მიხეილ სააკაშვილმა მთელ საქართველოს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო - პრეზიდენტი პარლამენტს „საარჩევნო კოდექსის“ 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის შეცვლის ინიციატივით მიმართავს. არებული ნორმის თანახმად, თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან სერიოზული ფინანსური დარღვევებია ან მან ანგარიში არ წარადგინა, შესაძლებელი ხდება, არჩევნებზე ამ პარტიის ხმები არ იყოს დათვლილი.
მოქმედი კანონმდებლობით, „თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება.
თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება“.
საკანონმდებლო ინიციტივასთან დაკავშირებით პირველი განმარტებები უკვე გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა.
„ეს ფაქტობრივად, არჩევნებიდან პარტიის მოხსნას ნიშნავს. პრეზიდენტის ინიციატივით კი, ეს ნორმა კანონიდან ამოდის. პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ ამის ნაცვლად ჯარიმა დაწესდეს.
შემოთავაზებული ცვლილებით, თუკი პარტია ანგარიშს არ წარადგენს, ის 10 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ანგარიშს ხარვეზით წარდაგენს და ამ ხარვეზს მითითების მიუხედავად, მაინც არ გამოსწორებს, მაშინ მას 3 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ჩვენი მიზანია, სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებში გავიმარჯვოთ, არჩევნებიდან პარტიის მოხსნა საჭირო არ გახდეს, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და სხვა პარტიები. რაიმე სახის ხელოვნური ბარიერი შექმნის მიზანი არც არასდროს გვქონია“, - აცხადებს მინაშვილი.
ჯერჯერობით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში პარლამენტში სხდომების გამართვა ოფიციალურად დაგეგემილი არ არის, თუმცა ითქვა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ერთი რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, იმედია, ეს ასეც მოხდება და აღნიშნული ინიციატივა ახალი პარლამენტის განხილვის საგანი არ გახდება.
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ორნაირად შეიძლება გაიგო.
„ერთი მხრივ მას ჰყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ვხედავთ, რომ პერმანენტულად აჯარიმებს და თითქმის გააკოტრა მისი პოლიტიკური კონკურენტი, მეორე მხრივ, სანქციის სახით ყველაზე დიდ, 10 ათასლარიან ჯარიმას სთავაზობს ფინანსური დარღვევებისთვის.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილებები ისევ და ისევ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, რადგან კონტროლის პალატის საქმიანობა, მოქალაქეების ფიზიკური პირების, პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების თაობაზე, შერჩევით მიმდინარეობს, სახეზეა პირდაპირ შერჩევითი სამართალი და ვხედავთ, რომ ერთსა და იმავე ფაქტებზე მმართველი პარტიის მიმართ არანარი რეაგირება არ ხდება, გარდა იმ ვიზუალური დემონსტრაციული რამდენიმე ეპიზოდისა, რომელიც სჭირდებოდათ ისევ და ისევ უცხოელებისთვის, რომ ეჩვენებინათ რომ ერთნაირი მიდგომებია.
მეორე მხრივ აბსოლუტური ბუნდოვანება კანონში, რომელიც დატოვეს შავ ხვრელებად და მოქმედებს მხოლოდ ოპონენტის საწინააღმდეგოდ.
თუ პრეზიდენტს სურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტები უფრო სამართლიან გარემოში ყოფილიყვნენ და არ მომხდარიყო მათ მიმართ ასეთი დევნა, მაშინ შეეძლო მიეცა მითითება და უფრო დაეხვეწათ კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეეკვეცათ უფლებამოსილება, ან რაღაც ჩარჩოში მაინც ჩაესვათ“, - ამბობს კახიშვილი, რომელიც
ეჭვობს რომ ეს ცვლილება ინიცირებულია ერთი მხრივ, საკუთარი პარტიისთვის, მეორე მხრივ - დასავლეთისთვის.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას ისედაც არ ეხება, მაგრამ როდესაც წარადგენენ საბოლოო ანგარიშშს, იქნება ალბათ ისეთი ხარვეზები, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები გაამახვილებენ ყურადღებას“,- აცხადებს კახიშვილი.
როგორც კახიშვილი ამბობს, ბოლო დროს ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის დასკვნაში იყო ასახული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების გადამეტება.
„ერთი მხრივ, ის არ კვეცავს და ამ უფლებებს უტოვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ასევე უტოვებს ბუნდოვან კანონს, რომლითაც სარგებლობს ეს სამსახური. მეორე მხრივ, ვირტუალურად იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს მიდგომები შეიცვალა, ასეთ ინიციატივას სთავაზობს“, - მიიჩნევს კახიშვილი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ, შალვა შავულიძეს ასეთი საკანონმებლო ინიციატივა შთაბეჭდილებას უქმნის, რომ სწორედ პრეზიდენტის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ვარაუდობს, რომ მათ დასჭირდებათ დანახარჯების დაფარვა, ან მისი არასწორად წარდგენა.
