წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში არა მხოლოდ NDI და IRI, არამედ ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციებიც აქტიურად აკვირდებიან და მათ მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადებულ ანგარიშებზე ბევრია დამოკიდებული.
საერთაშორისო ორგანიზაციები ძირითადად ადგილობრივი არასამთავრობოების მიერ აღწერილ ფაქტებს ეყრდნობიან ხოლმე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებს რაც შეიძლება ობიექტური და სრული ინფორმაცია ჰქონდეთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ სპეციალურად არჩევნებისთვის შექმნეს პორტალი www.electionsportal.ge, რომლის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დინტერესებული მხარეებისთვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცევლი ინფორმაციის მიწოდება. ასევე წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ სავარაუდო დარღვევების შესახებ სამი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის ინცინდენტების რუკაზე ასახვა. საარჩევნო პერიოდის ინცინდეტების გარდა, პორტალზე გასული არჩევნების შედეგებისა და ამომრჩეველთა სიების შესახებ ინფორმაციაც არის განთავსებული.
დღეს ცნობილი ხდება, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალზე უკვე 301 ინცინდენტის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის, ყველაზე მეტია ზეწოლის ფაქტები - სულ 198 ინცინდეტი, ასევე პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 41 და სხვა სახის დარღვევების 16 შემთხვევა.
რაიონების მიხედვით ინცინდენტები ასე გადანაწილდა - ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში დაფიქსირდა (62 ფაქტი), ასევე დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში (49), შიდა ქართლში (44), გურიასა (29) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (27) რეგიონებში. თბილისის ათივე ოლქის შეჯამებული მონაცემებით არჩევნებისპორტალზე 43 ინცინდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა გორში - 26 შემთხვევა, გურჯაანში - 15, დედოფლისწყაროში - 13, ლანჩხუთში - 11, ქუთაისში - 11, კასპში - 10, ოზურგეთში - 10, ლაგოდეხში - 9, ზუგდიდში - 9, საჩხერეში - 9.
ინიციატივის ავტორთა განცხადებით, პორტალზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის გარდა მოქალაქეთ მიერ გაგზავნილი ინცინდენტებიც არის ასახული. საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევების შესახებ პორტალზე ინფორმაციის გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასო sms ნომერზე 2500.
„ამ ეტაპზე პორტალზე ყველაზე ნაკლები თავად მოქალაქეებისგან შემოსული ინფორმაციაა დარღვევების თაობაზე, მაგრამ მოსახლეობის უფრო ფართოდ ინფორმირებისათვის ჩვენ, ამ ინიციატივის ავტორები მის შესახებ ფართო სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის გაშლას ვაპირებთ. ამასთანავე, უკვე ჩაირთო არჩევნების პორტალის „ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ გვერდები, საიდანაც მოქალაქეებს საარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სოციალურ ქსელებში ინცინდენტების გაზიარებაც შეუძლიათ. არჩევნების დღეს პორტალი პირდაპირ რეჟიმში იმუშავებს. შესაბამისად, არჩევნების დღეს ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ინცინდენტების შესახებ ინფორმაცია გამოგვიგზავნოს“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროგრამების მენეჯერი მიხეილ ბენიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების პორტალზე განთავსებული ინფორმაცია შესაბამისი წესით არის გადამოწმებული და ამიტომ სრულიად სარწმუნოა.
„პორტალზე ინცინდენტებს ვანთავსებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ მედიით გაშუქდება, არამედ ჩვენი იურისტების მიერ ადგილზე უშუალოდ გადამოწმდება. ჩვენ ვესაუბრებით მოწმეებს, თვითმხილველებს, დაზარალებულებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება აღნიშნულ ინცინდენტებთან. ინფორმაციის მხოლოდ ასე, უტყუარად, პირველწყაროსთან გადამოწმების შემდეგ ხდება ამ მონაცემების ვებ-გვერდზე განთავსება“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური.
მისი თქმით, თითოეულ ამ ინცინდენტზე ხდება შესაბამისი რეაგირება. მაგალითად, თუ საქმე ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასეთი ფაქტები უწყებათშორის კომისიას ეგზავნება. თუ სახეზეა პოლიტიკური გაერთიანებების წესების დარღვევა, ან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, მაშინ მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადამისამართება ხდება და არასამთავრობოები სახელმწიფო უწყებებისგან სათანადო რეაგირებას ითხოვენ.
„მაგალითად გავიხსენებ ოზურგეთის გამგებელთან დაკავშირებულ ინცინდენტს, როდესაც მედიით გავრცელდა აუდიო-ჩანაწერი, სადაც გამგებელი თავის ქვეშევრდომებს სავარაუდო მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას სთხოვდა. ეს ინცინდენტი ჩვენს მიერ გადამისამართდა როგორც ოზურგეთის საკრებულოში, ასევე უწყებათშორის კომისიაში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც“, - აცხადებს ლელა ტალიური.
არასამთავრობოების წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების პორტალი ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის წარმოდგენის ერთ-ერთი მეთოდია. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება მოვლენებს, აგროვებს ფაქტებს და ის, რაც მოგვიანებით ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ხვდება, ამ პორტალზე მოქალაქისათვის უფრო მოსახერხებელი ფორმით აისახება. არასამთავრობოთა წარმომადგენლების განცხადებით, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით ისინი ხშირ შემთხვევაში უწყებათშორის კომისიას მიმართავენ, თავად კომისიაც ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციებს და რამდენიმე კონკრეტული ინცინდენტის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უწყებათშორისმა კომისიამ თავად გამოითხოვა ინფორმაცია.
ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმეა, სერიოზული დარღვევებით გაჯერებული და მთელი ეს ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გადამოწმებულია და პორტალზე არის განთავსებული. თუმცა საბოლოოდ, ამ ინფორმაციების გადამოწმების ვალდებულება სახელმწიფო უწყებებს აქვთ, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიან.