ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეც-ოპერაციიდან უკვე კვირაზე მეტი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარკვეული დეტალები ცნობილი გახდა, ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში კითხვები არათუ არ კლებულობს, არამედ შექმნილი სიტუაცია უფრო მეტ კითხვებს აჩენს. ამასთანავე, ხელისუფლება არც ცდილობს, რომ მოსახლეობაში გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცეს, რაც კიდევ უფრო საეჭვოა. ამიტომ, ლოპოტას სპეც-ოპერაცია ის საკითხია, რომელიც აქტუალობას კიდევ დიდი ხანი არ დაკარგავს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მას მსხვერპლი მოჰყვა.
მთავარი კითხვა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში მუსირებს, - რა მოხდა რეალურად ლოპოტას ხეობაში? მაინც უპასუხოდ რჩება. შევეცადეთ ჟურნალისტებს მასზე პასუხი for.ge-ს პრეს-კლუბში ექსპერტისგან, კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძისგან მიგვეღო.
მამუკა არეშიძე: „ჯერ-ჯერობით კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მოგეხსენებათ, არსებობს რამდენიმე ვერსია. ყველაზე მყარი ვერსია, რომელსაც ეთანხმება საზოგადოება, განსაკუთრებით ადგილობრივი (ვგულისხმობ როგორც თელავის რაიონის, ასევე ახმეტის რაიონის მაცხოვრებლებს) არის ის, რომ ეს რაზმი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა და არა პირიქით, როგორც თავიდან ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას. ეს რაზმი კვალიფიცირებული მეომრებით იყო დაკომპლექტებული. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ სულ მცირე ორ მათგანს, გუმაშვილს და ბაღაკაშვილს ავსტრიაში ძალიან დაჟინებით ურეკავდნენ და მოითხოვდნენ, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ და ამ ჯგუფის მოქმედებაში მიეღოთ მონაწილეობა. ამდენად, ძალიან სჭირდებოდათ, რომ ამ ორ ახალგაზრდას მიეღო მონაწილეობა ამ ოპერაციაში.
საინტერესო ფიგურაა პირველი ჩეჩნური კამპანიის მონაწილე დოკვახა დაუშევი. იგი იყო 44 წლის, მონაწილეობდა პირველ ჩეჩნურ კამპანიაში, ახმედ ზაკაევის პირადი დაცვის წევრი იყო და 2003 წელს ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესზე ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ გამოვიდა მოწმედ. მან განაცხადა, რომ ახმედ ზაკაევი პირადად იძლეოდა ბრძანებებს რუსი ტყვეებისა და სამხედრო მოსამსახურეების განადგურების თაობაზე. შემდეგ მან უარჰყო ეს ჩვენება, განაცხადა, რომ ჩვენება წამების შედეგად იყო მიღებული და საბოლოო ჯამში, ის უცებ საქართველოში აღმოჩნდა და ამ რაზმის ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანს რუსული პასპორტის გარდა, ბრიტანული პასპორტიც ჰქონდა.
ეს არის ნაწილობრივი ფაქტები და მე ვცდილობ, რომ ამ ჯგუფის კვალიფიცირებულობას გავუსვა ხაზი. მათ კვალიფიკაციას განსაკუთრებულად ამტკიცებს ის ფაქტორი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტების მხრიდან ნაკლები ყურადღება მიექცა, ეს არის შეიარაღება. ეს რაზმი ძალიან მაღალი დონის იარაღით იყო აღჭურვილი, რომლითაც ელიტარულზე ელიტარული სპეც-რაზმებია შეიარაღებული. სხვათაშორის, ეს ყველაფერი იმ ვიდეომასალაში ჩანს, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა. აქ მნიშვნელობა აქვს ფასსაც და მე გეტყვით იმ იარაღების ფასსაც, რომელიც ამ ჯგუფს ჰქონდა.
რუსული წარმოების იარაღები, შაშხანები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მათ შეიარაღებაში იყო მაგალითად, ავსტრიული შაშხანა, რომლის ფასი დაახლოებით 3 000 აშშ დოლარია. ეს საკმაოდ ელიტარული შაშხანაა. მაგალითად, გრუ-ს სპეც-რაზმების შეიარაღებაში ეს შაშხანა მხოლოდ შარშან გამოჩნდა, იმდენად ძვირია იგი. გარდა ამისა მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული იარაღი, როგორიც არის „ტეპლოვიზორი“, ღამის და დღის ხედვის აპარატი, უცხოური წარმოების და მისი ფასი დაახლოებით 8000 დოლარია. სხვათაშორის ის, რასაც მე გეუბნებით, არის ისრაელის სპეც-რაზმის სპეციალისტების მიერ გაკეთებული შეფასება.
