ამერიკულ დიპლომატიას კიდევ ერთი გამოცდა ელის საქართველოში. ამჯერად, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მზერა 55 წლის რიჩარდ ნორლანდისკენაა მიპყრობილი, რომელიც 19 წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეშვიდე ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ყველაზე ცხელ დროს მოუწია საქართველოში ჩამოსვლა, როცა ქვეყანაში 1-ელი ოქტომბრის საარჩევნო სამზადისია. ამდენად, ახალ ელჩს ურთულესი მისია ეკისრება, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მის პოზიციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუმცა, არსებობს ალბათობა იმისა, რომ არჩევნებით უკმაყოფილების შემთხვევაში, ოპოზიციამ რიჩარდ ნორლანდსაც აჰკიდოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თქვას, ელჩი უფრო აქტიური უნდა ყოფილიყოო!
ამ ეტაპზე, ამის თქმის საფუძველი რიჩარდ ნორლანდს არ მოუცია. საკუთარი მოვალეობის შესრულებამდე თვეებით ადრეც კი, მიმდინარე წლის თებერვალში, იგი დაუფარავად ამბობდა სათქმელს სენატში საგარეო ურთუერთობათა კომიტეტის სხდომაზე. მისი მესიჯები ზუსტი იყო:
„გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი, იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს „მოსწორებული სათამაშო მოედანი“; „მოახლოებული არჩევნები იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი საქართველოსთვის და ის განსაზღვრავს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მზაობას“; „მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს“; „კონტროლის პალატის ე.წ. როლი, პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს“.
ჯერ კიდევ ელჩობის კანდიდატად ყოფნის პერიოდში რიჩარდ ნორლანდის მიერ წინმსწრებად გაკეთებული განცხადებები, ცხადია, ოპოზიციამ დადებითად აღიქვა და მის მიმართ იმთავითვე სიმპათიით განეწყო.
ამჯერად, რიჩარდ ნორლანდი არ მალავს, რომ მისთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება, პროცესებში უფრო ღრმად გაერკვეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მთლიანად.
საქართველში არსებული ვითარების შესახებ წარმოდგენა ახალ ელჩს ჯერ კიდევ 19 წლის წინ შეექმნებოდა, როცა ის ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტზე მუშაობდა და საქართველოში ეუთოს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. მოგვიანებით მსგავსი მისიით ჩეჩნეთშიც იმყოფებოდა. 2010 წლამდე კი იყო ელჩი უზბკეთში, ელჩის მოადგილე ავღანეთსა და ლატვიაში.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ჯონ ბასთან შედარებით, რიჩარდ ნორლანდი უფრო აქტიური და კრიტიკული იქნება. სხვათა შორის, არც ჯონ ბასს დაეწუნებოდა კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მეტიც, ზოგჯერ ჯონ ბასს დიპლომატიის ჩარჩოებიდან გადაცთომასაც კი უწუნებდნენ.
დასჭირდება თუ არა რიჩარდ ნორლანდს სუბტიტრები თავისი სათქმელის შეულამაზებლად გადმოსაცემად?! რიჩარდ ნორლანდის შემთხვევაშიც აღმოხდება თუ არა კაკო ბობოხიძეს: ვინ არის რიჩარდ ნორლანდი, რომ მისი გაღიზიანება შემაშფოთებელი იყოს?! საქართველოში რატომ უნდა იყოს აშშ-ის ელჩი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიდრე თუნდაც რუმინეთის ელჩი?!
ამ საკითხებზე For.ge ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილისთვის ახალი ელჩის გამოცდილება და მისი წინმსწრები განცხადებები იმის მაუწყებელია, რომ რიჩარდ ნორლანდი უფრო კრიტიკული იქნება, ვიდრე იყო ჯონ ბასი. თუმცა, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ელჩებმა უნდა იმუშაონ ხელისუფლებასთან. ამ ფონზე კი ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც მცდარი წარმოდგენაა, რომ ელჩი ოპოზიციის ნაწილად განიხილონ.
