ვაშინგტონიდან ჩვენი თანამემამულე ვაჟა აფშინაშვილი დამიკავშირდა, რომელმაც ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მომაწოდა:
ვაჟა აფშინაშვილი: ამ ხელისუფლების ერთი სიტყვაც აღარ მჯერა. ლაფანყურის ამბები რომ გავიგე, მაშინვე დავიწყე ფიქრი, რა მიზნით უნდა შემოსულიყო საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფება, როდესაც ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოს დაღესტანთან არანაირი გართულებები არ ჰქონია. ვფიქრობ, დაღესტანში სულიერი ლიდერის ლიკვიდაციას განგებ დაამთხვიეს ამ შოუს მოწყობა. თავიდანვე არ დავიჯერე ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია „ბოევიკების“ საქართველოში შემოსვლაზე და სპეცოპერაციის დაწყებიდან მოკლე დროში, უკვე მქონდა სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა წყაროებიდან მომივიდა.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მინდა გავაკეთო განცხადება, რომელიც ეხება მუხანათურად დახოცილი ჩვენი ქისტი თანამოქალაქეების განადგურების მიზეზებს, მიზნებს და ა.შ. გეგმა ასეთი იყო: უნდა ჩატარებულიყო ჩრდილო კავკასიელი „ბოევიკების“ განადგურების ოპერაცია (არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნებოდა ჩეჩენი, ინგუში, დიდოელი ლეკი თუ სხვა), რასაც ხელისუფლების პროპაგანდის სამსახურისგან მოჰყვებოდა ისეთი ფონის შექმნა, რომ საქართველოში დაიწყო დესტაბილიზაცია და დიდი საფრთხე გვემუქრება ჩრდილო კავკასიელი „ბოევიკების“ მხრიდან. ამას მოჰყვებოდა (ან მოჰყვება) რამდენიმე ტერორისტული აქტი საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლებოდა. ამის ფონზე დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ ტერაქტების მოწყობა, ან თავად ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია ტერაქტით, რაც დაბრალდებოდა ჩრდილო კავკასიელ ბოევიკებს. მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაცვა გააძლიეროს.
ვაჟა, წყარო ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, რამდენად სარწმუნოა?
- არ შემიძლია ამ ინფორმაციას არ ვენდო. პიროვნებამ ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თავის ნათქვამს მტკიცებულებებიც მოაყოლა. როდესაც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციაზე გავიგეთ, ჩემმა წყარომ თქვა: ჩვენი მოქალაქეები არიან დახოცილებიო და ისიც დაამატა, პანკისელები არიანო. მეორე დღეს ეს ინფორმაცია გამართლდა.
როგორც ჩანს, ეს გეგმა კარგა ხნის მომზადებული აქვთ სააკაშვილის სპეცსამსახურებს და მისი განხორციელებისათვის გამოიყენეს დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობა. ამ გეგმას მხოლოდ ერთი მიზანი არ ჰქონდა. მთავარი მიზეზი ამ გეგმის შემუშავებისა მოახლოებული არჩევნები და დამარცხების შიშია. გეგმის საბოლოო მიზანი კი ბიძინა ივანიშვილის განეიტრალებაა. ლოპოტას ხეობაში ქისტების ჩახოცვა პირველი ნაბიჯი იყო ამ გეგმის შესრულების გზაზე. როგორც ვთქვი, ამას მოჰყვებოდა ტერაქტების სერია და ტერაქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რასაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ამას არჩევნების ჩაშლა ან გადადება მოყვებოდა ან კიდევ შეიქმნებოდა ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, როდესაც არჩევნებისთვის აღარავის ეცლებოდა და ასეთი განწყობის დროს ხელისუფლება ტოტალურად გააყალბებდა არჩევნებს. ძალიან პრიმიტიულად გათვლილი გეგმაა, რაც ასევე გულისხმობს რუსეთისთვის კოჭის გაგორებას, - ნახეთ, თქვენს მტრებს ჩვენც ვებრძვითო. ამ სპეცოპერაციით ფაქტობრივად ძმობა შესთავაზეს რუსეთს. სხვა წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ოპერაცია რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად დაიგეგმა. სააკაშვილის ქმედებები ადასტურებს, რომ ის ნაბიჯებს დგამს მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიისკენ. ეს ოპერეცია ამის დასტური იყო. მენიშნა პუტინის გადაწყვეტილებაც, რომ სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ საქართველოს საზღვრისაგან მოცილებით ჩატარდეს. ეს სააკაშვილისათვის ფაქტობრივად იმის თქმა იყო, - თუ ასე კარგად მოიქცევი, არაფერს გერჩიო.
თქვენ ლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილზე მოსალოდნელ ტერაქტზე. ერთ-ერთი ტელევიზიით კი ქისტი ქალბატონისაგან მუქარა სააკაშვილის მიმართ გაისმა.
- იმ ქალბატონის განცხადება ქისტურ ტრადიციას უკავშირდება, მათ დაუხოცეს ბიჭები და სისხლი უნდა აიღონ. ვინც ისინი მოკლა, მასზე უნდა იძიონ შური. ეს მუქარა ქართველი ხალხის მიმართ არ იყო. სააკაშვილი ამ ქალბატონის მუქარასაც სათავისოდ გამოიყენებს. მოაწყობინებს ტერაქტებს და დააბრალებს ქისტებს.
ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავს ვითომ გაქცეული 6 ბოევიკი. ამ ადამიანებს გამოიყენებენ სწორედ ტერაქტებისთვის. შოუს მოაწყობენ და მათაც მუხანათურად დახოცავენ. შეიძლება თვითონ მოაწყონ ტერაქტი, ამ დატყვევებული ქისტების გვამები დაყარონ შემთხვევის ადგილზე და თქვან, - ქისტებმა შური იძიესო. ხელისუფლებას ამ ავანტიურით ივანიშვილის განადგურება სურს. როდესაც მოსახლეობასთან ექნება შეხვდრა, მაშინ მოხდება ტერაქტი, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება. ეს ავანტიურა შეიძლება რელიგიური დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.
გვამებს იმიტომ არ აძლევედნენ ქისტებს, რომ ელოდნენ ამ მიზეზით პანკისში არეულობა დაიწყებოდა და ამის გამო არჩევნები გადაიდებოდა. რადგან ორი ქისტის ცხედარი უკვე გადასცეს ჭირისუფალს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გეგმაზე უარი თქვეს. ეს ბევრი მიმართულებით გათვლილი გეგმა იყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან გაიშიფრნენ.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მშიშარა ხალხია. ვაჟკაცს ორთაბრძოლაში დამაცხების შიში არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს კრიმინალი ხელისუფლებაა. უბოროტესი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც იციან, წაგების შემთხვევაში იმაზე ბევრად უარესი დაემართებათ, რაც თვითონ აქვთ ჩადენილი. მაგათთვის ეს არჩევნები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მათ გამოსავალი არ აქვთ და ნებისმიერ პროვოკაციაზე მიდიან, რომ თავი გადაირჩინონ.