ამ ადამიანების აღჭურვილობაში იყო ასევე სხვა ტიპის შეიარაღებაც, რომელიც ასევე საკმაოდ ელიტარულად ითვლება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ იარაღის ხმარებას ერთ და ორ დღეში ვერ ისწავლი. ისრაელის სპეც-რაზმის სპეციალისტებმა ამ იარაღის შემოწმების შემდეგ აღნიშნეს, რომ ამ იარაღის გამოყენების შესწავლას დაახლოებით თვენახევარი, ორი თვე სჭირდება. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს რაზმი წინა დღეს შეგროვებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები (მხოლოდ ვერსია გვაქვს საიდან სად გადაადგილდებოდნენ ისინი), იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც ეთერში გამოჩნდა, შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულ მათგანს დაახლოებით 50 კილოგრამი ტვირთი მიჰქონდა. ეს ტვირთი იმის მანიშნებელია (ყოველ შემთხვევაში ირიბად), რომ ეს ადამიანები ძალიან სერიოზულ საქმეზე მიდიოდნენ და აპირებდნენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამყაროს მოწყვეტილები ყოფილიყვნენ, დაახლოებით ერთი კვირის, ან ათი დღის განმავლობაში. ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დავალება იყო იმ ტიპის, რომელიც 10 დღის განმავლობაში საზოგადოებისგან იზოლირებას გულისხმობდა.
სხვა, რაც დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მათი კვალიფიკაციის, მომზადების და აღჭურვის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ხაზგასმით ვამბობ, ეს რაზმი კონკრეტულ ბრძოლაში 11 კაცს არ დაკარგავდა. აქვე გეტყვით, გადავხედე რა პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანიის ისტორიას, შემდეგში ფედერალებთან იატაქვეშეთის ბრძოლას, ერთი დღის განმავლობაში მოჯახედებს 11 კაცი არასოდეს დაუკარგავთ. აქედან გამომდინარე, გარკვეული დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ იქ მოხდა ისეთი რამ, რაც ოფიციალურ ვერსიას არანაირად არ შეესაბამება. ვიმეორებ, მაღალკვალიფიცირებულმა, კარგად აღჭურვილმა (არანაკლებ და შეიძლება მეტადაც აღჭურვილმა ვიდრე შავნაბადა იყო) რაზმმა ბრძოლაში 11 კაცი დაკარგა, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამდენად, იქ სხვა რაღაც მოხდა. რა მოხდა? ამის თაობაზე არსებობს ვერსიები და ყველაზე მარტივი ვერსია არის ის, რომ გარდაცვლილთა ნაწილი მოულოდნელად იყო დახოცილი, სულ მცირე, მათი ნაწილი მაინც, თუ ყველა არა. რასაკვირველია, ყველას თაობაზე საუბარი რთულია, მაგრამ მათ ნაწილზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამ ადამიანებისთვის ეს ყველაფერი რომ მოულოდნელი იყო, ამას მოწმობს ის, რომ მათ ნაწილი საძილე ტომრებში იყო და გარდა ამისა ისიც, რომ ზოგიერთ გვამს ძალიან ბევრი ტყვია აქვს მოხვედრილი. ბრძოლაში ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს ბევრი ტყვია მოხვდეს, თუ იქ არ არის მოულოდნელობის ეფექტი, ან თუ იგი უიარაღო არ არის. ეს არის ის ახალი გარემოებები, რომლებიც გამოჩნდა.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ უცხოეთში, დასავლეთშიც და სხვაგანაც ძალიან დიდი ყურადღებით ეცნობიან იმ მასალებს, რომლებიც ქართულ პრესაში ქვეყნდება. ამიტომ ვთვლი, რომ ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ჯერჯერობით, ერთგვარი მოთელვაა. სხვათაშორის თავისი პათოსით ძალიან საინტერესოა რუსეთია საგარეო საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო ჯარების სარდლობის, კავკაზცენტრის და ახმედ ზაკაევის განცხადებები, სადაც ასე თქვათ, საზოგადოების დამაწყნარებელი ფაქტორი უფრო მეტია, ვიდრე აღშფოთება იმით, რაც მოხდა. ეს ძალიან საინტერესოა და ალბათ, ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს.
ამჟამად პანკისის ხეობაში უაღრესად არაჯანსაღი სიტუაციაა შექმნილი, ადამიანებზე საშინელი ზეწოლაა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან ეს ყველამ ვიცით. ყველა ელოდება გარკვეულ ინფორმაციას ხელისუფელბიდანაც, საზოგადოების იმ ნაწილიდან, რომელიც დაინტერესებულია ამ საქმიანობით, ანუ ჟურნალისტებისგან და ყველას აქვს კითხვათა კითხვა - რა მოხდა? ოფიციალური ვერსიის არავის სჯერა, მაგრამ თავად ოფიციალურ ვერსიაშიც არის წინააღმდეგობები.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაღაკაშვილსა და გუმაშვილს ავსტრიაში ურეკავდნენ და ჩამოსვლას სთხოვდნენ. თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ უკავშირდებოდა მათ?
