„ცუგცვანგი“ ქართულ პოლიტიკაში, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

„ცუგცვანგი“ ქართულ პოლიტიკაში, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

 

„ქართული ოცნება“ აპირებს მომავალ პარლამენტში უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი. კოალიციის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ. მოვლენები ასე რომც განვითარდეს, საკმაოდ საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან გვეყოლება ოპოზიციური პარლამენტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცება მოუწევს. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ახლანდელი, სავარაუდოდ მომავალი პრემიერ-მინისტრიც (ყოველ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე) ვანო მერაბიშვილია, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

ოქტომბერში, როდესაც პარლამენტი დაკომპლექტდება, ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება. ცხადია, „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობითაც რომ მოვიდეს, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად თავის კანდიდატურას, ვანო მერაბიშვილის წარადგენს და არა ბიძინა ივანიშვილს. „ქართული ოცნების“ მიზანი კი მხოლოდ საპარლამენტოო მმართველობის ხელში აღება არ არის.

რა თქმა უნდა, კოალიცია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც იბრძოლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ისე, რომ მთავრობა სააკაშვილის გუნდით იქნება დაკომპლექტებული, პარლამენტი კი ოპოზიციური შემადგელობის იქნება. ამიტომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ურთიერთობის დალაგება ცოტა არ იყოს, გაუჭირდება.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ასეთ შემთხვევაში და ქართული კანონმდებლობის თანახმად, ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად რა პროცედურებია გათვალისწინებული, ამის შესახებ for.ge-ს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება.

ვახტანგ ხმალაძე: „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კი პარლამენტი თავისი წევრების უფლება-მოსილებას სცნობს, მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება, ანუ გადამდგარად ითვლება. ამიტომ, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს ნდობის მისაღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, პარლამენტს პრემიერ-მინისტრი და მთელი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინოს. მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს თავისი სამოქმედო პროგრამა, რის შემდეგაც პარლამენტმა ნდობის საკითხს უნდა უყაროს კენჭი.

მოდით განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში. ერთი ვარიანტი ასეთია - პრეზიდენტი არ შედის დაპირისპირებაში პარლამენტთან (რა თქმა უნდა, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა) და მას მთავრობის იმ შემადგენლობას წარუდგენს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას, ანუ „ქართულ ოცნებას“ სურს, ანუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად და შემდეგ ის მინისტრები, ვისაც ბიძინა შეარჩევს. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობას და ურთიერთობა პარლამენტსა და მთავრობას შორის უპრობლემოდ გაგრძელდება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს შეუძლია საპარლამენტო უმრავლესობის აზრი საერთოდ არ გაითვალისწინოს და წარუდგინოს მისთვის სასურველი მთავრობის შემადგენლობა, ანუ პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი და მათთვის სასურველი მინისტრები. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

რა ხდება ამის შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტს მთავრობის იგივე შემადგენლობა ხელახლა წარუდგინოს?

- დიახ, მას შეუძლია იგივე შემადგელობა მეორედ წარადგინოს, ასევე მესამედაც, მაგრამ პარლამენტი მთავრობას კვლავ არ გამოუცხადებს ნდობას. აქვე გეტყვით, რომ პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. ამიტომ, იმ ყოვლად უკუღმართი ნორმების საფუძველზე, რაც კონსტიტუციაში წერია, პრეზიდენტი თავად დანიშნავს მისთვის სასურველ მთავრობას.

რამდენჯერ აქვს უფლება პრეზიდენტს, რომ პარლამენტს მთავრობის ერთი და იგივე შემადგენლობა წარუდგინოს?

- რამდენადაც მახსოვს, სამჯერ და ამის შემდეგ უკვე შეუძლია მთავრობა თავად დაამტკიცოს. შედეგად ვღებულობთ ასეთ ვითარებას - გვეყოლება პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც პარლამენტი არ უჭერს მხარს.

ეს ხომ პოლიტიკური კრიზისია?

- რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რადგან ასეთი მთავრობის წინადადებებს, კანონპროექტებს პარლამენტი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.ნაკლებად სავარაუდოა ასეთმა მთავრობამ ისეთი წინადადებები და კანონპროექტები წარადგინოს, რაც ოპოზიციურ პარლამენტს მოსწონს. შესაბამისად, ეს კანონები ვერ გავა. პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს, მაგრამ იქვე რჩება ისეთი საკითხები, რომლებსაც პრეზიდენტი პარლამენტის უკითხავად დაამტკიცებს. მაგალითად, ასე შეიძლება მოხდეს ბიუჯეტის შემთხვევაში, რადგან ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

ამდენად, პრეზიდენტს პარლამენტის გარეშე შეეძლება ბიუჯეტის დამკტიცება?

