ირაკლი ღარიბაშვილი: „ამ ხელისუფლებას ზნეობა არ მოეკითხება“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ამ ხელისუფლებას ზნეობა არ მოეკითხება“

წილი ნაყარია - ქვეყანაში მმართველობის სტილი უნდა შეიცვალოს, დროა, მმართველი ძალა ოპოზიციაში გადაბარგდეს და ამისათვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა. სააკაშვილს 8-წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად დაუპირისპირდა რეალური ძალა.

ბევრი რამ სცადა მიხელი სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გასანეიტრალებლად, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალა - მან 8 წელში სრულად გაანიავა მთელი კაპიტალი, რაც რევოლუციის პერიოდში ერგო - ხალხის 97%-ანი მხარდაჭერა. დღეს ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.

ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა ჩვეულებრივმა, ღარიბმა, უქონელმა ბიჭმა კი, რომელმაც „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში დაიმკვიდრა თავი, 10-11 თვეში მოახერხა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თავის ირგვლივ შემოეკრიბა, რითაც უზომოდ გაზარდა საკუთარი კაპიტალი.

სააკაშვილმა ვერც ის გათვალა, რომ ივანიშვილის ბრძოლის მთავარი იარაღი ძლიერი ნებისყოფა, ჭკუა და გამჭრიახობა იყო, მისი კი უჭკუობა, უნებისყოფობა და წინდაუხედაობა. ამიტომ, „ოცნების“ წინააღმდეგ გადადგმული ყოველი მისი ნაბიჯი მავნებლობაა, რომელიც ისევ მას აზარალებს და ამის მიუხვედრელობაც სააკაშვილის უჭკუობაა.

სააკაშვილმა ვერც ის გათვალა, რომ ირგვლივ, მხოლოდ შიშით გათანგული, კრიმანალ-თანამზრახველები შემორჩა, როცა ივანიშვილის გარემოცვისთვის ერთგულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

დღეს ამ ერთგულებას და კაცობას ებრძვის სააკაშვილი და ამიტომ მარცხდება ყველა ბრძოლაში. ამ ერთგულებისთვის დასაჯა ბევრი ადამიანი მას შემდეგ, რაც მათი მოსყიდვა ვერ შეძლო და ეს უფრო აღაგზნებს სააკაშვილს, რომელიც ვერა და ვერ ჩერდება. ეს უკვე სიგიჟეა, ეს აგონიაა და სწორედ ეს მოასწავებს სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულს.

ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, სააკაშვილის მორიგი აკვიატების კიდევ ერთი მსხვერპლია, რომელიც „ნაციონალებმა“ ვერც მუქარით და ვერც დაყვავებით ვერ აიძულეს ეღალატა საკუთარი პრინციპებისთვის. ზოგჯერ ეს ლიტონ სიტყვებად ჩანს, მაგრამ მაშინ, ერთი „ნაციონალი“ დაასახელოს ვინმემ, ვისაც მართლა სჯერა სააკაშვილის დემოკრატიულობის და ამის გამო დგას მის გვერდით.

ახლა კი, სანამ ასეთ „ნაციონალს“ ვინმე დაასახელებს, ისევ ირაკლი ღარიბაშვილს მივუბრუნდებით, რომელთანაც ეს ინტერვიუ ჩავწერეთ და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ იდეურ უფსკრულს.
დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერას „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებს „ქართულ ოცნებას“, პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლება გაყალბებული არჩევნებისთვის გარანტიებს ითხოვს. ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაგზავნილი 6-პუნქტიანი მიმართვა კი მმართველი გუნდისთვის გაკეთებული ულტიმატუმია. როგორ გგონიათ, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში?

- თუ გადავხედავთ ბოლო 11 თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, თუ როგორი მეთოდებით ებრძვის სააკაშვილის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მარტივი დასანახია, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, მზად იყო და არის არჩევნების გაყალბებისთვის. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც ამ რეალურ საშიშროებას უკავშირდება და საერთაშორისო თანამეგობრობამ დასაწყისშივე ხმა უნდა ამოიღოს ასეთ უკანონობაზე.

რაც შეეხება თავად დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებამ ხელმოსაწერად შემოგვთავაზა, აშკარაა, რომ იქ ჩადებული იყო მახე - თუ ხელისუფლებისთვის მისაღები, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მოხდებოდა არჩევნების შედეგების აღიარება, მაშინ, ჩვენც ავტომატურად გამოვდიოდით არჩევნების ამღიარებლები.

