„ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ოფისის დამრბევისთვის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე 11 წლიან პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატის მოსაზრებით, დამნაშავე მათ მიმართ არა მარტო აგრესიას იჩენდა, არამედ საარჩევნო საქმიანობაში ხელს უშლიდა, რაც საერთო ჯამში, 11 წლიან თავისუფლების აღკვეთას ნიშნავს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება არც დაწყებულა. როგორც გაირკვა, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია და, „ქართული ოცნების“ აქტივისტების თქმით, მათ დახოცვითა და ოფისის გადაწვით ემუქრებოდა.
For.ge „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს შტაბის ხელმძღვანელს მიხეილ ჩომახაშვილს ესაუბრა.
- შტაბის აქტივი ღამის 12 საათზე ვმუშაობდით. ფაქტობრივად, 24 საათიანი რეჟიმი გვაქვს. ჩვენს დეპუტატობის კანდიდატს, შალვა ხაჭაპურიძეს სხდომა მიჰყავდა. ამ დროს ოფისში მთვრალი პიროვნება შემოვიდა და აგრესიულად იქცეოდა. თხოვნითა და მოფერებით იგი გარეთ გავიყვანეთ. თუმცა გარედანაც განაგრძო მუქარა, გინება, ჩვენს წევრებზე გაწევას ცდილობდა. როგორღაც მოვახერხეთ და ოფისში შემოვედით, კარები ჩავკეტეთ. ჩვენ გვაქვს ხის ღობე, ეტყობა, გამწარდა, თავისას რომ ვერ მიაღწია, პროვოკაციაზე ვერანაირად ვერ გამოგვიწვია, ამიტომ ღობეს ეცა და დაგვინგრია. ხელი არ დავატყით, რადგან ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს მეუღლე ახლდა გვერდით და მის მეუღლესაც პირდაპირ აგინებდა. ამის შემდეგ შემოვარდა და ღობის ფიცარი მოუქნია შალვას მეუღლეს და ლურსმნით გაუხია მაისური.
ამის შემდეგ პოლიციაში დავრეკეთ, ეტყობა, პოლიცია დაკავებული იყო და დაგვიანებით მოვიდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თეთრიწყაროში ჩვენი ოფისის წინ ერთადერთი კამერაა, რომელიც პოლიციაზეა მიმაგრებული და ისინი პირდაპირ გვიყურებდნენ, თუ რა ხდებოდა. მატერიალურ და ფიზიკურ ზარალზე არავინ ლაპარაკობს. უბრალოდ, ვისხედით ამდენი ხალხი, პირადად მე დედა დასაფლავებული მყავს და მკვდარი და ცოცხალი არ დაგვიტოვა, არაადამიანურად იქცეოდა, „ვენაცვალე ხუთ ნომერს“, „გაუმარჯოს დათო ბეჟუაშვილს“-ო, გაიძახოდა. დათო ბეჟუაშვილს ასეთი რამ აწყობს?! არ ეკადრება დათოს ეს, მე ასეთ კაცად მას არ ვიცნობ.
მართალია, რომ იგი ნაცმოძრაობის წევრი დავით ხაჩატურიანი იყო?
- ვერ გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო თუ არა, მაგრამ ერთადერთი რამ ვიცი, რომ თეთრიწყაროში, ბაქო-ჯეიჰანის დაცვის სამსახურში მოხვედრა ყველას არ შეუძლია. თუ მთავრობისადმი ლოიალური არ ხარ, ბაქო-ჯეიჰანის დაცვაში არავინ დაგაწყებინებს მუშაობას, მით უმეტეს, თუ უშიშროებამ არ შეგამოწმა, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. თუკი უშიშროება ასეთ ხალხს იყვანს თავისთან, სამსახურში, ყოჩაღ, მაგათ. ხაჩატურიანი დღემდე იქ მუშაობს.
ასეთი ხმაურის შემდეგ პოლიციამ წაიყვანა დამნაშავე?
- პოლიციამ წაიყვანა, მაგრამ პოლიციელები არც მოსულან და არ უკითხავთ, თუ როგორ მოხდა ინცინდენტი.
მომხდარის შემდეგ შალვა ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე არ დაუკითხავთ?
