აშშ–ის სენატის დელეგაცია, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელძღვანელობს, უკვე საქართველოშია.
„ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი ნიშანი აშშ-ს მიერ საქართველოსადმი გამოხატული ცალსახა მხარდაჭერისა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ და დასძინა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე მთავრობის წევრებს.
შეგახსენებთ, სენატორი მაკკეინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრად და მის დიდ მხარდამჭერად ითვლება. 2008 წელს, იანვარში, საქართველოში ვიზიტად მყოფი მაკკეინი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის „ეროვნულ გმირად გამოაცხადა“. ამასთანავე, ამერიკელი სენატორი რუსეთისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც მასა და სააკაშვილს შორის კავშირს უფრო ამყარებს. ცნობილია, რომ ჯონ მაკკეინი მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის გვერდით ედგა, 2008 წლის ომის დროს კი სენატში განაცხადა, ჩვენ ყველანი ქართველები ვართო.
საქართველოში მაკკეინის ვიზიტებიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაძაბულ პერიოდებს უკავშირდება. ამიტომ, ამ დღეებში მისი ჩამოსვლა გარკვეულ კითხვებს აჩენს. ხომ არ უკავშირდება სენატორის ვიზიტი საქართველოში დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას, რაც ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ განხორციელებულმა ტერორმა, ხოლო მეორე მხრივ, უკანასკნელ დღეებში ლოპოტას ხეობაში ჩატარებულმა სკანდალურმა სპეც-ოპერაციამ განაპირობა. ხომ არ ჩამოდის სენატორი მაკკეინი იმისთვის, რომ გაჭირვების ჟამს სააკაშვილს დაუდგეს გვერდით და რა გზავნილები შეიძლება მან ჩამოუტანოს საქართველოს პრეზიდენტს ამერიკიდან? იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები, ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.
პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 6 სექტემბერს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანიც ჩამოდის და ამიტომ, პრეზიდენტ სააკაშვილს ეს დღე განსაკუთრებულად დატვირთული ექნება.
„რაც შეეხება მაკკეინს, გულისტკივილით უნდა ვუთხრათ მას, „ის აღარა ხარ, რაც იყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა”-თქო. რასაკვირველია, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ თუ მას ადექვატური ანალიზისა და შესაბამისად რეაგირების უნარი არ შერჩა, ეს იქნება ფარსი, რომელიც ნამდვილად ვერაფერს შემატებს ამ დამსახურებული ადამიანის ავტორიტეტს. ალბათ, ბატონ მაკკეინს, ისიც არ გაუგია, რომ სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს და ამის სწავლაც საქართველოში მოელის“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
რაც შეეხება აღტაცებას, რომლითაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სენატორ მაკკეინს დახვდება, მათი მხრიდან იქნება მორიგი ფუჭი გასროლა. ექპერტის განცხადებით, ძირითადი განწყობა, რომელიც სენატორს საქართველოში დახვდება, ისევ ქართული გამოთქმით შეიძლება გამოვხატოთ - „როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე“.
„ბატონი მაკკეინი უკვე დიდი ხანია აღარ გაიგივდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. წავიდა ის დრო, როდესაც მისი პოლიტიკური წონა ამერიკული ისტებლიშმენტის მიერ იყო გაზიარებული. ახლა ბატონი მაკკეინი საკუთარი პოლიტიკური კარიერის დაისის მომენტშია და დამდგომი არჩევნები, ჩემის აზრით, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ მისი პოლიტიკური მზე უკვე ჩაესვენა. ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკელების მომდევნო აღზევებას იგი ვერ მოესწრება, როგორც აქტიური პოლიტიკოსი. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ იგი რაიმე ფუნქციის მატარებელია, იგივე ლოპოტას პრობლემასთან დაკავშირებით, მე მგონი რეალობისგან შორს არის, რადგან მან უკეთ იცის საკუთარი პოლიტიკური წონის რეალობა, ვიდრე ამის სურვილი მასში უზომოდ შეყვარებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. ამდენად, ამ ვიზიტს უფრო ინდივიდუალური ვიზიტის სტატუსი ექნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც იგი საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლას ემთხვევა“, - ამბობს ცისკარიშვილი.
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შეიძლება ეს ვიზიტი პერსონალურად სააკაშვილის მხარდასაჭერი იყოს, რადგან ვიცით, რომ რესპუბლიკელებს და კერძოდ, მაკკეინს სააკაშვილთან საკმაოდ მჭიდო ურთიერთობა და მეგობრობა აქვთ და ეს ურთიერთობა დღეს და გუშინ დაწყებული არ არის.
„პოლიტიკოსი მეგობრები ძალიან ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს გასამხნევებლად, განსაკუთრებით არჩევნების წინ, იმის გამოსახატავად, რომ მათი მეგობარი მარტო არ არის და რომ მას მხარს უჭერენ. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მხარდამჭერი აქციაა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს არა მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერი, არამედ თავად რესპუბლიკელებისთვის ხელსაყრელი აქციაც იყოს, რადგანაც სააკაშვილი რესპუბლიკელებს შორის ძალიან პოპულარულია“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, მაკკეინი ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციების გამომხატველი ვერ იქნება, რადგან სენატორი რესპუბლიკელია, აშშ-ს ადმინისტრაცია კი დემოკრატიულია, მაგრამ არჩევნების წინ რესპუბლიკელებიც საარჩევნო მარათონში არიან დემოკრატების წინააღმდეგ ჩაბმული და შესაძლოა, ეს მომენტი წინასაარჩევნოდ გამოიყენონ.