მაინც რას ელით დასავლეთისგან? ასე თუ ისე, იგრძნობა, რომ დასავლეთი მთლად გულხედაკრეფილი არ ზის, მაგრამ მცირეოდენ დათმობებს თუ არ გავითვალისწინებთ, ხელისუფლება აინუშიც არ აგდებს სხვის აზრს.

- როდესაც დასავლეთის ყურადღებაზე და რეაგირებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში პირდაპირი ჩარევა არჩევნებში. თუმცა, სულ ბოლო ფაქტს შეგახსენებთ - როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბატონი მილიერი შეხვდა ბატონ ბიძინას, რეალურად გაეცნო ყველა იმ უხეშ კანონდარღვევებს და ყველა იმ ძალადობის ფაქტებს, რაც ბოლო თერთმეტი თვის განმავლობაში ივანიშვილის და კოალიციის მხარდამჭერების მიმართ ხორციელდებოდა. შედეგად, კონკრეტულად ამ ადამიანს და მასთან ერთად ჩამოსულ დელეგაციის სხვა წევრებს, პირდაპირ გაუჩნდათ სურვილი, რომ ღიად დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და ეთქვათ სიმართლე. სწორედ ამ ტიპის ჩარეულობაზე არის საუბარი.

შემთხვევითი არ არის ის, რომ მათ იხმარეს ტერმინი „ლენინიზმი“. ეს პირდაპირ მიუთითებს არსებულ რეჟიმზე და იმ მანკიერებებზე, რომელიც არის დამყარებული ჩვენს ქვეყანაში.

ასე რომ, ჩვენ მიგვაჩნია, რეალური ფაქტების აღიარება და შემდეგ, ამ ფაქტებზე მათი მოსაზრების ღიად გამოხატვა, აუცილებელი ფაქტორია.

რაც მთავარია, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის არჩევნები, კიდევ ერთხელ გააყალბოს. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, როდესაც საუბარია არჩევნებზე, არჩევანის უფლება ეს არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება და, როდესაც ხელისუფლება აშკარად, დაუფარავად ამ უფლებას გართმევს, ამ შემთხვევაში, დასავლეთი პირდაპირ ვალდებულია ხმა ამოიღოს.

გაყალბების ხელშეშლა პირველ რიგში, ოპოზიციის ვალია.

- ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს ხალხთან ერთად, რომ არ დავუშვათ ამ არჩევნების გაყალბება.

მაინც რას?

- მაინც იმას, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ხმა უნდა დაიცვას. უნდა მოხდეს ხალხის სრული მობილიზება, მთელი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენმა ხელისუფლებამ და მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს თუ რაოდენ კონსოლიდირებულია საქართველოს მოსახლეობა.

ეს თეორიებია, თქვით, პრაქტიკულად რის გაკეთებას გეგმავთ.

- ძალიან მარტივია, ვთქვათ, ამა თუ იმ უბანზე ასი ამომრჩეველი მივიდა. ამ ასი ამომრჩევლიდან კი ოთხმოცდაათი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ხოლო დანარჩენი ათი სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველი. ამ ოთხმოცდაათმა კაცმა უნდა მოახერხოს საკუთარი ხმის დაცვა.

როგორ?

- როდესაც ხელისუფლება გამოაქვეყნებს, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ უბანზე მივიდა კონკრეტულად ასი ამომრჩეველი და აქედან ასმა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა, ეს 90 ამომრჩეველი უნდა გავიდეს უბანზე და დაიცვას თავისი პოზიცია.

ვთქვათ, გამოვიდა ხალხი და დააფიქსირა თავისი პოზიცია, მერე?

- მერე ის, რომ ეს მოხდება ერთ უბანზე, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ სამიათასხუთასი უბანი, სადაც ანალოგიური რამ მოხდება. ნუ, ეს იდეალური შემთხვევა იქნება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური უნდა შევძლოთ.

მარტივად რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა?

- დიახ, წარმოიდგინეთ, ამ ასი ათასობით ადამიანს დაინახავს არა მხოლოდ ეს ხელისუფლება, არამედ იგივე სადამკვირვებლო მისიები, საერთაშორისო თანამეგობრობა, ცივილიზებული სამყარო და მათ, ბუნებრივია, კითხვა აღარ გაუჩნდებათ თუ ვის მისცა ამ ხალხმა ხმა. შესაბამისად, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ უხეშად გააყალბოს არჩევნები და მოსთხოვოს დასავლეთს მოახდინონ ამ არჩევნების შედეგების აღიარება.

