მიმდინარე კვირაში თბილისში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ორი ამერიკელი სენატორის და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მაღალი რანგის ვიზიტები იგეგმება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რასმუსენი საქართველოს 6 სექტემბერს ეწვევა, რაც მისი მესამე სტუმრობა იქნება ნატოს გენერალური მდივნის რანგში. ცნობილია, რომ რასმუსენი მიმდინარე კვირაში ასევე გეგმავს ვიზიტებს ერევანსა და ბაქოში.
„ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე სამი წელია, ნატოს გენერალური მდივანია და ის მესამედ ჩამოდის საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამ ვიზიტს, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნატოსაქართველოს თანამშრომლობის დინამიკა სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება“, - განაცხადა საგარეო მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ.
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ერთდღიანია, რომლის ფარგლებშიც, იგი თბილისში, 5–7 სექტემბრისათვის დაგეგმილი ამბასადორიალის მონაწილე საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდება და სპეციალური სტუმრის სტატუსით მათ წინაშე სიტყვითაც გამოვა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება ახალი ქართული ბატალიონის წევრებს, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეკრება ამბასადორიალი გაიხსნება.
საქართველოში ჩამოვა საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა ხელმძღვანელი. შეკრების მთავარი მიზანია, განიხილონ მომდევნო წლის მთავარი პრიორიტეტები. ასევე ცენტრი და წარმომადგენლობები ერთმანეთს გაუზიარებენ ინსტრუქციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს და მიიღებენ შესაბამის დავალებებს მომდევნო წლისთვის, ასევე შეხვდებიან საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობის წევრებს. დაგეგმილია ასევე შვედეთის, პოლონეთის, არგენტინის და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა, რომლებიც ელჩებს სიტყვით მიმართავენ. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თბილისს მის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ სიკორსკისთან ერთად 4–6 სექტემბერს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი, რომელიც 4 სექტემბერს სომხეთს სტუმრობს, 5–8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა. ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ინოკე კუბუაბოლა ასევე მიმდინარე კვირაში ეწვევა საქართველოს. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერმინისტრთან საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ასევე ცნობილია მთავარი თემებიც, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში შექმნილი სიტუაცია, რეგიონალური საკითხები და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მოლაპარაკებები.
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ რასმუსენის, ასევე ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებებში ყველაზე სერიოზული ყურადღების გამახვილება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ლუპით დააკვირდებოდნენ მთელ წინასაარჩევნო პროცესს, კენჭისყრის დღეს და საბოლოო შედეგების შეჯამებას. იმიტომ, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი. ნატოს არ სჭირდება ოროსანი ასპირანტები, ნატოს არ სჭირდება კლასში ჩარჩენილი ნატოს მოწაფეები, ნატოს სჭირდება სრულფასოვანი წევრები, რადგან მყარი დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არავინ არ ჩაითრევს ომში და ქვეყანა იქნება სტაბილური. მხოლოდ მყარი დემოკრატია იძლევა სტაბილურობის დიდ გარანტიას, როდესაც ნატოში შედიხარ, არ შეიძლება, ნატოს წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ შენთან არასტაბილური გარემოა და შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რომ მთელი ალიანსი იყოს ჩათრეული ამ პრობლემაში. ამიტომ, ითხოვენ ისინი დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას“.
ეს ვიზიტი რამდენად დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას უფრო დემოკრატიული გახდეს, ძნელი სათქმელია, იმისი გარანტიებიც, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არა მხოლოდ საქართველო, არამედ კავკასიაც სტაბილურ რეგიონად მიიჩნიოს, მრავალი ფაქტორია საჭირო.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი, მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ჩამოსვლა საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვანია.
„ასე იყო ადრე, ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სხვა ფიგურის დანიშვნის შემთხვევაშიც, ეს იმიტომ, რომ საქართველო ისწრაფვის დასავლეთისკენ, ნატოსკენ და სურს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ ეს როგორ და რანაირად მოხერხდება, მითუმეტეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამის თქმა ძალიან რთულია“.
კახა კახიშვილი დარწმუნებულია, რომ მთავარი განსახილველი თემა მაინც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იქნება.
„ვფიქრობ, რასმუსენი ყურადრებას გაამახვილებს ისევ ამ არჩევნებზე, მარამ ერთია, რომ ვხედავთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლება დაუფარავად იყენებდა ყველა ბერკეტს, ვიდრე ჩამოვიდოდნენ გრძელვადიანი დამკვირვებლები და გაკეთდებოდა განცხადებები, ახლა შეცვალა მიდგომა და ვირტუალურად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს სახე. ნატოს გენეტალურ მდივანსაც რომ დაუწყებენ საუბარს თავიანთ ბოლოდროინდელ ინიციატივებზე, ეს ფაქტი იქნება, მაგრამ ვისაც რაღაცის დანახვა უნდა, ის აუცილებლად დაინახავს. არ მგონია, რომ ნატოს გენერალური მდივანი მხოლოდ პრეზიდენტისა და უმრავლესობის მოსმენით შემოიფარგლოს, რადგან უკვე არსებობს ეუთოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, NDIს და სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომ მთლად დალაგებულად არ არის საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი“, -აცხადებს კახიშვილი.