„შესაძლოა საკუთარი მოსახლეობის წინაშე სჭირდებათ ეს შტრიხი, რომ რესპუბლიკური პარტია ასე მხარს უჭერს რუსეთთან შეჭიდებულ ქართველ ახალგაზრდა რეფორმატორ პრეზიდენტს (ბუნებრივია, იმ ეპითეტებს ვიყენებ, რომლებიც სააკაშვილის დახასიათებისას რესპუბლიკელებში არის პოპულარული). ეს ვიზიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი არ არის იმ მხრივ, რომ დღეისთვის ეს ორი ფიგურა არ წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც შეიძლება ამერიკულ ადმინისტრაციაში ქართული თემის ბედი რაღაცნაირად შეცვალოს. რესპუბლიკელებში მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გავლენა და ამ გავლენას რაღაც გამოძახილი ექნება, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციაში მათ არ აქვთ იმხელა გავლენა, რომ ამ ვიზიტის გამო საქართველოს მოსახლეობა აღელდეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მაკკეინის ვიზიტი სავარაუდოდ ყველაფერ იმას უკავშირდება, რაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ხდება.
„მთავარი პრობლემები სახეზეა. მას შემდეგ, რაც ჯერ ევროსაბჭოს მომხსენებლებმა, შემდეგ კი „ეუთოს“ პრეზიდენტმა განცხადებები გააკეთეს, მათ შორის ცნობილი „ლენინიზმის“ თემის შესახებ, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი, საუბარი იყო აუდიტის სამსახურის მიერ კანონის არათანაბარ გამოყენებაზე, პოლიციის მიკერძოებულობაზე, სასამართლოს პრობლემებზე და ა.შ. ასევე გამოქვეყნდა NDI-ს ანგარიში, რომელიც საკმაოდ მძიმე და პრობლემურ თემებს ეხება. ამის შემდეგ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საკმაოდ გააქტიურდნენ. ჩვენ ვნახეთ შტეფან ფულესა და კეტრინ ეშტონის განცხადება იმ ძალადობასა და პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში სამართლიან არჩევნებს უდგას“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის და ევროპარლამენტის მაღალჩინოსნები ჩამოდიან, რადგან მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია. ხიდაშელი ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ღიად მოისხა მოძალადის მანტია, უკვე აღარაფერს ერიდება, და უკვე ფოტო და ვიდეო კამერების წინაც იქცევა, როგორც მოძალადე. სწორედ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირებს თინა ხიდაშელი საქართველოში სენატორების მაკკეინისა და ლიბერმანის ჩამოსვლას და ამბობს, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან.
„დიახ, მაკკეინი ცნობილია იმით, რომ ძალიან ხშირად ღიად და უაპელაციოდ გამოხატავს მხარდაჭერას სააკაშვილის მიმართ, თუმცა მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენთვის სწორედ ასეთი ადამიანის ჩამოსვლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მას უსმენს. ამიტომ, ის რესურსი არის ასამოქმედებელი, რომელსაც ხელისუფლება ჯერ კიდევ უსმენს. იქნებ ამან მაინც გააჩეროს ძალადობის ის კასკადი, რომელმაც მოიცვა ქვეყანა. ამიტომ, მე ძალიან დადებითად ვუყურებ ამ ფაქტს და იმედი მაქვს, რომ სენატორები ქვეყანაში არსებული პრობლემების ადექვატურები იქნებიან და მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ყველას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო არ აპირებს მორიგ გაყალბებასა და ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვასთან შეგუებას“, - აცხადებს ხიდაშელი.
იგი დარწმუნებულია, რომ სენატორები სააკაშვილს კონკრეტულ მესიჯებს ჩამოუტანენ და ამ ვიზიტის მიზანი, სააკაშვილის გაფრთხილებაა. ხოლო მაკკეინი იმიტომ იქნა ამ ვიზიტისთვის შერჩეული, რომ მას სააკაშვილი უჯერებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მართალია მაკკეინს გარკვეული სიმპათიები გამოუხატავს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ როგორც მაკკეინი, ასევე – ლიბერმანიც, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აყენებენ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს საქართველოს მიმართ. ასევე საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართ გაცილებით უფრო დიდი ინტერესი აქვთ, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ლიდერის მიმართ სიმპატიები.
„მათ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველომ, და კონკრეტულად სააკაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც იქნება საქართველოს მომავლის, წინსვლის და დემოკრატიული განვითარების სასარგებლოდ. მათ ყველაზე მეტი უშუალო კომუნიკაცია აქვთ და დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ამ გზავნილს აუცილებლად მიიღებს. რეალურად, სააკაშვილს საერთაშორისო თანამეგობრობა ავალდებულებს, რომ რა დროც დარჩა ხელისუფლებაში ყოფნისთვის, იმ პერიოდში მაინც, შეძლებისდაგვარად შეწყვიტოს ის აგრესია, რომელიც ოპოზიციური ძალების მიმართ აქვს. ასევე მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება და ადმინისტრაციული რესურსი „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიურ რეჟიმს გაემიჯნოს, რათა საბოლოო ჯამში, არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ, რათა ხალხმა მშვიდ და წყნარ გარემოში გააკეთოს არჩევანი“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი.
მისი თქმით, სენატორების მხრიდან გაკეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, შესაძლოა, საუბარი იყოს წარმატებულ რეფორმებზეც, მაგრამ ალექსი პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილი სენატორებისგან მკაფიო მესიჯს მიიღებს, რომ მან იფიქროს თავის მომავალზე, ოღონდ არა როგორც ქვეყნის ხელისუფლების პირველმა პირმა, რადგან ამერიკაში საკითხს ასე ხედავენ - ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამერიკა-საქართველოს შემდგომი ურთიერთობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.