„ასე ვერაფრით ვერ იქნება. ელჩი არის არა ქვეყანასთან მომუშავე, არამედ ხელისუფლებასთან მომუშავე პიროვნება. ელჩი არის ხელისუფლების ნაწილი. სხვაგვარი ურთიერთობა, უბრალოდ, დიპლომატიაში ჩაუხედაობა იქნება. თუმცა, ვინაიდან აშშ-ს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გარდა, კიდევ სხვა გლობალური ინტერესი გააჩნია (მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა, ადამიანის უფლებები და სხვა), ელჩებს უწევთ ორმაგი ფუნქციის შესრულება - მათ ხელისუფლებასთანაც უნდა იმუშაონ და ამ ხელისუფლების კრიტიკოსებიც უნდა იყვნენ. ისევე, როგორც ასე უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი მინისტრი საქართველოში. მას თავისი ხელისუფლების კრიტიკა არ უნდა გასჭირვებოდა და არ უნდა ყოფილიყო მონა, როგორც დღეს არის“.
ამიტომ, ელჩის კვალიფიკაციას და მის გამოცდილებას რუსეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ლევან ბერძენიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მეტიც, პოლიტიკოსის თქმით, ქართული საზოგადოება საყვედურს ვერ ეტყვის ჯონ ბასს, ის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი იყო, მაგრამ უკეთესის წარმოდგენა შეიძლებოდა.
„ვფიქრობ, ნორლანდი უკეთესი ელჩი იქნება. არავინ ვიცით, როგორ მოხდება არჩევნების გაყალბება და რა მოხდება, შეიძლება, მანამდე მეხიც კი დაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისევე, როგორც მოხდა ბათუმში, თეატრს დაეცა მეხი და მერე დაბრალდა, რომ სპექტაკლმა თურმე იმიტომ არ ივარგა, რომ თეატრს მეხი დაეცა. ძნელი სათქმელია, რა მოხდება. პოლიტიკური თვლსაზრისით ამის გათვლა შეუძლებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, ელჩი სწორ პოზიციას დაიკავებს, ისევე, როგორც აშშ-მ დაიკავა სწორი პოზიცია, როცა შევარდნაძემ 2003 წლის არჩევნების გაყალბება დაიწყო. ასეთივე პოზიცია დაიკავა ეუთომ. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გლობალურ გაყალბებაზე წავა, ვფიქრობ, ეუთოსა და აშშ-ის პოზიცია ცალსახა იქნება. მაგრამ ახლა რომ ვთქვა, გაყალბების შემთხვევაში, ელჩი ქუჩაში გამოვა, ასე არ მოხდება. ელჩები ქუჩებში არ გამოდიან, ელჩები არ მიესალმებიან რევოლუციებს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ ემზადება რევოლუციისთვის, ვინაიდან რევოლუციის მომზადებას ისეთი ორგანიზაციის შექმნა სჭირდება, როგორიცაა „კმარა“. ასევე, საჭიროა, კუნთმაგარი ახალგაზრდების თავმოყრა ვინმეს ცხვირ-პირის დასამტვრევად, როგორც ეს გააკეთა „ნაცმოძრაობამ“ 2003 წელს და სათავეში ჩაუყენა კირკიტაძე, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები.
ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „ოცნება“ ამისთვის არ ემზადება, მაგრამ, თუ ხელისუფლება დააპირებს, მათი გამარჯვება ან შედეგები გააყალბოს, მაშინ ისინი ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ და ქაღალდებს მისცემენ, რომლებიც ყველა უბნიდან ექნებათ. იქ კი საზოგადოებასთან ერთად დაითვლიან ამ ხმებს.
„ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, არ დავამტვრევთ და არ შევიჭრებით არსად, არამედ კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ამიტომ, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, არ გააყალბოს არჩევნები, რადგან არ შევარჩენთ“.
რიჩარდ ნორლანდის წარსულიდან გამომდინარე, ექსპერტი გია ხუხაშვილი იმედიანად უყურებს ახალი ელჩის მოღვაწეობას. მისი აზრით, სტარტი ძალიან კარგია, რადგან იშვიათად ხდება, როცა ელჩი ჩადის ქვეყანაში და იმ დღესვე იწყებს აქტიურ შეხვედრებს.
„ვფიქრობ, ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება და ელჩი შეეცდება, რომ ის უმძიმესი ვითარება, რაც წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოშია შექმნილი და ხელისუფლების აბსოლუტური განუკითხაობა, რაღაცნაირად, თავისი ქვეყნის ავტორიტეტით დაარეგულიროს და ხელისუფლების ცხელ თავებს ცივი წყალი გადაასხას“.
გია ხუხაშვილის განმარტებით, ახალი ელჩი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. რაც შეეხება ბასს, ექსპერტის შეფასებით, მას ვერ დავუკარგავთ, რომ იგი ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ ბასის ქმედებები არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ შეეკავებინა ის ავტორიტარული ტენდენციები, რაც სააკაშვილს ახასიათებს.
„ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მეტსაც გეტყვით, შეერთებულ შტატებს სხვა არჩევანი არ აქვს. თუ მათ უნდათ, რომ მათი ინტერესები საქართველოში დაცული იყოს, მაშინ ისინი საზოგადოებრივ განწყობას უნდა უსმენდნენ. ხალხის განწყობა კი ასეთია, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, აშშ-ც უნდა მოიქცეს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში მოქცეულან, როდესაც საზოგადოებისთვის ესა თუ ის ხელისუფლება მიუღებელი გამხდარა“.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ, თუ ამერიკა სხვაგვარად იმოქმედებს, მაშინ რისკი იმისა, რომ მათ მოუწიოთ თავისი ინტერესების დათმობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მაღალი იქნება. მეტიც, თუ ამერიკის ელჩი წავა საზოგადოებრივი განწყობის საწინააღმდეგო დინებით, შეიძლება, ამას მოჰყვეს სერიოზული ანტიამერიკული განწყობები, რაც არავისთვისაა სასურველი.
„ჩემი აზრით, რიჩარდ ნორლანდმა ეს ყველაფერი კარგად იცის და ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, ახალი ელჩი საკმაოდ გათვითცნობიერებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული პრობლემებით. მეტიც, იგი საქართველოში ნამყოფიცაა, ამ ქვეყნების სპეციალისტია და ფლობს რუსულ ენას. ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, ყველაფერი ეს რიჩარდ ნორლანდს წაადგება საქართველოში მუშაობის დროს. თუმცა ჰამლეტ ჭიპაშვილი დარწმუნებულია, რომ მეტად მძიმე არჩევნების წინ, ძალიან ცუდ ვითარებაში ჩამოდის ახალი ელჩი.
„დარწმუნებული ვარ, მას, ალბათ, ტვინს გამოულაყებს, როგორც ხელისუფლება, ისე, ოპოზიცია. თანაც, რამდენია ეს ოპოზიცია, 17 პარტია და გაერთიანება იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს ყველაფერი იმოქმედებს ახალი ელჩის სასტარტო სამუშაოზე. მას არ მისცემენ საშუალებას, გულდამშვიდებით დაიწყოს ლაპარაკი. ის პირდაპირ ერთვება ქართულ გაწამაწიაში. კარგა ხანია, რაც იგი ელჩად დაინიშნა და, ორი-სამი თვით ადრე რომ ჩამოსულიყო, უკვე ალღოს აუღებდა და საარჩევნოდ ფორმატში იქნებოდა შესული, მაგრამ ამ ვითარებაში, ძნელია, დასკვნების გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი დიპლომატია, არ არის გამორიცხული, შეცდომა დაუშვას. საქმე ისაა, რამდენად მომზადებულია იგი საკუთარი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მისამართით, რა არის ამ მომზადებაში ჩადებული - მეტი სიმპათია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ თუ გარკვეული ეჭვის მარცვლები?! ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ეს გამოჩნდება მისი ელჩობის პერიოდში, თუნდაც ამ ერთთვიან სამუშაო პერიოდში“, - აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.
მართალია, ნორლანდმა აღნიშნა, ქართულ სტუმართმოყვარეობას გაცნობილი ვარო, მაგრამ ჰამლეტ ჭიპაშვილი ეჭვობს, რომ რიჩარდ ნორლანდს საქართველო ტკბილად და კარგად დამახსოვრებოდა, რადგან 1993 წელს, როცა იგი ჩამოვიდა, თბილისი ჩაბმული იყო აფხაზეთთან სამოქალაქო ომში. ეს უმძიმესი პერიოდი იყო, უშუქობის, უგაზობის, უპურობის ხანა. ამდენად, ჭიპაშვილის აზრით, მაშინდელი სტუმართმოყვარეობა ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც დღესაა. მეტიც, თავად ჰამლეტ ჭიპაშვილი იმ პერიოდში პარლამენტის აპარატის უფროსი გახლდათ და კარგად ახსოვს, თუ როგორ გამოჰქონდათ გამომცხვარი პური ერთ-ერთი საცხობიდან და ასე მალულად არიგებდნენ პარლამენტარებს შორის.
რაც შეეხება დღევანდელ პერსპექტივას, ჰამეტ ჭიპაშვილის აზრით, ხელისუფლებამ, რაც არ უნდა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაატაროს არჩევნები, ოპოზიცია მაინც იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, ექსპერტი აქვე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სწორედ გასაყალბებლად ემზადება.