ექსპერტი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მნიშნელოვანი მოვლენაა, ამას ყოველთვის დადებით კონტექსტში განვიხილავთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ არსებობს თანამშრომლობა და ამან შესაძლოა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაზეც მოახდინოს გავლენა.
„ბევრი წყაროდან ცნობილია, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი და აშშ შეწუხებულია იმით, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში, თვლიან, რომ ბევრი დარღვევაა, არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, არჩევნები ნორმალურად ვერ ჩატარდეს. ალბათ, ნატოსგანაც წამოვა ასეთი რჩევა და გაფრთხილება, რომ ყველაფერი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და არ შეუქმნას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ზედმეტი სიძნელეები სახელმწიფო აპარატის მხრიდან“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი, თუმცა ის თვლის, რომ ხელისუფლება ამ ვიზიტს ამ შემთხვევაშიც სათავისოდ გამოიყენებს.
„შესაძლოა აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისი მიზეზი, რომ აგზავნის გენერალურ მდივანს საქართველოში, აქ განხილული იქნება ავღანეთის და სხვა საკითხებიც, მაგრამ წინასაარჩევნო ვითარებაში ამ ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია ისე დაამუშავებს და ისე წარუდგენს საზოგადოებას, ნაციონალური არხების მეშვეობით, რომ გამოჩნდეს როგორც მმართველი პატიის მხარდაჭერა წინასაარჩევნოდ“, - ამბობს ხუციშვილი.
ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ „ნატოს გენერალურ მდივანსაც და დასავლეთის სხვა ქვეყნების ლიდერებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. რასმუსენი თასვისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, სავარაუდოდ ამ თემასაც შეეხება“.
სხვათა შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე წინასწარ გამოცხადდა, რომ არა მხოლოდ რასმუსენის, არამედ ევროპის სხვა ლიდერების ვიზიტიც საქართველოს დემოკრატიული პროცესებისადმი მხარდაჭერაა, თუმცა უკვე ვიცით, რომ ასეთი განცხადებების დროს მმართველი პარტიაც და პრეზიდენტიც საქართველოს საკუთარ თავთან აიგივებს.
„ნატო ამბობს, რომ გვინდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, რაც სწორია და მისასალმებელია, მაგრამ ამას ისე გამოაჩენენ, თითქოს მხარს უჭერს მმართველ ძალას“, - აცხადებს ხუციშვილი.
არჩევნების გარდა, არანაკლებ საინტერესოა, მოხვდება თუ არა ევროპის სხვა ლიდერებთან თუ არა, ნატოს გენერალურ მდივანთან მაინც, განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს უსაფრთხოების საკითხი და კონკრეტულად, ლოპოტას ხეობის თემა.
ექსპერტმა კავკასიურ საკითხებში, მამუკა არეშიძემ თქვა კიდეც, რომ მათთვის და საქართველოს უცხოელი პატნიორებისთვის იმაზე მეტია ცნობილი, ვიდრე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას არც უცხოეთი და არც ქართული მხარე არ გაახმოვანებს.
კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ალბათ, ლოპოტას ამბებიც მოხვდება, განსახილველ თემებში, „მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამას არავინ არ გვაცნობებს, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ ხსნის ამ თემას საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, საუბარი რომ შედგეს პრეზიდენტთან ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ეს საუბარი იმ შინაარსით, რაც რეალურად იყო, ვფიქრობ, ჩვენთვის არ გახდება ცნობილი“, - აცხადებს კახიშვილი.
მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში გამართულ ამბასადორიალს საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტსიც განიხილავს და ყურადღებას ამახვილებს რუსეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ანგარიშის მოსმენა ხელისუფლებისგან იმ ბუნდოვან და გაურკვეველ სპეცოპერაციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაატარა.
„ლოპოტას ხეობის საკითხი ჩვენთვის კი საკმაოდ მწვავე და რთული პრობლემაა, მაგრამ არ მგონია, ნატოს გენერალური მდივნის დონეზე იყოს საუბარი ამ კონკრეტულ თემაზე, თუმცა ანტიტერორისტულ ოპერაციებზე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი. თუმცა, როგორც ჩანს, ძირითადი საუბარი შეეხება „აისაფის“ ოპერაციას და საქართველოს მიერ დამატებითი ბატალიონის გაგზავნას ავღანეთში“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი, რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტას ხეობაში. ხუციშვილი ვარაუდობს, რომ სავსებით შესაძლებელია, ეს საკითხიც განიხილონ, „მაგრამ ეს ინფორმაცია სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გახმაურდება, თუნდაც იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა არ გამოიწვიოს“, -მიიჩნევს ხუციშვილი.