- არ დაუკითხავთ. დამნაშავე უკვე აზარტში იყო შესული და იგი ჩატენეს მანქანაში. მარტო ის უთხრეს, ნამეტანი მოგივიდაო. არც ის ვიცი, გამოუშვეს თუ არა. ჩვენი წარმომადგენლები მივიდნენ პოლიციაში, მომხდარის შესახებ იკითხეს და მათ უპასუხეს, გამოძიება მიმდინარეობს და შეგატყობინებთო. კანონით, ჩვენს ოფისში უნდა მოსულიყვნენ და შემთხვევის ადგილი მაინც უნდა დაეთვალიერებინათ.
ხაჩატურიანმა საიდან იცოდა, რომ სხდომას მართავდით, შემთხვევით მოვიდა?
- არ ვიცი.
კამერების შემოწმება თუ მოითხოვეთ?
- დიახ, ამ წუთებში იწერება სარჩელი და მოვითხოვთ, ამ კამერების გამოკვლევას. ზოგადად, თეთრიწყაროში „ქართულ ოცნებას“ ხალხი გადასარევად, ტაშის დაკვრითა და შეძახილებით ხვდება.
ხაჩატურიანი გამონაკლისი შემთხვევაა?
- მე თვითონ თეთრიწყაროელი გახლავართ და, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა, თუ თეთრიწყაროელი ასეთ რამეს გააკეთებდა.
აქამდე გქონდათ ამ ადამიანთან შეხება?
- ბავშვობიდან მახსოვს. ისიც მახსოვს, დედამისი სადაც მუშაობდა, თორემ არანაირი შეხება არ მქონია.
ზოგადად ნაციონალებისგან შემოტევას თუ განიცდით?
- ამასწინათ ქურდობა დაგვაბრალეს, ვითომ რაღაც მოხდა ოფისში, ეს ჩვენი მესამე ოფისია. პირველ ოფისში გახსნის დღეს უნდა მივსულიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მეპატრონეს თურმე არ სცოდნია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქირავებდა ფართს, მაშინ, როცა ჩვენ მივდიოდით მასთან და გაზეთებსა და ბუკლეტებს ვაძლევდით და იგი ჩვენს მხარეს იყო. მერე ტელევიზორში თქვა, არ ვიცოდი, ვის ვაძლევდი ოფისსო. მეორე ოფისში კი ლტოლვილი შევიდა და ეს უკვე მესამე ოფისია. აქაც „ჩულანი“ იყო დარჩენილი, მეპატრონემ გვთხოვა, ძველმანი ტანსაცმელი მაქვს და, თუ შეიძლება, დავტოვებო. კი, ბატონო-თქო - ვუთხარი, ოღონდ, კლიტე დაადეთ-თქო. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა მეპატრონე და აღმოჩნდა, რომ თურმე ამ პიროვნებას აქ ჰქონია შენახული ოქრო, ვერცხლი, ანტიკვარული ხანჯალი. თუ ამდენი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა, მაშინ მთელი მისი ოჯახი რატომ იკვებებოდა ამავე ოფისის წინ უფასო სასადილოში?! მოკლედ, გარემოებები საეჭვოა. თურმე კიდევ დოლარები და ლარები ჰქონია ამ საკუჭნაოში.
თეთრიწყაროში მრავალეთნიკური მოსახლეობაა, მათი განწყობა როგორია?
- აქ სომხებიც არიან, ბერძნებიც, ოსებიც, რუსებიც, ქართველები კი ყველა კუთხიდან ვართ - სვანეთიდან, რაჭიდან, ქართლიდან, იმერთიდან. ჩვენ არ გვქონია ეთნიკურ-კუთხური გარჩევები. წყნარი ხალხი ვართ და ერთმანეთთან შეხმატკიბილებულად ვცხოვრობთ.
რაში გამოიხატება, რომ ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერენ?
- სოფლებში დავდივართ, თითქმის მთელი რაიონი შემოვიარეთ, ყველა სოფლიდან ხალხი გამოდის, გვხვდება, შიშის სინდრომი გატყდა. ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით, ჩვენს ოფისში დაახლოებით 80 ადგილობრივი იმყოფება.