„შეეცდებიან, სხვადასხვა მანიპულაციებით მიღებული თანხები მაინც დათვლადი დარჩეს, ალბათ, ამ მიზნით შემოაქვს პრეზიდენტს ეს საკანონმდებლო ცვლილება, თორემ თუ სურვილი აქვს სააკაშვილს, რომ საარჩევნო კოდექსი გამოსწორდეს, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, მართლაც რომ არსებითად გამოასწორებს საარჩევნო გარემოს, თუმცა ამაზე არც პრეზიდენტი და არც დღევანდელი პარლამენტი არ ზრუნავს“, - აცხადებს შავგულიძე.
ასეთი ლმობიერი ინიციატივა არჩევნების წინ თანაც მიხეილ სააკაშვილისგან დიდად გასაკვირია, თუმცა პოლიტიკოსები თვლიან, რომ სააკაშვილს ასეთი ინიციატივისკენ დასავლეთმა უბიძგა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ არსებული კანონის ეს მუხლი კატასტროფული იყო საქართველოსთვის, ვინაიდან პრეზიდენტს თუ გაუხარდებოდა, ნებისმიერ დღეს გამოაცხადებდა, რომ ამა თუ იმ პარტიამ დაარღვია ფინანსური წესრიგი, ზედმეტი დახარჯა და ამიტომ მისი ხმები არ დაითვალოთ.
„ეს იქნებოდა კატასტროფა, რადგან ვინმე, თუნდაც პატარა პარტია მონაწილეობდეს არჩევნებში და პრეზიდენტს უნდა თუ არ უნდა, მის ხმებს ან ითვლიდნენ, ან არა. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობდა ოპოზიცია და ხმას იღებდა დასავლეთიც, რადგან ასეთი საფრთხე არსებობდა. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთის გავლენა იყოს ცვლილებათა ამ პროექტში, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ უსიამოვნო და დრაკონული კანონი შეიცვალა“,- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
დიდი ხანია, მიჩვეულები ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც იტყვის, კვერს უკრავს ყველა სახელმწიფო უწყება, ამდენად, ძნელი სათქმელია, „ნაციონალებს“, რომლებიც ბიუჯეტსაც კი ისე ხარჯავენ, რომ ვერავინ აკონტროლებს, ფინანსური ანგარიშის წარდგენა გაუჭირდეთ. თუმცა, სხვა საქმეა, რა მოხდება, თუ ისინი არჩევნებს წააგებენ. შესაძლოა, ეს ერთი მხრივ, თავის დაზღვევადაც მოგვეჩვენოს, თუმცა სავარაუდოდ, დასავლეთის მითითების შესრულებას უფრო ჰგავს.
„რაც შეეხება იმას, როგორ გამოიყენებს კანონს „ნაციონალური მოძრაობა“, ამაზე მარჩიელობა არ ღირს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ კანონი არ ადარდებდა არასოდეს და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეწერება საარჩევნო კოდექსში. ამიტომ, მგონია, ეს ცვლილება უფრო დასავლეთის კარნახითაა მომზადებული, ვიდრე სულით და გულით. „ნაციონალები“ ამ ცვლილებით დიდ სარგებელს ვერ ნახავენ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ არ წარმოადგინონ ფინანსური ანგარიში და ჯარიმა გადაიხადონ, არ მგონია რომ ასე გაუჭირდეთ მათ.მოქმედი კანონით მას შეეძლო ეთქვა, „ქართულმა ოცნებამ“ გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს, დახარჯა მეტი, ამიტომ კი ბატონო, არჩევნები ჩატარებულად ჩავთვალოთ, დავთვალოთ ხმები, მაგრამ „ოცნების“ ხმები არ დავთვალოთ და 180%-ით გაიმარჯვებდა ნაციონალური მოძრაობა.
ეს საფრთხე გამოირიცხება თუ მიიღებენ ამ ცვლილებას, ეს იქნება მათი ბოლო შეკრება ამ პარლამენტში, 2004 წლის პარლამენტი ამით ამთავრებს თავის მოღვაწეობას და როგორც ჩანს, უნდათ კონსტრუქციულ ნოტაზე დაამთავრონ“, - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე თვლის, რომ პარტიის დისკვალიფიკაცია, მისი მოხსნა არჩევნებიდან ყველა შემთხვევაში საკმაოდ გადაჭარბებული სანქციაა.
