„ზაკაევის მხსნელი საქართველოში მოკლეს,“ - ამ სათაურის სტატიები გაჩნდა რუსულ პრესაში. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რუსულ მხარეს როგორი სურვილი ამოძრავებს - კავკასიელი ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდოს.
რუსული „კომერსანტის“ ცნობით, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის ერთ-ერთი -დუკვახა დუშუევი (დოშუევი) არის ჩეჩნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილის - ახმედ ზაკაევის პირადი მცველი. რუსული მედიის ცნობით, ეს ის ახმედ ზაკაევია, რომელიც საკუთარ თავს დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ლიდერს უწოდებს.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ლოპოტის ხეობაში მოკლულთა შორის ყველაზე გავლენიანი ფიგურა სწორედ 44 წლის დუშუევი იყო და იგი ჩეჩნეთის პირველ კამპანიაში მონაწილეობდა, როგორც ახმედ ზაკაევის პირადი მცველი.
2000 წლის დასაწყისში, როდესაც ზაკაევი საზღვარგარეთ წავიდა, დუშუევი რუსეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
2003 წელს, როდესაც ლონდონის სასამართლო ახმედ ზაკაევის ექსტრადიციის საქმეს განიხილავდა, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა მოწმე დუშუევის ჩვენება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სწორედ ზაკაევი გასცემდა ბრძენებებს გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ, რომელთა გარშემოც რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული. თუმცა მოგვიანებით დუკვახა დუშუევმა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე დატოვებული ჰქონდა რუსეთი, ყველაფერი უარყო და სასამართლოს განუცხადა, რომ ეს ჩვენება მისი წამების შედეგად იყო მიცემული.
კერძოდ, დუშუევმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ იგი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, ჩააგდეს ორმოში, რომელშიც ექვსი დღე ხელებზე ხელბორკილებითა და თავზე ტომრით დაჰყო. მისივე თქმით, პატარა ორმოში შეუძლებელი იყო, როგორც დგომა, ისე - დაჯდომა. დაკითხვისას კი „ფე-ეს-ბე“-ს თანამშრომლები სცემდნენ და აწამებდნენ. მისგან ითხოვდნენ დადასტურებას, რომ ახმედ ზაკაევთან ერთად ისიც ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას დაღესტანში და ორივე გაწევრიანებული იყო დანაშაულებრივ დაჯგუფება „ჯამაათში“.
მისივე მტკიცებით, ექვსდღიანი წამების შემდეგ დათანხმდა იმგვარ ჩვენებებზე ხელის მოწერას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. მისივე განმარტებით, „აღიარების“ შემდეგ გროზნოში, „ფე-ეს-ბე“-ს სამმართველოში გადაიყვანეს და ხელი მოაწერინეს ერთადერთ ქაღალდზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 1996 წელს ახმედ ზაკაევი მონაწილეობდა მართმადიდებელი მღვდლების გატაცებაში. შემდგომ ეს დოკუმენტი რუსულმა მხარემ ლონდონის სასამართლოზე წარადგინა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ ლონდონის სასამართლოში დუშუევის გამოსვლას „რუსული მართლმსაჯულების წინააღმდეგ პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ „ყველა ასე მოქმედებს, ვინც ბერეზოვსკის ფულით მოქმედებს“.
ლონდონის სასამართლოზე ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, სწორედ იმის წყალობით, რომ თვითმხილველმა დუშუევმა ჩვენება შეცვალა, ახმედ ზაკაევი ლონდონში დარჩა და რუსეთში ექსტრადიციას გადაურჩა.
ლაფანყურში თავისი თანამებრძოლის დაღუპვას უკვე გამოეხმაურა ახმედ ზაკაევიც. მისი თქმით, ლოპოტას ხეობაში მომხდართან დაკავშირებით მათ უკვე შექმნეს სპეციალური შემსწავლელი კომისია.
მეტიც, იჩქერიის დევნილი მთავრობის წევრის, ახმედ ზაკაევის განცხადებით, მან დაზუსტებით იცის, რომ ლოპოტას ხეობაში ქართული სპეცსამსახურების მიერ ლიკვიდირებული დუკვახა დუშუევი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
როგორც ზაკაევმა „მე-9 არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ბრიტანეთის პოლიტიკური თავშესაფრის ქვეშ მყოფი დუშუევი ამ პერიოდში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.
