კონტრაბანდისტები 1 წლით საზღვარს ვერ გადაკვეთენ

კონტრაბანდისტები 1 წლით საზღვარს ვერ გადაკვეთენ

საქართველოს მთავრობა კონტრაბანდასთან ბრძოლას ამკაცრებს და ამჯერად მარტო ჯარიმებით არ შემოფარგლება. „კონტრაბანდისტ პირს“ 1 წლით ქვეყნიდან გასვლა აეკრძალება. თუ მავანს ასეთი სურვილი მაინც მოუვლის, მაშინ ბიუჯეტს ფულის ენაზე უნდა დაელაპარაკოს.

 

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი აცხადებს, შესაბამისი ცვლილების შეტანა საგადასახადო კოდექსში იგეგმება. მოსალოდნელი ცვლილებით, თუ ადამიანი საბაჟო წესების დარღვევაში რამდენჯერმე არის შემჩნეული, მას საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ერთი წლით შეეზღუდება. საზღვრის გადაკვეთის ნება მას მხოლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მიეცემა.

 

„კონტრაბანდა საშიში დანაშაულია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ქვეყნის კანონმდებლობით, კონტრაბანდისტების წინააღმდეგ დაჯარიმების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევის ნორმები მოქმედებს. ამიერიდან კი მათ ახალი სახდელი დაემატება და პირს 1 წლით საზღვრის გადაკვეთა შეეზღუდება. საზღვრის გადაკვეთა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუკი 5 000 ლარის ოდენობის მყარ, გამოუხმობად საბანკო გარანტიას წარმოადგენს.

 

გარანტია დადებული სახდელის პერიოდში, ანუ 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს. თუ ადამიანი მსგავს ქმედებას აღარჩაიდენს, მას თანხა უკან დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარანტია სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება“, - აღნიშნა ხუროშვილმა.

 

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კომიტეტები მის განხილვას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან შეუდგებიან. აღნიშნულ ინიციატივას, რა თქმა უნდა, მიესალმებიან ფინანსთა სამინისტროში. ყველანაირი ზომების გამკაცრება ამ უწყების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან „კანონის ფარგლებში“ მუშაობა უადვილდებათ. სწორედ ამიტომ იყო, ბოლო ორი თვის განმავლობაში რომ კონტრაბანდისტის იარლიყი ყველა წვრილ მოვაჭრეს მიაკერეს (ჯარიმებთან ერთად), რომელთაც უცხოეთიდან სასურველი საქონელი ერთიანი ძალებით შემოჰქონდათ.

 

„რა გასაკვირია ის, რომ გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს?  ჩვენი ამოცანა ბიზნესმენთა დასჯა ნამდვილად არ არის. ჩვენი ამოცანა იმის პრევენციაა, რომ გადასახადებს თავი არავინ აარიდოს. სამწუხაროდ, ბიზნესმენთა ნაწილს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ვერ წარმოიდგენთ, ზოგიერთი მეწარმე გადასახადების დამალვის რა მეთოდებს მიმართავს, ფანტაზია არ ელევათ. ჩვენც იძულებულები ვართ არ ჩამოვრჩეთ და ყველა ეს ხერხი გამოვიცნოთ. საგადასახადო ინსპერქტორი, როგორც წესი არ უყვართ და ეს არცაა გასაკვირი.  ჩვენ გარკვეულწილად ყოველთვის წამგებიან პოზიციაში ვართ“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და შემოსავლების სამსახური უფროსი გიორგი ცხაკაია.

 

საქათველოში ბოლო წლებში კონტრაბანდის მასშტაბებმა შესამჩნევად იკლო. მაგალითად, ნავთობპროდუქტების და თამბაქოს ბიზნესი მთლიანად „გათეთრებულია“. ამ რამდენიმე წლის წინ კი ნავთობპროდუქტების ბაზრის 80% კონტრაბანდული საქონლით იყო გაჯერებული, ხოლო თამბაქოს ბიზნესის 2/3 ასევეთივე არხებით მარაგდებოდა.