„სააკაშვილმა, ფაქტობრივად, დაიგინა და თავისიანებს მოუწოდა, ეს არჩევნები ისე უნდა ჩავატაროთ, რომ ყველას დედა ვუტიროთო. ის მზად არის თუნდაც 100 %-ით მოიგოს ეს არჩევნები, რომ მხოლოდ „ნაციონალები“ შევიდნენ პარლამენტში. იგი იმდენად გამწარებულია, რომ სურვილი აქვს, მხოლოდ თვითონ იყოს პარლამენტში, რომ თუნდაც სატელიტური პარტიების, როგორებიც არიან ქდმ, ედპ და სხვები, ჭაჭანებაც არ იყოს პარლამენტში. ჯერ ერთი, 30 % და მეტი, მათ უკვე გარანტირებული ხმები აქვთ, ამას დაუმატებს თავის მოქმედებებს, უკვე აყალბებს წინასაარჩევნო კამპანიას, რაც მომასწავებელია, რომ ხელისუფლება მზად არის, ტოტალურად გააყალბოს არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ ყველას ათქმევინოს, რომ იგი მაგარია“.
ასეთი ვითარების გათვალისწინებით, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ აშშ-ის ელჩის როლი მძიმე იქნება. უფრო მეტიც, ამ ვითარებაში ნორლანდის ჩამოსვლა წამგებიანი იყო და ცოტათი რომ გადაეწია, მისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
„რასაც ამზადებს ხელისუფლება და, ასევე, ოპოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ყველაფერი მხრებზე დააწვება ამერიკის საელჩოს და, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს. ცხადია, ბრალდების ობიექტადაც იგი იქცევა. მართალია, ახალი ელჩი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ვითარებაში გამოცდილია, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში რაც ხდება, ის კუბშია აყვანილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ასე რომ, აქ სულ სხვა სიტუაციაა, ვიდრე უკრაინაში, რუსეთში, თუნდაც ბელორუსში. აქ ყველაფერი ერთი ადამიანის - სააკაშვილის ხელშია“, - აღნიშნა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ გადამწყვეტი როლი ვარდების რევოლუციის დროს ითამაშა და რიჩარდ მაილსი ამ ცვლილებების ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ამჯერად, ექსპერტი მოელის, რომ ახალი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს განვითარებას შეამოწმებს.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლება რიჩარდ ნორლანდთანაც მჭიდროდ ითანამშრომლებს, ისევე, როგორც ჯონ ბასთანაც მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ და კრიტიკა გაბუტვას არ გულისხმობს. თანაც, ჯონ ბასს არაპირდაპირი კრიტიკა ჰქონდა ტიტრებთან მიმართებით. რაც შეეხება ახალ ელჩს, ყველანი ვხელმძღვანელობთ მისი წინმსწრები განცხადებებით და ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ იგი იმ პოზიციას დაიცავს, რომელიც უკვე გამოხატა. კერძოდ, ნორლანდმა თქვა, რომ მან უნდა იმუშაოს, როგორც გარანტმა, რომ ამერიკელი ამომრჩევლის ფული, რომელიც ძირითადად იხარჯება საქართველოზე იმ მოტივით, რომ საქართველოში არის დემოკრატია, უქმად არ არის დახარჯული. ამდენად, ის დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს განვითარებას შეამოწმებს,“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, სუბტიტრები საქართველოში ყველას სჭირდება, ხანდახან პრეზიდენტსაც კი. ამის საილუსტრაციოდ რამაზ საყვარელიძეს ახსენდება, რომ პრეზიდენტის გარემოცვა სააკაშვილის გამონათქვამებს ხშირად ასწორებს და სულ სხვა სახით გვაწვდის, ვიდრე გამოთქმული იყო. ასე რომ, ექსპერტის აზრით, სუბტიტრების მხრივ, საქართველოში არავის არ უნდა ჰქონდეს უკეთესობის იმედი.
ამასთან, რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ, რიჩარდ ნორლანდის უზბეკეთში მოღვაწეობისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რთული პუნქტი სწორედ დემოკრატიის საკითხი იქნებოდა. ამდენად, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ნორლანდი გამოცდილი იქნება პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე დემოკრატიის საკითხის დაცვაში.
„ალბათ,მეორიხარსხოვანიარ არის დემოკრატიულ მშენებლობაში მისი მონაწილეობა და ამ ნიშნითაც შეარჩიეს,“ - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.