- მე მაქვს ინფორმაცია, ვინ ურეკავდა მათ. ხეობაში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არ ვიცი ვისი დავალებით მოქმედებდნენ. ეს ადამიანები ურეკავდნენ ბაღაკაშვილსა და გუმაშვილს და სთხოვდნენ ჩამოსვლას. პირობითად, დავარქვათ ამ ადამიანებს „ჯამაათი“. ისლამურ საზოგადოებაში არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სწავლობენ ყურანის კანონებს, ცხოვრობენ ამ კანონებით, მაგრამ არ არიან რელიგიური მოღვაწეები. ამას ჰქვია „ჯამაათი“. ფართო გაგებით ისლამურ საზოგადოებას საერთოდ „ჯამაათი“ ჰქვია, არსეობს ამ სიტყვის უფრო ვიწრო გაგებაც. ასეთი „ჯამაათი“ არსებობს პანიკისის ხეობაში, რომელიც იაქური სალაფიტური მეჩეთის გარშემო არის შეკრებილი.
ბატონო მამუკა, როგორ მოხდა, რომ ამხელა ჯგუფი ქვეყნის საზღვრიდან არც ესე შორს გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე და ამას ვერავინ ამჩნევს?
- ამის თაობაზე ვერსიას გეტყვით. ჯერ ერთი უნდა გითხრათ, რომ არასერიოზულად მიმაჩნია განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანებმა გზა ვერ გაიკვლიეს და ითქვა, რომ თითქოს ლაფანყურელ ბიჭებს მათ სთხოვეს, კარიერებამდე მიგვაცილეთო. სხვათაშორის, ეტყობა ზოგიერთ ჩვენს ნაციონალურ არხს გაეპარა და აღჭურვილობასთან ერთად აჩვენეს, როგორი რუკა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მათ ჰქონდათ აბსოლუტურად სპეციფიური რუკა, საბჭოთა პერიოდის გამოშვების და მარჯვენა ზედა კუთხეში მას ეწერა „секретно“, ანუ ეს არის სამხედრო რუკა, რომელიც მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანებთან ბრძლაში ჩვენ სამი სპეც-რაზმელი დავკარგეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათაც შეძლებიათ ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ იქ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც 11 კაცის სიკვდილი განაპირობა. როგორც ჩანს, გადარჩენილებმა მიიღეს ბრძოლა და კარგადაც იბრძოლეს. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს იყო კვალიფიცირებული რაზმი, კარგად აღჭურვილი და შესაბამისი რუკებიც ჰქონდათ. ამდენად, ისინი იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ მათ არანაირი გამცილებელი არ სჭირდებოდათ.
რაც შეეხება კითხვას, როგორ გადაადგილდებოდნენ ისინი, ან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ქვეყანაში არანაირი უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, ან ამ საქმეში თავისი წარმომადგენლების თანამომაწილეობა უნდა აღიაროს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პანკისის ხეობა მკაცრად კონტროლდება. ჩიტი ვერ გადაფრინდება იქ ისე, ახმეტის და შესაბამისად, კახეთის უშიშროებამ რომ არ იცოდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ვიღაც ცდილობს საკუთარი უსუსურობა იმით გაამართლოს, რომ ეს ადამიანები მთისპირა ტყეებით გადაადგილდებოდნენ, ეს სიმართლე არ არის. ასეთი რაზმის ეკიპირებას, ჩაცმა-დახურვას და შემდეგ მის დაძვრას, ვიღაც მაინც შეასწრებდა თვალს. ასე რომ, მაქვს ეჭვი, ეს რაზმი ლაფანყურთან თავისი ფეხით არ მისულა.
გაქვთ ვერსიები, ვისი დაკვეთით შეიძლება ეს მომხდარიყო?
- ამაშია საქმე, რასაკვირველია, მე შემიძლია ეს ვთქვა და ეს ვერსია მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, რომ ესენი იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა. ჯერჯერობით, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ გაგვაჩნია.
ანუ შესაძლებელია, რომ მათ თავად გადაადგილეს ეს ადამიანები და შემდეგ თავადვე გაწირეს?
- ასეთი რამ მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო გაწირულია არა მხოლოდ რაზმები, არამედ არმიები. ჩვენთვის ამ საქციელის ამორალურობას კი არ აქვს მნიშვნელობა, როგორიც ბევრად უფრო მორალურ ხელისუფლებასაც ჩაუდენია, მაგალითად ინგლისის ხელისუფლებას მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პასუხს კითხვაზე - რატომ? რატომ მოხდა ეს ამბავი, თორემ, რა თქმა უნდა, ეს საშინელი ცინიზმია, ცუდია, მაგრამ ასეთი რამ ხდება.
