„ქართული ოცნების“ თეზისებმა პროგრამის სახე მიიღო

„ქართული ოცნების“ თეზისებმა პროგრამის სახე მიიღო

 

„ქართული ოცნების” 70 გვერდიანი საარჩევნო პროგრამა ქვეყნის განვითარების ძირითად სფეროებს მოიცავს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს, მოელაპარაკოს დეფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია.

ამასთან, რუსეთი აქტიურად უნდა იქნას ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და  საქართველო მზად უნდა იყოს გონივრული კომპრომისებისთვის.

ივანიშვილის შეთავაზება ასეთია, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკური პროექტების რეალიზაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დეკლარაციებში აისახება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პროგრამის მიხედვით, კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პროგრამაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ურთიერთგაუცხოების პროცესი. ამ ტენდენციას ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებათა უნდობლობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რასაც რუსული პროპაგანდა ადვილად აღრმავებს ოფიციალური თბილისის აგრესიული რიტორიკისა და პროვოკაციული მოქმედებების ფონზე.

„ავარიდოთ შვილებს ომის საფრთხე“, - სწორედ ეს უნდა იყოს ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოების საერთო ლოზუნგი.

კოალიცია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ევროტლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მთავარ საფუძველად საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას ასახელებს. პროგრამის მიხედვით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას და გააგრძელოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.

„ქართული ოცნების“ პროგრამაში საუბარია ჩრდილოთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაზეც, რომელიც მჭიდრო კულტურულ თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს და არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღმავებლად. გარდა ამისა, საქართველომ რეგიონში ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა შეიძინოს და თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები გააღმავოს.

ამასთან, „ქართული ოცნება“ განათლების სისტემის არაპოლიტიზებულობას გვთავაზობს. სკოლის პოლიციური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად კი, მანდატურის ინსტიტუტის არა გაუქმებას, არამედ მისი შინაარსის ცვლილებას მოახდენს.

კოალიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას „მეცნიერებისადმი არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების“ გამო. „სახელმწიფომ თითქმის სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა ქვეყანაში მეცნიერების განვითარებაზე,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში ცალკე თავი ეძღვნება საკითხს ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირებას, მათ შორის, მრავალშვილიანი დედებისთვის დაწესებულ შეღავათებს; მცირე ბიზნესის დაწყებაში ოჯახის ჩაბმულობის მხარდამჭერას და სხვა.

საარჩევნო  პროგრამის თავში შესულია კომუნალური მომსახურების ტარიფების საკითხიც. რეალურ გათვლებზე დაყრდნობით მოხდება ტარიფების ოპტიმიზაცია და სტაბილურობა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, 1 მილიარდიანი „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ დაარსდება. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს სოფლის მეურნეობის ხელახლა აშენებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის ამაღლებას ჰპირდება. მათი თქმით, ლიბერტარიანული პოლიტიკა არცერთ ქვეყანაში არ ამართლებს, ხელისუფლების კურსი დამახინჯებული ლიბერტარიანიზმია. პროცესის გაუმჭვირვალობის გამო „ქართული ოცნება“ ხელისუფლების პრივატიზაციის პროგრამებს აკრიტიკებს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შესახებ For.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ, იანვრიდან მოყოლებული, ამ პროგრამაზე საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ ჩართული ექსპერტთა მრავალრიცხოვანი თემატური ჯგუფი მუშაობდა. ჯგუფებში 500-ზე მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული. მოგვიანებით, თემატური ჯგუფების მიერ შექმნილი ათასობით გვერდი შემცირდა და პროგრამის სახე მიიღო. ამ პროცესზე, ასევე, მუშაობდა რედაქტორთა ჯგუფი. პროგრამის პრიორიტეტი კი არის ის, რაც ყოველთვის ისმოდა „ოცნების“ ლიდერებისგან. კერძოდ, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, საგარეო ურთიერთობები, ქვეყნის მოწყობა“.

