ლოპოტას სპეცოპერაციის დეტალები კვლავ გაურკვეველი რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულთა ნაწილი, საქართველოს მოქალაქეები, პანკისელი ქისტები არიან, თუმცა ხელისუფლება უაყოფს, რომ ლიკვიდირებულთაგან რომელიმე საქართველოს მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის განცხადებით: „ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11(თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ქართულ მედიაში პანკისის ხეობის მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. ბოევიკები პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან, ისინი ვაჰაბიტები იყვნენ და დაღესტნის გავლით სირიაში გადასვლას და ამბოხებულთა მხარეს ბრძოლას აპირებდნენ.
პანკისის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ დაღესტანში ამ დღეებში უნდა მომხდარიყო „კავკასიის ემირატის“ შეკრება და ეს ბიჭები ამ შეკრებაზე დასასწრებად მიდიოდნენ, ხოლო მათ გამცილებლებად მთელი ამ ხნის განმავლობაში იყვნენ სამართლადამცავი ორგანოები.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოხერხდა 7 დაღუპულის ამოცნობა, დანარჩენებს სახეები აქვთ დასახიჩრებული და მათი იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. საფლავების გათხრა უკვე დაწყებულია და ხელისუფლება გვამების გადაცემას დათანხმდა. სახელდება ოთხი მოკლულის გვარიც - ბაღაკაშვილი, მარგოშვილი, ალდამოვი და გუთოშვილი.
შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები პანკისის მაცხოვრებლები იყვნენ და ამჟამად სოფელ დუისში უნდა გადაასვენონ, სრული აბსურდია და ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ ოპერაციის დროს გარდაცვლილი პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
უკვე რამდენიმე დღეა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ექვსი გათხრილი საფლავი ცარიელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სოფელ დუისიდან იუწყება. სახელდება ოთხი გარდაცვლილის გვარი თუმცა, დუისის სასაფლაოზე ექვსი საფლავია გათხრილი.
სტუდია GNS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დუისში 7 საფლავია გათხრილი. პანკისელების ინფორმაციით, დუისის პოლიციაში თბილისიდან განხორციელდა ზარი, და დასახელდა გვარები, ვისი ცხედრებიც ამოიცნეს პროზექტურაში - ასე გაიგეს დუისელებმა მათი დაღუპვის ამბავი.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს 7 ადამიანი დაიღუპა, აქედან - 4 პანკისელი ქისტია, ბაჰაუდ ბაღაკაშვილი, ბაჰაუდ ალდამოვი, ასლან მარგოშვილი და მეოთხე – გუთოშვილი, პანკისელები არიან.
„ამ პანკისელებიდან სამი მათგანი ავსტრიაში იმყოფებოდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ისინი ქისტები არიან. რაც შეეხება დანარჩენ სამ მათგანს, ერთი სავარაუდოდ, ინგუშია, ორი კი – ჩრდილოკავკასიელი. დაღუპული პანკისელების ოჯახის წევრები გვამების გადაცემას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე გარდაცვლილები ოჯახებში არ გადაუსვენებიათ“, - აცხადებს არეშიძე.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დუისელები პრესასთან საუბარს თავს არიდებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მთავარია რაც, შეიძლება სწრაფად მოხდეს ცხედრების დაკრძალვა. ქისტების ტრადიციით, მიცვალებული ერთ დღეში იკრძალება და ადგილობრივები გაღიზიანებულები არიან, რომ ამ ტრადიციის შესრულებას ვერ ახერხებენ. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ქისტი ვაჰაბიტები. ისინი სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადადიან და ითხოვენ, დაუყონებლივ დატოვონ ჟურნალისტებმა პანკისის ხეობა.
ხეობის ერთ-ერთი მკვიდრი, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები იდრიზ ნუმაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქისტები სამართალდამცავებმა გააფრთხილეს, პრესასთან ურთიერთობას მოერიდონ და არანაირი განცხადებები არ გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ ცხედრებს აღარ გადასცემენ. იდრიზ ნუმაშვილის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე იკავებენ თავს ქისტები საუბრისგან. ხოლო მას შემდეგ, რაც ცხედრები დაიკრძალება, ყველა ხმას ამოიღებს და მოითხოვენ იმ კითხვებზე პასუხს, რის გამოც მოხდა ახალგაზრდების გარდაცვალება.