ამდენად, არც მოვლენების ამ სცენარით განვითარებაც არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც, რომ თავდაპირველ გეგმებში რაღაც შეიცვალა და მოხდა ის, რაც მოხდა.
ის შეიარაღება, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის თუ არა საქართველოს სამხედრო ძალების ეკიპირებაში?
- ვერ გეტყვით, საქართველოს სამხედრო ძალებს აქვთ თუ არა ეს შეიარაღება, მაგრამ წესით უნდა ჰქონდეთ, რადგან დღეს საქართველოს როგორც თავდაცვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების რაზმები აღჭურვილია უახლესი და ძალიან მაღალი ხარისხის იარაღით. მათ შეიარაღებაში აქვთ როგორც ისრაელის, ასევე შვედეთის, დანარჩენი ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული უახლესი შეიარაღება. ასე რომ, როდესაც ეს შეიარაღება გვაჩვენეს, არ გამკვირვებია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი რამ არის.
თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანები სერიოზული საქმისთვის ემზადებოდნენ. თუ გაქვთ სავარაუდო ვერსია, რისთვის ემზადებოდნენ ისინი?
- სავარაუდო ვერსიაა, რომ ისინი მიდიოდნენ დაღესტანში დივერსიული ქმედებებისთვის.
ეს ჩვენი ხელისუფლების დაკვეთით ხდებოდა?
- საქმეც ამაშია, ამის თქმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამის თქმა იწვევს ყურადღების მიქცევას, არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ სხვა ქვეყნებისაც, მათ შორის რუსეთის. ერთ მშვენიერ დღესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ხელზე დაიხვევენ და ჩვენს წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებენ. სწორედ კითხვათა კითხვა არის ის, თუ რატომ არ იყენებენ ამას დღეს? ყველაზე მეტად ეს მაწუხებს და მიმაჩნია, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც ქართულ-რუსული გარიგება იყო?
- მე ბევრ რამეს ვფიქრობ და სხვათაშორის, ირიბად ამაზე საუბარიც შემიძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თითოეულ ჩემს სიტყვას ძალიან დიდი გულისყურით აკვირდებიან ბევრ ადგილას. ამიტომ ვთვლი, რომ იმაზე მეტის თქმა, რაც ახლა ვთქვი, საჭირო არ არის. ვიმეორებ, რომ არა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, ძალიან ბევრ რამეზე შეიძლებოდა საუბარი. ხანდახან სიმართლე ქვეყნის სასიკეთოდ არ გამოდგება, მაგრამ უნდა ითქვას ერთი რამ - ამ ღონისძიების დამგეგმავიც, მომფიქრებელი და შემსრულებელიც სასტიკად უნდა დაისაჯოს, რადგან ქვეყნის ბედით თამაშობენ.
ბატონო მამუკა, ამ ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებულია, მაგრამ არიან ცოცხლებიც, რომელთა რაოდენობისა და ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თქვენ თუ იცით, სად იმყოფებიან ისინი?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, ოთხი მათგანი უკვე საქართველოში არ უნდა იყოს. პანკისში გაისმა ზარი, დარეკა ერთ-ერთმა, არ ვიცი რომელმა და თქვა, ჩვენ უკვე სირიაში ვართო. სირიის ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რადგან სირიაში ზარბაზნით და ავტომატით არ მიდიან. სირიაში მიდიან ჰალსტუხით და ჩემოდანით, მაგალითად, თბილისის აეროპორტიდან წავიდოდნენ უახლოეს ქვეყნამდე და იქიდან უკვე უპრომლემოდ გადავიდოდნენ სირიაში.
რაც შეეხება დანარჩენებს, როგორც ვიცი, ორი კაცი ლოპოტას ხეობაში გამოჩნდა, ხოლო ოთხი თუ არ ვცდები უნდა ჰყავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ შორის ერთი უნდა იყოს მომლაპარაკებელი, რომლის მეტსახელია „ცალხელა ახმედი“. ვიმეორებ, უნდა ჰყავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით.
რისთვის უნდა ჰყავდეთ სამაინისტროში ეს ადამიანები?
- ამაზეც მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება საუბარი. ისინი ალბათ, უნდა ჰყავდეთ საჭირო საინფორმაციო მოდელის მისაღებად. მიჩვეული ვართ, რომ ადამიანები გამოჰყავთ ტელეეთერით და ალაპარაკებენ იმას, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას სჭირდება. თუ ეს ადამიანები მართლაც საზღვრის დამრღვევები არიან, მაშინ ისინი მართლა უნდა ჰყავდეთ სამინისტროში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოფიციალურად უნდა იყოს გაფორმებული. გარწმუნებთ, როდესაც საქმეს დასჭირდება, აღმოჩნდება, რომ ისინი მართლაც ოფიციალურად ჰყავთ დაკავებულები.