსოლუტურად შეუგნებელი, ვერ გაერკვევა, მოატყუებენ და ა.შ. მე კი მგონია, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა პირველ ოქტომბერს. როცა ქართველი ხალხი დარაზმულად მივა არჩევნებზე, გამოხატავს თავის ნებას და იქ გაირკვევა, რა გავლენა აქვს, მაგალითად, „იმედს“, „რუსთავი2“-ს და პირველ არხს ქართულ საზოგადოებაზე.
დარწმუნებული ვარ, „იმედის“ რომელიმე ხელმძღვანელს წარმოუდგენია, რომ ის არის ღმერთი და ქართველი ხალხის გონებას მართავს, მაგრამ არჩევნებზე გაირკვევა, რომ „იმედის“ გავლენა არის სადღაც, ერთი პროცენტი.
ძალიან ცოტა არის ტყუილის გავლენა ხალხზე, რომელსაც უნდა, გამოცვალოს ცხოვრება, რომელსაც არ მოსწონს ცხოვრება. როცა კაცი ცუდად ცხოვრობს და მას ეუბნებიან, რომ ის კარგად ცხოვრობს, მას ატყუებ ერთი დღე, ორი დღე, მას ვერ არწმუნებ და არჩევნებზე ის ხმას არ გაძლევს.
სააკაშვილმა ბევრი ტყუილი თქვა, მათ შორის - რომ მის პირველ მმართველობაში საქართველო აღიდგენდა ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მმართველობაში გახდებოდა ნატოს და ევროკავშირის წევრი, რომ ყველა ქართველი იქნებოდა გაცილებით უფრო მდიდარი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე - ეს ყველაფერი მოვისმინეთ, აქედან არაფერი არ შესრულდა.
შესრულდა მარტო ერთი რამ, ჩვენზე ფიქრის ნაცვლად, იზრუნა მხოლოდ საკუთარ თავზე, აიშენა ძალიან დიდი სასახლე, იმის ნაცვლად, რომ ეფიქრა ხალხის შრომაზე, იფიქრა როგორ უნდა წამოწიოს წინ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და იმის მაგივრად, რომ ებრძოლა საბჭოთა კავშირის გადმონაშთებთან, ეს გადმონაშთები წინა ადგილებზე ჩაწერა სიაში. ასე, რომ გასაგებია ყველაფერი, დანარჩენს გადაწყვეტს ქართველი ხალხი.