GNS-თან საუბრისას კი დუისელები იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს გლოვა აუკრძალეს და სთხოვეს მიცვალებულები ჩუმად, სხვებისგან მალულად დაესაფლავებინათ, ისე, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა. რაკი ამბავი გახმაურდა, დუისში გათხრილი საფლავები კვლავ ცარიელია.
ეროვნებით ჩეჩენი ქალბატონი კი იმასაც ამბობს, რომ დაჯგუფების წევრებს კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, მაგრამ როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ეს პოლიციელი გაქრა.
ვინ ამზადებდა ამ ჯგუფს და რისთვის, კვლავ უპასუხოდ რჩება, თუმცა ადგილობრივებმა როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იციან. ისიც, თუ რისთვის შეიკრიბა ეს ჯგუფი, ვინ ხელმძღვანელობდა, რა ურთიერთობაში იყვნენ საქართველოს მთავრობა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი. როგორ მოხდა ახალგაზრდების „დავებოვკება“, მათი შანტაჟი და პროვოცირება. სავარაუდოდ, 3 სექტემბრისთვის, თუ დუისელები თავიანთ მიცვალებულებს ვერ დამარხავენ, ამ ფაქტის უკვე ხმამაღლა გაპროტესტებას აპირებენ და ალბათ, იმაზე მეტს იტყვიან, ვიდრე ქართულ მედიასთან საუბრისას ითქვა.
მაშინ როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი იძულებულია, თეთრ სახლში სპეციალურად მისთვის მოხარშული ლუდის რეცეპტიც კი გამოაქვეყნოს, საქართველოს ხელისუფლება სპეცოპერაციის შესახებ, რომელსაც მთლიანობაში შს სამინისტროსვე ინფორმაციით, 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ფაქტობრივად, არაფერს გვეუბნება, თუმცა ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.
რა მასალას შემოგვთავაზებენ გამოძიების დასრულების შემდეგ სამართალდამცველები, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მან უკვე თქვა ტყუილი, რომ გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც ექსპერტი სამხედრო სასკითხებში, გია ყარყარაშვილი ვარაუდობს, შესაძლოა, ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს შეიარაღებული დაჯგუფება რუსეთში აპირებდა გადასვლას და ამით უფრო დიდი საფრთხე აიცილა თავიდან.
„ამ ახალგაზრდებს ახალთახალი იარაღი ჰქონდათ, ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონია, ეს არ ჰგავდა მთებში ნავალი დაჯგუფების იარაღს. ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ ესენი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ეს უკვალოდ არ ჩაივლის,“- აცხადებს გია ყარყარაშავილი.
მისივე შეფასებით, „ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება და დაღვრილი სისხლი, როგორც ხდება-ხოლმე, უკვალოდ არ ჩაივლის, ეს მხოლოდ ჟურნალია, და შეიძლება უფრო უარესი დაიწყოს“, - მიიჩნევს ყარყარაშვილი
იმ უამრავ კითხვას შორის, რაც ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რჩება, არსებობს კითხვა, რომელზე პასუხიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, იყო თუ არა რამენაირად დაკავშირებული ამ ჯგუფთან ყოფილი სამხედროს სანდრო როსულაშვილი. სხვათა შორის, კვლავ გაურკვეველი რჩება რა იყო, ზუსტად ლოპოტას ხელობაში დევნის ოპერაციის დროს თელავში სანდრო როსულაშვილის თვითმკვლელობის მოტივი. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმკვლელობის მოტივი არ იციან, თუმცა იმაში, რომ ეს ამბავი ლოპატას ხეობის ამბებს არ უკავშირდება, მტკიცედ არიან დარწმუნებულები - ლოგიკურად, რაკი ასე გადაჭრით შეუძლიათ მტკიცება, რომ თვითმკვლელობა ლოპოტას ამბებს არ უკავშირდება, როგორც ჩანს, თვითმკვლელობის მოტივი ცნობილია - ესეც კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რასაც ეს უწყება ავრცელებს.