ზაკაევის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ მოხვდა დუშუევი იმ ჯგუფში, რომელმაც საქართველოს ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დივერსიული მიზნებისთვის გადაკვეთა.
„ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური შემსწავლელი კომისია, რომელმაც ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით უნდა გაარკვიოს, თუ რა მოხდა რეალურად სპეცოპერაციის დროს. იმის მიუხედავად, ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე ჩვენთან, ჩვენ გაგვაჩნია სათანადო რესურსი საქართველოში, რათა დავადგინოთ რეალურად მომხდარი დეტალები, რის შემდეგაც ჩეჩნეთის კანონიერი მთავრობა ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს“, - დასძინა ზაკაევმა.
ახმედ ზაკაევის ნათქვამი მეტად თავდაჭერილია, თუმცა მის მიღმაც შეიძლება, ამოვიკითხოთ ქვეტესტები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახმედ ზაკაევი რუსებთან მებრძოლი, და არშემგუებელი ჩეჩნებისთვის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ ჩეჩნებს ზაკაევის თანამებრძოლის დაღუპვის გამო და ხომ არ გამოიწვევს მომხდარი ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას?
უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს ახმედ ზაკაევის მიერ ლოპოტას ხეობაში მომხდარ ფაქტზე სპეციალური კომისიის შექმნა? ნუთუ მისთვის საკმარისი არ არის ქართველი ძალოვანების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია?! ან კიდევ რას ნიშნავს მისი ფრაზა, რომ მათ რეალობის დასადგენად სათანადო რესურსი გააჩნიათ საქართველოში?!
For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი ამ ინციდენტში ცალკეული პიროვნებების გამოყოფას და მათ გამო ინდივიდუალური მტრობის ნიშნებს ნამდვილად არ ელის. თუმცა მიიჩნევს, რომ თავად ფაქტია ძალიან მძიმე, რადგან დაღუპულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ლტოლვილები არიან, რომლებიც უკვე ათწეულობით საქართველოში ცხოვრობდნენ.
გია ყარყარაშვილის თქმით, ამ ადამიანებზე ვრცელდებოდა ქართული კანონმდებლობა და ისინი იმავე უფლებებით სარგებლობდნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეები. მეტიც, მათ ლტოლვილის საბუთი ჰქონდათ. ამდენად, ფაქტი მძიმეა, რადგან სპეცოპერაციამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.
„რაც შეეხება შურისძიების ალბათობას, ამ ლოგიკით, რუსლან გილაევის ვაჟიც ამდენი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ახლახანს დაიღუპა სირიაში. ასე რომ, ამ საკითხს ინდივიდუალურად ვერ დავაკავშირებთ. მე არ ვთვლი, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ ფაქტს კონკრეტიკით, პერსონალიების დონეზე უნდა მივუდგეთ. თუმცა ინციდენტი ბევრად უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს ხელისუფლებას, რადგან საქმე საქართველოს ამდენ მოქალაქეს და პანკისის მაცხოვრებლებს შეეხო. სწორედ ამაზე ითხოვს პასუხს საზოგადოება“, - აღნიშნა გია ყარყარაშვილმა For.ge-სთან საუბარში.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ, ზაკაევის განცხადებაში, გარკვეულწლად, პოზიცია იგრძნობა, რომ ისინი არანაირად არ ებრძვიან ქართველ ხალხს. ექსპერტის თქმით, საკმაოდ ფრთხილია ახმედ ზაკაევის განცხადება, - „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ხოლო, თუ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ ინციდეტი თავად გამოვიძიოთ“. უფრო მეტიც, ამ ნათქვამით ჩვენი ხელისუფლების მიმართ პირდაპირი ბრალდება არ ჩანს.