- დიახ, მთავრობა ხომ წარუდგენს პარლამენტს 2013 წლის ბიუჯეტს, რომელსაც ოპოზიციური პარლამენტი, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. ამის შემდეგ, რადგან პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ ექნება, იგი თავისი დეკრეტით დაამტკიცებს ბიუჯეტს. ამდენად, მუდმივად იქნება პოლიტიკური კრიზისი.

გამოდის, რომ პრეზიდენტი და მთავრობა პარლამენტთან კოორდინაციის გარეშე იმოქმედებენ?

- დიახ, პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ იქ სხვა პრობლემებიც ჩნდება. პარლამენტი მიიღებს არაერთ ისეთ კანონს, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობას, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“, საჭიროდ მიაჩნია. პრეზიდენტს შეუძლია ვეტოს უფლება გამოიყენოს, ვეტოს დაძლევა კი „ქართულ ოცნებას“ შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ კანონს პარლამენტის წევრთა სამი მეხუთედი დაუჭერს მხარს. თუ „ქართულ ოცნებას“ ექნება 60%-იანი და არა უბრალო უმრავლესობა, მაშინ იგი შეძლებს ისეთი კანონების მიღებას, როგორიც თავად სწორად მიაჩნია, ანუ რითაც შეძლებს თავისი საპროგრამო ამოცანების შესრულების დაწყებას. ხოლო თუ „ქართულ ოცნებას“ სამი მეხუთედიანი უმრავლესობა არ ექნება, მაშინ იგი ვეტოს ვერ დასძლევს და შევდივართ ე.წ. „ცუგცვანგის“ მდგომარეობაში, ანუ რაც პრეზიდენტს და მთავრობას ენდომება, იმას პარლამენტი არ მიიღებს, ხოლო რაც პარლამენტს ენდომება, იმას პრეზიდენტი დაბლოკავს, მაგრამ თუ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ორ მესამედიანი უმრავლესობა ექნება, მაშინ ვერც პრეზიდენტი და ვერც მთავრობა ვერაფერს გახდებიან. ასეთ შემთხვევაში პარლამენტს შეეძლება კონსტიტუციის შეცვლაც, პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელებაც, ასევე ნებისმიერი კანონის მიღებაც და პრეზიდენტი უკვე ამას წინ ვერ აღუდგება. 3/5 უმრავლესობის შემთხვევაში პარლამენტი შეძლებს ნებისმიერი კანონის მიღებას, მაგრამ მას პრობლემა ექნება ორგანული კანონის მიღებისას და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისას, ანუ აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი უმრავლესობით მოვა პარლამენტში „ქართული ოცნება“.

მოდით განვიხილოთ ის ვარიანტი, როდესაც პრეზიდენტი ვეტოს ადებს პარლამენტის გადაწყვეტილებებს. ეს პოლიტიკური კრიზისი 6 თვე რომ გაგრძელდეს, ამის შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნება?

- 6 თვის გასვლის შემდეგ პრეზიდენტს ექნება გარკვეული დრო, დაახლოებით ერთთვიანი შუალედი, როდესაც მას პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნება.

ქართული კანონმდებლობით, რამ შეიძლება განაპირობოს ამ უფლებია წარმოშობა?

- დათხოვნის უფლება შეიძლება განაპირობოს მაგალითად იმან, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადოს, ასევე იმან, რომ პარლამენტმა მოინდომოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, თუნდაც ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდეს. გარდა ამისა, თუკი პარლამენტი ბიუჯეტში შესატან ნებისმიერ ცვლილებას არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს ესეც აძლევს პარლამენტის დათხოვნის უფლებას. ასევე, თუ პარლამენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს არ მიიღებს, მთავრობას შეუძლია ნდობის საკითხი დასვას და თუ პარლამენტმა ეს საკითხიც არ მიიღო, მაშინ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია. ამდენად, არის რამდენიმე ისეთი საფუძველი, როდესაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის წინაპირობა ხელოვნურად შეიძლება შეიქმნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ხალხს სჭირდება და რასაც ხალხი კარგად დაინახავს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ კანონებს პრეზიდენტი დაბლოკავს, მაშინ პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ნაციონალები გაცილებით უფრო ნაკლებ ხმას მიიღებენ, ვიცრე ოქტომბრის არჩევნებისას, ვინაიდან იმათ შორისაც კი, ვინც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს მხარი, უკმაყოფილების განცდა გაჩნდება. ასე რომ, დღევანდელ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წაგება უფრო დიდი ექნება. ამდენად, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი მოქმედება საკმაოდ სარისკოა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკვე პარლამენტი შეძლებს იმას, რომ საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს. ამდენად, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი რესურსი ექნება იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნებში კიდევ უფრო მეტი უპირატესობით გაიმარჯვოს.