გია ყარყარაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი უკავშირდებოდეს თელავში შს მაღალჩინოსნის თვითმკვლელობას, რომელიც ამ სოფლიდან იყო.
„ფაქტია, რომ იმ ინფორმაციების მიხედვით, რაც ამ სოფლებიდან მოდის, ეს ახალგაზრდები შეუზღუდავად გადააგდგილდებოდნენ რაღაც პერიოდის განმავლობაში, როგორც ჩანს, შემდეგ მათ რაღაც საფრთხედ მოეჩვენათ და საზღვრისკენ დაიწყეს მოძრაობა. ხელისუფლება ბოლომდე არ ამბობს, რა ხდებოდა, მათ თქვეს, რომ როდესაც უშიშროების თანამშრომელი ჩაენაცვლა მესაზღვრეს, იგი ტელეფონზე დასარეკად გამოვიდა, მას ორი მებრძოლი გამოჰყვა, ჩასაფრებაში ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებული იქნა ადგილზე, სად წავიდა მეორე, ამას რატომ არ ამბობენ“?- აცხადებს ყარყარაშვილი.
ირაკლი სესიაშვილი: მეორე დღესვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ადამიანები გადმოსულები იყვნენ პანკისის ხეობიდან, იყვნენ თუ არა ისინი ჩეჩნები ან ქისტები, ჩემთვის ძნელია ამ ეტაპზე დაკონკრეტება, მაგრამ როგორც ამბობენ, მათ შორის იყვნენ ქისტები. ძალიან საინტერესო მომენტია - იმ 5 ახალგაზრდა ლაფანყურელის შესახებ რომ გავრცელდა ინფორმაცია, მალევე ითქვა, რომ იპოვეს. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მძევლად აუყვანიათ.
საინტერესო მომენტია ის, რომ როდესაც ამ ახალგაზრდების ძებნა დაიწყო, მძებნელთა შორის იყო ერთი მამაკაცი, რომელმაც აღმოაჩინა კვალი და რომელსაც მეც ვესაუბრე. ის ამბობს, რომ მხოლოდ 5 კაცის ნაკვალევი არ იყო, და უფრო უფრო მეტი ადამიანის კვალი ჩანდა, ასევე ნახეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, მათ დაისვენეს და სადაც „სნიკერსისა“ და „ბარამბოს“ კანფეტების ქაღალდები ეყარა. მაშინვე გამიჩნდა კითხვა, რომ თუ დაღესტნიდან გადმოვიდნენ, „ბარამბოს“ კანფეტები საიდან ჰქონდათ. ნაკვალევს რომ მიჰყვებოდნენ, დაკარგულების თანასოფლელებმა დაინახეს სამი შეიარაღებული მამაკაცი, მაშინვე დაბრუნდნენ ლაფანყურში და ამბავი მესაზღვრეს შეატყობინეს. მანამდე ეს მესაზღვრე ეუბნებოდა, ზემოთ ნუ ეძებთ, ქვემოთ იქნებიანო. მესაზღვრე წავიდა და დაახლოებით 15 წუთში ეს ბიჭები დააბრუნა. როგორც ჩანს, ამ დაჯგუფების მხრიდან არანაირი მცდელობა არ ყოფილა, რომ ეს ბიჭები მძევლებად დაეტოვებინა. ერთადერთი კითხვა მიჩნდება - იყო თუ არა ცნობილი ამ ჯგუფის გადაადგილება საქართველოს ხელისუფლებისთვის?
ერთია ის, რომ ეს დაჯგუფება შემთხვევით გადაეყარა ამ ახალგაზრდებს და წაიყვანა იმ მიზნით, რომ მათი ამბავი ვინმესთვის არ ეცნობებინათ. ამ შემთხვევაში, ძალიან საეჭვოა ის სპეცოპერაცია, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიწყო. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს იყო ამ დაჯგუფების არა აყვანის, არამედ ლიკვიდაციის სპეცოპერაცია. ამას მაფიქრებინებს, ისევ ხელისუფლების მიერ გავრცელებილი ინფორმაცია.
ხიზანიშვილმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოხდა მძევლების ჩანაცვლება. საერთოდ, მძევლების ჩანაცვლება ასე მარტივი არ არის და მაფიქრებინებს, რომ მათ შესთავაზეს, ეს ბიჭები გაუშვით და ჩვენ დავრჩებით თქვენთან ერთადო. ანუ, აქ როგორც ჩანს, არ ყოფილა რაღაც ვაჭრობა. შემდეგ მესაზღვრეებმა ეს ამბავი აცნობეს პოლიციას, რომელიც მივიდა და უთხრა, თქვენი საქმე არ არის და წადით, ჩვენ დავრჩებით და დავიწყებთ მოლაპარაკებებსო.
მანამდე გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ამბობდნენ, რომ შევთავაზეთ იარაღის დაყრა და დანებება, მაგრამ მათ ეს არ გააკეთესო.
ხიზანიშვილი ამბობს რომ იმ ოფიცერს, რომელიც ამ დაჯგუფებასთან ერთად იყო, მათ სთავაზობდა დანებებას და იარაღის ჩაბარებას, ისინი არ დათანხმდნენ, მერე ოფიცერმა უთხრა ამ ჯგუფის წევრებს, ვაცნობებთ ხელმძღვანელობას, რომ ჩაბარებაზე უარს ამბობთო, მობილური აქ არ იჭერს და ისეთ ადგილას გავალთ, სადაც დაიჭერსო, მებრძოლებმა მას ორი კაცი გააყოლეს.
ოფიცერი გადის, როგორც ჩანს, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც ჩასაფრება იყო მოწყობილი და სადაც ამ დაჯგუფების წევრების ლიკვიდაცია ხდება. ამით რას მინდა გავუსვა ხაზი - მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ ამ ოფიცრის მიზანი არ ყოფილა იარაღის დაყრის მოთხოვნა. შეიძლება ითქვას, მან ხრიკს მიმართა და ისე გამოიყვანა მებრძოლები იმ ადგილას, სადაც ქართული ქვედანაყოფი იყო განლაგებული და მოახდინეს ლიკვიდაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა საკმარისი მცდელობა, რომ ეს სპეცოპერაცია სისხლის გარეშე დასრულებულიყო.
მთელი სურათი ასეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ როდესაც მოკლეს ამ დაჯგუფების წევრი, (მეორე ალბათ გაიქცა) ცხადია ისინი ბუნებრივად გადავიდოდნენ თავდაცვით პოზიციაში, ამ დროს კი ჩვენი მხრიდან განხორციელდა შეტევა, რომლის დროსაც დაიღუპა ჩვენი სამი ჯარისკაცი, მართლაც ვაჟკაცები.
პოლიტიკურ დონეზე ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც არ გამოიყენა მაქსიმალური რესურსი იმისათვის, რომ მოლაპარაკების გზით მომხდარიყო მათი ჩაბარება. ღიად რჩება კითხვა, აწყობდა თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ აწყობდათ მათი ცოცხლად დატოვება, თუმცა ფაქტია, რომ ამ მოვლენის შემდგომ ყველა მათგანის ლიკვიდაციაზე გადავიდნენ.
ფაქტობრივად, უმაღლეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ გამართულა, ერთი ოფიცერი მიდის დაჯგუფებასთან, ეუბნება იარაღი დაყარეთო და ისინი უარს ეუბნებიან და შემდეგ ფაქტობრივად, იწყება მათი ლიკვიდაციის ოპერაცია. ის რასაც ხიზანიშვილი ყვება, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი მათი ლიკვიდაცია.
მეორე და ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, შეეძლო თუ არა ხელისუფლებას თავიდან აერიდებინა სისხლისღვრა, და რამდენად საჭირო იყო ეს სახელმწიფოსთვის. როდესაც ასე თავზეხელარებული ჯგუფის ლიკვიდაცია ხორციელდება, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა განსაზღვროს, რომ შეიძლება მოხდეს შურისძიება, რომ ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია.
კიდევ ერთი საკითხია, იცოდა თუ არა, ხელისუფლებამ ვინ იყვნენ ისინი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ იცოდნენ, რადგან ლაფანყურელი ბიჭები ეტყოდნენ, რომ ისინი ქართულად საუბრობდნენ, ამიტომ მგონია, ხელისუფლებამ იცოდა, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ“.
სესიაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მათი ნაწილი იყო ჩეჩნეთიდან გადმოსული, რომლებსაც ადგილობრივები შეუერთდნენ და ცდილობდნენ დაღესტანში გადასვლას, რომ შემდეგ სირიაში წასულიყვნენ. სესიაშილი ამბობს, რომ მას ეს ვერსია ეჩვენება რეალობასთან უფრო ახლოს, თუმცა მისთვის მთავარია ხელისუფლების მოქმედების ანალიზი.
„პირველად ქართული მხარისგან მოხდა გასროლა, ამ რისკების გათვლა არ მოხდა და უკვე ვნახეთ, რომ რაღაც ჯგუფები გვემუქრებიან, მეორე, დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალები გადაისროლეს, ესეც ვერ გათვალეს.
როგორც წესი, ასეთი დაჯგუფებები ასეთ გზებს ერთჯერადად არ იყენებენ და საინტერესოა, იცოდა თუ არა ამის შესახებ ხელისუფლებამ, ეს პირველი შემთხვევა იყო, თუ ამ გზით სხვა დროსაც სარგებლობდნენ. მითუმეტეს, რომ მათ ჰქონდათ „ბარამბოს“ კანფეტები, ჩამოვიდნენ და იყიდეს თუ როგორ მოხვდა მათ ხელში, რამდენად დაცული ვართ ასეთი ჯგუფების შემოჭრისგან.
თუ ამ ინფორმაციას დავეყრდნობით, რომ სოფლელებმა იცოდნენ მათ შესახებ, მეც მითხრეს, თვალი მოგვიკრავსო, მაგრამ ვერ ამბობენ, ესენი ისინი არიან, ვინც უნახავთ თუ სხვები. მაგრამ თუ სოფლელებმა იციან, ეს სასაზღვრო ზონაა და მესაზღვრეებმაც უნდა იცოდნენ და უშიშროების სამსახურმაც“,- აცხადებს სესიაშვილი.
რამდენიმე თვის წინ ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან შეიარაღებული ფორმირებები შეინიშნებოდა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი ფორმირებები კახეთშიც იყვნენ, შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ რეზერვის ახალი წესი შემოიღო და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხალხს იარაღს ურიგებდა. შემდეგ ითქვა, რომ იარაღი კი არ დაურიგეს, არამედ ეს იარაღი ისეთ ადგილას ინახებოდა, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მისულიყვნენ და აეღოთ. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, თითოეულ სოფელს უნდა შეძლებოდა თავი დაეცვა. მაშინ კითხვა, ვისგან უნდა დაეცვა თავი, უპასუხოდ დარჩა. ახლა, როგორც ჩანს, მართლაც დაიწყო ის „ლეკიანობა“, რაზედაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში იუმორით საუბრობდნენ. შესაძლოა, ლოპოტას ხეობაში სანგრებიც იმიტომ გაითხარა სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, რომ ხელისუფლება ასეთ თავდასხმას ელოდებოდა?. ასეთ შემთხვევაში ახალი კითხვები ჩნდება - რატომ არ აცნობეს მოსახლეობას საფრთხის შესახებ და თუ ხელისუფლებას ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაშინ რა სახელმწიფოს მშენებლობაზე გველაპარაკება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასეთი მსხვერპლის მიუხედავად, ცხარე წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და არარსებული ქალაქის (ლაზიკის) მერიისა და საზღვაო ადმინისტრაციის გახსნაზე გვესაუბრება?
და კვლავ რჩება კითხვა ვინ იყვნენ ამ შერიაღებული ჯგუფის წევრები, შემთხვევით ისინი ხომ არა, ვისაც თავად ხელისუფლებამ დაურიგა იარაღი, თუ ეს ასე არ არის, მოლაპარაკების გარეშე, რატომ გადაწყდა მათი ლიკვიდაცია?
ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ არ შეუძლია ასე მარტივად დააკავშიროს ერთმანეთთან რეზერვისტები და აღნიშნული ფორმირება, თუმცა არც ხელისუფლების სჯერა, იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებამ დაუშვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რისკების არგათვლა, სპეცოპერაციის არასწორად ჩატარება, რის შედეგადაც ჩვენი სამი ჯარისკაცი დაიღუპა, ხელისუფლებამ არ გააკეთა მაქსიმუმი იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს იარაღი დაეყარა და ჩაბარებულიყო.