რაც შეეხება საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ თეზისს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის დასავლეთისაგან მიღებული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით უპასუხისმგებლო სარგებლობაზე და მოკავშირეებისაგან მიღებულ დახმარებას დემოკრატიულობის გაზრდილი ხარისხით უპასუხებს, მაია ფანჯიკიძე განმარტავს: სწორედ უპასუხისმგებლო სარგებლიანობას ეწევა ჩვენი ხელისუფლება. რეალურად კი, აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა არსებობდეს საჯარო სახალხო კონტროლი.

ჩვენს შეკითხვაზე, რა განსხვავება იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასა და ნაციონალების პროგრამას შორის, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ გასული ცხრა წლის განმავლობაში ნაციონალებს ჰქონდათ ბევრი დაპირება, მაგრამ არცერთი არ შეუსრულებიათ. „ქართული ოცნების“ პროგრამა კი სწორედ იმითაა განსაკუთრებული, რომ ყველაფერი, რაც იქ წერია, აუცილებლად შესრულდება. თუმცა, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ნაციონალების პროგრამა ჯერ არ უნდა იყოს  გამოქვეყნებული.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. კერძოდ, მას აინტერესებს, თუ როგორ განაწილდება სოფლის მეურნეობაში საფინანსო საკითხები, სესხები, როგორი იქნება წყალმომარაგება, გზები, გაზიფიკაცია, ელექტროფიკაცია, ელექტროენერგიის ტარიფები.

„ამას ჩემთვის დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საგარეო პოლიტიკას, რადგან ჩემი ამომრჩევლები დღეს წყალტუბოელები არიან და მე მინდა, რომ მათ მოვემსახურო“.

ხელისუფლებაში მწყობრი კავკასიური პოლიტიკის არარსებობას პაატა ზაქარეიშვილიც იზიარებს. მისი თქმით, ხელისუფლებას გაღიზიანების პოლიტიკა აქვს. მათთვის მთავარია, კავკასიაში მშვიდობა კი არ იყოს, არამედ არეულობა და დაძაბულობა.

„ამიტომ აღიარეს ჩერქეზების გენოციდი, მაშინ, როცა მსოფლიოში არავის უღიარებია. ეს ავანტიურისტული პოლიტიკაა. სააკაშვილის ავანტიურისტულ პოლიტიკას უნდა დაუპირისპირდეს მწყობრი, გაწონასწორებული, თანდათანობითი სტრატეგიული პოლიტიკა, სადაც რუსეთისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრა უნდა მოხდეს ჩრდილო კავკასიაში. ეს რუსეთის ტერიტორიაა და, ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ, და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, პირველ რიგში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობა არ იყოს. ხელები კი არ უნდა ვაფათუროთ ჩრდილო კავკასიის პოლიტიკაში, არამედ ხელი შევუწყოთ მშვიდობის დამყარებას, რადგან კავკასიაში არეულობა ჩვენს წინააღმდეგაც იმუშავებს“.

ამასთან, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ჩვენგან გარკვეულ ნაბიჯებს ელოდება, სააკაშვილი კი მათ ყოველთვის ფაქტის წინაშე აყენებდა. კერძოდ, დასავლეთი მას სთხოვდა, არ აყოლოდა რუსეთის ავანტიურას და არ ჩართულიყო საომარ მოქმედებაში, რაშიც სააკაშვილი მაინც ჩაერთო. ახლა ეუბნებიან, რომ დემოკრატიული მაჩვენებელი გაზარდოს, პარტიებს ნუ აყადაღებს და მათ ნუ ებრძვის, ის კი დასავლეთის ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მეტიც, ზაქარეიშვილის შეფასებით, როგორც კი ჩვენს ხელისუფალს დასავლეთის რეკომენდაციები არ მოეწონება, მაშინვე ამბობს, ლობისტები და არასამთავრობოები მუშაობენო.

„დასავლეთი არასდროს აკრიტიკებს პროგრამებს, რადგან, როგორც წესი, საარჩევნო პროგრამები მოსაწონია. მას შემდეგ, რაც ჩვენს პროგრამას გაეცნობა, კიდევ უფრო უკეთესი წარმოდგენა შეექმნება დასავლეთს „ქართულ ოცნებაზე“. რაც შეეხება ნაციონალების პროგრამას, მე მას არ ვკითხულობ, რადგან ნაციონალებმა დააქციეს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.