„ახმედ ზაკაევი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მცველი უკვე ექვსი თვეა, არ იმყოფებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ახმედ ზაკაევი თავად არ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების განცხადებას, რომ დუშუევი თურმე რუსეთის ტერიტორიიდან მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა არც იმას ამბობს, რომ დუშუევი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილა. ამ საკითხს ზაკაევი ღიად ტოვებს. საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის თვალსაზრისით, მისი ტონი, ასევე, ფრთხილია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი For.ge-სთან საუბრისას და ზაკაევის სიფრთხილეს თავის ახსნას უძებნის. კერძოდ, ახმედ ზაკაევი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზებს არ იჭრის.
თუმცა ზაკაევის ნათქვამი - ვითანამშრომლოთ და ერთად გამოვიძიოთო - ნიშნავს, რომ პასუხი გაგვეცით, რეალურად რა მოხდა და რატომ იქნენ ლიკვიდირებულნი ეს ადამიანები. ირაკლი სესიაშვილის აზრით, ულტიმატუმის ნაცვლად, ზაკაევმა პირობა წამოაყენა: თუ ქართული მხარე თანახმა არ იქნება, მაშინ ჩვენი გზებით გამოვიძიებთ სიმართლეს.
„სავარაუდოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ, თუ თქვენ არ იტყვით სიმართლეს და არ აგვიხსნით, რატომ მოხდა მათი ლიკვიდირება, მაშინ ჩვენი საშუალებით გავიგებთ და, შეიძლება, ეს საჯარო გავხადოთო. ამით კი, შესაძლოა, დაზიანდეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესი, თუკი მათ ნეგატიური წვლილი მიუძღვით ამ საქმეში. საკმაოდ დიპლომატიური განცხადებაა, თუმცა გარკვეული ანალიზის საშუალებას იძლევა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისი განმარტებით, ამ ჯგუფის გადაადგილების შესახებ, ცხადია, კიდევ ვიღაცამ იცოდა. მათ ისიც იცოდნენ, რა მიზნით და სად მიდიოდნენ ეს ადამიანები. სავარაუდოდ, ალბათ, უშუალოდ სპეცოპერაციის დროს, კომუნიკაციაც არსებობდა ამ ჯგუფსა და გარკვეულ პირებს შორის, რომლებიც ამ ჯგუფში არ იყვნენ. შესაბამისად, ის ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად, ვიღაცამ ნამდვილად იცის, მიიჩნევს ექსპერტი. ამასთან, დარწმუნებულია, რომ მომხდარის გამოძიების უფრო მეტი რესურსი აქვს ზაკაევს, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას, რადგან, როგორც ჩანს, ეს საერთო ქსელი ზაკაევის მიმართ იყო ანგარიშვალდებული.
„ვერ გეტყვით, ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაციის მქონე ადამიანებიც ჩრდილო კავიკასიელები იყვნენ თუ არა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ზაკაევს შეუძლია, დაადგინოს, რა მოხდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზანი ჰქონდათ მათ, საით მიემართებოდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, რა შეთანხმებით მოქმედებდნენ, ზაკაევმა კი ეს იცის“.
ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩრდილო კავკასიელები, ე.წ. მებრძოლი-გამათავისუფლები თვლიდნენ, რომ რუსული ოკუპაციის გამო საქართველო შეიძლებოდა, მათი პარტნიორი ყოფილიყო. მეტიც, კავკასიელებს მიაჩნდათ, რომ ჩვენ ერთი მტერი გვყავდა და შეგვეძლო გვემეგობრა. ამდენად, მათთვის, შესაძლოა, ერთგვარად მოულოდნელი ყოფილიყო ეს სპეცოპერაცია და მისი შედეგები.
„ასეთ ვითარებაში ზაკაევის განცხადების ტონი კარგად ჩანს: თუ ჩვენ მეგობრობა გვინდა, ვიმეგობროთ ანუ ვითანამშრომლოთ. ხოლო, თუ ჩვენ მეგობრობა არ გვინდა, მაშინ ჩვენვე დავადგენთ სიმართლეს და შესაბამისად, პასუხს გაგცემთ. ეს ტონი მანიშნებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს არ უნდათ ჩვენთან დაპირისპირება, მაგრამ არც ის უნდათ, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხები არ მიიღონ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.