ხელისუფლებას ხალხთან დაპირისპირებაზე მეტად დამარცხების აღიარება გაუჭირდება.

- ხალხის წინაშე ნებისმიერი ხელისუფლება არის უძლური. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ისტორიაში და ასე რომ, ერთადერთ გამოსავალს ხალხის გაერთიანებაში და საერთო მობილიზებაში ვხედავთ. ჩვენ ამას შევძლებთ. ამიტომ გავხსენით ყველა რეგიონში ნახევარი წლით ადრე საარჩევნო შტაბები, ამიტომ ჩატარდა „კარდაკარი“ და საქართველოს მასშტაბით საერთო სურათი უკვე გვაქვს - თუ სად რამდენი ამომრჩეველი გვყავს.

ხელისუფლება მეტ-ნაკლებად შეგუებულია, რომ თბილისი დაკარგული აქვს, თუმცა, ამის ცალსახად თქმაც შეუძლებელია, მაგრამ რეგიონებში რა მდგომარეობაა?

- ის, რომ რეგიონებში არის შიში, ამას მეც გიდასტურებთ. რეგიონების მოსახლეობა ასე ღიად ვერ გამოხატავს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერას, თუმცა ჩვენ გვაქვს კარდაკარის შედეგები და პრაქტიკულად, ხელისუფლებას ყველა რეგიონში ვუგებთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს სრული საფუძველი გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არჩევნებს ვიგებთ.

ჩვენ ვიცით მოსახლეობის განწყობა და ამიტომაც არის აუცილებელი ამ არჩევნებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და მათი მხარდაჭერა, არა რომელიმე პარტიისადმი, არამედ ქართველი ხალხისადმი. როდესაც ისინი დაინახავენ, რომ ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი - მათ სურთ ამ ხელისუფლების შეცვლა, ისინი არ დააშვებინებენ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უფრო მეტი ძალისხმევის გამოყენება მოუწევთ, რომ ქვეყანა მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანონ.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ ადამიანებს ვერ მოუწოდებს სისხლისღვრისკენ. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე. ხართ გარანტირებული რომ იქიდან პროვოკაციები არ იქნება, რომელიც სავალალო შედეგებამდე არ მიგვიყვანს?

- არავითარ შემთხვევაში, არანაირ სისხლისღვრაზე არ შეიძლება საუბარი. პროვოკაციების დაგეგმვას ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს და, ალბათ, შეეცდება, თუმცა, როდესაც ნახავს თუ რაოდენ მობილიზებულია, რაოდენ კონსოლიდირებულია მოსახლეობა, ხელისუფლება პრაქტიკულად უძლური იქნება. დღევანდელი პოლიცია და ჯარი არ დაუპირისპირდება საკუთარ ხალხს. პოლიციაშიც და ჯარშიც ჩვენი ძმები არიან.

სააკაშვილს პროვოკაციისთვის არც ჯარიჭირდება და არც პოლიცია. იგი ყოველთვის ზონდერ-ჯგუფებს ეყრდნობოდა.

- ჩვენ მთავარი გვავიწყდება - დღეს საქართველოში სხვა რეალობაა, ეს არ გახლავთ 26 მაისი, ეს არ არის 7 ნოემბერი. მე არ ვაკნინებ იმ აქციებს, ის აქციები თავისი მნიშვნელობით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ „ქართული ოცნების“ 27 მაისის შეკრება. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ოდენობის ხალხისათვის წინააღმდეგობის გაწევა? ეს წარმოუდგენელია, გამორიცხულია, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ და მთავრობამ არ გაუწიოს ამას ანგარიში.

 მაგრამ არიან უგუნურებიც...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, მხოლოდ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა.

მე სურვილებზე არ გესაუბრებით, მე მაინტერესებს თქვენ რისთვის ხართ მზად.

- ჩვენ არ გვინდა მეორე რევოლუცია.

გასაგებია, რისთვის ხართ მზად?

- მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, ამას ჩვენ მივაღწევთ. რაც დღეს ჩვენ გვეჩვენება შეუძლებელი, შესაძლებელი გახდება ოქტომბერში. ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვნახავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები ისე განვითარდება, რომლის წარმოდგენაც დღეს რთულია.

რას გულისხმობთ?

- ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირება, თითქოს საზოგადოება არის ორად დაყოფილი და ა.შ. ეს არის მტკნარი სიცრუე. საზოგადოება ისე არასოდეს არ ყოფილა გაერთიანებული, როგორც დღეს. სააკაშვილი არის ერთ მხარეს, საზოგადოება - მეორე მხარეს. არავითარი ორი ჯგუფი არ არსებობს და როდესაც არ არსებობს, მაშინ დაპირისპირებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს ხმები სწორედ ნაციონალების მიერ არის გავრცელებული შიშისა და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მიზნით.

ბიძინა ივანიშვილის ტექსტში ასევე საუბარია თუ გაყალბების მასშტაბები არ მოახდენს არჩევნების შედეგებზე გავლენას, პროცესები არ გამწვავდება. რა მასშტაბებზეა საუბარი, რამდენი პროცენტით აპირებსქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლას და რას დათმობს და რას - არა?

- ჩვენ მოვდივართ უმრავლესობით, ხალხი მოდის უმრავლესობით, მაგრამ ეს ხალხი გადანაწილებულია როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე სხვადსხვა პარტიებში.

მაგალითად, „მემარჯვენეებში“, ქდმ-ში, ედპ-ში...

- მოდით, როდესაც სხვადასხვა პარტიებს ახსენებთ, ჯობია ამდენი სახელის ნაცვლად ერთი სახელი დაასახელოთ - „ნაციონალური მოძრაობა“.

რამდენია ის პროცენტული ზღვარი რასაც არ დათმობთ?

- ჩვენ მოვდივართ აბსოლუტური უმრავლესობით.

ორიოდე თვის წინ ნაციონალები ყველაზე ცუდ ვარიანტს - 60% (ნაციონალები) -40%-ზე (ქართული ოცნება) განიხილავდნენ და სააკაშვილი თანაგუნდელებს „მძიმე ცხოვრებისთვის“ ამზადებდა. ახლა, ამოცანა შეიცვალა მმართველი ძალა 75-80%-თვის აპირებს ბრძოლას.

- გასაგებია, ეს ერთადერთ რამეს ემსახურება. მიხეილ სააკაშვილს დღეს ისე უჭირს, როგორც არასოდეს - კრიზისი აქვს მთავრობაში. შესაბამისად, მას მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დარჩა - პირველ რიგში, საკუთარი გუნდი გააძლიეროს. ის ხმები, რომ თითქოს, ნაციონალები ძალიან შეკრული გუნდია... იქ პოლიცია, ჯარი... მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ჩვენც გვაქვს ინფორმაციები, ჩვენ ვიცით შიგნით რა განწყობებია.

როდესაც საუბარია 75%-ზე, მათ უნდა ჰქონდეთ ამის რესურსი, რაც არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ 75%-ს ვეღარასოდეს ვეღარ აიღებს. ეს მოწოდებები მხოლოდ ერთადერთ რამეს ემსახურება - საკუთარი გუნდის გაძლიერებას, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის.

სააკაშვილს სურს, რომ მის მიერ შექმნილი ილუზია და ის ვირტუალური სამყარო, რომელშიც თავად იმყოფება და ქვეყანას ბოლო რვა წლის განმავლობაში ამყოფებდა, - არ ჩამოიშალოს.

საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ „ნაციონალების“ და „ოცნების“ თანამშრომლობა ახალ მთავრობაში?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ის მითი, რომლის შექმნასაც ცდილობს სააკაშვილი და მისი გუნდი, თითქოს, ჩვენ ვართ დესტრუქციული რაღაც შავბნელი ძალა და, რომ ბიძინა ივანიშვილი მოდის ნგრევით, რომ მისი მიზანია აშენებულის (რომლის უმეტესი ნაწილი თავად ააშენა) ნგრევა, რომელმა ადამიანმა შეიძლება ეს დაიჯეროს? სააკაშვილი ამ განცხადებებს მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ ხალხმა დაიჯეროს, მაგრამ ხალხს აქვს ინფორმაცია - ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აძლიერებდა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ ქვეყანას და ემსახურებოდა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას. ადამაიანს, რომელმაც თავისი ქვეყნის განვითარებისთვის გაიღო ორ მილიარდ ლარზე მეტი, როგორ შეიძლება დასდო ბრალი დესტრუქციულობაში და დანგრევის სურვილში?

მეორე - ჩვენ თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მოქმედებებს, მის ნაბიჯებს, რომელიმემ თქვას და დაასაბუთოს მისი თუნდაც ერთი არადემოკრატიული, დესტრუქციული ნაბიჯი. თუნდაც მის მიერ მოწყობილ აქციებს გადახედეთ, როგორი მშვიდობიანი ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული, ცივილიზებულია ეს აქციები და რაც ყველაზე მთავარია, თუ თქვენ ადამიანის სახეებს დააკვირდებით - საოცრად ბედნიერი და იმედით აღსავსე თვალებით შეჰყურებენ მომავალ ლიდერს.