„ეს არის ძალიან ადვილად გამოსაყენებელი ბერკეტი ამ ხელისუფლების ხელში, შეუძლია, ნებისმიერი, მისთვის მიუღებელი ოპოზიციური პარტია მოხსნას არჩევნებიდან, გაუუქმოს საარჩევნო რეგისტრაცია, რაც ძალზე სერიოზული საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ, ეს სანქცია თუკი გაუქმდება, სწორია, რადგან მეტისმეტად მკაცრია, მაგრამ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ რა რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც უამრავი ფინანსური სანქცია დაეკისრა „ქართულ ოცნებას“, კოლოსალური თანხების ოდენობით, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, მოგეხსენებათ სახელმწიფო აუდიტის მიერ დაკისრებული ჯარიმები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო და ეს იყო მათი პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება, თუ ამას გავითვალისწინებთ, კანონში რა ჩანაწერი იქნება, ეს ნაკლებად მნიშვნელოივანია, იმიტომ, რომ ამ კანონს ხელისუფლება აბსოლუტურად სათავისოდ და შერჩევით იყენებს. ამიტომ, საკანონმდებლო ცვლილებას ამ ქვეყანაში რაიმე შედეგი არ მოაქვს.
როდესაც ერთი მიმართულებით ერთი სუბიექტის წინააღმდეგ შერჩევით იყენებ კანონს, როცა სასამართლო არ გაქვს და კანონში ცვლილება შეგაქვს, ეს ბევრს არაფერს არ ცვლის.. მიმაჩნია, რომ ცვლილება, როგორც ჩანს, განაპირობა უცხოეთის მითითებამ“,- აცხადებს მანანა კობახიძე
კახა კახიშვილის თქმით: „რამდენად ადეკვატურია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სუბიექტი ჯარიმდება მილიონობით ლარით ერთ კონკრეტულ ეპიზოდში, ხოლო მთლიანი მოსყიდვის თუ დარღვევების ნაყოფი ისჯება სულ 10 ათასი ლარით. რამდენი 10 ათასი ლარი აქვს გადახდილი პოლიტიკურ სუბიექტ „ქართულ ოცნებას“, აბა წარმოიდინეთ. გამოდის, რომ საბოლოო სანქცია ბევრად ლმობიერია, ვიდრე კონკრეტული სამართალდარღვევის დროს დაკისრებული ჯარიმა. ეს ხომ პარადოქსი და სამართლებრივი ნონსენსია.
ვიდრე არჩევნებამდე მიხვალ, იქამდე თუ აღმოიჩინეს დარღვევა, - 80 მილიონი უნდა გადაიხადო და თუ საბოლოო შედეგამდე მიხვედი და კონტროლის პალატამ ვერ შეამჩნია ეს ყველაფერი, გამოდის, რომ ერთხელ 10 ათას ლარს გადაიხდი და მორჩება.
მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომებია, საქართველოში ისედაც პრობლემა იყო სამართლის პრინციპების დანერგვა. მივესალმები პრეზიდენტის ამ ინიციატივას თუ იგივე დონის ჯარიმები იქნება გადატანილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში. თუ მაქსიმალური ჯარიმები იქნება ისეთი, რომ არ აცდეს ათასებს და არ იქნება მილიონები და ლამის ასეულობით მილიონი. თუ პრეზიდენტი პარალელურად მსგავსი ინიციატივითაც გამოვა, მაშინ, ამ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“,- აცხადებს კახიშვილი.
სავარაუდოდ, სააკაშვილი ამ ცვლილებით უცხოელებისგან თავზე ხელის გადასმას უფრო ელოდება, რადგან შესაბამისი კანონმდებლობა კი არსებობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის არჩევნებიდან მოხსნას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც დიდი ხმაური მოჰყვებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, მმართველი ძალა ამაზე წასულიყო. ამდენად ასეთი ცვლილებით, სააკაშვილს სათქმელი ექნება, რომ უფრო ლმობიერი მმართველი გახდა და დემოკრატიული არჩევნების გარანტობა ტყუილად არ აუღია საკუთარ თავზე.
„როდესაც მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეაქვთ ასეთი ცვლილება ამას ისევ სათავისოდ გამოიყენებენ და უჩვენებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მიდგომა შეიცვალა.
იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, სადაც ეწერა რომ ძალიან ცუდად მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც უნისონშია სასამართლოსთან, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის დევნა განახორციელოს, დარწმუნებული ვარ, მეორე შუალედურ დასკვნაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ ამ ეტაპზე გაუმჯობესდა სახელმწიფოს მიდგომა ამ პრობლემის მიმართ და პრეზიდენტის ინიციატივით საარჩევნო კოდექსში შემოვიდა ასეთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ლმობიერ ჯარიმას, მაგრამ ის კატასტროფული ჯარიმები რომ არავის არ აღუკვეთია, ამაზე არ იქნება დიდი აპელირება“,- მიიჩნევს კახა კახიშვილი.