„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია მოსაშვილს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, თუმცა საარჩევნო პროგრამაზე არ უსაუბრია. როგორც ახალაიამ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ყველაფერი კეთდება და ხელისუფლება მათ ყველაფერს გაუკეთებს.
„გავბედე და გადავწყვიტე ხალხთან გავსულიყავი. ხალხისთვის მიმენდო ჩემი ბედი, რამდენად სწორად ვიმუშავე და რამდენად სწორად გავაკეთე. მე არ შევრცხვენილვარ და არ შევრცხვები არასდოს ჩემი ხალხის წინაშე. ეს ჩემთვის თანამდებობა კი არა, პასუხიმგებლობაა, რომელიც მამძიმებს თქვენს წინაშე“, - განაცხადა ახალაიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, გაიმართება თუ არა დებატები მასსა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შორის, ახალაიამ განაცხადა, რომ ალასანია მისი ოპონენტი არ არის.
„მე დღეს ქართველ ხალხთან მაქვს დებატები. ის მერე ვნახოთ. ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია“, - განაცხადა ახალაიამ.
ძალიან რთულია მიხვდე, რას გულისხმობდა ბატონი ახალაია, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ოპონენტი უწოდა. საერთოდ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული თქვან ხოლმე, როდესაც მედიის წარმომადგენლები მათ ოპონენტებთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკო ხაჩირაშვილმა, როდესაც მას ოპონენტებზე ინგა გრიგოლიასა (ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი) და სოსო ჯაჭვლიანზე („ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი) ჰკითხეს, რომელ მათგანს მიიჩნევთ კონკურენტადო, ხაჩირაშვილმა განაცხადა, „ჩემი ოპონენტი გლდანის პრობლემებიაო“. მაშინ რამდენიმე პოლიტიკოსმა მისი ეს გამოთქმა აიტაცა კიდეც, რადგან მართლაც ნებისმიერი მაჟორიტარის გამოწვევა მის ოლქში არსებული პრობლემებია. მაგრამ რას ნიშნავს როლანდ ახალაიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ოპონენტი არა ირაკლი ალასანია, არამედ ხალხია, ცოტა რთული სათქმელია.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ ისეთი რამე წამოსცდეს, რაც სიმართლეა, მაგრამ ამის თქმა სულ არ სდომოდა. ამიტომ, შეგვიძლია ახალაიას ეს განცხადება მისი ქვეცნობიერის გამოძახილად მივიჩნიოთ. ისე კი, რატომ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოპონენტი საკუთარი ამომრჩეველი, ამ კითხვით რამდენიმე კანდიდატს და პოლიტიკურ ექსპერტს მივმართეთ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ალბათ, როლანდ ახალაიამ სიტყვა „ოპონენტის“ მნიშვნელობა არ იცის, თორემ ასე არ იტყოდა.
„ამ შემთხვევაში ბატონი ახალაია რესპონდენტის როლში იყო, რადგან მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. მეეჭვება, რომ რესპონდენტს ესმოდეს სიტყვა „ოპონენტის“ მნიშვნელობა, თორემ, თუკი მან გაიგო ამ სიტყვის მნიშვნელობა, მიხვდება, რომ ის ხალხთან დაპირისპირებული ყოფილა. სხვა შემთხვევაში, ზიგმუნს ფროიდს უნდა მივმართოთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.
„ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ როლანდ ახალაიას სიმართლე ღმერთმა ათქმევინა.
„როლანდ ახალაიას ღმერთმა სიმართლე მისი ნების წინააღმდეგ ათქმევინა. სიმართლე კი ის არის, რომ მისი ოპონენტი არა რომელიმე კანდიდატი, ან პოლიტიკური ძალაა, არამედ საკუთარი ხალხია. უკანასკნელი წლების განმავლობაში როლანდ ახალაია, ძირითადად, ჯალათის ფუნქციას ასრულებდა, აპატიმრებდა ადამიანებს, თესავდა შიშს, ტერორს. ბუნებრივია, იგი ასე განიხილავს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ამის ასე თქმა არ უნდოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როლანდ ახალაიას ღმერთმა ათქმევინა სიმართლე“, - აღნიშნავს ძიძიგური.
„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადად ხელისუფლების კანდიდატები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ხალხის წინაშე საჯაროდ წარდგომას და მოსახლეობის წინაშე კითხვებზე პასუხის ღიად გაცემას ერიდებიან.
„იგივე სიტუაციაა ფოთში. მე პირდაპირ, საჯაროდ მივმართე „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატს, თენგიზ სარიშვილს და გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ეთერში დებატებში მივიღო მონაწილეობა და მოსახლეობის კითხვებს ღიად ვუპასუხო. სარიშვილმა დებატებზე უარი განცხადა. იმისთვის, რომ მოსახლეობას რეალური წარმოდგენა შეექმნას და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატებს შორის განსხვავება კარგად დაინახოს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ორივე კანდიდატი დებატებში დაინახოს“, - აცხადებს ბესელია.
მისი თქმით, „ნაციონალების“ მიერ დებატებისთვის თავის არიდება იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ღიად უპასუხონ იმ კითხვებს, რაც მოსახლეობის მხრიდან მათი მისამართით არსებობს. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს პირდაპირ მეტყველებს მათ სისუსტეზე და „ქართული ოცნების“ წევრს ცოტა უკვირს კიდეც, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ვერც კი მალავენ.
„მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოპონენტი არ შეიძლება იყოს ხალხი. ხალხი უნდა იყოს ჩვენი თანამოაზრე, თანამებრძოლი და თანამგრძნობი. მე ჩემს ხალხს სწორედ ასე ვუყურებ. შესაბამისად, მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ აცხადებს, რომ დებატებზე უარს ამბობენ“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.
„ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი კი აპელირებას ფსიქოლოგიაზე აკეთებს და ამბობს, რომ მსგავს ფენომენს ფსიქოლოგები წამოცდენას ეძახიან.
„ფსიქოლოგიაში წამოცდენა ჰქვია, როცა ადამიანი უნებლიედ ამბობს იმას, რაც სიმართლეა, ანუ იმას კი არ ამბობს, რაც სურს რომ თქვას, არამედ სიმართლეს. ამ შემთხვევაშიც ბატონ როლანდს წამოსცდა ის, რაც ნამდვილად სიმართლეა. როგორც როლანდ ახალაიას, ასევე „ნაცმოძრაობის“ სხვა მაჟორიტარი კანდიდატების და მთლიანად მმართველი პარტიის ოპონენტი არის ქართველი ხალხი. „ქართული ოცნების“ ძალა კი იმაშია, რომ ხალხი მხარს გვიჭერს. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ბიძინა ივანიშვილი კი საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ფუნქციას ასრულებს. მოკლედ მართალია ის კაცი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როლანდ ახალაიას თუ რამეში დავეთანხმებოდი, ნამდვილად არ მეგონა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.