ასე რომ, როგორ შევძლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტში მუშაობას? - ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიზანი არ არის ერთპარტიული მთავრობის, ერთპარტიული პარლამენტის სისტემის შექმნა. ივანიშვილი მოდის სწორედ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ერთპარტიულობა საქართველოში. სწორედ ამიტომ შემოიკრიბა მან სხვადასხვა, რეალურად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და აპირებს შექმნას ნამდვილად დემოკრატიული მრავალპარტიული პარლამენტი.

როდესაც ჩვენ უმრავლესობაში მოვალთ, ეს იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება და როდესაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაში აღდგება სამართალიანობა, აღდგება დამოუკიდებელი ობიექტური სასამართლო, ამდენ უკანონო დაპატიმრებებს, ქონების ჩამორთმევას, დაყადაღებას და მთელ რიგ უსამართლობებს, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, პასუხს გასცემს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლო. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ რევანშისტულ ქმედებებს, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა.

თქვენი სიმამრი დაიჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შური იძიეს თქვენზე, რისთვის?

- პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩემი სიმამრის უკანონო დაპატიმრება პირდაპირ მე მიკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ჩემი სიმამრი დააკავეს პირადად სააკაშვილის მითითებით 2011 წლის 11 ოქტომბერს, დეტალებზე აღარ ვისაუბრებ რადგან საზოგადოებისთვის ცნობილია. მას შვილი მიყავდა სკოლაში და სწორედ სახლთან დახვნენ. უთხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში გაყოლოდა, მისი, ან მანქანის ჩხრეკას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ პოლიციის განყოფილებაში მას აუხსნეს, რომ სიტუაცია შეიცვალა და პოლიციის გენერალს, რომელიც 30 წელი ემსახურებოდა საკუთარ ხალხს (არავითარ შელამაზებას არ ვახდენ ჩემი სიმამრის წარმოსაჩენად, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის), დაჟანგებული ავტომატი ჩაუდეს და დააპატიმრეს.

რა თქმა უნდა, ეს ჩემს თანამდებობას უკავშირდებოდა, მე მაშინ გახლდით „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტი, ამას გარდა, მე ვარ ბატონ ბიძინასთან ერთ-ერთი დაახლოებული პირი და იმავე დღეს მე მომივიდა მესიჯი ხელისუფლებისგან - არა მარტო მე, არამედ მთელ ტოპ-მენეჯმენტს უნდა დაეტოვებინა „ქართუ ჯგუფი“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ მომხდარიყო მთელი სისტემის დემორალიზება. იყო შემოთვლები რომ „ქართუ ჯგუფი“ აღარ იარსებებს, არც ბანკი, არც ფონდი და ბატონი ბიძინაც ორ სამ კვირაში დაასრულებდა ამ პოლიტიკურ საქმიანობას და ყველაფერი დამთავრდებოდა ძალიან მალე.

მე ეს არ გავაკეთე და დღეს ვაცხადებ ღიად - ჩემი სიმამრი არის პოლიტპატიმარი, ჩემი სიმამრი 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალი და მისი ტყვე. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა კრიმინალურ სამყაროს, ნარკო-ბარონებს, დაჭერილი ყავს ასობით ნარკო-რეალიზატორი და მთელი ამ დამსახურებისათვის მას მიანიჭეს გენერლის წოდება, ორმოცდაათჯერ იყო დასახელებული საუკეთესო თანამშრომლად და მიღებული აქვს ყველა მედალი და ყველა ორდენი, თუ რაიმე არსებობს, გამოიყვანეს ნომერ პირველ კრიმინალად, ნარკო-ბარონად, ადამიანის გამტაცებლად, ტერორისტად და რა ვიცი, კიდევ - რად.

მე კიდევ მივეჩვიე, მაგრამ მისი ოჯახი ძალიან მტკივნეულად განიცდის ამ ამბავს. მისი ოჯახისთვის, მისი შვილებისთვის, ჩემი შვილისთვის, რომელსაც უკვე აზროვნება შეუძლია, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. მათ ერთი წამით უნდა წარმოიდგინონ თავი მისი და მისი ოჯახის ადგილას და მაშინ მიხვდებიან რამდენად ამაზრზენად იქცევიან, თუ რამდენად არაადამიანურად იქცევიან.