„იმდენად სერიოზული შეცდომაა, რომ ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი პასუხი ჩემთვის არადამაჯერებელია და ეჭვქვეშ დგას. მე ხელისუფლებას უკვე აღარ ვენდობი, თუ ქისტები ამბობენ და მეც მითხრა რამდენიმემ, რომ იქ საფლავები ითხრება და მართლა ქისტები არიან, ხელისუფლება კი მაინც აცხადებს, რომ ქისტები არ ყოფილან, როდესაც ცნობილი ხდება, რომ იქ ვიღაც ქართულად ლაპარაკობდა, სახელისუფლებო წყაროებს ცხადია, აღარ ვენდობი“.
როგორც გია ყარყარაშვილი ამბობს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომლებიც ამ სოფლებიდან ვრცელდება, შეიძლება ახალ-ახალი ვერსიები მოჰყვეს.
„შეუძლებელია ხელისუფლებას არ სცოდნოდა ვინ იყვნენ ეს ბიჭები, მათ ყველა ამომრჩეველი იციან - იციან, ვინ რითი სუნთქავს და შეუძლებელია, უბნის ინსპექტორსა და სოფლის ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, ეს ბიჭები ვინ იყვნენ“,- ვარაუდობს გია ყარყარაშვილი, რომლისთვისაც გაუგებარი რჩება, რატომ არ შეეცადა ხელისაუფლება, ლიკვიდაციის გარეშე, მოლაპარაკებით დასრულებულიყო ინციდენტი.
„ჩვენ ვიცით პუტინის ბრძოლის მეთოდები, ვლადიკავკაზში მოსკოვში თუ სხვაგან, ყველგან ადგილზე ლიკვიდაციის მეთოდს იყენებს, ჩვენმა ხელისუფლებამაც ინციდენტის პუტინის მიერ არჩეული ხერხებით სწრაფი ლოკალიზება არჩია. მიცვალებულები არაფერს არ ლაპარაკობენ, მაგრამ მანამდე ხელისუფლება არ დაინტერესდა, რას იტყოდნენ ისინი, ვისი დავალებით და საიდან იყვნენ გადმოსულები“ , - აცხადებს ყარყარაშვილი.
როგორც ყარყარაშვილი ამბობს, ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ანტიტერორისტული ღონისძიება, მაგრამ მთავარი ამოცანა ადამიანების, საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაა და როდესაც დივერსიული ჯგუფი აგრესიული არ არის და ტყვეებსაც მაშინვე ათავისუფლებს, სახელმწიფო ვალდებულია, ასეთ ჯგუფთან მოლაპარაკება აწარმოოს და ეცადოს ნაკლები სისხლი დაღვაროს.
„როგორც თვითმხილველები ამბობენ ლაფანყურელი ახალგაზრდები 15 წუთში უპრობლემოდ გაანთავისუფლეს, მათთან დარჩენილი მესაზრვრე უპრობლემოდ ჩაანაცვლა პოლიციელმა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ვინმეზე თავდასხმა აზრადაც არ ჰქონიათ“, - ამბობს სესიაშვილი.
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ვრცელდება, შეიძლება ვარაუდი, რომ მათ არ ჰქონდათ ბოროტი ზრახვები საქართველოს სახელმწიფოს ან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, რატომ შეიძლებოდა საქართველოს ხელისუფლებას მაინც და მაინც მათი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიეღო, სესიაშვილის თქმით, მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი.
„ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ მაგალითად ამ ხელისუფლებას არ აწყობდა ამ ადამიანების ცოცხლად დარჩენა, იმიტომ, რომ მათ შესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია გაეცათ. მაშინ როდესაც ხელისუფლება არასწორად მოქმედებს და ძალზე ბევრ შეცდომას უშვებს, ამასთან, ცდილობს დაფაროს ობიექტური ინფორმაცია, ცხადია საზოგადოებაში გაჩნდება ბევრი ეჭვი. ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე და ძალიან სერიოზულ ფაქტთან დაკავშირებით ამდენი ეჭვის საფუძველს ტოვებს, აქ უკვე საზოგადოებას აქვს უფლება, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისროს“,- აცხადებს სესიაშვილი.