მე მინდა მათ ვკითხო, გასაგებია, რომ მათ ზნეობა არ მოეკითხებათ, მაგრამ ლოგიკა თუ შერჩათ, ლოგიკურ კითხავს ვუსვამ სააკაშვილს და მისი პარტიის სახეებს, რომლებიც ყოველ დღე ჩემს სიმამრზე მიუთითებენ - ბოლო რვა წლის მანძილზე, როდესაც ასეთი რანგის ცნობილი „კრიმინალი“ ასე ღიად გადაადგილდებოდა, რატომ არ დაინტერესდა ასეთი ძლიერი სამართალდამცავი სისტემის პატრონი სააკაშვილი ჩემი სიმამრის საერთოდ აქტივობით - რას საქმიანობდა? როგორ იყო და საერთოდ, მანამდე რატომ არ დააპატიმრეს? რატომ მოხდა, რომ რვა წლის შემდეგ, ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ხდება მისი დაპატიმრება? ეს არ არის პირდაპირ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება?

ჩემი სიმამრი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ჩვენ ამ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებთ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა თავისი გადადგმული ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ განსხვავებულად აზროვნებს. თუნდაც მისი წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ არ ჯდებოდა პიარის აქამდე აპრობირებულ ჩარჩოებში და ამოგდებული იყო საერთო კონტექსტიდან, მეტყველებს იმაზე, რომ იგი განსხვავებულად უყურებს პროცესებს. თქვენ მასთან მუშაობდით და გაცილებით უფრო ადრე იცნობდით მას, ვიდრე ის პოლიტიკოსები ვინც დღეს გვერდით უდგანან. როგორ დაახასიათებდით მას, რა არის მასში განსაკუთრებული?

- ბატონი ბიძინა არის არაორდინალური პიროვნება. ის არის განსხვავებულად მოაზროვნე და მიუხედავად იმ უაზრო კრიტიკისა, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან და „ნაციონალური ექსპერტებისგან“, მე ვიტყოდი, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში შემოსვლამდე, უკვე იყო პოლიტიკურად მოაზროვნე. რაც მთავარია, ეს ადამიანი არის ბრძენი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. მისი ქცევა, მისი აზროვნება არ არის ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანის. ამას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ადვილად დაინახავ.

ყოფილა შემთხვევა, - ის, რაც ჩემთვის ყოფილა შეუძლებელი, აღმოჩენილა, რომ შესაძლებელი ყოფილა და მას ეს განუხორციელებია, რითაც უბრალოდ გაოცებული დავრჩენილვარ, თუ რამდენად სწორი გათვლები ჰქონდა გაკეთებული. ასეთი მაგალითები მე მაქვს უამრავი. მასთან მუშაობა არის სიამოვნება.

თვლით, რომ გაგიმართლათ?

- ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ისეთ ადამიანთან როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან.

თქვენთვის თუ იყო ცნობილი, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას?

- არა, მე ვიცოდი, რომ ის იყო თავის ქვეყანაზე და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მე ვიცოდი, რომ ის სხვა ქვეყანაში უბრალოდ ვერ ცხოვრობდა, მას აქვს ნათქვამი, რომ უბრალოდ, მას არ შეეძლო სხვა ქვეყანაში ცხოვრება.

რამდენად ახლო ურთიერთობაქონდა სააკაშვილთან?

- მე ვიცი, რომ ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს, ის იცნობს სააკაშვილის ბუნებას და იცის რა მენტალობის და ღირებულებების მატარებელია.

ალბათ, ამიტომაც თამაშობს მის ფსიქიკაზე.

- კი, ის ძალიან ზუსტად იცნობს მის ფსიქიკას.

რას ფიქრობთ ლაფანყურში დატრიალებულ სპეცოპერაციაზე?

- რთულია გააკეთო შეფასება ისეთ ბუნდოვან მოვლენებზე, როდესაც ხელისუფლება არ გაწვდის ობიექტურ ინფორმაციას. სამი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და ხუთი დაჭრილია. აქედან ორი ოცნების მხარდამჭერია, ბატონი ბიძინას დაცვის თანამშრომლების მეგობრები იყვნენ - ჩოხელი „ქართუ ჯგუფის“ სტიპენდიანტი იყო, ჩვენ მათ კარგად ვიცნობდით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მწუხარება გამოვთქვა მათი გარდაცვალების გამო და მათ ოჯახებს მივუსამძიმრო კოალიციის სახელით.